Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1276(კს-24) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ ნ. გ-ე, ნ. კ-ი, ი. ვ-ი, ა. ნ-ი, მ. მ-ე, მ. კ-ი, გ. პ-ი, გ. ბ-ი, ა. წ-ი, გ. კ-ი, ჯ. მ-ე, ა. ბ-ი, გ. ს-ი, ს. ღ-ი, რ. კ-ი, ზ. ს-ი, ს. ს-ი, კ. კ-ი, ლ. ს-ი, ვ. ტ-ი, ნ. მ-ე, ს. ბ-ი, ე. შ-ი, ა. მ-ი, ს. ს-ი, ნ. წ-ი, რ. ტ-ი, ლ. მ-ი, ლ. ფ-ი, ვ. პ-ი, გ. დ-ი, ე. წ-ი, ა. პ-ი, ჰ. წ-ი, ვ. ტ-ი, ვ. კ-ი, ა. ე-ი, ს. ნ-ი, კ. ა-ი, ა. ე-ი, დ. ბ-ი, ა. ნ-ი, კ. წ-ი (უფლებამონაცვლე მ. წ-ი), ა. მ-ი და მ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები (ასკ 16.2) _ მესამე პირები - ს. ე-ი, ფ. ე-ი, ა. ე-ი, ჰ. ე-ი, გ. წ-ი

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 8.10.2024წ. განჩინება

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 14 მაისს ნ. გ-ემ, ნ. კ-მა, ი. ვ-მა, ა. ნ-მა და სხვებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირების ს. ე-ისა და ფ. ე-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ 30.11.2007 წელს გამოცემული „მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N360 და N357 ოქმების ბათილად ცნობა; 2. ფ. ე-ის უფლების რეგისტრაციის შესახებ ს/კ ... (წინა ნომერი ...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, უძრავ ნივთზე იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის N... (25.07.2011წ.) გადაწყვეტილების, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ N... (08.07.2013) გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის N... /17.08.2020/ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. ფ. ე-ის უფლების რეგისტრაციის შესახებ ს/კ ... (წინა ნომერი ...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, უძრავ ნივთზე იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის N... (25.07.2011წ.) გადაწყვეტილების, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ N... (08.07.2013) გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის N... /06.03.2017/ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ამავე სარჩელით, მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ რეესტრს აკრძალვოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ... და უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ..., ს. ე-ის (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უფლებაზე შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინებით მოსარჩელეების ნ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. ვ-ის, ა. ნ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ისა და სხვების წარმომადგენლის ზ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ... და უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ..., ს. ე-ის (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უფლებაზე შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების ნ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. ვ-ის, ა. ნ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ისა და სხვების წარმომადგენლის ზ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, უძრავ ქონებაზე:1) საკადასტრო კოდით: ... ჰ. ე-ის (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უფლებაზე და 2)უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ..., ა. ე-ის (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უფლებაზე, შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელის თანხმობით მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროთი. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა სს “... ბანკი”, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლით ჩაება გ. წ-ი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინებით მ. წ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე, ნ. გ-ის, კ. წ-ის და სხვათა სარჩელისა გამო, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების შეძენის ოქმის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელე კ. წ-ი (პ/ნ ...) შეიცვალა მოსარჩელე მ. წ-ით (პ/ნ...) და მ. წ-ი (პ/ნ...) ცნობილ იქნა კ. წ-ის (პ/ნ ...) უფლებამონაცვლედ.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. ვ-ის, ა. ნ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ისა და სხვათა სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - ს. ე-ის, ფ. ე-ის, ა. ე-ის, ჰ. ე-ისა და გ. წ-ის მიმართ იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების შეძენის ოქმების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, უძრავ ქონებაზე: 1)საკადასტრო კოდით: ... ჰ. ე-ის (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უფლებაზე და 2)უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ..., ა. ე-ის (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უფლებაზე, შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება, გაუქმდა; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2021 წლის 14 მაისის განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ... და უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ..., ს. ე-ის (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უფლებაზე შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება, გაუქმდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 1.05.2024წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. გ-ემ, ნ. კ-მა, ი. ვ-მა, ა. ნ-მა და სხვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლად მიეცათ 10 დღიანი ვადა. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2024 წლის 15 აგვისტოს, აპელანტების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ნ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. ვ-ისა და სხვათა წარმომადგენელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მხარეებს დამატებით მიეცათ 15 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც აეთვლებოდათ განჩინების ჩაბარებიდან.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. ვ-ის, ა. ნ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ის, გ. პ-ის, გ. ბ-ის, ა. წ-ის, გ. კ-ის, ჯ. მ-ის, ა. ბ-ის, გ. ს-ის, ს. ღ-ის, რ. კ-ის, ზ. ს-ის, ს. ს-სი, კ. კ-ის, ლ. ს-ის, ვ. ტ-ის, ნ. მ-ის, ს. ბ-ის, ე. შ-ის, ა. მ-ის, ს. ს-ის, ნ. წ-ის, რ. ტ-ის, ლ. მ-ის, ლ. ფ-ის, ვ. პ-ის, გ. დ-ის, ე. წ-ის, ა. პ-ის, ჰ. წ-ის, ვ. ტ-ის, ვ. კ-ის, ა. ე-ის, ს. ნ-ის, კ. ა-ის, ა. ე-ის, დ. ბ-ის, ა. ნ-ის, კ. წ-ის (უფლებამონაცვლე მ. წ-ი), ა. მ-ის, მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლო განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ზ. ბ-ეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზ. 31, ბინა N9 და ჩაბარდა ადვოკატს - ლ. ლ-ს (პ/ნ ...) 2024 წლის 11 სექტემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილითა და მასზე დატანილი ხელმოწერით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებისთვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და დასრულდა იმავე წლის 26 სექტემბერს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტების ან მათ წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავთ სასამართლოსათვის, შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.08.2024წ. განჩინება გაიგზავნა მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი N31, ბ.9. მითითებულ მისამართზე გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - ლ. ლ-ს. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო განჩინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ სუბიექტს, რადგან აპელანტთა წარმომადგენლები იყვნენ ზ. ბ-ე და ლ. ს-ი. ლ. ლ-მა სასამართლოში წარდგენილი განცხადებით დაადასტურა, რომ მან შეცდომით ჩაიბარა ზ. ბ-ისთვის განკუთვნილი გზავნილი და მის საადვოკატო კომპანიასთან ზ. ბ-ეს არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე საგულისხმოა, რომ სასამართლო გზავნილზე აღნიშნული არ ყოფილა აპელანტთა მეორე წარმომადგენლის ვინაობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველ ნაწილით დადგენილია თუ რას უნდა შეიცვდეს სააპელაციო საჩივარი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზები და დაევალათ სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს - ზ. ბ-ეს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზ. N31, ბინა N9 და ჩაბარდა პირადად მას. აპელანტების წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართული განცხადებით მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 15 დღით გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ნ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. ვ-ისა და სხვათა წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტთა წარმომადგენელს - ზ. ბ-ეს მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი N31, ბინა N9, სადაც გზავნილი ჩაბარდა ლ. ლ-ს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან აპელანტთა წარმომადგენლისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მართლზომიერების საკითხს. ამდენად, მნიშვნელოვანია შეფასდეს სასამართლო განჩინების მხარისთვის გაგზავნისა და ჩაბარების პროცესუალური დანაწესები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი. სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. მითითებული კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისთვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მინდობილობით ირკვევა, რომ ზ. ბ-ეს აპელანტთა მხრიდან განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (ტ.1, ს.ფ. 51-59).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას მასზედ, რომ ვინაიდან ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილი პირს, აპელანტებისთვის დადგენილი ვადა საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის არ უნდა ათვლილიყო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტთა წარმომადგენლები სასამართლოში წარდგენილ ყველა წერილობით დოკუმენტში (სარჩელი, სააპელაციო საჩივარი, განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ) უთითებდნენ მხოლოდ იმ მისამართს, რომელზედაც გაიგზავნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს განჩინება. საგულისხმოა, რომ აპელანტთა წარმომადგენელმა - ზ. ბ-ეს სასამართლოსგან გაგზავნილი კორესპოდენცია არაერთხელ ჩაბარდა ქ. თბილისში, ... გამზირ N31, ბინა N-9-ში, რაზეც ამ უკანასკნელს პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. ხაზგასასმელია, რომ ზ. ბ-ემ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირადად ჩაიბარა სწორედ იმ მისამართზე, რომელზე ჩაბარებასაც კერძო საჩივრით სადავოდ ხდის. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ლ. ლ-ი არ არის გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან სსკ-ის 73.8 მუხლი არ ადგენს უშუალოდ ადრესატისთვის გზავნილის გადაცემის ვალდებულებას, აღნიშნული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს ისეთი პირისთვის გზავნილის ჩაბარებას, რომელიც მას ადრესატს გადასცემს. ნიშანდობლივია, რომ ლ. ლ-მა პრეტენზიის გამოუთქმელად ჩაიბარა სასამართლო კორესპოდენცია.

ამასთან, საქმეში დაცულია ლ. ლ-ის განცხადება, რომლის თანახმად, იგი ქ.თბილისში, ... გამზირი N31-ში მდებარე, N9 ბინის ერთადერთი დამქირავებელია, სადაც იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს. განმცხადებლის მითითებით, ზ. ბ-ე მისი საადვოკატო კომპანიის წევრი არასდროს ყოფილა. ლ. ლ-ის განცხადებით, მან შეცდომით ჩაიბარა ზ. ბ-ისთვის განკუთვნილი გზავნილი. ლ. ლ-მა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა სასამართლო განჩინების ჩაბარებულად არ მიჩნევა, რამეთუ მან ვერ მოიძია და ვერ შეძლო ადრესატისთვის სასამართლო გზავნილის გადაცემა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოების მანძილზე სასამართლოებისთვის ცნობილი იყო ადვოკატების - ლ. ს-ისა და ზ. ბ-ის მხოლოდ ერთადერთი მისამართი (ქ. თბილისი, ... გამზ N31, ბ.9), სადაც სარჩელის წარდგენის დროიდან ორივე ინსტანციის სასამართლო ეტაპობრივად ახორციელებდა მოსარჩელეთა წარმომადგენლების ინფორმირებას საქმესთან დაკავშირებით განხორციელებულ საპროცესო ღონისძიებებთან დაკავშირებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის - ზ. ბ-ის სხვა მისამართი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოფისის მისამართის შეცვლის ფაქტი სააპელაციო სასამართლოსათვის ვერ იქნებოდა მხარეთა მითითებისაგან დამოუკიდებლად ცალსახა და შესამჩნევი. სააპელაციო სასამართლოს აპელანტ მხარეთა წარმომადგენლის მისამართის შეცვლის თაობაზე განცხადების არარსებობის პირობებში ობიექტურად ვერ გაუჩნდებოდა ეჭვი საოფისე მისამართის ცვლილების შესახებ, მითუფრო აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე 1 თვით ადრე აპელანტთა წარმომადგენელმა - ზ. ბ-ემ სწორედ საქმის მასალებში არსებულ ერთადერთ მისამართზე პირადად ჩაიბარა სასამართლო გზავნილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, საჭირო მტკიცებულებათა წარუდგენლობის პირობებში კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ დაადასტურეს იმ საპატიო მიზეზის არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ლ-ის განცხადება ვერ მიიჩნევა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას მასზედ, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაგზავნოდა აპელანტთა მეორე წარმომადგენელს ლ. ს-საც. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 70.1 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლო მიხედულებაზეა დამოკიდებული თუ ვის გაუგზავნის სასამართლო უწყებას მხარეს თუ მის წარმომადგენელს, ერთი-ერთი მათგანისთვის ჩაბარება კი მიიჩნევა სათანადო ჩაბარებად. რამდენიმე წარმომადგენლის არსებობის პირობებში სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით არ ეკისრება ვალდებულება ყოველ მათგანს ცალ-ცალკე გაუგზავნოს განჩინება.

სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59.4 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა.

მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილება). ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 17). კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს პოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 26-27).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება ჩაბარდა ლ. ლ-ს, რომელსაც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს არაუფლებამოსილ პირად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, მან აიღო გზავნილის ადრესატისთვის გადაცემის ვალდებულება. ამდენად, ხარვეზების დადგენისა და მისი შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლო განჩინების ლ. ლ-ისთვის ჩაბარება თავად აპელანტთა წარმომადგენლისთვის ჩაბარებას უთანაბრდება. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტაცია მასზედ, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს და სააპელაციო სასამართლოს არ იყო უფლებამოსილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ხარვეზების გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა აპელანტებისთვის დაიწყო 2024 წლის 12 სექტემბერს და ამოიწურა 2024 წლის 26 სექტემბერს, 24 საათზე. დადგენილია და ასევე სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზები აპელანტთა მიერ არ იქნა აღმოფხვრილი. ამასთან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს არ მოუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის ვადის გაგრძელების ან ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე, ამასთან არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სააპელაციო სასამართლოსთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ხარვეზების შევსების მიზნით მხარეებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. ვ-ის, ა. ნ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ის, გ. პ-ის, გ. ბ-ის, ა. წ-ის, გ. კ-ის, ჯ. მ-ის, ა. ბ-ი, გ. ს-ის, ს. ღ-ის, რ. კ-ის, ზ. ს-ის, ს. ს-იდის, კ. კ-დის, ლ. ს-იდის, ვ. ტ-იდის, ნ. მ-ის, ს. ბ-ის, ე. შ-ის, ა. მ-ის, ს. ს-ის, ნ. წ-ის, რ. ტ-ის, ლ. მ-ის, ლ. ფ-ის, ვ. პ-ის, გ. დ-ის, ე. წ-ის, ა. პ-ის, ჰ. წ-ის, ვ. ტ-ის, ვ. კ-ის, ა. ე-ის, ს. ნ-ის, კ. ა-ის, ა. ე-ის, დ. ბ-ის, ა. ნ-ის, კ. წ-ის (უფლებამონაცვლე მ. წ-ი), ა. მ-ის და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ.აბუსერიძე

ბ. სტურუა