Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1268(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ.ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ბ.ბ-მა 2020 წლის 01 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელე ბ.ბ-ის განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის - საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, 1959-1960 წლებში თბილისის ...ის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის რაისაბჭოს აღმასკომის 1959 წლის 26 მაისის №154 გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ზონალური ...ის ... მეურნეობის თანამშრომლებზე გაიცა საბოსტნე მიწის ნაკვეთები დროებით სარგებლობაში ამავე სადგურის მიწებიდან 4.65 ჰა. აღმასკომის 1960 წლის 27 აპრილის №756 გადაწყვეტილებით განისაზღვრა გასაცემი მიწის ოდენობა თითოეულ მოქალაქეზე არაუმეტეს 1200 კვ.მ. საქართველოში მიწის რეფორმების მიმდინარეობისას მოქალაქეების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ საკუთრებად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული საკადასტრო აზომვების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ...ის კვლევითი ...ის თანამშრომლებზე ...ის მიერ კანონიერ მფლობელობაში გადაცემული მიწის ნაკვეთები მითვისებული ჰქონდათ სხვა მოქალაქეებს.

სარჩელის თანახმად, შპს ,,...ის’’ 2007 წლის გადაწყვეტილებით მოდავე მხარეებს განესაზღვრათ ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი მიწის ფართი, მათ შორის მოსარჩელეს მფლობელობაში დაუდგინდა მიწის ნაკვეთი ფართით 148 კვ.მ. და 304 კვ.მ. ამავე არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე 2010 წელს მოსარჩელემ მოახდინა თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე, ფართით 148 კვ.მ. ამასთან არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულ დავაში მონაწილე ყველა მოქალაქემ დაარეგისტრირა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე იმ ფართის ოდენობით, რომელიც განისაზღვრა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით და მარეგისტრირებელ ორგანოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - არბიტრაჟის გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება საეჭვო გახდა მხოლოდ 300 კვ.მ. ფართზე, კერძოდ 2009 წლის 13 თებერვალს, როდესაც მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ფართზე 300 კვ.მ. მდებარე თბილისი, ...ის მე-12 კმ ე.წ. ,, ...’’.

მოსარჩელე უთითებს, რომ საჯარო რეესტრის მიერ 2009 წლის 24 მარტის №... წერილით სარეგისტრაციო მასალები გადაგზავნილ იქნა ქ. თბილისის პროკურატურაში სარეგისტრაციო დოკუმენტების შესაძლო გაყალბებაზე და სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. პროკურატურის მხრიდან აღნიშნულ წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სსიპ საჯარო რეესტრმა 2016 წლის 23 თებერვალს მიმართა პროკურატურას და მოითხოვა პასუხი 2009 წლის წერილზე. ასევე 2020 წლის 23 თებერვალს კვლავ მიმართა პროკურატურას, თუმცა პროკურატურის მხრიდან სააგენტოს წერილებზე არანაირი რეაგირება და პასუხი არ ყოფილა. 2014 წელს კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა წარმოება შეწყდა, იგივე განმეორდა 2019 წლის 20 იანვარს. მისივე განმარტებით, 2020 წლის 11 ივნისს კვლავ წარადგინა განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავმჯდომარესთან და მოითხოვა კომპეტენტური თანამშრომლისთვის რეგისტრაციასთან არსებული სარეგისტრაციო წარმოების შესწავლის დავალება. 2020 წლის 18 ივნისის №... წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ გაესაჩივრებინა სასამართლოში წერილზე დართული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ბ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი 2 მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება ბ.ბ-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ აღმასკომის №154 (26.05.1959) გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირებს გამოეყოთ მხოლოდ საბოსტნე მიწის ნაკვეთები, თანაც დროებით სარგებლობაში, ხოლო კერძო არბიტრაჟმა მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დაადგინა, რომ აღნიშნული დროებით სარგებლობა შემდგომ გადაიზარდა მუდმივ სარგებლობაში. გარდა ამისა, მოსარჩელესთან მიმართებით გადაწყვიტა, რომ მის ინდივიდუალურ მფლობელობად განსაზღვრულიყო შპს „...“-ის 19.02.07წ. აზომვითი ნახაზის მიხედვით, მის მფლობელობაში არსებული, 0.0304 ჰა და 0.0148 ჰა მიწის ნაკვეთები და აღრიცხულიყო მის სახელზე. ცალსახაა, რომ კერძო არბიტრაჟი, რომელიც განიხილავდა ფიზიკურ პირებს შორის არსებულ მფლობელობასთან დაკავშირებულ დავას, არაუფლებამოსილი იყო, შეეფასებინა/დაედგინა მიწის ნაკვეთების მუდმივ მფლობელობაში გადაცემის ფაქტი და განესაზღვრა მათზე პრეტენდენტებისა და მოპასუხეების საკუთრების უფლება.

კასატორი აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის N... (25.03.2020წ.) გადაწყვეტილებაში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა სრულყოფილად შეაფასა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ამასთან, წარმოების ფარგლებში ჩაატარა ზეპირი მოსმენის სხდომაც, რომელზეც დაინტერესებულ პირს მიეცა საკუთარი მოსაზრებებისა და დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის მიერ არ შეფასებულა შპს „...ის“ 2007 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, აბათილებს ის გარემოებაც, რომ N... (25.03.2020წ.) ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში ვრცლად არის განმარტებული, თუ რატომ არ წარმოადგენს იგი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენ დოკუმენტს. ამავე პუნქტებში ნამსჯელია ქ. თბილისის ...ის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1959 წლის 26 მაისის №154 გადაწყვეტილებაზეც, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ იქნებოდა მიჩნეული საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2019 წლის 3 ოქტომბრის №345802 მიმართვით ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დუშეთის რეგიონული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში, ...ის ... მეურნეობაში ბ.პ-ის ან პა.ბ-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, თუმცა, აღნიშნული მიმართვის პასუხად მოსული №21-02-1/109106 (10.10.2019), №31/117075 (18.10.2019), №15112-2 (08.10.2019) და №31/117076 (18.10.2019) წერილებით ვერანაირი უფლების დამდგენი დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული.

კასატორის განმარტებით, მიწის რეფორმასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი კომიტეტის 1959 წლის 26 მაისის №154 გადაწყვეტილებით პირისათვის დროებით სარგებლობაში გამოყოფილი საბოსტნე მიწის ნაკვეთი (დგინდება, რომ მასზე არ არის განლაგებული შენობა-ნაგებობა) გადავიდა მის კერძო საკუთრებაში, აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს სწორედ, მიწის რეფორმის შედეგად გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სსიპ საჯარო რეესტრის მიერ დამატებით გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, როგორც დაინტერესებული პირის, ასევე, მისი მამის (პა.ბ-ის) სახელზე არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან, თუმცა მათთან დაცული არ აღმოჩნდა რაიმე სახის უფლების დამდგენი დოკუმენტი.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არბიტრაჟი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, რამდენადაც იმსჯელა მიწის ნაკვეთის გამიჯვნასა და ინდივიდუალურ საკუთრებად განსაზღვრაზე, მაშინ, როდესაც დოკუმენტურად არ დასტურდებოდა აღნიშნული მიწის ფართობის ბ.ბ-ის ან მისი ოჯახის წევრისთვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი. კერძო არბიტრაჟს შეეძლო, განეხილა მხარეთა შორის არსებული სამოქალაქოსამართლებრივი დავა, უკვე მათ საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მხარის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ცალსახად სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს. ამდენად, საჯარო რეესტრმა დაადგინა, რომ წარდგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიჩნეული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტად, რომელიც წარმოშობდა მოთხოვნილ 304 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ბ.ბ-ის საკუთრების უფლებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის/საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებისა და ინტერპრეტაციის შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უფლების დამდგენი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ბ.ბ-მა 2009 წლის 13 თებერვალს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის დას. ...ის მე-12 კმ-ზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 მარტის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებით ბ.ბ-ს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტები 2009 წლის 24 მარტის №... წერილით გადაგზავნილ იქნა ქალაქ თბილისის პროკურატურაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება იყო შეჩერებული. 2016 წლის 17 ივნისს ბ.ბ-მა კვლავ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განუმარტა, რომ ვინაიდან პროკურატურიდან დაბრუნებულია დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უკვე მოახდინეს საარბიტრაჟო აქტში მოცემული 148 კვ.მ. დარეგისტრირება განც. ნომერი ..., მოითხოვა მისი განცხადების ხელახლა განხილვა. აღნიშნულის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზი არ იყო აღმოფხვრილი, ვინაიდან კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმე არ დაბრუნებულა. 2019 წლის 17 დეკემბერს ბ.ბ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის მე-12 კმ. ე.წ. ,,...ის’’ დასახლება, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას თან არ ერთოდა განცხადებით მოთხოვნილი უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარდგენილი დოკუმენტით კი დასტურდებოდა, რომ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცათ მიწის ნაკვეთი. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით უფლების დამდგენი დოკუმენტი მოძიებული ვერ იქნა, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოების გაგრძელებისთვის მხარეს დაევალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებით, კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ყველა საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა კი წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, დაარეგისტრიროს პირის საკუთრების უფლება. ამასთანავე, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ და ,,რ” ქვეპუნქტების მიხედვით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ რუსთავის საქალაქო სახელმწიფო არქივის 2006 წლის 19 მაისის №12/108 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისის ...ის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის რაისაბჭოს აღმასკომის 1959 წლის 26 მაისის №154 გადაწყვეტილებით დროებით სარგებლობაში საბოსტნე მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ რაისაბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ გამოეყო დროებით სარგებლობაში საბოსტნე მიწის ნაკვეთები თითოეულ თანამშრომელს 1000 კვ.მ. ...ის კვლევითი ...ის თანამშრომლებზე ამავე სადგურის მიწებიდან 4,65 ჰექტარი. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,...ის’’ 2007 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, დაკმაყოფილდა ბ.ბ-ის პრეტენზია, კერძოდ: მის ინდივიდუალურ მფლობელობად განისაზღვრა შპს ,,...-ის” 19.02.07წ. აზომვითი ნახაზის მიხედვით მის მფლობელობაში არსებული, იმავე მისამართზე მდებარე 0,0304 ჰა და 0,0148 ჰა მიწის ნაკვეთები და აღირიცხა ბ.ბ-ის სახელზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ორი დოკუმენტის საფუძველზე ითხოვდა მოსარჩელე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, თუმცა კასატორის მიერ მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მას უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნდა.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ ეთანხმება კასატორის პოზიციას და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის წარმოება თავდაპირველად შეჩერდა და მის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაგზავნილ იქნა დოკუმენტები ჯერ კიდევ 2009 წელს, რის შემდგომაც 13 წელზე მეტია გასული და სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რაც ცდება გონივრულობის ფარგლებს და ლახავს პირის უფლებას მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზაცია, რაც ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით და არაგონივრულად ხანგრძლი ვადით საქმის წარმოების გაგრძელებით, ერთი მხრივ, ფორმალურად არსებობს მოსარჩელის საკუთრების უფლება, მეორე მხრივ კი, იგი ვერ ახერხებს აღნიშნული უფლების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, რაც მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საყურადღებოა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი თანასწორობის პრინციპი, რომლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას (მე-4 მუხლი).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებზე, რომლითაც დასტურდება, რომ N... და N... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე სხვა პირებს საკუთრების უფლება დაურეგისტრირდათ სწორედ შპს ,,...ის’’ 2007 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე; ასევე, დასტურდება, რომ ბ.ბ-ის სწორედ მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა 148 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე, 304 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია ერთი და იგივე დოკუმენტი ერთ შემთხვევაში მიჩნეულ იქნეს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად და მეორე შემთხვევაში იმავე დოკუმენტს უფლების დამდგენი ძალა აღარ გააჩნდეს, მით უფრო იმ პირობებში, რომ აღნიშნული დოკუმენტი დღეის მდგომარეობით ისევ ძალაშია და მიუხედავად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებისა, დოკუმენტთან მიმართებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სადავო საკითხზე და სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გამოსცეს დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით.

საკითხის ხელახალი განხილვისას კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი შეფასება. აქედან გამომდინარე, რადგან სადავო საკითხი საჭიროებს ჩამოთვლილი გარემოებების სრულყოფილად შესწავლასა და გამოკვლევას, მათ შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შეფასების საფუძველზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 22-ე და 41-ე პუნქტების გათვალისწინებით, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება ბ.ბ-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 18 ოქტომბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე