Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-131(კ-25) 16 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - თ.მ-ი, ი.მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 16 სექტემბერს ც.მ-მა სარჩელით და შემდგომ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების (ზედდების - 27 კვადრატული მეტრის ნაწილში) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ.მ-ი. ამავე სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ც.მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 იანვრის N... გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, სარჩელის წარმოებაში მიღებიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი.მ-ი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილება, მომიჯნავედ მდებარე ც.მ-ის ნაკვეთთან ზედდების (27 კვ.მ. ფართობი) ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დარჩა ძალაში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თ.მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თ.მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ თ.მ-ი სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია 2011 წლიდან. მისი საკუთრების უფლება 27 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილში ც.მ-მა სადავო გახადა 2022 წელს, როდესაც საჯარო რეესტრის სააგენტომ მიუთითა, რომ წარდგენილ საკადასტრო ნახაზსა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება. სააპელაციო სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ სადავო არ გამხდარა თ.მ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული N752 მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, თ.მ-ის ხაშურის რაიონის სოფელ ...ში (...ის უბანში) გამოეყო 0.07 ჰა მიწა, 2 ნაკვეთად (სახლთან 0.02 ჰა და სახნავი 0.05 ჰა). მიუთითა, რომ თ.მ-ის N752 მიღება - ჩაბარების აქტით გამოყოფილი 200 კვ.მ.-დან მხოლოდ 185 კვ.მ. აქვს რეგისტრირებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას დამატებით 15 კვ.მ.-ზე გააჩნია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. ასევე გასაზიარებლად მიიჩნია მხარის ის განმარტება, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთებთან დავის წარმოშობის არიდების მიზნით, მის მიერ რეგისტრირებული იქნა მხოლოდ ის ფართი, რაც ფაქტობრივად ჰქონდა დაკავებული. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ.მ-ის არსებული მდგომარეობით, რეგისტრირებული აქვს იმაზე ნაკლები ფართობი (185 კვ.მ), ვიდრე მიღება - ჩაბარების აქტით არის გათვალისწინებული (200 კვ.მ), ხოლო ც.მ-ი ითხოვს იმაზე მეტი ფართობის (395 კვ.მ) რეგისტრაციას, ვიდრე ეს მიღება - ჩაბარების აქტით და ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით არის გათვალისწინებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ც.მ-ის მიერ.

წარმომადგენლის განმარტებით, 2022 წლის 18 აპრილს N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე - 300 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აკონკრეტებს, რომ განცხადებას თან დაურთო საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია, სამკვიდრო მოწმობა და მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი. აღნიშნულზე 2022 წლის 26 აპრილის N...- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განემარტა, რომ მომიჯნავედ თ.მ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან დადგინდა ზედდება და დამატებით უნდა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მისივე მსჯელობით, ტექ. ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, აღნიშნული უძრავი ნივთი აღრიცხული იყო ც.მ-ის მამკვიდრებლის ო.მ-ის სახელზე. წარმომადგენლის განმარტებით, საინვენტარიზაციო გეგმის და ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამოთხოვასთან ერთად, დასკვნის მომზადება დაუკვეთეს სერტიფიცირებულ ამგეგმავ/ამზომველ სპეციალისტს. მომზადებული დასკვნის თანახმად, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის საერთო ფართობი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების თანახმად შეადგენს 408 კვ.მ. მიიჩნევს, რომ არათუ მომიჯნავე თ.მ-ის მიერ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრებში იჭრება, არამედ ის არის შეჭრილი მემკვიდრეობით მიღებულ ც.მ-ის უძრავი ნივთის ტექ. ბიუროში რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებში 45 კვ.მ-ით.

წარმომადგენლის განმარტებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მოცემულ საზღვრებში მოქცეული იყო და არის მისი მარწმუნებლის შენობა - ნაგებობის, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ნაწილიც. სააპელაციო სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ თ.მ-ის სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს 2011 წლიდან, რაც სადავო გახდა მხოლოდ 2022 წელს, აღნიშნულზე კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მას შემდეგ რაც მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია არასწორი საკადასტრო მონაცემით რეგისტრაციის შესახებ, სწორედ იმ პერიოდიდან იქცა საკითხი დავის საგნად. სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობაზე, რომ სადავო არ გამხდარა თ.მ-ის რეგისტრაციის საფუძველი - მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N752 აქტი, აღნიშნულზე კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულ აქტს ც.მ-ისათვის ზიანი არ გამოუწვევია, რამეთუ აღნიშნული აქტით სადავო მიწის ნაკვეთი არ გადასცემია თ.მ-ის. მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, კერძოდ, მიღება - ჩაბარების აქტისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ურთიერთშესაბამისობა.

კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მყარი სასაზღვრო მიჯნის არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ ნაკვეთებს სადავო ტერიტორიის მხარეს, თითქმის ნახევრამდე, ც.მ-ის საცხოვრებელი სახლის კუთხემდე აქვს მყარი სასაზღვრო მიჯნა - მონოლითური რკინაბეტონის კედელი, რაც წარმომადგენლის მსჯელობით ასევე დასტურდება თ.მ-ის განმარტებით, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელზე წარდგენილი სიტუაციური ნახაზით და ადგილზე დათვალიერების ოქმით. კასატორის მსჯელობით, მარეგისტრირებელი ორგანო აპელირებს ე.წ. „ყვითელ ფენაზე“ რომელსაც მისივე მოსაზრებით საცნობარო მნიშვნელობა აქვს და არ წარმოადგენს უტყუარ მონაცემებს. მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა მსჯელობას მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ მონაცემებზე და ასევე სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც მარეგისტრირებელი ორგანოს პირდაპირ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემები, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისობა, იდენტურობა დადგენილია მხოლოდ ე.წ. „ყვითელი ფენის“ საფუძველზე.

კასატორი მიუთითებს ეროვნულ კანონმდებლობაზე, სასამართლო პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ მიუხედავად მცირედი გადაფარვისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად უგულებელყოფილი იქნა საჯარო რეესტრში დაცული ყოფილი ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემები, აქცენტი გაკეთდა უფლების დამდგენ დოკუმენტზე, კერძოდ, მიღება - ჩაბარების აქტზე, სადაც კასატორის მსჯელობით, არის ურთიერთშეუსაბამო მონაცემები დატანილი და არ დგინდება ზუსტი ადგილმდებარეობა თუ სად არის გამოყოფილი თ.მ-ისათვის 200 კვ.მ / 180 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიუთითებს მიღება - ჩაბარების აქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია სიგრძე 9 მეტრი, სიგანე 20 მეტრი, ხოლო სარეგისტრაციოდ მხარემ წარადგინა მონაცემები - სიგრძე 18,5 მეტრი, ხოლო სიგანე 9,6 მეტრი. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თუ ამგვარი მოცემულობით ძალაში დარჩება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, უგულებელყოფილი იქნება ე.წ „დისკიანი საკადასტრო აზომვით ნახაზებამდე“ არსებული ყველა რეგისტრაცია და არსებული პრაქტიკა. ამდენად, კასატორი ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20224 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც.მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: 2022 წლის 18 აპრილს ც.მ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 300 კვ.მ ფართობის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 აპრილის N...- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განიმარტა, რომ თ.მ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით...) დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ც.მ-ის განემარტა, რომ შეეძლო წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

საქმეში წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად დადგენილია, რომ დ.მ-ის სოფელ ...ში გამოეყო 0,03 ჰა, მიწის ნაკვეთი. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დ.მ-ი და ო.მ-ი ერთსა და იმავე პიროვნებას წარმოადგენს. ო.მ-ი გარდაიცვალა 2002 წლის 7 მარტს, რომლის სამკვიდრო მიიღო ც.მ-მა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ინფორმაციის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ...ის უბანში მდებარე 352 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება აღრიცხულია ც.მ-ის მამკვიდრებლის - ო.მ-ის სახელზე.

ც.მ-ის დაკვეთით, სპეციალისტის (უძრავი ქონების ამგეგმავის) მიერ გაცემული 2022 წლის 19 მაისის №დ/002 დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ო.მ-ის სახელზე აღრიცხული/რეგისტრირებული უძრავი ნივთის საერთო ფართობი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების თანახმად, შეადგენს 408 კვ.მეტრს. ამასთან, ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად, მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, დაფიქსირდა გადაფარვა მომიჯნავედ მდებარე თ.მ-ის მიწის ნაკვეთთან. გადაფარვის არეალმა შეადგინა 45 კვ. მეტრი.

დადგენილია, რომ ც.მ-მა 2022 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრში დამატებით წარადგინა განცხადება, სპეციალისტის დასკვნა №დ/002, ცნობა - დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია და მოითხოვა დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებულიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 მაისის N... გადაწყვეტილებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობა.

დადგენილია, რომ 2022 წლის 14 ივლისს კადასტრის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერებისას შედარებული იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საზღვრები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაანგარიშდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში ო.მ-ის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართობი და დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი, საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული ზომების მიხედვით შეადგენს 398 კვ.მეტრს. ამასთან, უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის ნაწილი იჭრება მომიჯნავედ მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრებში. გადაფარვის ფართობი 27 კვ.მეტრს შეადგენს. სიტუაციური ნახაზზე აღნიშნულია, რომ ზედდების ნაწილში, გარკვეულ მონაკვეთზე, ფიქსირდება მყარი მიჯნა.

თ.მ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ №... (10.01.2011წ.) გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, 185 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობა, უძრავი ნივთის ს/კ.... რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია N752 მიღება - ჩაბარების აქტი.

N752 მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, სოფელ ...ში მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 15 მარტის დადგენილებით, თ.მ-ის სოფელ ...ში გამოეყო, ჯამში 0,07 ჰა, მიწის ორი ნაკვეთი: სახლთან - 0,02 ჰა, სახნავი - 0,05 ჰა.

მეტი სიცხადისთვის საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილება თ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 27 კვ.მ. ფართობის ნაწილში. კასატორი მიიჩნევს, რომ თ.მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები გადასულია მის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, 27 კვ.მ. ფართის ნაწილში.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. პირი, რომელიც მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით, იმავდროულად ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც წარმოშობს მოთხოვნის რეგისტრაციის შესაძლებლობასა და საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ.მ-ი (მესამე პირი 16.2) სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია 2011 წლიდან. მისი საკუთრების უფლება 27 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილში ც.მ-იმა სადავო გახადა 2022 წელს, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო ნახაზსა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება. სადავო არ გამხდარა თ.მ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული N752 მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, თ.მ-ის ხაშურის რაიონის სოფელ ...ში (...ის უბანში) გამოეყო 0.07 ჰა მიწა, 2 ნაკვეთად (სახლთან 0.02 ჰა და სახნავი 0.05 ჰა). გასათვალისწინებელია, რომ თ.მ-ის N752 მიღება - ჩაბარების აქტით გამოყოფილი 200 კვ.მ.-დან მხოლოდ 185 კვ.მ. აქვს რეგისტრირებული. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ შეფასებას, რომ თ.მ-ის (მესამე პირი 16.2.) არსებული მდგომარეობით რეგისტრირებული აქვს იმაზე ნაკლები ფართობი (185 კვ.მ), ვიდრე მიღება - ჩაბარების აქტით არის გათვალისწინებული (200 კვ.მ), ხოლო ც.მ-ი (მოსარჩელე) ითხოვს იმაზე მეტი ფართობის (395 კვ.მ) რეგისტრაციას, ვიდრე ეს მიღება - ჩაბარების აქტით და ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით არის გათვალისწინებული.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თ.მ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკუთრებაში არსებული სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების მოთხოვნით, რითაც კიდევ 4 (ოთხი) კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში თქვა უარი საკუთრების უფლებაზე, ვინაიდან აღნიშნული ნაწილი გადადიოდა ც.მ-ის შენობაზე. როგორც მხარემ მიუთითა, მისთვის სასამართლო წარმოების პროცესში გახდა ცნობილი ის გარემოება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში რეგისტრირებული (საკადასტრო კოდით N...) წითელი ხაზის საზღვრები სულ რაღაც 4 კვ.მ-ით ფარავდა მომიჯნავედ მდებარე ც.მ-ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლს. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა თავის დროზე ც.მ-ის საცხოვრებელი სახლის არასწორი მდებარეობით აშენების ფაქტი, რამაც განაპირობა თ.მ-ის საზღვრებში გადასვლა. დაფიქსირდა, რომ მეზობელთან დავის თავიდან არიდების მიზნით, მზად არის დააკორექტიროს საკადასტრო მონაცემები აღნიშნულ ნაწილში. რაც შეეხება მოსარჩელის ც.მ-ის მამკვიდრებლისათვის გადაცემულ ქონებას, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ო.მ-ის გადაეცა 352 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა, მიწების განაწილების დროს გამოაკლდა და მიღება - ჩაბარების აქტით მხოლოდ 300 კვ.მ. გადაეცა.

საკასაციო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგისტრაციის (10.01.2011 წლის) საფუძვლად მითითებული მიღება - ჩაბარების აქტი ძალაშია და შეიცავს ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ და აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით ვერ მოხდება, ვინაიდან ცნობა - დახასიათებაში ცალსახად არის მითითებული, რომ მონაცემები აღრიცხულია უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დასკვნა, რომელზეც აპელირებს კასატორი ეყრდნობა ტექ. აღრიცხვის მონაცემებს, რაც მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მონაცემების ასახვის შემდეგ გაიცა მიღება - ჩაბარების აქტი, რომლითაც ც.მ-ის მამკვიდრებელს მხოლოდ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა 2011 წლის 03 იანვარს დაინტერესებულმა პირმა თ.მ-იმა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებული, ხაშურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 185 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. დაინტერესებულმა პირმა N... სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო: პირადი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, N752 მიღება - ჩაბარების აქტი. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ N... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი N752 მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, თ.მ-ის ხაშურის რაიონის სოფელ ...ში (...ის უბანში) გამოეყო 0.07 ჰა მიწა, 2 ნაკვეთად (სახლთან 0.02 ჰა და სახნავი 0.05 ჰა). ამასთან, საჯარო რეესტრში დაცული, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KFW) თანადაფინანსებით) პროექტისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემთა ბაზის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები 100%-ით შეესაბამება თ.მ-ის სახელზე აღრიცხულ გრაფიკულ მონაცემებს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2011 წლის 10 იანვარს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ხაშურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 185 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ N01 შენობა - ნაგებობაზე დარეგისტრირდა თ.მ-ის საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ნაკვეთს მიენიჭა ს/კ - ... მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. გასაზიარებელია სააპელაციო პალატის ის მსჯელობა, რომ რაიმე საფუძველი, რაც მითითებული რეგისტრაციის კანონშეუსაბამობას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააგენტოს მიერ ადგილზე დათვალიერებული იქნა ც.მ-ის უძრავი ქონება და შედგენილი იქნა შესაბამისი N099697 ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად, გადაფარვის ადგილზე მიწის ნაკვეთს მყარი სასაზღვრო მიჯნა არ უფიქსირდება. ამ მოცემულობაში კი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია, რომ ფაქტობრივი მფლობელობა ვერ იქნება უპირატესი უფლება საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებულ მდგომარეობასთან მიმართებით.

საკასაციო პალატა, აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).

საკასაციო პალატა შეჯამების მიზნით მიუთითებს, რომ სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი თ.მ-ის უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის სადავო ნაწილში (27 კვ.მ. ფართის ნაწილში) გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი. პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ც.მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს კასატორის - ც.მ-ის წარმომადგენლის მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2025 წლის 28 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 23 აპრილის N5002304525 დასკვნის საქმეზე დართვა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა - განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც.მ-ის მიერ 2025 წლის 23 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაზე დართული ახალი მტკიცებულების კვლევა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც ც.მ-ის უარი უნდა ეთქვას მტკიცებულების დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ც.მ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ა.პ-ის მიერ 2024 წლის 27 დეკემბერს (საგადახდო დავალება №...) საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ც.მ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს ა.პ-ის მიერ 2024 წლის 27 დეკემბერს (საგადახდო დავალება №...) საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი