საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1293 (კ-23) 18 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2023წ. და 04.05.2023წ. განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.კ-ამ 18.09.2019წ. სარჩელით, ხოლო 03.02.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.07.2019წ. N000490 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2019წ. N1844 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2021წ. გადაწყვეტილებით ე.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.07.2019წ. N000490 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2019წ. N1844 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2023წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 08.04.2019წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ე.კ-ას მიმართ შედგა №000490 მითითება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ის და ...ის მიმდებარედ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის მიმდებარედ, ს/კ №...-ის მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გარეშე აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მოწყობილია მავთულბადის ღობე, რომელიც გადადის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება). 02.05.2019წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000490 შემოწმების აქტი, რომელშიც აღინიშნა, რომ ე.კ-ას მიერ არ შესრულდა 08.04.2019წ. №000490 მითითებით გათვალისწინებული პირობები. 21.05.2019წ. №000490 ოქმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ სხდომაზე ე.კ-ამ განმარტა, რომ ნებაყოფლობით ახორციელებდა დემონტაჟს, რისთვისაც სჭირდებოდა დამატებითი ვადა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.07.2019წ. №000490 დადგენილებით, მოქალაქე ე.კ-ა დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარედ, ...ის მიმდებარედ, №... საკ. კოდით რეგისტრირებულ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში უნებართვოდ მშენებლობისათვის (მოწყობისათვის). ამავე დადგენილებით, ე.კ-ას დაევალა უნებართვოდ აშენებული (მოწყობილი) კაპიტალური საძირკვლის (მონოლითური ფილის) დემონტაჟი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.7 მუხლზე, რომლის თანახმად თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.07.2019წ. №000490 დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბრძანების მიღებამდე, სრულად აღმოიფხვრა სამართალდარღვევა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით ირკვევა, რომ ე.კ-ას 11.07.2019წ. მდგომარეობით უკვე განხორციელებული ჰქონდა 02.07.2019წ. სადავო დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული კაპიტალური საძირკვლის (მონოლითური ფილის) დემონტაჟი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2019წ. №1844 ბრძანების გამოცემის დროისთვის უკვე დემონტირებული იყო უნებართვოდ მოწყობილი/განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის საძირკველი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.07.2019წ. №000490 დადგენილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოსწორებული იყო. სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს 15.05.2016წ. Nბს-785-771(კ-14) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე მითითებით აღნიშნა, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2023წ. განჩინებით ე.კ-ას წარმომადგენლის დ.კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას თანაბარწილად დაეკისრათ ე.კ-ას სასარგებლოდ წარმომადგენლობაზე გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის 400 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 06.03.2023წ. ე.კ-ას წარმომადგენელმა დ.კ-ემა წარმოადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოში ე.კ-ას მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, 25.04.2023წ. სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე ე.კ-ას წარმომადგენელმა დ.კ-ემა წარმოადგინა 28.02.2023წ. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად 24.04.2023წ. ე.კ-ამ დ.კ-ის ანგარიშზე გადარიცხა 2000 ლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი 02.05.2023წ. განჩინების გამოტანისას, შესაბამისად, ამ ნაწილში სახეზეა დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის ფაქტობრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაღება. საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სსკ-ის 37-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ე.კ-ას სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2023წ. და 04.05.2023წ. განჩინებები საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის ერთ-ერთ შემადგენელ საკანონმდებლო აქტს, რომლის მიზანსაც სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლი, სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ- ერთ სპეციფიკურ სახეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნორმები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე და განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ უნდა განახორციელოს და სამართალდარღვევის შემადგენლობა შეადაროს დადგენილების გამოცემის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას, მოცემულ შემთხვევაში - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დაქვემდებარებას მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის აღების ვალდებულებასთან, აღნიშნული საკითხი უნდა შეფასდეს ქმედების განხორციელების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით.
კასატორმა მიუთითა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური/თანხმობა, ხოლო სხვა კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში - მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, სათანადო სანებართვო დოკუმენტის გარეშე სამშენებლო სამუშაოების წარმოება განხილულ უნდა იქნას მშენებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად, უნებართვო მშენებლობად, რისთვისაც პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში კაპიტალური საძირკვლის (მონოლითური ფილის) მშენებლობას ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური, თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მშენებლობის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, რაც სამართალდამრღვევ პირზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსწორების თაობაზე და მიუთითებს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე წარმოება დაიწყო 08.04.2019წ. მითითების შედგენით, ხოლო 02.07.2019წ. დადგენილების საფუძველზე ე.კ-ა დაჯარიმდა მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელეს კანონით რეგლამენტირებელი ვადა ჰქონდა იმისათვის, რომ სამართალდარღვევა გამოესწორებინა დადგენილ ვადებში.
კასატორმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოპასუხეებისათვის წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის თანაბარწილად დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი, დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკით, არ წარმოადგენს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ანაზღაურებად კატეგორიას, თუმცა კასატორი თვლის, რომ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნა ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს. კასატორმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს არც სასარჩელო მოთხოვნით და არც ზეპირსიტყვიერად არ მოუთხოვია ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრება მოპასუხეთათვის. მოსარჩელემ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განხილვის ეტაპზე მოითხოვა მოპასუხეთათავის ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრება. კასატორმა აღნიშნა, რომ იურდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა დადებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ 28.02.2023წ.. კასატორმა მიუთითა, რომ მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. კასატორი თვლის, რომ ვინაიდან მხარეს არ გამოუხატავს პრეტენზია ხარჯებზე საქმის არსებითად გადაწყვეტის დროს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების განჩინება ვერ გამოიწვევდა ხარჯების დაკისრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით, 08.04.2019წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ე.კ-ას მიმართ შედგა №000490 მითითება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, ს/კ №...-ის მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გარეშე აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მოწყობილია მავთულბადის ღობე, რომელიც გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება). ამავე მითითებით, ე.კ-ას განესაზღვრა 15 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. 02.05.2019წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000490 შემოწმების აქტი და დადგინდა, რომ ე.კ-ას მიერ არ შესრულდა №000490 მითითებით გათვალისწინებული პირობები. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ზეპირი მოსმენაზე 21.05.2019წ. ე.კ-ამ განმარტა, რომ ნებაყოფლობით ახორციელებდა დემონტაჟს, რისთვისაც სჭირდებოდა დამატებითი ვადა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ოს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 02.07.2019წ. №662 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ნაკვეთი გადამოწმდა განმეორებით, რის შედეგადაც დაფიქსირდა, რომ მხარის მიერ სრულად არ არის შესრულებული 08.04.2019წ. №000490 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, დემონტირებულია უნებართვოდ განთავსებული ღობე, ხოლო კაპიტალური შენობა-ნაგებობა დემონტირებულია ნაწილობრივ, კერძოდ, დარჩენილია კაპიტალური შენობა-ნაგებობის საძირკველი (მონოლითური ფილა). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.07.2019წ. №000490 დადგენილებით ე.კ-ა დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარედ, ...ის მიმდებარედ, №... საკ. კოდით რეგისტრირებულ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (ყოფ. ქ. თბილისი, ...ის მიმდებარედ, საკ. კოდი №...-ის მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე) კაპიტალური საძირკვლის (მონოლითური ფილის) უნებართვოდ მშენებლობისათვის (მოწყობისათვის). ამავე დადგენილებით, ე.კ-ას დაევალა უნებართვოდ აშენებული (მოწყობილი) კაპიტალური საძირკვლის (მონოლითური ფილის) დემონტაჟი. ზემოაღნიშნული დადგენილება ე.კ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.11.2019წ. №1844 ბრძანებით ე.კ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.07.2019წ. №000490 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე (იხ. სუსგ 21.01.2020წ. ბს-468-465(კ-17)).
მოცემულ შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე სადავო დადგენილების მიღებამდე (02.07.2019წ.) ე.კ-ას მიერ დემონტირებული იყო უნებართვოდ განთავსებული ღობე და შენობა-ნაგებობის ძირითადი ნაწილი, დარჩენილი იყო მხოლოდ კაპიტალური შენობა-ნაგებობის საძირკველი (მონოლითური ფილა). ამასთან აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ ზეპირ მოსმენაზე ე.კ-ა ითხოვდა დამატებით ვადას დემონტაჟის სრულად განსახორციელებლად, თუმცა მუნიციპალურ ინსპექციას არ უმსჯელია ე.კ-ასათვის დამატებითი ვადის მიცემის შესაძლებლობაზე და შესაბამისად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადის გაგრძელებაზე. აღნიშნულის დამდასტურებელი მტკიცებულება საქმეში დაცული არ არის. შესაბამისად, სადავო დადგენილება მიღებულ იქნა შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის შემდეგ, მაშინ როდესაც პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.13 მუხლით დადგენილია საქმის განხილვის ვადის კიდევ 2 თვით გაგრძელების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქმეში დაცულ ფოტომასალაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 11.07.2019წ. მდგომარეობით ე.კ-ას უკვე განხორციელებული ჰქონდა უნებართვოდ მიჩნეული კაპიტალური საძირკვლის (მონოლითური ფილის) დემონტაჟი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება სადავო ობიექტის სრული დემონტაჟის ფაქტის არსებობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროსაც, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას აღნიშნული გათვალისწინებული არ ყოფილა. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ საჩივრის განხილვის დროისათვის სადავო ტერიტორია წარმოადგენდა ე.კ-ას საკუთრებას, რომელსაც მიწის ნაკვეთი რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა 06.11.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი. მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა, საჩივრის ავტორის პრეტენზიების შესწავლა, მათზე დასაბუთებული პასუხების გაცემა, სრულყოფილი წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდგომ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანა, რომელშიც აისახება ჩატარებული წარმოების შედეგები. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა დარღვევის გამოსწორების, უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის დამდგენი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მერია ნორმათა ციტირებით შემოიფარგლა და მართლზომიერად მიიჩნია ე.კ-ასათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გამორიცხვის შესაძლებლობა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სუსგ 05.05.2016წ. Nბს-785-771(კ-14)).
უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოპასუხეებისათვის თანაბარწილად დაკისრების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, ამასთან, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე (იხ. სუსგ 14.07.2016წ. ბს-776-768(2კ-4კს-15); 30.10.2015წ. ას-444-423-2015)). მოცემულ შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურების საკითხი სააპელაციო შესაგებელში დაისვა. მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც კლიენტისათვის იურიდიული მომსახურების ვალდებულებას სააპელაციო სასამართლოში ადგენდა. ამდენად, მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, მოთხოვნა არ ეხებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურების გაწევას ადასტურებს ის, რომ ე.კ-ა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე წარმოდგენილი იყო ადვოკატით და ამავე წარმომადგენლის დახმარებით ჰქონდა შედგენილი სააპელაციო შესაგებელი. ამდენად, სახეზე იყო წარმომადგენლობაზე გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2023წ. და 04.05.2023წ. განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი