ას-1161-1306-08 2 მარტი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ჭ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ნ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაცვის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-შვილისა და სს ,,ტ.-ის” გაკოტრების მმართველის მიმართ სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და ზედმეტად დარიცხული თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების მოთხოვნით.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა მ. ჭ-შვილისათვის სარჩოს დანიშვნის შესახებ სს ,,ტ.-ის” 2001 წლის 24 დეკემბრის ¹315 ბრძანება. მოწინააღმდეგე მხარეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-შვილმა. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მ.ჭ-შვილს დაევალა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. კასატორის წარმომადგენელმა ნ.ბ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებები და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მ.ჭ-შვილი სარჩელზე წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა. ამავე განჩინებით მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა ხუთი დღით და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა (ს.ფ. 214-217). აღნიშნული განჩინება მ.ჭ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 22 თებერვალს, ხოლო მის წამომადგენელ ნ.ბ-ძეს _ ამავე წლის 19 თებერვალს (ს.ფ. 219-220). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში მ. ჭ-შვილს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის, დაევალა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მ.ჭ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 22 თებერვალს, ხოლო მის წარმომადგენელ ნ.ბ-ძეს _ ამავე წლის 19 თებერვალს (ს.ფ. 219-220).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება მხარის წარმომადგენელს ჩაბარდა 2009 წლის 19 თებერვალს (ს.ფ. 219) რის გამოც სწორედ ამ დროიდან დაიწყო ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 2009 წლის 24 თებერვალს. მხარეს განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.