საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1285(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ.ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ.ა-მა 2023 წლის 15 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1 748.07 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება გ.ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება/განჩინება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების შესახებ უკანონოა, ვინაიდან კასატორის მოსაზრებით, არ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს ამდაგვარი დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ.ა-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ.ა-ის სასარგებლოდ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1 748.07 ლარის გადახდაზე უარის კანონიერების შეფასება. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის ძირითადი შედავება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უკავშირდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ზოგადი ვადები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარის მე-2 თავით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ხანდაზმულობის სპეციალური ვადების დადგენის შესაძლებლობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე შეთანხმება არ შეიძლება შეადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების შეთანხმების საგანს, ხანდაზმულობის სპეციალური ვადა და კონკრეტულ მოთხოვნებზე მისი გავრცელების გამორიცხვა მხოლოდ ნორმატიულად შეიძლება განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2023 წლის 27 ივლისის №871918 განცხადებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 9 აგვისტოს №MOD 8 23 00930296 წერილის თანახმად, გ.ა-ის ეცნობა, რომ მისი 1998-2000 წლების ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანება შეადგენს: ფულადი სარგო - 602.10 ლარი, ულუფა - 814.20 ლარი, ჯილდო - 244.77 ლარი, მატ. დახმარება - 87.00 ლარი, სულ - 1 748.07 ლარს. ასევე, მოსარჩელეს ეცნობა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არსებული ყველა პირველადი საფინანსო დოკუმენტაცია განადგურებულია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 1341 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლი წარმოადგენდა დავალიანების კანონისმიერ აღიარებას, რის შედეგადაც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისიდან და ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებთან მიმართებით ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ წესს აღარ ითვალისწინებს, რაც ადასტურებს ამჟამად საჯარო მოხელის მიმართ წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლით საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით იყო გადავადებული და აღნიშნული კანონის ძალადაკარგულად ცნობამ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყება, რადგან კანონმა აღარ გაითვალისწინა სპეციალური, საშეღავათო დათქმა მსგავსი ტიპის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს მიუღებელ ხელფასს 1998-2000 წლების პერიოდზე. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოსარჩელე - გ.ა-იმა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა 2023 წლის 15 ნოემბერს, ხოლო მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 27 ივლისს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისიდან 3 წლის შემდგომ, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი, მოსარჩელე გ.ა-ისათვის 1998-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგება კანონს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. გ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე