Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-128(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - შ.ქ-ა, არასრულწლოვანი ლ.მ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ.ქ-ამ და ლ.მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 5 23 00000827 ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შ.ქ-ასა და ლ.მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 5 23 00000827 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მოსარჩელე შ.ქ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შ.ქ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი ლ.მ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელია: აფხაზეთი, ..., სოფელი .... დროებითი საცხოვრებელი, ფაქტობრივი საცხოვრებელი: თბილისი, ..., ...ის ქუჩა N... ბინა .... სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიხედვით 2023 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, შ.ქ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 1000, ოჯახის შემადგენლობაში შ.ქ-ასთან ერთად შედის ლ.მ-ა, ოჯახი იღებს შემწეობას. განქორწინების მოწმობით შ.ქ-ასა და ჯ.მ-ას შორის 2022 წლის 9 დეკემბერს შეწყდა ქორწინება. თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი ლ.მ-ა.

2021 წლის 22 სექტემბერს, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, №71329 განაცხადით მიმართა შ.ქ-ამ შვილთან ლ.მ-ასთან ერთად და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - თბილისი, ...ის ქუჩა N... ბინა ..., განაცხადს ავსებს იმერეთი, ქალაქი ქუთაისში.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 15 აპრილს, თბილისი, ...ის ქუჩა N... ბინა 1...-ში. განმცხადებელი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს 2018 წლიდან ქირით და იხდის 300 ლარს. 2016-2018 წლებში ცხოვრობდა ...ის ქუჩა N37-ში. 1996-2016 წლებში ცხოვრობდა ..., ...ას 19/5 და ...ის 12-ში. შ.ქ-ას თანასაკუთრებით გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. მისამართი: ..., ...ის ქუჩა N12, რომელიც იყო მეუღლის მამაპაპისეული და ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა არადევნილ მეუღლეზე და მაზლზე. ასევე არადევნილ მეუღლეს და შვილს - მ.მ-ას თანასაკუთრებით გააჩნდათ, ..., ...ის ქუჩა N...-ში სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთის რომელიც გაასხვისეს ჯ.მ-ზე ძმაზე.

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის მიხედვით, მ.მ-ამ 2019 წლის 24 ივნისს N46544 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განაცხადი შეავსო მეუღლესთან ს.რ-ე და შვილთან ა.მ-სთან ერთად. ქალაქ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის-მერის წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 11 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, ი.მ-ა 1995 წლიდან, მ.მ-ა 2001 წლიდან, მ.მ-ა 1996 წლიდან ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის ქ. N12- ში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, შ.ქ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის № IDP 5 23 00000827 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე შ.ქ-ას, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო.

2022 წლის 28 დეკემბრის N... შემაკავებელი ორდერით მოძალადედ მითითებულ ჯ.მ-ას აეკრძალა მსხვერპლთან შ.ქ-ასთან, მის საცხოვრებელთან, იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

2019 წლის 2 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის დეკლარაციით შ.ქ-ასთან ერთად ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ლ.მ-ა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ოჯახის ხელოვნურად გაყოფას ჰქონდა ადგილი. პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შ.ქ-ასთან ერთად ცხოვრობენ მისი უფროსი შვილები - ი.მ-ა, მ.მ-ა და მ.მ-ა. პალატამ ყურადღება გაამახვილა ქალაქ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის - მერის წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 11 იანვარს გაცემულ ცნობებზე, რომლის მიხედვით, ი.მ-ა 1995 წლიდან, მ.მ-ა 2001 წლიდან, მ.მ-ა 1996 წლიდან ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის ქ. N12-ში. ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის დეკლარაციაზე, რომლის მიხედვით, შ.ქ-ასთან ერთად ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ლ.მ-ა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერებზე, რომლის მიხედვით, 2021 წლის 30 ნოემბრის, 2022 წლის 28 აპრილის და 2023 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით, შ.ქ-ას ოჯახის შემადგენლობაში შ.ქ-ასთან ერთად შედის ლ.მ-ა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა მხარის ინტერესი ოჯახის ხელოვნური გაყოფის, ვინაიდან, შ.ქ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი ლ.მ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და ისინი როგორც ცალკე ოჯახი დამოუკიდებლად მოითხოვდნენ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. პალატის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით შ.ქ-ას შვილები ი.მ-ა, მ.მ-ა და მ.მ-ა არ შეიძლება მივიჩნიოთ შ.ქ-ასა და ლ.მ-ასთან ერთად ერთ ოჯახად. ვინაიდან, შ.ქ-ასა და ლ.მ-ას ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის დეკლარაციით, ამონაწერითა და მონიტორინგის მასალებით.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება არასრულწლოვანი მოსარჩელის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებით, რომლიც ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვის და მათ შორის სასამართლოსთვის არის პრიორიტეტული. პალატამ განმარტა, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციიდან“ გამომდინარე, დაცული უნდა იყოს ბავშვის ინტერესები, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა შეფასება ოჯახის, მათ შორის ბავშვის საცხოვრებელი პირობების, რაც ქმნიდა საფუძველს დასკვნისთვის, რომ განმცხადებელს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა დასახელებული კანონის მე-13 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 მარტის N292-ე განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“ და მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და განხილვის წესი, ამავე ბრძანებით რეგულირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელშიც განსახლების სხვადასხვა ეტაპებია გათვალისწინებული, რადგან იგი მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე. ხოლო ამ სტრატეგიის განხორციელების მიზნით მიღებულია მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანება, სადაც განისაზღვრა საცხოვრებელი ფართების განაწილების წესი. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. სამინისტრო თავის მხრივ დადგენილი ნორმატიული აქტის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს, რადგან ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აპელანტმა მიუთითა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-13 მუხლზე და განმარტა, რომ მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად (დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულება). იგი ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, მასში გაწერილი საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები ითვალისწინებს განაცხადის (აპლიკაციების) შევსებას, კითხვარის შედეგების გათვალისწინებით განმცხადებლებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები. მითითებული ნორმის მე-6 მუხლი ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად ,,ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად''.

კასატორის მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სახეზეა ოჯახის ხელოვნული გაყოფის ფაქტი. გადაწყვეტილება მიღებულია არა სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, არამედ ზოგადად სოციალური დავის კატეგორიიდან გამომდინარე. ადმინისტარციულო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატერებით და მონიტორინგის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, რასაც თავად მხარე აწვდის სააგენტოს და ხელს აწერს აღნიშნულზე, უტყუარად დასტურდება ოჯახის ხელოვნული გაყოფის ფაქტი.

კასატორმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ მომხდარა კანონის დარღვევა. ვინაიდან, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტები და აქტები, შეაგროვა ცნობები, მოუსმინა დაინტერესებულ მხარეებს და მათი დეტალურად შეფასების საფუძველზე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 5 23 00000827 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 ოქმის თანახმად, შ.ქ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 5 23 00000827 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შ.ქ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ.ქ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი ლ.მ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელია: აფხაზეთი, ..., სოფელი .... დროებითი საცხოვრებელი, ფაქტობრივი საცხოვრებელი: თბილისი, ..., ...ის ქუჩა N... ბინა .... სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიხედვით 2023 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, შ.ქ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 1000, ოჯახის შემადგენლობაში შ.ქ-ასთან ერთად შედის ლ.მ-ა, ოჯახი იღებს შემწეობას. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით, 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შ.ქ-ას ოჯახი შეფასდა 6.00 ქულით, 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი- 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნაქირავებში - 1.50 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 30001-ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ოთხი შვილი. განაცხადს აკეთებს ერთ შვილთან ერთად. განმცხადებელს მეუღლესთან, მაზლთან და სამ შვილთან ერთად თანასაკუთრებით გააჩნდათ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. მისამართი: ..., ...ის ქუჩა N12, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისეს არადევნილ მეუღლეზე და მაზლზე 2019 წელს. ასევე არადევნილ მეუღლეს და შვილს - მ.მ-ას თანასაკუთრებით გააჩნიათ, ..., ...ის ქუჩა N12-ში სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთის რომელიც გაასხვისეს ჯ.მ-ზე 2019 წელს. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 15 აპრილს, თბილისი, ...ის ქუჩა N... ბინა ...-ში. განმცხადებელი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს 2018 წლიდან ქირით და იხდის 300 ლარს. 2016-2018 წლებში ცხოვრობდა ...ის ქუჩა N37- ში. 1996-2016 წლებში ცხოვრობდა ..., ...ას 19/5 და ...ის 12-ში. შ.ქ-ას თანასაკუთრებით გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. მისამართი: ..., ...ის ქუჩა N12, რომელიც იყო მეუღლის მამაპაპისეული და ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა არადევნილ მეუღლეზე და მაზლზე. ასევე არადევნილ მეუღლეს და შვილს - მ.მ-ას თანასაკუთრებით გააჩნდათ, ..., ...ის ქუჩა N12-ში სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთის რომელიც გაასხვისეს ჯ.მ-ზე ძმაზე. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის მიხედვით, მ.მ-ამ 2019 წლის 24 ივნისს N46544 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განაცხადი შეავსო მეუღლესთან ს.რ-ე და შვილთან ა.მ-სთან ერთად. განქორწინების მოწმობით შ.ქ-ასა და ჯ.მ-ას შორის 2022 წლის 9 დეკემბერს შეწყდა ქორწინება. თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი ლ.მ-ა. 2022 წლის 28 დეკემბრის N... შემაკავებელი ორდერით მოძალადედ მითითებულ ჯ.მ-ას აეკრძალა მსხვერპლთან შ.ქ-ასთან, მის საცხოვრებელთან, იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) (ანალოგიურ დებულებას ადგენს აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე შ.ქ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ გაყოფას. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქალაქ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის-მერის წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 11 იანვარს გაცემული ცნობებზე, რომლის მიხედვით, ი.მ-ა 1995 წლიდან, მ.მ-ა 2001 წლიდან, მ.მ-ა 1996 წლიდან ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის ქ. N12- ში. 2019 წლის 02 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის დეკლარაციით შ.ქ-ასთან ერთად ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ლ.მ-ა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, შ.ქ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 1000, ოჯახის შემადგენლობაში შ.ქ-ასთან ერთად შედის ლ.მ-ა, ოჯახი იღებს შემწეობას. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2022 წლის 28 აპრილის მდგომარეობით, შ.ქ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 1000, ოჯახის შემადგენლობაში შ.ქ-ასთან ერთად შედის ლ.მ-ა, ოჯახი იღებს შემწეობას. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2023 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით, შ.ქ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 1000, ოჯახის შემადგენლობაში შ.ქ-ასთან ერთად შედის ლ.მ-ა, ოჯახი იღებს შემწეობას.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შ.ქ-ას დევნილი ოჯახის წევრს წარმოადგენს, მისი არასრულწლოვანი შვილი ლ.მ-ა. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელესთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ასევე უარი ეთქვა ასევე მის არასრულწლოვან შვილს, რომლის უპირატესი ინტერესების დაცვაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე