საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1327(2კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მოპასუხე) და ა.ბ-ის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ი-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 დეკემბერს ზ.ი-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზ.ი-ის განცხადებასთან დაკავშირებით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, გამოიკვლიოს მტკიცებულებები და მისცეს შეფასება ზ.ი-ის მოთხოვნა ჯდება თუ არა აჭარის ა.რ. მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N... განკარგულებით დამტკიცებული ,,...ის პროგრამის“ ფარგლებში და შესაბამისად, მის განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებასა და კომპენსაციის გაცემას ან/და მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით, ზ.ი-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
2020 წლის 24 თებერვალს ზ.ი-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ა.ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,...ს მუნიციპალიტეტში კურორტ ...ზე დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 28 ივლისის №... ბრძანებისა და ...ის პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისიის 2017 წლის 28 ივლისის №3 სხდომის ოქმის ნაწილობრივ, ა.ბ-ის ნაწილში, ბათილად ცნობა; ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის, 2018 წლის 11 სექტემბრის და 2018 წლის 16 ოქტომბრის წერილების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ.ი-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დააკმაყოფილოს ზ.ი-ის განცხადება, დადგინდეს მის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის ფაქტი და გაიცეს მასზე „...ის პროგრამით“ გათვალისწინებული კომპენსაცია.
2023 წლის 12 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 28 ივლისის N ... ბრძანება ,,...ს მუნიციპალიტეტში კურორტ ...ზე დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ანდა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის შესახებ“ და ...ს მუნიციპალიტეტის კურორტ ...ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისიის 2017 წლის 28 ივლისის სხდომის ოქმი N3 ა.ბ-ის ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის, 2018 წლის 11 სექტემბრის და 2018 წლის 16 ოქტომბრის წერილები ზ.ი-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კომპენსაციის გაცემის თაობაზე ზ.ი-ის განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ა.ბ-ის მიერ. ა.ბ-ემ ასევე გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა.ბ-ის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამებოდა კანონს, რადგან ისინი მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც სადავო საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცესუალური მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას ქმნიდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტების მითითებით, არ არსებობდა არათუ გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლები, რადგან ისინი გამოიცა საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი გარემოებების გამოკვლევით, არამედ ზ.ი-ის სარჩელი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი. კერძოდ, როგორც ა.ბ-ე, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასამართლოში სარჩელის წარდგენის ვადა, რის გამოც სარჩელი დაუშვებელია. შესაბამისად, დამატებით, ა.ბ-ე პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ საოქმო განჩინების გაუქმებასაც ითხოვდა, რომლითაც უარი ეთქვა მას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამადგომლობის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია დაუშვებლობის მოტივით სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ, მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მართალია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №01-01-10/1770 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლი აწესებს აუცილებელი რეკვიზიტების ჩამონათვალს. სააპელაციო პალატის განმარტებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გასაჩივრების წესის და იმ ორგანოს მითითების აუცილებლობა, სადაც აქტი შეიძლება გასაჩივრდეს, დაკავშირებულია აქტის გასაჩივრების ვადების ათვლასთან. სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტი მისი გასაჩივრების წესის მითითებაა. აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია აქტის ადრესატს განუმარტოს მის მიერ გამოცემული აქტის გასაჩივრების წესი და ვადა, რასაც როგორც სადავო აქტების შინაარსით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, როდესაც ზ.ი-ემ 2018 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, მოითხოვა მისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აქტების ბათილად ცნობა და ამავე დროს იმ აქტების ბათილად ცნობაც, რაც გახდა მისთვის უარის თქმის საფუძველი, სააპელაციო პალატის შეფასებით, მისი მხრიდან აქტის გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გაშვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა სარჩელზე დაუშვებლობის მოტივით წარმოების შეწყვეტისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირველ მუხლზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებაზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა ფორმალური საფუძველი ა.ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სადავო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა ზ.ი-ის მიერ სამინისტროში წარდგენილი განცხადებაც, ფორმალურად აკმაყოფილებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულების მე-5 მუხლის მოთხოვნებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია ზ.ი-ის განცხადებაზე და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს მხრიდან უკვე დაკმაყოფილებული იყო უფრო ადრე წარდგენილი განცხადება, უარი უთხრა ზ.ი-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს არათუ ისე, რომ არ შეუმოწმებია ზ.ი-ის მოთხოვნის კანონიერების საკითხი და საფუძვლები, არამედ მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი განცხადება წინააღმდეგობაში მოვიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებასთან, არც გადაუმოწმებია უკვე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას შეადგენდა და რაც მიღწეული იქნებოდა ზ.ი-ის განცხადებაზე სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემთხვევაში.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ერთგვარად ფორმალურად მიუდგა მის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტას და სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე უთხრა ზ.ი-ეს უარი საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების რეალიზებაზე, რომ არც კი გამოურკვევია, იყო თუ არა მისი ეს უფლება ნამდვილი. ადმინისტრაციული ორგანო, ყოველგვარი კრიტიკისა და გადამოწმების გარეშე, დაეყრდნო ვადაში უფრო ადრე წარდგენილ განცხადებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე იმავე წესით და იმავე მოთხოვნების დაცვით წარდგენილი ახალი განცხადება წინააღმდეგობაში მოდიოდა ა.ბ-ის განცხადებასთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული გარემოება, როგორც მინიმუმ, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას განაპირობებდა, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტებოდა, რატომ დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო ა.ბ-ის განცხადებას და რატომ თვლიდა უსაფუძვლოდ ზ.ი-ის მოთხოვნას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ა.ბ-ის მიერ.
