Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1241(კ-25) 5 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა.პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოსარჩელე - თ.ჯ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 24 აპრილს ა.პ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №0021662 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №223 ბრძანების ბათილად ცნობა;

2019 წლის 19 ივნისს თ.ჯ-ემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №223 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბერის განჩინებით №3/3091-19 ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - ა.პ-ი, მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მუნიციპალური ინსპექცია, მესამე პირი - თ.ჯ-ე, დავის საგანი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №223 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ა.პ-ის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე) და №3/4732-19 ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - თ.ჯ-ე, მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მუნიციპალური ინსპექცია, დავის საგანი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №223 ბრძანების ბათილად ცნობა) გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა ნომერი №3/3091-19.

მოსარჩელეთა მოთხოვნა საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №0021662 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №223 ბრძანება თ.ჯ-ის წარმომადგენლის ლ.ც-ის და ა.პ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; 3. მოსარჩელე ა.პ-მა ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ა.პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა.პ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში ა.პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.პ-მა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.პ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.პ-მა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

2025 წლის 6 ნოემბერს ა.პ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; ზემოაღნიშნული განაცხადის დანართის სახით მხარემ წარმოადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2025 წლის 27 ოქტომბრის №17-0125300558 მიმართვა; წარმოდგეგნილი დოკუმენტით ადმინისტრაციულმა ორგანომ ა.პ-ის განუმარტა, რომ მის მიმართ არ მოხდება სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვინაიდან ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ნებართვებში სრულად იქნა ასახული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილებით გათვალისწინებული დარღვევები და ჯარიმის ნაწილში მოსარჩელე არის ამინისტირებული;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა.პ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე, ა.პ-ის ნაწილში, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის, ა.პ-ის, მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №0021662 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 მარტის №223 ბრძანების ბათილად ცნობა თ.ჯ-ის წარმომადგენლის ლ.ც-ის და ა.პ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; გარდა ამისა, ა.პ-ის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან გათავისუფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს კასატორის მიერ წარმოდგენილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2025 წლის 27 ოქტომბრის №17-0125300558 მიმართვაზე, რომლის მიხედვითაც ა.პ-ის განემარტა, რომ თავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილი ჯარიმისგან, ვინაიდან ის მიეკუთვნება 2019 წლის 18 სექტემბრის ,,ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა წრეს (ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერ მამაკაცს - 65 წლის ასაკიდან).

ზემოაღნიშნული მიმართვით მხარეს - ა.პ-ის, ასევე ეცნობა, რომ დემონტაჟის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №7623587 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №...-ში უნებართვოდ აშენებული ...; ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 სექტემბრის №7632657 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №...-ში/ ...ის №...-ში უნებართვოდ მიშენებული და დაშენებული ფართი.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2025 წლის 27 ოქტომბრის №17-0125300558 მიმართვით ა.პ-ის განემარტა, რომ მის მიმართ არ მოხდება სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რამეთუ დასახელებულ ნებართვებში სრულად იქნა ასახული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის №002166 დადგენილებით გათვალისწინებული დარღვევები და ჯარიმის ნაწილში მოსარჩელე არის ამინისტირებული;

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით, მხარეთა შორის აღარ არსებობს წინამდებარე საქმეში განსახილველი დავის საგანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე, ა.პ-ის ნაწილში, დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა.პ-ს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 23.05.2025წ. №27441209415 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს - 300 ლარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა.პ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.პ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ა.პ-ის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ა.პ-ის ნაწილში;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. ა.პ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 23.05.2025წ. №27441209415 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა