საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1272(კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს.ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 14 ივნისს ს.ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ამავე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გამყიდველის - გ.ც-ის სარგებლობაში არსებული 210 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ. მოსარჩელის განმარტებით, იგი დღემდე სარგებლობს მისი საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ნაკვეთით, სადაც მოჰყავს ბოსტნეული, აქვს დარგული მრავალწლოვანი ხეები. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის მისი და მისი მეუღლის შემოსავლის წყარო. ამასთან, იგი არის მე-3 ჯგუფის ინვალიდი (...), ოჯახს არავინ ჰყავს დამხმარე.
ს.ა-ამ 2021 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ არსებული 210 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ აღრიცხვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 28 აპრილის №26 ოქმის საფუძველზე ს.ა-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 24 მაისის №972 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ არსებული 210 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს.ა-ასათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ს.ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ა-ამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით ს.ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ს.ა-ას (ან გ.ც-ის) მიერ განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, ხოლო მხოლოდ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება არ ქმნის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, როდესაც ეს ტერიტორია არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით ასევე დადგენილია და მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ შედის კორპუსის წითელ ხაზებში და ის მდებარეობს კორპუსის საკადასტრო ერთეულის მომიჯნავედ, თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად უთითებს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ტერიტორიის აღიარების შესაძლებლობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ტერიტორიაზე მართალია დგას დამხმარე შენობა-ნაგებობა, თუმცა შენობა-ნაგებობის არსებობა იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, თუ ეს შენობა დაინტერესებულმა პირმა (ან თავდაპირველმა მესაკუთრემ) ააშენა მითითებული კანონის მოქმედებამდე. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა. გ.ც-ე თავის ახსნა-განმარტებაში საუბრობს მხოლოდ მიწის ნაკვეთის 2005 წელს დაუფლების ფაქტზე, ხოლო შენობის განთავსების თაობაზე მხოლოდ მოსარჩელე უთითებს, რომელიც მისივე განმარტებით, სადავო ტერიტორიას ფლობს 2011 წლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ა-ამ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, აძლევდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ს.ა-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფაქტობრივად სარგებლობისა და ფლობის ფაქტი. ასევე, დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომელიც აშენებული იყო 2007 წლამდე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ისე განმარტა სამართლებრივი ნორმები, რომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ის“ თანასაკუთრებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ შედიოდა ამხანაგობა ,,...ის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის წითელ ხაზებში, შესაბამისად არ წარმოადგენდა ამხანაგობის თანასაკუთრებას. ამხანაგობის თანასაკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ის საერთო სარგებლობის ტერიტორია, რომელიც შედის ამავე კორპუსის წითელ ხაზებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ს.ა-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 სექტემბრის N... წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა ს.ა-ას განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N...-ს მიმდებარედ არსებულ 210 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე. განკარგულებაში მიეთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის, ასევე აეროფოტოგადაღებებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ უძრავი ნივთი (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., ს/კ:..., დაზუსტებული ფართი - 314.00 კვ.მ), რომლის მომიჯნავედაც განმცხადებელი ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, წარმოადგენს ფიზიკური პირების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...სა“ და თანამესაკუთრის (რომელიც არ არის იდენტიფიცირებული) თანასაკუთრებას, ხოლო ს.ა-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბინა N... (საერთო ფართი - 47.00 კვ.მ). ამრიგად, კომისია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე იმსჯელოს, როგორც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ამასთან, რამდენადაც, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია განასხვავებს ზოგადად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციას, რომელზეც არ არის სავალდებულო შენობის არსებობა და საკმარისია მხოლოდ დასტურდებოდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფლობა, სარგებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს.ა-ას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება. განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ნაკვეთზე. თუმცა როგორც საქმის მასალებით დგინდება, ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე 314 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ...), რომლის მომიჯნავედაც ითხოვს მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას, წარმოადგენს ფიზიკური პირების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...სა“ და თანამესაკუთრის (რომელიც არ არის იდენტიფიცირებული) თანასაკუთრებას. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ბინა N3. ასევე დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული არც საცხოვრებელი სახლი და არც არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს ს.ა-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ცალსახად გამორიცხავს სადავო მიწის ნაკვეთზე ს.ა-ას საკუთრების უფლების აღიარებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე