საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1296(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...ემ“ 2019 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 14 მაისის №98 ოქმი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელიც უკავშირდებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საშუალო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების განხორციელებას. მოპასუხემ თავიდანვე დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები და არასწორად შეადგინა სატენდერო პირობები. განსაზღვრული 50 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით დადგენილი მომსახურების განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მოსარჩელემ 30.05.2019 წლის №11 მიმართვა გაუგზავნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა იმის შესახებ, რომ 50 ერთეული მიკროავტობუსით ხსენებული მომსახურების განხორციელება ფიზიკურად ვერ მოხდებოდა. მოპასუხე ვალდებული იყო სცოდნოდა აღნიშნულის თაობაზე. უფრო მეტიც, მოსარჩელემ რამდენჯერმე შეატყობინა ამის შესახებ, მაგრამ მოპასუხემ არ შეცვალა სატენდერო პირობები. საბოლოოდ სატენდერო კომისიის 2019 წლის 7 აპრილის №67 ოქმის მიხედვით, მოსარჩელე მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოცხადდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (190000234) გამარჯვებულად. ამ პროცესების შემდგომ მოსარჩელე კვლავ დაუკავშირდა როგორც მოპასუხეს, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და ითხოვა პირობების გადასინჯვა. მოპასუხემ არ შეასრულა კანონის მოთხოვნები და 2019 წლის 14 მაისს გამოიტანა №98 ოქმი, რომლის საფუძველზე მოსარჩელე დაჯარიმდა 75337.34 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება შპს „...მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 მაისის N 2430 წერილით სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ ... ტენდერში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვის სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 7 აპრილის N 67 სხდომის ოქმის შესაბამისად, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „...“, რომლიც მიმდინარე წლის 25 აპრილს მიწვეულ იქნა მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2019 წლის 30 აპრილს მერიას დაუბრუნდა პასუხი, სადაც შპს „...ეს“ ჩამოთვლილი ჰქონდა რიგი მიზეზები, რის გამოც უარს აცხადებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე. მოპასუხემ საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვა კასატორის ეს მიმართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სწორედ ამიტომ, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 14 მაისის №98 ოქმით კანონიერების შეფასება, რომლითაც შპს „...ეს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 20 დეკემბრის №2414 განკარგულებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2019 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა ჩატარებულიყო კონსოლიდირებული ტენდერები.
სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 მარტის №... სხდომის ოქმის თანახმად, დამტკიცდა სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციები ოქმზე თანდართული რედაქციით.
საქმეში წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციის თანახმად, შპს „...“-ს დირექტორის წერილის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობისა და ტენდერის პირობების სრულიად შესრულების მიზნით, შპს „...“-ს ესაჭიროებოდა 50 ერთეული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების დაქირავება მძღოლთან ერთად, რასაც ორგანიზაცია დაუყოვნებლივ განახორციელებდა ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში.
სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 7 აპრილის №67 სხდომის ოქმის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (...) ერთი სამარშრუტო კილომეტრის უმცირესი ფასი 2.03 ლარი წარადგინა შპს „...მ“. სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „ ...ის“ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და მიიჩნია, რომ იგი სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 7 აპრილის №67 სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის 10.8 პუნქტისა და შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების გათვალისწინებით, 2019 წლის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (...) გამარჯვებულ პრეტენდენტად გამოვლინდა შპს „...“.
შპს „...ის დირექტორმა 2019 წლის 30 აპრილს წერილით მიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს და განმარტა, რომ 2019 წლის 7 აპრილის №67 სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, აუქციონის გარეშე ..., გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „...“. სატენდერო წინადადებაში მითითებული იყო 50 მიკროავტობუსი. აღნიშნულ ეტაპზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებს ემსახურებოდა 61-მდე მიკროავტობუსი, სკოლის დირექტორებთან კონსულტაციის შემდგომ მიკროავტობუსების შემცირება შეუძლებელს გახდის ტენდერით მოთხოვნილი პირობების სრულფასოვნად მომსახურებას, რაც გამოიწვევდა სასწავლო პროცესის ჩაშლას და სატენდერო პირობების შეუსრულებლობას. ასევე ვერ მოხერხდა მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებების ქირაობა მათი სიმცირის გამო, აქედან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდებოდა აღნიშნულ საკითხს და უარს აცხადებდა აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე. აქვე მხარე იმედოვნებდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია გაგებით მოეკიდებოდა აღნიშნულ ხელის შემშლელ გარემოებებს და არ გამოიყენებდა მათი კომპანიის წინააღმდეგ ჯარიმებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 მაისის №2430 წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ ... ტენდერში, რომელიც შეეხებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვის სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 7 აპრილის №67 სხდომის ოქმის შესაბამისად, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „...“, რომლიც მიმდინარე წლის 25 აპრილს მიწვეულ იქნა მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2019 წლის 30 აპრილს მერიას დაუბრუნდა პასუხი, სადაც შპს „ ...ს“ ჩამოთვლილი ჰქონდა რიგი მიზეზები, რის გამოც უარს აცხადებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 14 მაისის №98 სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის 10.13 პუნქტის შესაბამისად, შპს „...ეს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების საორიენტაციო ღირებულების 20%-ის ოდენობით. შეწყვეტილ იქნა სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების 2019 წლის კონსოლიდირებული ტენდერი ....
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობების“ მე-18 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების პირობებს. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება უნდა დაიდოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, გარდა ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში. მე-4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების დადების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობების“ მე-18 მუხლი მე-7 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ თუ კონსოლიდირებულ ტენდერში არ გამოიყენება ელექტრონული გარანტია, ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია ითვალისწინებდეს გამარჯვებული პრეტენდენტის ვალდებულებას, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, გადაიხადოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. მე-8 პუნქტის თანახმად კი, ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიღებულ იქნება პირგასამტეხლოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმოქმედოს ამ წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
„კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობების“ 22-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების პირობებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის მთლიანად, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით – ნაწილობრივ, კონკრეტულ მიმწოდებელთან მიმართებით შეწყვეტის თაობაზე, აგრეთვე ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შპს „...“ თავისი ნების საწინააღმდეგოდ გამოცხადდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად და მოწინააღმდეგე მხარის მიერ თითქოს არასწორად იქნა შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია. აღნიშნულის საპირწონედ საქმეში წარმოდგენილია შპს „ ...ის“ დირექტორის წერილი, რომლის თანახმად, ტენდერში მონაწილეობისა და ტენდერის პირობების სრულიად შესრულების მიზნით, შპს „...ეს“ ესაჭიროებოდა 50 ერთეული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების დაქირავება მძღოლთან ერთად, რასაც ორგანიზაცია დაუყოვნებლივ განახორციელებდა ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში. გარდა ზემოაღნიშნული წერილისა პრეტენდენტს ან ტენდერში მონაწილეობის მსურველს შეეძლო გაესაჩივრებინა ზემოხსენებული სატენდერო დოკუმენტაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც არ განხორციელდა კასატორის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობდა ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაეხადა კონსოლიდირებული ტენდერის საორიენტაციო ღირებულების 20%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს მომსახურების გაწევის შესახებ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასთან. მოცემულ შემთხვევაში, შპს ...ეს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა დაეკისრა, ვინაიდან როგორც გამარჯვებულმა კომპანიამ დადგენილ ვადაში არ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ მას კანონით გააჩნდა აღნიშნულის ვალდებულება. შესაბამისად კანონიერია შპს ...თვის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სატენდერო დოკუმენტაციის 10.13 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის დაკისრება, რომელიც შეადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების საორიენტაციო ღირებულების 20%-ს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება;
3. შპს „...ეს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 9 დეკემბერს №... ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ნ. სხირტლაძე