საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს--1260(კ-24) 25 ივნისი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ.ჯ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:ნ.ჯ-ამ 2022 წლის 01 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 8 ნოემბრის №MES 8 21 0001199442 გადაწყვეტილების (დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ნ.ჯ-ას სახელზე 1993 წლის 24 ივნისს გაცემული №... დიპლომის (სარეგისტრაციო ნომერი №...) ნამდვილობის დადასტურების და მის მიერ მიღებული განათლების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ჯ-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 8 ნოემბრის №MES 8 21 0001199442 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ 1990 წლის 12 მაისს ნ.ჯ-ას სახელზე სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1990 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა ... დიპლომი, რომლის თანახმად, ნ.ჯ-ა 1987 წელს შევიდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ...ის მთავარი სამმართველოს თბილისის ... ...ში და 1990 წელს დაამთავრა აღნიშნული ...ის სრული კურსი, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის 10 დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 88-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. მითითებული კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ... ინსტიტუტის ...ფაკულტეტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საქმეზე დადგენილია, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სსიპ ...ის მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის მიხედვით, ნ.ჯ-ა 1991 წელს შევიდა ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტზე, თუმცა საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ...ის ორდენოსანი ... ინსტიტუტის 1990 წლის 19 მარტის №90 ბრძანება, რომლის თანახმად, ნ.ჯ-ა ჩარიცხულ იქნა ... ფაკულტეტის პირველი კურსის მსმენელად, ...ის განყოფილებაში, შეტანილი პირადი განცხადებებისა და ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე. შესაბამისად, პალატის განმარტებით საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ნ.ჯ-ას საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1990 წელს ჩარიცხვას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ასევე, იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო აქტის გამოცემამდე, სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ნ.ჯ-ას სწავლის ხანგრძლივობა და სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული წინარე განათლების საკითხი, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევასა და შეფასებას. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ცენტრში 2021 წლის 6 ოქტომბერს შევიდა N... განცხადება, 1993 წელს ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტის მიერ ნ.ჯ-ას სახელზე გაცემული N... დიპლომის (სარეგისტრაციო N...) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. რაზედაც ცენტრის 2021 წლის 8 ნოემბრის N1199442 გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა დადგენილი ...ის ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტის ...ის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი) მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისა და აღნიშნული დიპლომის გაცემის უფლებამოსილება. ასევე ვერ იქნა დადგენილი ნ.ჯ-ას სახელზე გაცემული N... დიპლომის (სარეგისტრაციო N...) შესაბამისობა საქართველოში არსებული რომელიმე დონის (პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება) განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცენტრს სსიპ ...ის მიერ ეცნობა, რომ ნ.ჯ-ა თბილისის ...ის სახელობის ... ინსტიტუტის 1990 წლის 19 მარტის N90 ბრძანებით, შეტანილი პირადი განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე, ჩაირიცხა ... ფაკულტეტის ...ის განყოფილებაზე. ... ინსტიტუტის 1993 წლის 24 ივნისის N295 ბრძანებით, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით, ნ.ჯ-ას მიენიჭა ,,სამართლებრივი აღზრდის მეთოდისტის’’ კვალიფიკაცია და გაიცა დიპლომი N.... სხვა ინფორმაცია ...ის სახელმწიფო პედაგოგიურო ინსტიტუტის ... ფაკულტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სსიპ ...ის არქივში არ მოიპოვება.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ დიპლომში არსებული ინფორმაციის მიუხედავად, სწავლების წლების შესახებ 1991-1993, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომ ნ.ჯ-ა დაწესებულებაში ჩაირიცხა 1990 წლის 19 მარტის N90 ბრძანებით და გამომდინარე აქედან ცენტრმა აღნიშნული საკითხიც უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს. კასატორი აღნიშნავს, რომ დიპლომი ადასტურებს სწავლის შინაარს, შესაბამისად მისი ნამდვილობის საკითხის წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანო ენდობა და ხელმძღვანელობს წარდგენილი დოკუმენტით, ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესს.
კასატორი აღნიშნავს, რომ N... დიპლომის შესაბამისად, ნ.ჯ-ა 1991 წელს ჩაირიცხა ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტზე და 1993 წელს დაასრულა აღნიშნული ფაკულტეტის სრული კურსი, სპეციალობით - ..., 1993 წლის 18 ივნისის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით, ნ.ჯ-ას მიენიჭა ,,...ის’’ კვალიფიკაცია. დიპლომში მითითებული სპეციალობა - ... ფიქსირდება საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის მიერ 1993 წლის 18 თებერვლის N2-6 ოქმით დამტკიცებული საშუალო სპეციალური სასწავლებლების სპეციალობათა ნუსხაში. თუმცა, აღნიშნული სპეციალობის დასრულების შემდეგ მისანიჭებელ კვალიფიკაციას წარმოადგენდა ,,...’’ და არა ,,...’’. ასევე სწავლის ხასნგრძლოვობა იყო 2 წელი.
კასატორის მითითებით, ცენტრის მიერ გამოკვლეული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 1991 -1993 წლებში ...ის სახელმწიფო ინსტიტუტი წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებდა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. უმაღლესი განათლების (საფეხურების) პროგრამების მარეგულირებელი კანონმდებლობა არცერთ პერიოდში არ ითვალისწინებდა ორ წელზე ნაკლები ხანგრძლივობის (მათ შორის ერთწლიანი) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის არსებობას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 19 სექტემბრის განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამასა და მისი რეალიზაციის გეგმის შესახებ N572 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც უმაღლესი განათლება ხორციელდება ძირითადად ორ საბაკალავრო და სამაგისტრო ეტაპზე. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 სასწავლო წელს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას შეადგენს 2 სასწავლო წელს, რომლის დასრულების შემდეგაც კუსრდამთავრებულებს ენიჭებოდათ შესაბამისი საფეხურის გავლის ხარისხი/კვალიფიკაციები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ არ ითვალისწინებს ორ ან სამწლიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და მსგავსი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დიპლომთან გათანაბრების შესაძლებლობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ ცენტრმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიმართა განმცხადებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ნ.ჯ-ას პროგრამაზე დაშვების წინაპირობის (ჩარიცხვის წინარე განათლების) თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენისა და დაზუსტების მოთხოვნით (რათა დადგენილიყო ხომ არ განხორციელდა პირის ჩარიცხვა დოკუმენტში მითითებული დაწესებულების მეორე სპეციალობის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე), თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრში პასუხი არ შესულა. თუმცა აპელაციის ეტაპზე მხარემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ახალი ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ სადაო აქტის გამოცემამდე შეფასებული არ იყო ნ.ჯ-ას წინარე განათლების საკითხი.
კასატორი მიუთითებს და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლომ გაიზიარა ცენტრის პოზიცია და აღნიშნა, რომ ნ.ჯ-ას სწავლების პერიოდი (1991-1993 დიპლომის მიხედვით) მოიცავდა ორ წელს, შესაბამისად ორ წლიანი განათლებას, მოცემულ ნორმატიული საფუძვლებზე დაყრდნობით ვერ მიიჩნევს უმაღლეს განათლებად და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. ცენტრი ასევე ეთანხმება საქალაქო სასამართლოს პოზიციას სრულად, მათშორის კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, კერძოდ იმას, რომ ნ.ჯ-ას მიმართ ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის პრინციპისი დამცველობითი ფუნქცია, ვინაიდან მტკიცებულება, რომ აღნიშნული დიპლომის საფუძველზე მხარემ განახორციელა რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, არც საქმეში მოიპოვება და არ მოსარჩელეს წარმოუდგენია.
კასატორი განმარტავს, რომ სადაო აქტი გამოცემულია საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად და დადგენილია, რომ ნ.ჯ-ას კუთვნილი დიპლომი არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს, რომელიც ექვემდებარება ნამდვილობის დადასტურებას და მით უფრო უმაღლესი განათლების პირველ საფეხურთან, ბაკალავრთან გათანაბრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს 1993 წლის 24 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ, ნ.ჯ-ას სახელზე, გაცემული №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 8 ნოემბრის №MES 8 21 0001199442 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა დადგენილი ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტის ( ... ინსტიტუტის) მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისა და აღნიშნული დიპლომის გაცემის უფლებამილება. ასევე ვერ იქნა დადგენილი ნ.ჯ-ას სახელზე გაცემული N... დიპლომის შესაბამისობა საქართველოში არსებული რომელიმე დონის (პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება) განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. კასატორის განმარტებით, ნ.ჯ-ას კუთვნილი დიპლომი არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს, ვინაიდან ნ.ჯ-ას სწავლების პერიოდი (1991-1993 დიპლომის მიხედვით) მოიცავს ორ წელს, ხოლო საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ არ ითვალისწინებს ორ ან სამწლიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და მსგავსი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დიპლომთან გათანაბრების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ...ის ორდენოსანი ... ინსტიტუტის 1990 წლის 19 მარტის №90 ბრძანების თანახმად, ნ.ჯ-ა (შეტანილი პირადი განცხადებებისა და ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე) ჩარიცხულ იქნა ... ფაკულტეტის პირველი კურსის მსმენელად, ...ის განყოფილებაში. 1993 წლის 24 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს მიერ ნ.ჯ-ას სახელზე გაიცა №... დიპლომი, რომლის თანახმად, ნ.ჯ-ა 1991 წელს შევიდა ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტზე და 1993 წელს დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტის სრული კურსი ...ის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1993 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ას მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. 2021 წლის 5 ოქტომბერს ნ.ჯ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მის სახელზე გაცემული №... დიპლომის (სარეგისტრაციო №...) ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების შესაბამის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების მოთხოვნით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 8 ნოემბრის №MES 8 21 0001199442 გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ას უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010წ. N89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს განათლების აღიარებას და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მიხედვით „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების“ (მე-3 მუხ.) გარდა, ასევე ითვალისწინებს „ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების“ შესაძლებლობას (მე-4 მუხ.). განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ.N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-3 და მე-4 მუხლები აწესრიგებენ განსხვავებულ შემთხვევებს და თითოეულ შემთხვევაში საკითხის დაკმაყოფილებაც დამოკიდებულია სხვადასხვა წინაპირობების შემოწმებაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სსიპ ...ის მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ასევე ნ.ჯ-ას საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1990 წელს ჩარიცხვის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ 1990 წლის 12 მაისს ნ.ჯ-ას სახელზე სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1990 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა ... დიპლომი, რომლის თანახმად, ნ.ჯ-ა 1987 წელს შევიდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ...ის მთავარი სამმართველოს თბილისის ......ში და 1990 წელს დაამთავრა აღნიშნული ...ის სრული კურსი, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი 7 ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), რომელიც, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე „წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამასთან, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტები სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სათანადოდ არ შესწავლილა და შეფასებულა საკითხი, სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ნ.ჯ-ას სწავლის ხანგრძლივობა და სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული წინარე განათლების საკითხი. არსებული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, სადავო აქტში მითითებული საფუძვლით, მოსარჩელისათვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერების შესახებ. პალატის მითითებით, ის ფაქტი, რომ ცენტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული ის სამართლებრივი აქტები, რომლებითაც განსაზღვრული იყო ...ის ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტის ...ის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი) მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და აღნიშნული დიპლომის გაცემის უფლებამოსილება, არ ქმნის კონკრეტული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, დადგენილია, რომ ნ.ჯ-ა 1991 წელს შევიდა ... ინსტიტუტის ... ფაკულტეტზე და 1993 წელს დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტის სრული კურსი ...ის სპეციალობით. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებით დადგენილი იქნა გარემოება იმის შესახებ, რომ 1990 წლის 12 მაისს ნ.ჯ-ას სახელზე სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1990 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა ... დიპლომი, რომლის თანახმად, ნ.ჯ-ა 1987 წელს შევიდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ...ის მთავარი სამმართველოს თბილისის ......ში და 1990 წელს დაამთავრა აღნიშნული ...ის სრული კურსი, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკითხის ხელახლა განხილვისას, არსებითია ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება და მის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ნ.ჯ-ას მიერ 1987-1990 წლებში სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ...ის მთავარი სამმართველოს თბილისის .... ..ში მიღებული განათლება უთანაბრდება თუ არა საბაზო პროფესიული განათლებას, №... დიპლომი აძლევდა თუ არა მის მფლობელს უფლებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების პირველ საფეხურის შესაბამის კურსზე. საკასაციო სასამართლო ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 19.09.1995წ. N572 დადგენილება ითვალისწინებდა უმაღლეს სასწავლებელში III კურსიდან სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ „საშუალო-სპეციალური სასწავლებლის (კოლეჯის) IV - V კურსების პროგრამა“ არსებითად შეესაბამებოდა „უმაღლესი სასწავლებლის გარკვეული სპეციალობის I - II კურსების პროგრამებს“ (სხვა შემთხვევაში, კოლეჯის და ინსტიტუტის პროგრამების არსებითად შეუსაბამობის დროს კოლეჯის კურსდამთავრებულს უფლება ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში საერთო წესის შესაბამისად ანუ პირველი კურსიდან).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ: „კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი“ (სუსგ №ბს-1065(კ-20), 20.10.2021წ.). „დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“ (სუსგ №ბს-812(კ-18), 04.10.2018წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსის დადგენასთან ერთად, კანონიერი ნდობის დაცვის საკითხის შეფასებისას ერთ-ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებაა ის დრო, რომელიც გავიდა სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შემდეგ (სუსგ #ბს-428-423(2კ-14), 03/02/2015 წ.; ასევე #ბს-367-363(კ-14), 20/01/2015წ.). კანონიერი ნდობა დაკავშირებულია სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპთან, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში სამართლებრივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. პირმა უნდა იცოდეს თუ რას შეიძლება დაეყრდნოს იგი და რისი ნდობა უნდა ჰქონდეს. დიპლომი გაიცა 1993 წლის 24 ივნისს. ხოლო მის დადასტურებაზე ნ.ჯ-ას უარი ეთქვა 08.11.2021წ. ამდენად, სადავო აქტით ფაქტობრივად უქმდება 28 წლის წინათ წარმოშობილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არსებული სამართლებრივი შედეგი. რაც გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ პირობებში, თუ სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება არსებითად დაარღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც არსებობდა სამართლებრივი შედეგი და ის გარემოება, რომ არსებითად არ ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები, უნდა იქცეს კანონიერი ნდობის დაცვის საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.10.2024წ. №14434 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ.შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ.მაკარიძე