Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1243(კ-23) 3 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მესამე პირი - შპს ,,ს...’’ (ყოფილი შპს ,,მე...)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შპს „მე...ს“ მიმართ (საქმე №3/4913-18).

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,მე...ს სატენდერო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,მ...ს’’ დისკვალიფიკაციის თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება ... (NAT) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. შპს „მ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ (საქმე №3/5689-18).

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს №1873 განკარგულება შპს „მ...ს“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „მე...“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით №3/4913-18 და №3/5689-18 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტი განჩინებით შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მ“.

კასატორის განმარტებით, ტენდერში კომპანიის მიერ სრულად იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მათ შორის, ღსს „მი...ის“ მიერ გაცემული ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი. ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის მოთხოვნილ იქნა ტრაქტორის წარმოშობის სერთიფიკატი ან/და ქარხნის მიერ გაცემული დოკუმენტური დადასტურება, ტრაქტორის ტექნიკური მონაცემების შესახებ. ვინაიდან ტრაქტორის მოწოდებამდე მასზე წარმოშობის სერთიფიკატის წარმოდგენა შეუძლებელია, ამიტომ შპს „მ...ს“ მიერ წარდგენილ იქნა საინფორმაციო დოკუმენტი ტრაქტორის ტექნიკური მონაცემების შესახებ. საყურადღებოა, რომ 06.07.2016 წელს კასატორსა და მწარმოებელ ქარხანას შორის გაფორმებულ იქნა №59ლ სუბლიცენზიის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მწარმოებელი კომპანია არა მარტო აწვდიდა კასატორს გასაყიდ ტრაქტორებს და სხვა ტექნიკას, არამედ აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, კასატორს უფლება აქვს ტრაქტორებს ჩაუტაროს სარემონტო სამუშაოები და აწარმოოს საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მწარმოებელი კომპანიის მიერ არაერთხელ იქნა მოწოდებული ტექნიკა, სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში. მწარმოებელ კომპანიასთან კასატორს ნდობასა და კეთილსინდისიერებაზე დამყარებული თანამშრომლობა ჰქონდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ღსს „მი...ს“ ქვემდებარეობაში აქვს არაერთი ქარხანა და ჰყავს თანამშრომლები. იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც მათ მიერ გადაეცა კასატორს, არსებობს კანონიერი ნდობა, ვინაიდან მასზე სავალდებულო რეკვიზიტებია დატანილი - ხელმოწერა და საწარმოს ბეჭედი. შესაბამისად, იგი არ არის ყალბი და გაცემულია უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ორგანიზაციის ბეჭედი არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი თანამშრომლისათვის, შესაბამისად, დოკუმენტის ხელმომწერ პირს ჰქონდა მისი გაცემის უფლებამოსილება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დოკუმენტის სიყალბეზე არ არსებობს შესაბამისი ორგანოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მითითებით, „მი...ის’’ 2018 წლის 13 ივნისის წერილი არ შეიძლებოდა სასამართლოს გამოეყენებინა მტკიცებულებად, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით, ასევე სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ არაერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ტრაქტორის სპეციფიკაციაში მონაცემების სიყალბეს ადგილი არ ჰქონია. ასევე, თუ ქარხანამ საეჭვო გადახდა თავისი რომელიმე თანამშრომლის მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობა, ასეთ შემთხვევაში სწორედ მათ მიერ უნდა იქნეს დადგენილი და დადასტურებული ხელმომწერი პირის ვინაობა და უფლებამოსილება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით ნადვილად იქნა დადასტურებული, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია მოპოვებულია კეთილსინდისიერად და არის უტყუარი. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მხარის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ ყველა დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა მოთხოვნათა შესაბამისად, წარდგენილი სპეციფიკაცია არ მოიცავს ყალბ მონაცემებს და მარტოოდენ წერილი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მხარე მიჩნეულ იქნეს არაკეთილსინდისიერად, მოხდეს მისი დისკვალიფიკაცია და შავ სიაში რეგისტრაცია. ამდენად, სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლომ მტკიცებულებად მიიჩნია ისეთი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული ინფორმაცია არ არის დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებულ არაერთ ტენდერში წარდგენილია მსგავსი ტიპის დოკუმენტი (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, თუმცა ხელმომწერი პირის სახელი და გვარი არ არის მითითებული გარკვევით). საყურადღებოა, ტენდერში შპს „ჰ...“-ს მიერ, რომელიც არის ღსს „მი...ს“ ოფიციალური დილერი საქართველოში, წარდგენილ იქნა ანალოგიური დოკუმენტი, იმ განსხვავებით, რომ ქართულენოვანი სპეციფიკაცია ხელმოწერილია რუსულად და დარტყმული აქვს მწარმოებელი კომპანიის ბეჭედი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და მასზე თარიღი და ნომერი არ მიეთითება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრაქტორის მოწოდებისას მას სავალდებულოდ ერთვის წარმოშობის სერთიფიკატი, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი ასევე სპეციფიკაციაში მითითებული ინფორმაცია. აღნიშული დოკუმენტის გარეშე ტექნიკის განბაჟება ვერ მოხდებოდა, რაც ლოგიკურად გამორიცხავს სპეციფიკაციაში მითითებული ინფორმაციის გაყალბებას. რაც შეეხება სერტიფიცირებას, კასატორი არის ლიცენზირებული კომპანია და აქვს უფლება, გაყიდოს, იყიდოს, შეარემონტოს და აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტექნიკა. შესაბამისად, ტენდერის ჩამტარებელი ორგანოს მიერ აღნიშნულის საფუძველზე დისკვალიფიკაცია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, გაურკვეველია, რატომ შეიძლებოდა გასჩენოდა კომპანიას ეჭვი დოკუმენტაციის სიყალბეზე და რა ფორმით იქნებოდა შესაძლებელი დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება მაშინ, როდესაც მხარეს ქარხანასთან აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა და მათთან გაფორმებული ჰქონდა არაერთი ხელშეკრულება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ პრეტენდენტმა არ მიიღო შესაბამისი ზომები წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ნამდვილობასა და უტყუარობაში დარწმუნების მიზნით,

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) შპს „მე...ს“ სატენდერო კომისიის მიერ 3 ცალი 60 ცხ/ძ სიმძლავრის ტრაქტორის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 10.2.4. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა: „პრეტენდენტმა სავალდებულოა წარმოადგინოს შესაბამისი ტრაქტორის წარმოშობის სერთიფიკატი ან ქარხანა მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ტექნიკური მონაცემები“ (ტ.1, ს.ფ. 190-194); ბ) შპს „მე...ს“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 4 ივნისის №2 სხდომის ოქმით დადგინდა, რომ №... ტენდერის ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს - შპს „მ...ს“ უნდა წარედგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, მათ შორის, დოკუმენტაცია სატენდერო პირობის 10.2.4. პუნქტის შესაბამისად (პრეტენდენტმა სავალდებულოა წარმოადგინოს შესაბამისი ტრაქტორის წარმოშობის სერთიფიკატი ან ქარხანა მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ტექნიკური მონაცემები) (ტ.1, ს.ფ. 202-205); გ) შპს „მ...მ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა შემდეგი დოკუმენტები: 1. შესაბამისობის მოწმობა (სერთიფიკატი); 2. ტრაქტორ „ბე...“-ის ტექნიკური სპეციფიკაცია ტენდერისთვის საქართველოში; 3. ღია სააქციო საზოგადოება „ბ...ის“ 2018 წლის 6 ივნისის №08/04-0606-15 წერილი, რომლითაც საზოგადოებამ დაადასტურა, რომ 2016 წლის ნოემბერში ქართული კომპანია W...-ეს (შპს „მ...“) თანამშრომლები ა. კ-ე, ვ. კ-ი და ვ. გ-ა იმყოფებოდნენ მათ ქარხანაში და გაიარეს სწავლება-ტრენინგი „...ს მარკის ტრაქტორების სერვისთან, რემონტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით. ამის გარდა, ღსს „ბ...ის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მივლინებით თბილისში და შეისწავლეს კომპანია W...-ეს (შპს „მ...“) სარემონტო-საამწყობო ბაზა, რომელიც აკმაყოფილებს ნორმებს (ტ.1, ს.ფ. 207-223); დ) 2018 წლის 8 ივნისს შპს მე...ს სატენდერო კომისიას №04/06 წერილით მიმართა შპს „ჰ...მა“, რომელმაც აღნიშნა, რომ მოცემული კომპანია 2006 წლიდან წარმოადგენს მი...ს საქართველოში. მიმდინარე ტენდერში კომპანია ღებულობს მონაწილეობას სწორედ ბე... მოდელის ტრაქტორით. შპს „მ...ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად მიმართა ჰოლდინგ - მი...ის ხელმძღვანელობას ტენდერზე შპს „მ...ს“ მიერ წარდგენილი ორი დოკუმენტის თაობაზე, საიდანაც მიიღო წერილობითი განმარტებები. განმცხადებელმა წარადგინა ჰოლდინგ - მი...ის (სათაო) და ჰოლდინგში შემავალი ბ...ის წერილები და მოითხოვა, განეხილათ და მხედველობაში მიეღოთ შექმნილი ახალი გარემოებები, რომლებიც აღწერილია მწარმოებლის განმარტებით წერილებში (ტ.1, ს.ფ. 240, 241-243, 245-246); ე) შპს ,,მე...ს’’ სატენდერო კომისიამ 2018 წლის 12 ივნისის №3 სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის ზოგიერთი დეტალის დამატებით და სრულყოფილად შესწავლის მიზნით გაეგრძელებინა განხილვის ვადა 2 სამუშაოდ დღით (ტ.1, ს.ფ. 224-226); ვ) შპს ,,მე...მა’’ 2018 წლის 12 ივნისს №157 წერილით ღია სააქციო საზოგადოება „მტ...“ გადაუგზავნა ტენდერზე წარდგენილი ღია სააქციო საზოგადოება „მტ...დან“ გაცემული ,,ტრაქტორი ბე...-ის ტექნიკური სპეციფიკაციები (მახასიათებლები) ტენდირისათვის საქართველოში’’ და ითხოვა აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება (ნამდვილად გაიცა თუ არა დოკუმენტი მათ ორგანიზაციაში ან ორგანიზაციაში, რომელიც არის ჰოლდინგ ,,მტ...’’ ნაწილი, ხელმოწერილია თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ (ტ.1. ს.ფ. 247-249). ...ს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ღია საზოგადოება „მი...ის“ 2018 წლის 13 ივნისის №903/925-02-3018 წერილით შპს ,,მე...ს’’ ეცნობა, რომ ღია სააქციო საზოგადოება „მტ...“-მ პასუხი გაუგზავნა მათ სადისტრიბუციო ქსელის სუბიექტს შპს ,,ჰ...ს’’ მასზედ, რომ „მაღალმთიან რაიონებში მიწების რაციონალურად გამოყენების შესახებ“ დამტკიცებული პროგრამით საქართველოს მთავრობის №265 დადგენილების ფარგლებში 30.05.2018 წლის ტენდერზე წარდგენილი „ბე...“-ის ტრაქტორზე სპეციფიკაცია გაყალბებულია. გარდა ამისა, ჰოლდინგ „მტ...ს“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აღნიშნულ სპეციფიკაციაზე ხელი არ მოუწერია. ღია საზოგადოება „მტ...ს“ მიერ დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ შპს ,,ჰ...ს’’ სახელზე ხდებოდა (ტ.1, ს.ფ. 250-252); ზ) შპს „მე...ს“ სატენდერო კომისიამ 2018 წლის 14 ივნისის №4 სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ შპს ,,მ...ს’’ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 63-66); თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის ... (NAT) გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 289-294); ი) შპს ,,მე...ს’’ 2018 წლის 15 ივნისის №162 წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა შეტყობინება შპს ,,მ...ს’’ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 267-268); კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №2249 წერილით შპს მ...ს ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონულად გაცნობის შესაძლებლობის შესახებ. მასვე განესაზღვრა ვადა პოზიციის, მტკიცებულებებისა და გარემოებების წარსადგენად (ტ. 2, ს.ფ. 269); ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს №1873 განკარგულებით შპს ,,მ...’’ შავ სიაში დარეგისტრირდა (ტ. 2, ს.ფ. 275-279).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს შპს „მ...სათვის“ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ელექტრონული ტენდერის ფარგლებში მინიჭებული დისკვალიფიკაციის, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების, ასევე, შპს „მ...ს“ შავ სიაში რეგისტრაციის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს (1.2. მუხლის). კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19​1 მუხლითა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი (პირველი მუხლი).

დასახელებული წესის 21.3 მუხლის თანახმად, სატენდერო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფიდავიტი არის მოცემული კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულია აფიდავიტის ფორმა და პირობები, რომლითაც დგინდება, რომ აფიდავიტზე დათანხმებით ტენდერში მონაწილე პირი ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობას და იმ გარემოებას, რომ გაეცნო აფიდავიტის პირობებს. ხოლო აფიდავიტის პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე ადასტურებს - „სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს“; „სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილი ინფორმაცია შექმნილია/მოპოვებულია კეთილსინდისიერად“; „აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო“.

ზემოთ დასახელებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო წინადადება არის ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი. აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.

საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული წესის 32-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დისკვალიფიკაციის განხორციელების საფუძვლებს, კერძოდ, დასახელებული ნორმის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ: ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე; ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს; გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას; დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-19 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; თ) ამ წესის მე-40 მუხლის მე-15 და მე-19 პუნქტების ან 41-ე მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, იგი არ წარადგენს ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით, არ დააზუსტებს მას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას.

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ კანონმდებელი იმპერატიულად ავალდებულებს პრეტენდენტებს, მომეტებული ყურადღებით წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია, მით უფრო, ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეხება ძირითად სატენდერო პირობებს და რომელიც განმსაზღვრელია ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოსავლენად. თავად პრეტენდენტია პასუხისმგებელი მის მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობაზე, მათ შორის, წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე და მესამე პირის (მესამე პირის მიერ გაცემული დოკუმენტის) მიმართ ნდობის არსებობაზე მითითება არ წარმოადგენს პრეტენდენტის ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენამდე მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დარწმუნდეს წარსადგენი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ნამდვილობასა და უტყუარობაში, ვინაიდან მისთვის ცნობილია, რომ მცდარი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს, პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

დადგენილია, რომ შპს „მ...ს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის 12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას) საფუძველზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2).

ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სატენდერო კომისია ვალდებულია შეაფასოს ის დოკუმენტაცია, რაც სატენდერო პირობების შესაბამისად წარდგენილი იქნა პრეტენდენტის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, ...ს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ღია საზოგადოება „მი...ის“ 2018 წლის 13 ივნისის №903/925-02-3018 წერილით დგინდება, რომ 30.05.2018 წლის ტენდერზე წარდგენილი „ბე...“-ის ტრაქტორზე სპეციფიკაცია გაყალბებულია. გარდა ამისა, ჰოლდინგ „მტ...ს“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აღნიშნულ სპეციფიკაციაზე ხელი არ მოუწერია. ღია საზოგადოება „მტ...ს“ მიერ დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ შპს ჰ...ს სახელზე ხდებოდა. ამდენად, „სატენდერო პირობების დასაკმაყოფილებლად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის - „ბე...“-ის ტრაქტორის სპეციფიკაცია ტენდერისთვის საქართველოში, ნამდვილობა არ იქნა დადასტურებული თავად მწარმოებელი ქარხნის მიერ და მიჩნეულ იქნა იგი გაყალბებულ დოკუმენტად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერება განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს, თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ამასთანავე, მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.

ამდენად, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ შპს „მე...ს“ მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაციით, თავად მწარმოებელი ქარხნის მიერ არ დადასტურდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.2.4. პუნქტით გათვალისწინებული, შპს „მ...ს“ მიერ სატენდერო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება კი, კასატორს არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ შპს „მ...ს“ მიერ მითითებული 2016 წლის 6 ივლისის ხელშეკრულება (იხ. ტ. I, ს.ფ. 98-119) და 2018 წლის 6 ივნისის №08/04-0606-15 წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ. 47-48), მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული იმ სათანადო მტკიცებულებად, რომელიც ზემოთ მითითებულ გარემოებებს და შესაბამის მტკიცებულებებს გააქარწყლებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ პრეტენდენტმა არ შეასრულა კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, სატენდერო წინადადების წარდგენამდე არ მიიღო შესაბამისი ზომები წარსადგენი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ნამდვილობასა და უტყუარობაში დარწმუნების მიზნით, რაც თავის მხრივ, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს წარმოადგენს. მესამე პირის (მესამე პირის მიერ გაცემული დოკუმენტის) მიმართ ნდობის არსებობაზე მითითება კი, არ წარმოადგენს პრეტენდენტის იმ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, რასაც ავალდებულებს აფიდავიტის პირობები, კერძოდ, სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი ინფორმაციის კეთილსინდისიერად შექმნა/მოპოვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულად იქნა მიღებული შპს „მ...ს“ დისკვალიფიკაციის თაობაზე გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება ... (NAT).

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს „მ...“ დარეგისტრირდა შავ სიაში, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს – შავ სიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი);

საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს (მუხ. 1).

ზემოაღნიშნული „წესისა და პირობების“ 3.1 მუხლის თანახმად, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. 3.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება; ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი არის პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს „მ...ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც გახდა მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, რასთან დაკავშირებითაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ - შპს „მე...მა“ მიმართა სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით (ზემოდასახელებული „წესისა და პირობების“ 4.1 მუხლი).

შპს „მ...ს“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს №1873 განკარგულების მიხედვით, სააგენტომ არ იმსჯელა დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით, რამდენადაც მოცემული საკითხის განხილვა სცილდება სააგენტოს კომპეტენციას. ამასთან, სააგენტომ გაიზიარა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული პოზიცია და ყურადღება გამახვილა საქმეში არსებულ ღია სააქციო საზოგადოება „მტ...“-ის 2018 წლის 13 ივნისის №903/925-02-3018 წერილზე, რომლითაც შპს მე...ს ეცნობა, რომ ღია სააქციო საზოგადოება „მტ...ს“ მიერ დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ შპს ,,ჰ...ს’’ სახელზე ხდებოდა. სააგენტოს მითითებით, შპს „მ...მ“ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავდა მცდარ ინფორმაციას. გარდა ამისა, როგორც დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, ასევე მოცემული ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც, პრეტენდენტს ეჭქვეშ არ დაუყენებია იმ წერილების გამცემი ორგანიზაციის უფლებამოსილება, რომლის წერილსაც შპს „მე...“ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო. შესაბამისად, მოცემული მსჯელობისა და ფაქტების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ მიიჩნია, რომ პრეტენდენტმა ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, კერძოდ, დაარღვია აფიდავიტის პირობები, რის გამოც არსებობდა მისი შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააგენტომ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, სააგენტომ მართებულად დაადგინა, რომ არსებობდა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება;

3. შპს „მ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.01.2024წ. №1941 საგადასახადო დავალებით ლ. მ-ას (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია