საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-126(2კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები - ზ.ქ-ა, გ.ჯ-ა, შპს „ ...“
მესამე პირები - ა.ნ-ე, გ.თ-ე, მ.ვ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 14 აგვისტოს ზ.ქ-ამ, გ.ჯ-ამ და შპს „...მა“ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, 2019 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომლითაც მოითხოვეს ქ. თბილისში, ,,,...ის ქუჩა №186-ის მიმდებარედ, საგზაო ნიშნების დამონტაჟება, რაზედაც ეცნობათ, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და მითითებულ მისამართზე დამონტაჟდებოდა საგზაო ნიშნები, რაც განხორციელდა და ზემოაღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა საგზაო ნიშანი - ,,გაჩერება აკრძალულია“. თუმცა დამონტაჟებული საგზაო ნიშანი მოხსნეს, რის გამოც კვლავ მიმართეს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომლის 2019 წლის 19 ოქტომბრის წერილით ეცნობათ, რომ განცხადებაში მითითებულ ადგილზე არ არის ტროტუარი და გზის გვერდული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საგზაო ნიშნის დამონტაჟება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გზის სავალ ნაწილზე საგზაო ნიშნის დამონტაჟება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 ივლისის №727 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეების განმარტებით, ქ. თბილისში, ,,...ის ქუჩა №186-ის მიმდებარედ, ტროტუარის არარსებობა გამოწვეულია კერძო პარკირებით. ამავე დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე გამიჯნული არ არის ფეხით მოსიარულეთა და ავტომანქანების სავალი ნაწილი, რითაც საფრთხე ექმნებათ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან მითითებულ ტროტუარზე. ამასთან, მოსარჩელეების განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 1 აგვისტოს წერილობითი დოკუმენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომლითაც მათ ეცნობათ, რომ განცხადებაში მითითებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნულ მისამართზე - ქ. თბილისში, ,,,...ის ქუჩა №186-ის მიმდებარედ დამონტაჟებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები. დაპირება კი, სრულად გაუგებარი მიზეზით შესრულებული არ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №16-01192971157 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 ივლისის №727 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ,,,...ის ქ. №186-ის მიმდებარედ ავტოტრანსპორტის გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დაყენების დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა.ნ-ე, გ.თ-ე და მ.ვ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.ქ-ას, გ.ჯ-ას და შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 ივლისის №727 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №16-01192971157 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ,,,...ის ქ. №186-ის მიმდებარედ ავტოტრანსპორტის გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დაყენებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა.ნ-ემ, გ.თ-ემ და მ.ვ-ამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით ა.ნ-ის, გ.თ-ისა და მ.ვ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დასაბუთებული თუ რატომ იყო მიზანშეუწონლად საგზაო ნიშნის დამონტაჟება მოთხოვნილ ტერიტორიაზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ ამ ნიშნის დადგმა უნდა მომხდარიყო გზის სავალ ნაწილზე, ვერ მიიჩნევა საკმარის დასაბუთებად, ვინაიდან მოსარჩელეები ავტომანქანების გაჩერების აკრძალვას სწორედ იმ საფუძვლით ითხოვდნენ, რომ მითითებული ტერიტორია იყო გადატვირთული და ფერხდებოდა საგზაო მოძრაობა. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კი ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული, რატომ იყო საგზაო ნიშნის გზის უკიდურეს ნაწილში განთავსება უფრო მიზანშეუწონელი, ვიდრე ამ ადგილზე ავტომანქანების გაჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება;“ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.“ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების დროს მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-14 დადგენილების მე-2 მუხლის „დ“ და „რ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ფუნქციებია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება და განხორციელება და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზება. კასატორმა ასევე მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და განმარტა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიის საზღვრებში საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და მართვის ერთიან საჯარო ხელისუფლებას, სადავო ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების დროისთვის, ახორციელებდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად, მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეეძლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განესაზღვრა კონკრეტულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების და სატრანსპორტო საშუალებების დგომა-გაჩერების მიზანშეწონილობის საკითხი მათი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების ზომებისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და ანალიზის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან, კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს კანონით დადგენილ ფარგლებში მისი განხორციელების თაობაზე.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სახეზეა კონკრეტული პირების: გ.ჯ-ას, ზ.ქ-ას და შპს „...ის“ ინტერესი, რომ ქალაქ თბილისში, ,,,...ის ქუჩა №186, №188, №190, №192, №194-ის მიმდებარედ (ს/კ...) განთავსდეს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშანი, ხოლო მეორე მხრივ, საჯარო ინტერესი, რომ განხორციელდეს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ეფექტური ორგანიზება, მათი უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ეფექტური რეგულირების უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიიჩნია ქალაქ თბილისში, ,,...ის ქუჩის (№186, №188, №190, №192, №194) მიმდებარედ (ს/კ...) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის განთავსება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მითითებულ ადგილზე არ არის ტროტუარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებისას არ დასტურდება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გადამეტება, კანონის მოთხოვნათა დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა ანდა პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მის კანონიერ ხასიათს ეჭვქვეშ დააყენებდა.
კასატორის განმარტებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 01 აგვისტოს №16-01192132354 წერილი არის კანონსაწინააღმდეგო დაპირება, ვინაიდან მითითებულ ადგილზე არ არის ტროტუარი და გზის გვერდული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ნიშნის განთავსება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე საგზაო ნიშნის განთავსება დაუშვებელია, შესაბამისად აღნიშნული ნიშნის განთავსება ხელს შეუშლიდა ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ეფექტურ ორგანიზებას, მათ უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებლებს ვერ ექნებოდათ კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირების მიმართ.
კასატორის განმარტებით, ასევე არამართებულია სასამართლოს მსჯელობა სერვიტუტთან მიმართებაში საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების ნაწილშიც, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმეში დაცულ არც ერთ მტკიცებულებას. ამასთან, ასევე სერვიტუტის არსებობის მიუხედავად იმ პირობებში, როდესაც საუბარია არა კერძო, არამედ საჯარო სერვიტუტზე, სასამართლოს მიერ სადავო აქტების ბათილად ცნობა სერვიტუტზე მითითებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული, რატომ ქმნის სერვიტუტის არსებობა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებულია ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კასატორის განმარტებით, სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა არსებითად გამოკვლეული სერვიტუტის საკითხი. სასამართლომ ასევე ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა საგზაო ნიშნის განთავსების მიზანშეუწონლობის საკითხი, გაურკვეველია თუ რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით უთითებს სასამართლო, რომ საჯარო სერვიტუტი არის კერძო საკუთრებაში პარკირების მოწყობის გამომრიცხავი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 2025 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ.ქ-ამ, გ.ჯ-ამ და შპს ,,...ის“ დირექტორმა 2019 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომლითაც მოითხოვეს ქ. თბილისში, ,,...ის ქუჩის №192, №186, №190, №194-ის მიმდებარედ, საგზაო ნიშნის განთავსება (ამკრძალავი ნიშანი - ,,გაჩერება აკრძალულია“), რომლითაც აიკრძალება ქ. თბილისში, ,,...ის ქუჩის) №192, №186, №190, №194) მიმდებარედ (საკადასტრო კოდი:... (მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან გაერთიანებამდე არსებული საკადასტრო კოდი...)) საჯარო-სამართლებრივი სერვიტუტით დატვირთულ ტერიტორიაზე ავტომანქანების გაჩერება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკიდურეს მარცხენა მხარეს მუდმივად გადატვირთულია მანქანებით და შეფერხებულია მოძრაობა. ამასთან, მითითებული ტერიტორია არის ..., ..., ... და ... საკადასტრო ერთეულებზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზა. სწორედ ამიტომაა, რომ 2009 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტერიტორია (საკადასტრო კოდი:... (მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან გაერთიანებამდე არსებული საკადასტრო კოდი...)) გახდა კერძო საკუთრება, მასზე დატანილი იქნა საჯარო-სამართლებრივი სერვიტუტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ აღნიშნული ადგილი კერძო საკუთრებაა, არანაირად არ ცვლის მიწის დანიშნულებას, კერძოდ, საზოგადოების საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი მისასვლელი გზის არსებობის აუცილებლობას. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმები და ფოტოსურათები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 1 აგვისტოს №16-01192132354 წერილით, განმცხადებლებს ეცნობათ, რომ მათ მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ,,...ის ქ. №186-ის მიმდებარედ) შესაძლო მოკლე ვადებში დამონტაჟდებოდა შესაბამისი საგზაო ნიშნები.
2019 წლის 26 სექტემბერს ზ.ქ-ამ და გ.ჯ-ამ კვლავ მიმართეს განცხადებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მათი 2019 წლის 22 ივლისის განცხადების პასუხად, №16-01192132354 წერილით ეცნობათ, რომ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მითითებულ მისამართზე დამონტაჟდებოდა შესაბამისი საგზაო ნიშნები, შესაძლო მოკლე ვადაში. ამის შემდეგ, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე და დაამონტაჟეს სატრანსპორტო ნიშანი - ,,გაჩერება აკრძალულია“ (ნიშანი დამონტაჟდა 31 ივლისს - 1 აგვისტოს), თუმცა მოულოდნელად, რამდენიმე დღეში, მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, კვლავ მოხსნეს მითითებული ნიშანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს განმარტების მიღება თუ რატომ მოიხსნა სატრანსპორტო ნიშანი. ასევე, შესაბამისი საგზაო ნიშნის განთავსების უზრუნველყოფა, რომლითაც აიკრძალება ქ. თბილისში, ,,...ის ქუჩის (№186, №188, №190, №192, №194) მიმდებარედ (საკადასტრო კოდი:...; მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან გაერთიანებამდე არსებული საკადასტრო კოდი...) საჯარო-სამართლებრივი სერვიტუტით დატვირთულ ტერიტორიაზე ავტომანქანების გაჩერება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №16-01192971157 წერილით (გადაწყვეტილებით) განმცხადებლებს ეცნობათ, რომ განცხადებაში მითითებულ ადგილზე არ არის ტროტუარი და გზის გვერდული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საგზაო ნიშნის დამონტაჟება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გზის სავალ ნაწილზე საგზაო ნიშნის დამონტაჟება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №16-01192971157 წერილი (გადაწყვეტილება) ზ.ქ-ამ, გ.ჯ-ამ და შპს ,,...მა“ გაასაჩივრეს ადმინისტრაციული საჩივრით, 2019 წლის 25 ნოემბერს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 ივლისის №727 ბრძანებით, ზ.ქ-ას, გ.ჯ-ასა და შპს ,,...ის“ 2019 წლის 25 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში დავის საგანს მოსარჩელეების განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-14 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-4 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის, ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზების მართვას, დელეგირების ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლებზე შემოსული საჩივრების/ პროტესტების განხილვას, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესზე”, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით. წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს (წესის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები). მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 64-ე ქვეპუნქტის თანახმად კი, საგზაო ნიშანი (ნიშანი) არის ამ კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებებს საფუძვლად დედო ის გარემოება, რომ განცხადებაში მითითებულ ადგილზე არ იყო ტროტუარი და გზის გვერდული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საგზაო ნიშნის დამონტაჟება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, გზის სავალ ნაწილზე საგზაო ნიშნის დამონტაჟება არ იყო მიზანშეწონილი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნის (ამკრძალავი ნიშანი 3.27 ,,გაჩერება აკრძალულია“) განთავსებას ითხოვდნენ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანების გაჩერება ხდებოდა საჯარო- სამართლებრივი სერვიტუტით დატვირთულ ტერიტორიაზე, მოძრაობა იყო მუდმივად შეფერხებული და გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა პარალიზებული იყო.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული 2017 წლის 29 მარტის სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა №192/თბილისი, ...ის ქუჩა №186-ის, №190-ის, №194-ის მიმდებარედ (ს/კ...), დაზუსტებული ფართობი: 852.00 კვ.მ, რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობა. კერძოდ, 2003 წლის 11 აგვისტოს მიწის ნაკვეთი, ფართობით 87 კვ.მ, დაიტვირთა სერვიტუტით; 2010 წლის 11 ივნისს, მიწის ნაკვეთი, ფართით 30 კვ.მ, დაიტვირთა საჯარო-სამართლებრივი სერვიტუტით; 2015 წლის 3 სექტემბერს მიწის ნაკვეთი, ფართით 35.9 კვ.მ, დაიტვირთა სერვიტუტით; 2016 წლის 3 მაისს მიწის ნაკვეთი, ფართობით 23 კვ.მ, დაიტვირთა სერვიტუტით. .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო გეგმის (მომზადების თარიღი: 17.03.2017 წელი) მიხედვით, უძრავი ნივთის ფართობია 852 კვ.მ, ხოლო ვალდებულების ფართობი - 176 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ გასაჩივრებული აქტები არ პასუხობს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დასაბუთებული თუ რატომ იყო მიზანშეუწონელი საგზაო ნიშნის დამონტაჟება მოთხოვნილ ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 ივლისის №727 ბრძანებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №16-01192971157 წერილის (გადაწყვეტილება) უპირობოდ გაზიარება არ ეფუძნება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივ შესწავლასა და შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 01.04.2025წ. №03351 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/კ 205393689) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/კ 205393689) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2025წ. №03351 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე