საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1319(კ-24) 20 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ზ-ი
მესამე პირები (სასკ 16.2) - ვ.გ-ი, რ.გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 24 აგვისტოს ნ.ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 1 აგვისტოს №IDP 2 23 00002552 ბრძანების, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე’’, ნ.ზ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის, მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ.გ-ი და რ.გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნას ცნობილი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 1 აგვისტოს №IDP 2 23 00002552 ბრძანება, ნ.ზ-ის ნაწილში; მოპასუხეს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ.ზ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის (დანართი N1) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში და აღნიშნა, რომ მოსარჩელე და საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული მისი ოჯახის წევრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახია. რომლებიც ექცევიან ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმის დაცვის სფეროში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაზე, რომლითაც შეფასებულია ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...სა და სოფ. ...ის დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე (სოფ. ...ის მონაკვეთი) არსებული მდგომარეობა. დასკვნის თანახმად, ‘’თებერვალ-მარტის თვეში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (წვიმა, თოვლი) ინტენსიურად ჩაიჟონა (ინფილტრაცია) ფერდობის ამგებ მეოთხეული ასაკის თიხნაროვან გრუნტებში და გამოიწვია მისი ზღვრული გადატენიანება, რის შედეგადაც მოხდა ერთიანი მეწყრული სხეულის ლოკალური უბნის რეაქტივაცია, რასაც ასევე ხელი შეუწყო ფერდობის დიდმა დახრილობამ. ზემოთ ხსენებული საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე გაჩნდა საკმაოდ დიდი ზომის ძვრის ნაპრალები და დეფორმაციები. ნაპრალების სიგანე ზოგ შემთხევაში რამდენიმე ათეული სანტიმეტრია. მეწყრული სხეულის ცალკეული უბნები იმყოფება პერიოდული გააქტიურების ფაზაში, რაზეც მოწმობს ფერდობზე მოწყვეტილი და მდ. ...ის კალაპოტის ვაკისისკენ გადაადგილებული გრუნტის მასა, რომელმაც ინტენსიური გაწყლოვანების პირობებში 12 დენად-პლასტიური ხასიათი მიიღო (მოქ. ნ.ზ-ის სამეურნეო ნაკვეთი). პროცესის გააქტიურებაში გარკვეული როლი ითამაშა საავტომობილო გზის ზედა მხარეს არსებულმა ბეტონის სანიაღვრე არხმა, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რადგან რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და შესაბამისად ზედაპირული ჩამონადენი წყლები შეუბრკოლებრივ ჩაიჟონება (ინფილტრაცია) ფერდობულ ნალექებში. მეწყრული სხეული რელიეფურად ტალღობრივ-ბორცვიანია, მოძრაობის დინამიკა კი საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება გააქტიურებულ უბანს მისი სიგანე 100მ-ია, ხოლო სიგრძე 130 მ. არსებობს იმის საფუძველი, რომ მეწყრულმა პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. გააქტიურებული მეწყრული სხეულის კონტურშია მოხვედრილი მოქ. ნ.ზ-ის ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი (...; ...) და საკარმიდამო ნაკვეთი. სახლის მზიდ კედლებზე ძირითადად ფიქსირდება ვერტიკალური და დიაგონალური მიმართულების ბზარები. მოქალაქის სამეურნეო ნაკვეთში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ფიქსირდება გააქტიურებული უბანი, რომელიც სახლიდან დაშორებული დაახლოებით 18-20 მ-ით, ხოლო ძვრის ნაპრალი, რომელიც საავტომობილო გზაზე აღინიშნება უშუალოდ მიმართულია ეზოში შემავალი რკინის ჭიშკრისკენ. დეფორმირებულია ეზოს შემომსაზღვრელი რკინის ღობეც, რომელსაც აქვს ბეტონის საძირკველი. ‘’
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე 2023 წლის 31 მარტის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაზე, რომლის თანახმად, ...ის რაიონი, სოფელი ...ში, ნ.ზ-ის საკუთრებაში არსებული სახლის ვიზუალური დათვალიერებით იკვეთება, რომ სახლი არის ორ სართულიანი, რომელსაც აღენიშნება ბზარები. სახლის მიმდებარედ შეინიშნება მეწყერი. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და ისინი საჭიროებენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.
სააპალაციო სასამართლომ მიუთითა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 1 ნოემბრის №74-742330526 ცნობაზე, რომლითაც ...ის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს, რომ ნ.ზ-ი, ვ.გ-ი და რ.გ-ი ცხოვრობენ ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ...ში. ასევე, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 7 აპრილის №74-74230974 წერილზე, რომლის თანახმად, დანართში მითითებულ ოჯახთან ერთად, მათ შორის ნ.ზ-ის ოჯახთან, საცხოვრებელ სახლებში სხვა ოჯახი არ ფიქსირდება და აღნიშნული ოჯახები, გარდა სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა, არ ფლობენ სხვა საცხოვრებელ სახლს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე საქმეში წარმოდგენილ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 15 მარტის №74-742307421 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოსალოდნელი საშიშროების რისკის გათვალისწინებით ნ.ზ-ის ოჯახი გაყვანილ უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია. სასამართლოს შეფასებით, არაგონივრულია ნ.ზ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ალტერნატიულ ფართში ცხოვრების შესაძლებლობაზე მითითებით, ვინაიდან უტყუარად არ დადგენილა გ.გ-ის საცხოვრებელი სახლით შეუზღუდავი სარგებლობის შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება, იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რომლითაც შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ფორმალურად არის ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა და გამოიკვლია.
კასატორის განმარტებით, სააგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვენლოვანი გარემოებები. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დაზარალების მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, მოხდა სახლის ვიზუალური დათვალიერება და შეივსო შესაბამისი კითხვარი. მონიტორინგის მასალები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები სრულად წარედგინა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულრებელ კომისიას, რომელმაც არ დააკმაყოფილა მოსარჩელის განაცხადი. სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილ მოსარჩელის ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება. სახლი არის დიდი ხნის დაზიანებული, მიტოვებული და მოსარჩელეს აქვს საშუალება ისარგებლოს ამჟამინდელი ფაქტობრივი საცხოვრებლით. სააგენტო კი ვალდებულია ისეთი ოჯახების საკითხი დააკმაყოფილოს, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება დაზარალების მისამართზე ცხოვრებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ დაიცვა ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მოსარჩელე არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ..., სოფელი ..., საკადასტრო კოდით - № ..., რეგისტრირებულია ვ.გ-ის, რ.გ-ის, ნ.ზ-ის, გ.გ-ის და ნ.ა-ის სახელზე.
2023 წლის 15 მარტს ნ.ზ-მა, საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკომიგრანტის მიერ წარდგენილი სახლის შესყიდვის მოთხოვნით. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად და დაზარალების მისამართად მიუთითა: იმერეთი, ...ი ს. .... განმცხადებელმა მიუთითა, რომ სახლის მზიდ კედლებზე ფიქსირდება ვერტიკალური და დიაგონალური მიმართულების ბზარები. 2023 წლის 21 მარტს ნ.ზ-მა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს და განაცხადში ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე - რ.გ-ი, მამამთილი - ვ.გ-ი.
...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 7 აპრილის №74-74230974 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაეგზავნა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების ფორმის დანართები და დაზიანებული სახლების ფოტომასალები. ასევე ეცნობათ, რომ დანართში მითითებულ ოჯახთან ერთად, მათ შორის ნ.ზ-ის ოჯახთან, საცხოვრებელ სახლებში სხვა ოჯახი არ ფიქსირდება და აღნიშნული ოჯახები, გარდა სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა არ ფლობენ სხვა საცხოვრებელ სახლს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...სა და სოფ. ...ის დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე (სოფ. ...ის მონაკვეთი) არსებული მდგომარეობის შესახებ) ირკვევა, რომ სოფ. 3 ...სა და სოფ. ...ის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა (სოფ. ...ის მონაკვეთი) მდებარეობს (... ...) მდ. ...ას მარჯვენა შენაკადის მდ. ...ის მარჯვენა ბორტზე, ზღვის დონიდან 411 მ-ზე, სამხრეთ_დასავლეთის ექსპოზიციის ცვალებადი დახრილობის ძველმეწყრული ფერდობის ზედა ნიშნულზე. ტერიტორია მორფოლოგიურად მოიცავს იმერეთის რეგიონის დაბალმთიან ზონას. საქართველოს ტექტონიკური დანაწევრების სქემის მიხედვით (ე.გ-ე 2003 წ.) ტერიტორია მიეკუთვნება ამიერკავკასიის მთათაშუა არის ცენტრალური აზევების ზონის, ...ის ქვეზონას ანაოჭებული მეზოზოურ-კაინოზოური დანალექი საფარი). ფერდობი აგებულია შუა იურული ასაკის ძმუისის წყების ფურცლოვანი თიხებით, რომლებიც გადაფარულია სხვადასხვა სიმძლავრის ფერდობული ნალექებით. თებერვალ-მარტის თვეში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (წვიმა, თოვლი) ინტენსიურად ჩაიჟონა (ინფილტრაცია) ფერდობის ამგებ მეოთხეული ასაკის თიხნაროვან გრუნტებში და გამოიწვია მისი ზღვრული გადატენიანება, რის შედეგადაც მოხდა ერთიანი მეწყრული სხეულის ლოკალური უბნის რეაქტივაცია, რასაც ასევე ხელი შეუწყო ფერდობის დიდმა დახრილობამ. ზემოთ ხსენებული საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე გაჩნდა საკმაოდ დიდი ზომის ძვრის ნაპრალები და დეფორმაციები. ნაპრალების სიგანე ზოგ შემთხევაში რამდენიმე ათეული სანტიმეტრია. მეწყრული სხეულის ცალკეული უბნები იმყოფება პერიოდული გააქტიურების ფაზაში, რაზეც მოწმობს ფერდობზე მოწყვეტილი და მდ. ...ის კალაპოტის ვაკისისკენ გადაადგილებული გრუნტის მასა, რომელმაც ინტენსიური გაწყლოვანების პირობებში დენად-პლასტიური ხასიათი მიიღო (მოქ. ნ.ზ-ის სამეურნეო ნაკვეთი). პროცესის გააქტიურებაში გარკვეული როლი ითამაშა საავტომობილო გზის ზედა მხარეს არსებულმა ბეტონის სანიაღვრე არხმა, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რადგან რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და შესაბამისად ზედაპირული ჩამონადენი წყლები შეუბრკოლებრივ ჩაიჟონება (ინფილტრაცია) ფერდობულ ნალექებში. მეწყრული სხეული რელიეფურად ტალღობრივ-ბორცვიანია, მოძრაობის დინამიკა კი საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება გააქტიურებულ უბანს მისი სიგანე 100მ-ია, ხოლო სიგრძე 130 მ. არსებობს იმის საფუძველი, რომ მეწყრულმა პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. გააქტიურებული მეწყრული სხეულის კონტურშია მოხვედრილი მოქ. ნ.ზ-ის ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი (...; ...) და საკარმიდამო ნაკვეთი. სახლის მზიდ კედლებზე ძირითადად ფიქსირდება ვერტიკალური და დიაგონალური მიმართულების ბზარები. მოქალაქის სამეურნეო ნაკვეთში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ფიქსირდება გააქტიურებული უბანი, რომელიც სახლიდან დაშორებული დაახლოებით 18-20 მ-ით, ხოლო ძვრის ნაპრალი, რომელიც საავტომობილო გზაზე აღინიშნება უშუალოდ მიმართულია ეზოში შემავალი რკინის ჭიშკრისკენ. დეფორმირებულია ეზოს შემომსაზღვრელი რკინის ღობეც, რომელსაც აქვს ბეტონის საძირკველი. ამჟამად არსებული რთული გეოდინამიკური პირობების და მოსალოდნელი საშიშროების რისკის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ მოქალაქე ნ.ზ-ის ოჯახი გადაყვანილ უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილზე. ასევე უნდა აიკრძალოს ფერდობის (სახნავ- სათესი ნაკვეთი) სამეურნეო მიზნით დამუშავება.
2023 წლის 31 მარტის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ...ის რაიონი, სოფელი ...ში, ნ.ზ-ის საკუთრებაში არსებული სახლის ვიზუალური დათვალიერებით, იკვეთება, რომ სახლი არის ორ სართულიანი, რომელსაც აღენიშნება ბზარები. სახლის მიმდებარედ შეინიშნება მეწყერი. გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ოჯახი გასაყვანია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე. ოქმში მითითებულია, რომ ოჯახის შემადგენლობაში შედის ნ.ზ-ი, რ.გ-ი (მეუღლე) და ვ.გ-ი (მამამთილი). მონიტორინგის დროს ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა მისამართზე.
ამავე ოქმის თანახმად, ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს, შემდეგ პირებთან: გ.გ-ი (შვილი; საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №12); ა.ო-ე (რძალი; საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №12); ნ.გ-ი, ე.გ-ი (შვილიშვილები; საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №12 ), ნ.ა-ე (შვილი, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №36); დ.ა-ე (სიძე, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №36); ნ.ა-ე, ტ.ა-ე (შვილიშვილები, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №36); ნ.გ-ი (შვილი, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...); დ.ნ-ი (სიძე, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...); ა.ნ-ი, ლ.ნ-ი, თ.ნ-ი (შვილიშვილები, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...); ც.გ-ი (მული, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ...); მ.გ-ი (მული, საცხოვრებელი ადგილი - ქ. ქუთაისი, ... №39).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2023 წლის 21 ივლისის №10 საოქმო გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №12-ში მდებარე, შვილის გ.გ-ის საცხოვრებლით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ამდენად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ.ზ-ს, ვ.გ-ს და რ.გ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 1 აგვისტოს №IDP 2 23 00002552 ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახთა (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების 5 პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2023 წლის 21 ივლისის №10 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის ნ.ზ-ი, ვ.გ-ი და რ.გ-ი.
...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 1 ნოემბრის 74-742330526 ცნობის თანახმად, ნ.ზ-ი, ვ.გ-ი და რ.გ-ი ცხოვრობენ ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ...ში.
საქმეში წარმოდგენილია ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 15 მარტის №74-742307421 წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ მოსალოდნელი საშიშროების რისკის გათვალისწინებით ნ.ზ-ის ოჯახი გაყვანილ უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილზე. მუნიციპალიტეტის მერია ნ.ზ-ის ოჯახს სთავაზობს დროებით განსახლებისთვის შეარჩიონ ალტერნატიული ფართი, რომლის სარგებლობის (ქირის) ღირებულება ანაზღაურებული იქნება ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა, №12 (№6)-ის (საკადასტრო კოდი - №....) მესაკუთრეებს წარმოადგენენ - ა.ო-ე და მ.გ-ი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი№1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ.ზ-მა, საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, 2023 წლის 15 მარტის №22-113021 განცხადებაში მიუთითა, რომ სახლის მზიდ კედლებზე ფიქსირდება ვერტიკალური და დიაგონალური მიმართულებების ბზარები. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად და დაზარალების მისამართად მიუთითა: იმერეთი, ... ს. .... 2023 წლის 21 მარტს ნ.ზ-მა დამატებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს და განაცხადში ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე - რ.გ-ი, მამამთილი - ვ.გ-ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2023 წლის 21 ივლისის №10 საოქმო გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №12-ში მდებარე, შვილის გ.გ-ის საცხოვრებლით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ამდენად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ.ზ-ს, ვ.გ-ს და რ.გ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 1 აგვისტოს №IDP 2 23 00002552 ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2023 წლის 21 ივლისის №10 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მართ შორის ნ.ზ-ი, ვ.გ-ი და რ.გ-ი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე: გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაზე, რომლითაც შეფასებული იქნა ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...სა და სოფ. ...ის დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე (სოფ. ...ის მონაკვეთი) არსებული მდგომარეობა; ასევე ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 15 მარტის №74-742307421 წერილზე, სადაც მითითებულია, რომ მოსალოდნელი საშიშროების რისკის გათვალისწინებით ნ.ზ-ის ოჯახი გაყვანილ უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილზე; ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 7 აპრილის №74-74230974 წერილზე, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაეგზავნა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების ფორმის დანართები და დაზიანებული სახლების ფოტომასალები და ეცნობათ, რომ დანართში მითითებულ ოჯახთან ერთად, მათ შორის ნ.ზ-ის ოჯახთან, საცხოვრებელ სახლებში სხვა ოჯახი არ ფიქსირდება და აღნიშნული ოჯახები, გარდა სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა არ ფლობენ სხვა საცხოვრებელ სახლს.
აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ შეფასებულა ის გარემოებები, რაც ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების აუცილებლობას უქმნიდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შვილის საცხოვრებელი სახლით შეუფერხებელი სარგებლობა ვერ იქნება საკმარისი არგუმენტი, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა N12-ში მდებარე უძრავი ქონება არ წარმოადგენს ნ.ზ-ის შვილის გ.გ-ის საკუთრებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.გ-ი ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა N12-ში ცხოვრობს ოჯახით (მეუღლე და შვილები). აღნიშნული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით (საერთო ფართი 57.98 კვმ და დამხმარე ნაგებობები: 18.59 კვმ და 2.78 კვმ) რეგისტრირებულია გ.გ-ის მეუღლის ა.ო-ის სახელზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ.ზ-ის (ასევე ვ.გ-ის და რ.გ-ის) ცხოვრება არც სხვა შვილების (ნ.ა-ის და ნ.გ-ის) უძრავ ქონებაში. ასეც რომ იყოს, არ შეიძლება ეკომიგრანტს განუსაზღვრელად გაუჭიანურდეს სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ კანონით გარანტირებული უფლება. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, „მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის №ბს-1161(კ-20) განჩინება).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი შვილის საკუთრებას წარმოადგენს, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს მოცემულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არაგონივრულია ნ.ზ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ალტერნატიულ ფართში ცხოვრების შესაძლებლობაზე მითითებით, მით უფრო იმ არგუმენტის მხედველობაში მიღებით, როდესაც აღნიშნულის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავენ მას. აღნიშნული კი მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ნ.ზ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე