საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1307 (კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.კ-ემ, კ.ხ-ემ, ნ.ხ-ემ, ნა.ხ-ემ და დ.ხ-ემ 25.08.2023წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.07.2023წ. №IDP 2 2300001977 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2023წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.07.2023წ. №IDP 2 2300001977 ბრძანება და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების: თ.კ-ის, კ.ხ-ის, ნ.ხ-ის, ნა.ხ-ისა და დ.ხ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.2023წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს მოსარჩელის მიერ თავისივე გასხვისებულ ბინაში დაუბრკოლებლად ცხოვრების ფაქტი წარმოადგენდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა 25.11.2021წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაზე, რომლის თანახმად, ოჯახი შეფასებულია 7 ქულით შემდეგი კრიტერიუმებით: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1,5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 4 არასრუწლოვანი - 3 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით. პალატამ მიუთითა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №7-ის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად, დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს ენიჭება პრიორიტეტი. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება ქულების განსაზღვრის შემდეგ დამატებით შეეფასებინა გადაუდებელი განსახლების საჭიროების აუცილებლობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს თავისივე გასხვისებულ ბინაში, არ შეიძლება გამხდარიყო დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. ამდენად, სხვის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს განსახლების საჭიროებას. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ დღეისათვის მოსარჩელეთა საკუთრებაში არ ირიცხება იმგვარი სახის უძრავი ქონება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს საცხოვრებელ ადგილად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთაგან 4 არასრულწლოვანია, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს მხოლოდ ალიმენტის სახით მიღებული თანხა წარმოადგენს და ამ პირობებში ეკისრება დამატებით ბინის ქირის გადასახადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ განმცხადებლის განსახლება ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
საკასაციო საჩივრის თანახმად, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს, ამასთანავე აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები, აქტი არის დასაბუთებული, მიღებულია კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის 53-ე მუხლის დაცვით და იგი ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თ.კ-ე, არასრულწლოვნები - კ.ხ-ე, ნ.ხ-ე, ნა.ხ-ე და დ.ხ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საჯარო რეესტრიდან 02.09.2019წ. გაცემული ამონაწერით დგინდება, რომ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ას ქ., მე-... შესახვევი №...-ში, ს.კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს თ.კ-ის საკუთრებას, ხოლო 12.09.2019წ. ამონაწერის თანახმად, მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი.ლ-ი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 26.12.2019წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ.კ-ის განცხადება კ.ხ-ესთან, ნ.ხ-სთან, ნა.ხ-ესთან და დ.ხ-ესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.07.2020წ. გადაწყვეტილებით შ.ხ-ეს არასრუწლოვანი შვილების კ.ხ-ის, ნ.ხ-ის, ნა.ხ-ისა და დ.ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 170-170 ლარის ოდენობით, სულ 680 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მათ სრულწლოვანებამდე.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 27.09.2021წ. თ.კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით ოჯახი შეფასდა 7 ქულით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1,5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 4 არასრუწლოვანი - 3 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, 02.03.2022წ. განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ას ქ., მე-... შესახვევი №...-ში, ოქმში აღნიშნულია, რომ თ.კ-ე მის 4 არასრუწლოვან შვილთან ერთად 2017 წლიდან ცხოვრობს ქირით აღნიშნულ მისამართზე, ქირის საფასური შეადგენს 250 ლარს. 2010-2017 წლებში ცხოვრობდნენ ყოფილი მეუღლის სახლში ქ. ქუთაისი, ...ას მე-... შესახვევი №...-ში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 12.06.2023წ. №36 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ქ. ქუთაისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადები. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, თ.კ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, კერძოდ: თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
„დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.07.2023წ. №IDP 2 23 00001977 ბრძანებით თ.კ-ის ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.08.2023წ. ცნობის თანახმად, თ.კ-ე, კ.ხ-ე, ნ.ხ-ე, ნა.ხ-ე და დ.ხ-ე არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული - 67360 სარეიტინგო ქულით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო 13.3 მუხლის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი 1-ს 2.ა მუხლის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია შემდეგნაირად − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, ამავე წესის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.კ-ე, კ.ხ-ე, ნ.ხ-ე, ნა.ხ-ე და დ.ხ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ექვემდებარებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 7 ქულით. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ თ.კ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილები 2017 წლიდან ცხოვრობენ ქირით მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ას ქ. მე-... შესახვევი №...-ში, ბინა ეკუთვნოდა თ.კ-ეს, თუმცა საჯარო რეესტრიდან 12.09.2019წ. გაცემული ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ 06.09.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ი.ლ-ი. აღნიშნულის მიუხედავად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 12.06.2023წ. №36 სხდომის ოქმისა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.07.2023წ. №IDP 2 23 00001977 ბრძანების თანახმად, ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს უარი თ.კ-ის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) განსახლებაზე, თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 7 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელეებს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც დროებით, სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა, სადაც თ.კ-ე შვილებთან ერთად ცხოვრობს წარმოადგენს ი.ლ-ის საკუთრებას. პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, ქირის გარეშე მოსარჩელის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრება არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. კომისია არ არის უფლებამოსილი ერთი მხრივ ქულა მიანიჭოს განმცხადებელს სხვის ფართში ცხოვრების გამო და ამავე საფუძვლით მიიჩნიოს, რომ არ არსებობს განსახლების გადაუდებელი საჭიროება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ადგენს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, კასატორის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი და ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ თ.კ-ე განაცხადს მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად აკეთებს და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ამავე კანონის 5.3 მუხლის თანახმად კი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვნების - კ.ხ-ის, ნ.ხ-ის, ნა.ხ-ისა და დ.ხ-ის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული და სათანადოდ დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ვინაიდან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი