Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1322(კ-24) 12 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.კ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.კ-ემ 2023 წლის 30 ივნისის სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრი მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის N2023/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გ.კ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ; ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 20 ივნისის SSA 7 23 00580222 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 01 თვის ვადაში, რომლითაც მოსარჩელე გ.კ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით გ.კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის N2023/5 გადაწყვეტილება გ.კ-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 20 ივნისის SSA 7 23 00580222 გადაწყვეტილება გ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 01 თვის ვადაში, რომლითაც მოსარჩელე გ.კ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის-ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით კვლავ ადმინისტრაციულმა ორგანომ- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და იმავე სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრმა გაასაჩვრეს, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმები. გ.კ-ე 2011 წლის 01 აპრილიდან მუშაობს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ...ში ...ის თანამდებობაზე. აღნიშნული დაწესებულება, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ...ოს სერვის ცენტრმა იხელმძღვანელა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ადგენს, რომ პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება, აქედან გამომდინარე მოსარჩელეს უარი ეთქვა მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. კასატორის განმარტებით კი, უშუალოდ სსიპ-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ...ის ...ში ნებისმიერ პოზიციაზე შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში, კანონით დადგენილი პირობებით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისათვის პენსიის შეწყვეტის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.კ-ე დაბადებულია ... წლის ... ...ს და არის საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) დაენიშნა 2016 წლის 01 მარტიდან პირადი განცხადების საფუძველზე, თვეში 160 ლარის ოდენობით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 იანვრის N05/145 წერილის თანახმად, გ.კ-ე 2011 წლის 01 აპრილიდან მუშაობს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ...ში ...ის თანამდებობაზე.

სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 03 იანვრის N2023/3 გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 28 დეკემბრის N SSA 9 22 00703543 წერილის საფუძველზე, გ.კ-ეს 2023 წლის 01 იანვრიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) მიღება საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის 2023 წლის 17 იანვრის N SSA 4 23 00047311 შეტყობინებით გ.კ-ეს ეცნობა, რომ მას შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება. ამავე შეტყობინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ იგი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რაც დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან 2022 წლის 28 დეკემბერს მიწოდებული ინფორმაციით, ხოლო აღნიშნულის თაობაზე მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ინფორმაცია არ წარუდგენია. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 27 იანვრის N05/145 წერილისა და პირადი განცხადების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 27 იანვრის N2023/4 გადაწყვეტილებით გ.კ-ეს 2023 წლის 01 თებერვლიდან განუახლდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და აუნაზღაურდა 2023 წლის იანვრის თვის სახელმწიფო პენსია. გ.კ-ის ყოველთვიური პენსია შეწყვეტამდე შეადგენდა 365 ლარს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 აპრილის NSSA 5 23 00439858 3 წერილით (თანდართული რეესტრი) ეცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან 2023 წლის მარტის მდგომარეობით მიღებული ინფორმაციისა და 2023 წლის აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო გასაცემლების ბაზის ურთიერთშედარების შედეგად, ცნობილი ორგანიზაციულ-ფორმის დაწესებულებებში საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ბენეფიციართა მონაცემები, რომლის შესაბამისადაც, გ.კ-ე ახორციელებს საჯარო საქმიანობას სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და ამავდროულად იღებს სახელმწიფო პენსიას.

გ.კ-ეს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 27 აპრილის N2023/5 გადაწყვეტილებით 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის N SSA 5 23 00467811 შეტყობინების თანახმად, გ.კ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგი დასაქმებულია საჯარო სამსახურში - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რის გამოც 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის N SSA 5 23 00467811 შეტყობინება გ.კ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 02 ივნისის N SSA 7 23 00580222 გადაწყვეტილებით გ.კ-ეს უარი ეთქვა 2023 წლის 16 მაისის N511422 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის 07 მაისის N... შეტყობინების თანახმად, ბიურომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე- 3 მუხლისა და ამავე კანონის 1261-ე მუხლის თანახმად, კულტურული საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას. ასევე, მისი თანამშრომელი არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე მოხელედ. შესაბამისად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და ასევე, არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კომპენსაციაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომის შემთხვევაში (ასაკი), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმურია, რადგან საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნის გარკვეულ ფინანსურ რისკებს, თუმცა კანონმდებელმა ამავდროულად დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ- არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ასევე, სააგენტოს შემადგენლობაშია ...ის მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი, მუცოს მუზეუმ- ნაკრძალი და ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.

ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო- კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ)სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ)მუზეუმებთან და მუზეუმ- ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი)მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული დებულება ცალკე გამოყოფს სააგენტოს სამსახურებს, რომლებიც გათვალისწინებულია შემდეგი სახით: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ)საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).

საკასაციო პალატა ზემოთ დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ...ის მუზეუმ-ნაკრძალი არის სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნაწილი, თუმცა იგი არ წარმოადგენს სააგენტოს სამსახურს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების ნორმები ცალსახად ადგენს განსხვავებას მუზეუმ-ნაკრძალის ფუნქცია-მოვალეობებსა და სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობებს შორის, შესაბამისად, ...ის მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეული (სამსახურები), ვინაიდან აღნიშნული სამსახურები გამიჯნულია სააგენტოს დებულებითაც და ამგვარი მსჯელობის საშუალებას არ იძლევა მოქმედი კანონმდებლობა.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია, კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები, თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე დასაქმებულია ...ის ...ში, თავის მხრივ, “მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მუზეუმის ტიპის დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით მიჩნეულია საგამონაკლისო საქმიანობად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გ.კ-ისათვის ამ საფუძვლით სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტის წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე