Facebook Twitter

ას-113-445-09 10 ივლისი 2009 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ფირმა “ ......... ” (მოპასუხე)

კასატორის წარმომადგენელი – მ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე –შპს “ს-ა” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ს-ამ“ ფირმა „.........-ის“ და სხვათა მიმართ და დავალიანების გადახდის შესახებ ბრძანების მიღება ითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა შპს „ს-ის“ განცხადება და 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდის შესახებ.

2005 წლის 27 დეკემბრის გადახდის ბრძანებაზე ფირმა „ ........-ის“ წარმომადგენელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შესაგებელი, რომლითაც გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა, გაუქმდა გადახდის ბრძანება ფირმა „ ........-ის“ მიმართ 368 733 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმის განხილვა სასარჩელო წარმოების წესით დაიწყო.

2007 წლის 23 მარტს შპს „ს-ამ“ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოპასუხეზე – 368 733 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს-ამ“, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

2007 წლის 6 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტ შპს „ს-ის“ წარმომადგენლები. გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის _ ფირმა „ .......-ის” წარმომადგენელი მ. ღ-ი, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფირმა „ .......-ის“ წარმომადგენლის მ. ღ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

2007 წლის 06 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შპს „ს-ის“ მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს „ს-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელილ გადაწყვეტილება და საქმე არსებითად იქნა განხილული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო შპს „ს-ის“ სარჩელი მოპასუხე ფირმა „ ........-ის“ წინააღმდეგ ვაგონით სარგებლობის საფასურისა და ტვირთის შენახვის ხარჯების დაკისრების თაობაზე, დასახელებული სარჩელები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ამ.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით “ს-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2003 წლის ივლისიდან 2004 წლის ბოლომდე შპს „ს-ა“ აწარმოებდა ფირმა „ .......-ის“ კუთვნილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ბათუმამდე.

შპს „ ........-ის“ ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონები აღნიშნული დროის მონაკვეთში სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროით იქნა დაყოვნებული.

პალატამ არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები (ქმანები) „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის“ წესების მოთხოვნათა დარღვევით იყო შედგენილი.

პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტების უმრავლესობა ძირითადად შეესატყვისება იმ მოთხოვნებს, რასაც ამ ტიპის დოკუმენტებისგან კანონი ითხოვს. თუმცა პალატამ გაიზიარა რამდენიმე საერთო ფორმის ქმანთან დაკავშირებით ფირმა „ ........-ის“ წარმომადგენლის პოზიცია და დაადასტურა, რომ ეს ქმანები მართლაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ მტკიცებულებებად, რომელთაგან გარკვეული გარემოების დადგენაა შესაძლებელი. სახელდობრ, ეს ქმანებია: ქმანი ¹22, 139, 13, 136, 138, 135, 53, 55, 6, 20, 22. აღნიშნულ ქმანებში არ არის მითთებული ვაგონების დაყოვნების კონკრეტული მიზეზები, მოცდენის დრო და ა.შ.

საქმეში წარმოდგენილი ............ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 22 სექტემბრის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმანების მიხედვით ტვირთის შენახვისა და ვაგონების დაყოვნების თანხა შეადგენს 27065 ლარს.

პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცდენის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, წარმოდგენილ მტკიცებულებებით შეუძლებელია მოცდენაში ბრალეული პირის დადგენა.

ყველა ზემოთხსენებულ საერთო ფორმის აქტში (გარდა II აქტისა, რომლებზედაც უკვე იყო საუბარი) მითითებულია, რომ ვაგონები მოცდა ბათუმის სატვირთო სადგურზე გადმოტვირთვისა და გადმოსატვირთად გადასროლის მოლოდინში.

პალატა დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებას და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები სრულად ადასტურებენ ფირმა „ .....-ის“ ბრალეულობას ვაგონების მოცდენაში.

პალატამ განმარტა, რომ ქმანში დაფიქსრებულ მიზეზს „ვაგონები იდგა გადმოტვირთვისა და გადმოსატვირთად გადასროლის მოლოდინში“ ერთმნიშვნელოვანი გაგება შეიძლება ქონდეს როგორც ქრესტომატიული, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

პალატის განმარტებით, რაკიღა ვაგონი გადმოტვირთვის ან გადმოსატვირთად გადასროლის მოლოდინში დგას, ეს უკვე ნიშნავს, რომ იგი დგას იმ დგილას, სადაც უნდა დაიწყოს ტვირთის გადმოტვირთვა, ანუ მისი მიღება ტვირთმიმღებისგან დგას გადმოტვირთვის მოლოდინში. ასეთ შემთხვევაში კი კანონი, თუ დროულად არ მოხდება ტვირთის მიღება, ტვირთმიმღებს ავალდებულებს გადაუხადოს რკინიგზას გადმოსატვირთი ტვირთის შენახვისა და ვაგონებით სარგებლობის საფასური.

პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია თანხის მოთხოვნის ნაწილში და რომ ერთ-ერთი არგუმენტი ამ დაუსაბუთებლობისა არის ის, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებანი იმისა, რომ ვაგონები, რომელთა მოცდენის გამოც ითხოვს მოსარჩელე ფირმა „ .....-ზე“ თანხის დაკისრებას, წარმოადგენს მის საკუთარ თუ არენდირებულ ვაგონებს“.

პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის შესახებ კანონის 31-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად ტარიფის ცვლილება არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, ვაგონი რკინიგზის საკუთრებაა თუ არენდითაა აღებული. ვაგონების მოცდენისას სატარიფო პალატა განსხვავებულ ტარიფებს ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული ვაგონები წარმოადგენს რკინიგზის კონტრაგენტის, ამ შემთხვევაში „ ........-ის“ საკუთრებას ან მის მიერ არენდითაა აღებული.

პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის ოდენობის ნაწილში ................. სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასაბუთებულია.

პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ნაწილობრივი ხანდაზმულობის თაობაზე.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელის ხანდაზმულობის დასტურად მოსარჩელის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე, რომელიც ხანდაზმულობის ერთწლიან ვადაზე მიუთითებს და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა უნდა გავრცელდეს, რადგან მოპასუხის მხრიდან სწორედ უხეშ გაუფრთხილებლობას ქონდა ადგილი.

პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა სამართლის ნორმა, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფირმა “........-ის” წარმომადგენელმა მ. ღ-მა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სააპელაციო სასამართლოს მოქმედება, როდესაც მიიჩნია, რომ ხარვეზი, რამაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა აღმოიფხვრა საჩივრის ავტორის მიერ, რაც კანონით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენაში გამოიხატა, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ხარვეზის ინსტიტუტს ითვალისწინებს სარჩელზე, შეგებებულ სარჩელზე, კერძო, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე. საპროცესო კანონმდებლობით განცხადებაზე საქმის განხილვის გადადების შესახებ ხარვეზის ინსტიტუტი გათვალისწინებული არ არის.

კასატორის განცხადებით, არც შპს “ს-ას” და არც სააპელაციო საჩივარზე ხელისმომწერ წარმომადგენელს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის განხილვის გადადება არ მოუთხოვია. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული 215-ე მუხლი. კერძოდ, მითითებულ მუხლზე დაყრდნობით განჩინებაში აღნიშნულია, რომ ახლო ნათესავის გარდაცვალება არის ის განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რაც მტკიცებულების დროზე წარმოუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას იძლევაო, მაშინ, როდესაც 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში საუბარია შუამდგომლობისა ან განცხადების და არა მტკიცებულების წარდგენის შეუძლებლობაზე.

კასატორის აზრით, სამართლებრივად დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ მას ტრაგედიის გამო არ გაახსენდა, რომ საჭირო იყო განცხადებასთან ერთად მინდობილობის წარდგენაც, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა “დავიწყების” ან “არგახსენების” საპატიო მიზეზად მიჩნევის ინსტიტუტს არ იცნობს.

კასატორს მიაჩნია, რომ 2007 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იყო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე.

კასატორის განმარტებით, მხარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა გაფრთხილებული სასამართლო სხდომის შესახებ; საქმეში არ არსებობს მტკიცებულება ვ. გ-ის და სხვა წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; არ არსებობს მხარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების წერილობითი შეტყობინება გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ და შუამდგომლობა ან განცხადება ასეთი მიზეზების გამო საქმის განხილვის გადადების შესახებ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლზე აპელირებით სააპელაციო სასამართლომ მიმართა ანალოგიის პრინციპს, რაც სამართლებრივად დაუსაბუთებელია. საერთო სასამართლოებმა საქმეთა განხილვისას უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით, ვინაიდან ეს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს. ამავე კოდექსის მე-7 მუხლი ითვალისწინებს ანალოგიით კანონის ან სამართლის გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს უფლება აქვს პროცესუალური საკითხის გადაწყვეტისას ანალოგიით გამოიყენოს მატერიალური სამართლის ნორმა. კანონის არარსებობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც ანალოგიური საპროცესო მოქმედების შესრულებას ითვალისწინებს და დაუკავშიროს მას ის შედეგები, რომელსაც ანალოგიური საპროცესო მოქმედების შესრულებას უკავშირებს კანონი. მაგრამ, თუ კანონის ანალოგიით გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს იმის გამო, რომ ასეთი კანონიც არ არსებობს, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს სამართლის, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ანალოგია და არა მატერიალური სამართლის ანალოგია. გარდა ამისა, როგორც კანონის, ისე სამართლის ანალოგიის გამოყენება ზედმიწევნით ნათლად და გასაგებად უნდა იყოს მოტივირებული გადაწყვეტილებაში (განჩინებაში).

კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის ბოლო წინადადება ითვალისწინებს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედების მნიშვნელობის შენარჩუნებას და ამ კოდექსის არცერთ მუხლში არ არის გათვალისწინებული, რომ უფლებამოსილების გარეშე შესრულებული საპროცესო მოქმედება იურიდიულ ძალას იძენს მისი შემდგომში მოწონების შემთხვევაში. კასატორს მიაჩნია, რომ მოწონება წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს და მისი გამოყენება საპროცესო-სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას დაუშვებელია. კასატორის განმარტებით, 25 ოქტომბერს თ. კ-ეს არ გააჩნდა ნ. კ-ის სახელზე მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება და სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილში, კასატორის განცხადებით, გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევიდან და ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდებს.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ გარდა გზად მდებარე სადგურებში შედგენილი საერთო ფორმის აქტებისა, დანარჩენი აქტები (210 აქტი) ძირითადში პასუხობენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათში ყველგან არის მითითებული, რომ “ვაგონები მოცდა ბათუმის სატვირთო სადგურზე გადმოტვირთვის მოლოდინში და გადმოსატვირთად გადასროლის მოლოდინშიო”. “ყველა ქმანზე მითითებულია, რომ აქტი შედგენილია ორი პირის თანდასწრებით, აქვე დაფიქსირებულია, რომ ტვირთის მიმღების წარმომადგენელმა აქტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადაო”. კასატორის განცხადებით, “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” 440-ე მუხლი სავალდებულოდ მიიჩნევს ასევე სხვა რეკვიზიტების არსებობასაც, რომლებსაც არ შეიცავს საქმეში არსებული აქტები.

კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. აღნიშნული განჩინებით გაუქმდა ამავე პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებას კასატორი არაკანონიერად მიიჩნევს და თვლის, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტი სხდომაზე მოიწვიეს აღნიშნულ ნორმათა დარღვევით. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2007 წლის 6 ნოემბერს. იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლი ითვალისწინებდა უწყების გაგზავნას ერთდროულად როგორც მხარისათვის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის. აღნიშნულ ნორმაში ცვლილება შევიდა 2007 წლის 28 დეკემბერის. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მონაწილეობდა შპს „ს-ის“ არაერთი წარმომადგენელი, მათთვის სასამართლო სხდომის დღე და დრო არავის უცნობებია. რაც ნიშნავს იმას, რომ შპს „ს-ას“ კანონით დადგენილი წესით უწყება არ ჩაბარებია და სასამართლო ამავე კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარის გამოუცხადებლობის მიზეზის გამოკვლევამდე უნდა გამოერკვია აღნიშნული საკითხი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2007 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმათა დარღვევით და იგი ყველა შემთხვევაში უნდა გაეუქმებინა სასამართლოს. ამდენად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლებით არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.

კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად ძირითადად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საერთო ფორმის აქტები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. რისთვისაც იშველიებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების 433-ე, 440-ე, 434-ე მუხლებს. როგორც თვით კასატორი უთითებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 433-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საერთო ფორმის აქტით დასტურდება დანიშნულების სადგურში ვაგონების დაყენების ფაქტი ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით და დატვირთული ვაგონების დაყენება შუალედურ სადგურში იმის გამო, რომ ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მფლობელების მიზეზით მათ ვერ იღებენ მომიჯნავე სადგურები ან მომიჯნავე სადგურს არ გააჩნია ვაგონების დაგროვებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.

პალატა აღნიშნავს, რომ საერთო ფორმის აქტები წარმოადგენს მტკიცებულებას და იგი უნდა შეფასდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად. საერთო ფორმის აქტის არსებობა ადასტურებს იმ იურიდიული ფაქტების არსებობას, რაც მითითებულია საერთო ფორმის აქტებში. თუ ასეთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია უნდა დადასტურდეს ამ გარემოების გამომრიცხავ სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე, ან იმ ფაქტზე მითითებით, რომ იგი ყალბია. მოცემულ შემთხვევაში კასატორი იფარგლება მხოლოდ საერთო ფორმის აქტების შეფასებით და არ უთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა ასეთი ფაქტების არსებობას. ის გარემოება, რომ ტვირთის მფლობელი ხელს არ აწერს ან როგორც კასატორი უთითებს, რკინიგზის წარმომადგენლები 50 საათიანი მუშაობის რეჟიმში აწერენ ხელს აქტს, არ გამორიცხავს ვაგონების მოცდენის ფაქტს. თუნდაც ეს უკანასკნელი გარემოება კასატორის მიერ დადასტურებული იყოს. იმ პირობებში კი, როდესაც რეალურად არსებობს გადაზიდვის ხელშეკრულება, არავინ უარყოფს რომ გადაზიდვა განხორციელდა რკინიგზაზე, შედგენილია საერთო ფორმის აქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვაგონები დგას გადმოტვირთვისა და გადმოსატვირთად გადასროლის მოლოდინში, უნდა მივიჩნიოთ, რომ ვაგონების მოცდენა რეალურად მოხდა. საწინააღმდეგო უნდა დადასტურდეს მტკიცებულებებით, რომელიც გამორიცხავს ზემოთ მითითებული ფაქტების არსებობას და არა კასატორის მიერ მითითებული არგუმენტებით. იგივე შეიძლება ითქვას კასატორის მიერ მითითებული იმ გარემოების დადასტურებაზეც, რომ რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონების რაოდენობა აღემატებოდა სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონის მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით დადგენილ ოდენობას. კასატორს მტკიცების ტვირთი მთლიანად გადააქვს მოსარჩელეზე რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, დაუშვებელია. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დაყოვნება მოხდა ტვირთმიმღების ბრალით დადასტურებულია საერთო ფორმის აქტებით. საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.

პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგის შესაგებელი შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდდამხოლოდ მისი მითითებით მტკიცებულების უსწორობაზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებაში მითითებული ფაქტის უარყოფა შეუძლებელია ამ აქტის გაფორმების არასათანადო წესით გაფორმების არარსებობაზე მითითებით.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის შეფასება წარმოადგენს არა სამართლებრივს, არამედ დასმულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს მისი სპეციალიზაციის და კომპეტენციის ფარგლებში. მაგრამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოყენებულია არა ექსპერტის სამართლებრივი შეფასება (ასეთი შეფასება მას არ გაუკეთებია), არამედ ექსპეტის გაანგარიშება ვაგონების დაყოვნების გამო გადასახდელი თანხის ოდენობასთან მიმართებაში. ის გარემოება კი თუ რამდენად რეალურია საერთო ფორმის აქტებში მითითებული ფაქტები, წარმოადგენს სასამართლოს და არა ექსპერტის მსჯელობის საგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:E

B

ფირმა “ .......-ის” წარმომადგენლის მ. ღ-ის საკასაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩესA ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.