Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ას-1134-1280-08 27 თებერვალი, 2009წ. ¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. პ-იანის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გ. პ-იანს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადი) დაზუსტება; 323.05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (იმ შემთხვევაში, თუკი კასატორი მხოლოდ პროცენტის თანხების დაკისრებას ასაჩივრებდა), ან 973.05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (იმ შემთხვევაში, თუკი იგი ასაჩივრებდა როგორც პროცენტის, ისე სესხის ძირითადი თანხის დაკისრებას) ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა; დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (იმ შემთხვევაში, თუკი კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებდა იმ ნაწილშიც, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება გ. პ-იანისათვის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში).

საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლი კასატორ გ. პ-იანს ჩაჰბარდა 2008 წლის 12 იანვარს (ს.ფ. 131).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ კასატორს _ გ. პ-იანს ჩაჰბარდა 2009 წლის 12 იანვარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის დინება დაიწყო 2009 წლის 13 იანვარს და დასრულდა 2009 წლის 22 იანვარს. კასატორ გ. პ-იანს ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. პ-იანის საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. პ-იანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.