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სამინისტრომ როგორც ა.ბ-ის, ასევე ზ.ი-ის განცხადებების საფუძველზე ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებები და გამოსცა შესაბამისი აქტები. კასატორის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში გამოსაკვლევი იყო მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება ა.ბ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაიცა კომპენსაცია, იდენტური იყო თუ არა ზ.ი-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის. აღნიშნული გარემოების დადგენის შემთხვევაში კი, ზ.ი-ეს აქვს უფლება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ა.ბ-ისგან მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება. კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტრომ კანონის სრული დაცვით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და დაადგინა, რომ ზ.ი-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან იგი უკვე გამოსყიდულია ა.ბ-ის განცხადების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კასატორის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან იგი ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად იქნა მიღებული. იმ გარემოების შეფასება კი, თუ რატომ იქნა ზ.ი-ის მიერ იგივე მიწის ნაკვეთი აზომილი და წარდგენილი კომპენსაციის მისაღებად სამინისტროში, კასატორის პოზიციით, წარმოადგენს ორ ფიზიკურ პირს შორის კერძოსამართლებრივი დავის საგანს და ადმინისტრაციული ორგანო მასში ვერ ჩაერევა.
კასატორი - ა.ბ-ე აღიშნავს, რომ ზ.ი-ე 2018 წლის 20 დეკემბერს შეტანილი სარჩელით ითხოვდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას მისი მოთხოვნის შესასწავლად, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა კი მან მოითხოვა მხოლოდ 2020 წლის 24 თებერვალს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავის საგნის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის მიმართ არ არსებობდა ზ.ი-ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ასევე, სადავო აქტები წარმოადგენდნენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ზ.ი-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, რითაც გაცდნენ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ფაქტობრივად სრულად დააკმაყოფილეს სარჩელის მეორე მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ა.ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მაისს ა.ბ-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით დამტკიცებული „...ს მუნიციპალიტეტის კურორტ ,,...ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 28 661 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. განცხადებას თან ერთვოდა და ასევე შემდგომში სამინისტროსთვის დამატებით იქნა წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, 1923 წლის ოქმი N6, მოწმეთა და ასევე, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები.
...ის პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისიის 2017 წლის 28 ივლისის №3 სხდომის ოქმის თანახმად, ნაწილობრივ, 26 857 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, დაკმაყოფილდა ა.ბ-ის განცხადება და მის სარგებლობაში არსებული 26 857 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მას მიეცა კომპენსაცია 161 142 ლარის ოდენობით (1 კვ.მ.= 6ლ). აღნიშნული ოქმის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2017 წლის 28 ივლისს გამოიცა №... ბრძანება „...ის მუნიციპალიტეტში კურორტ ...ზე დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის შესახებ“ და 2017 წლის 2 აგვისტოს შედგა ხელშეკრულება ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის შეწყვეტისა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს ზ.ი-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის კურორტ ,,...ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 4 762 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. განცხადებას თან ერთვოდა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მოწმეთა და ასევე, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები.
აღნიშნული განცხადების პასუხად, ზ.ი-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №01-01-10/1770 წერილით ეცნობა, რომ მისი განცხადება განხილული იქნა „...ის პროგრამის” (დამტკიცებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით) ფარგლებში, რა დროსაც დადგინდა, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი ხსენებული პროგრამის ფარგლებში სრულად იყო გამოსყიდული ა.ბ-ისაგან. ამდენად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ზ.ი-ის მოთხოვნა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს ზ.ი-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აღნიშნა, რომ ზ.ი-ის 2017 წლის 19 დეკემბრის განცხადების საფუძველზე სამინისტროს მიერ არ იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოცემულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას თან ერთვოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით დამტკიცებული „...ის პროგრამის” მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ზ.ი-ის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული განცხადების პასუხად, ზ.ი-ის წარმომადგენელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 11 სექტემბრის №01-01-10/3688 წერილით ეცნობა, რომ სამინისტრომ ზ.ი-ის 2017 წლის 19 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და როგორც განმცხადებლისთვის ცნობილია განცხადება განხილული იქნა „...ის პროგრამის” (დამტკიცებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით) ფარგლებში, რა დროსაც დადგინდა, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი ხსენებული პროგრამის ფარგლებში სრულად იყო გამოსყიდული ა.ბ-ისაგან. ამდენად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ზ.ი-ის მოთხოვნა, რის თაობაზეც განმცხადებელს ეცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №01-01-10/1770 წერილით. სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ მითითებული წერილი ზემოაღნიშნული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ითვლებოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. შესაბამისად, ზ.ი-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება იყო დასრულებული და მას შეეძლო ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 ოქტომბერს ზ.ი-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა ზ.ი-ის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული განცხადების პასუხად, ზ.ი-ის წარმომადგენელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 16 ოქტომბრის №01-01-10/4165 წერილით ეცნობა, რომ სამინისტროს 2018 წლის 11 სექტემბრის №01-01-10/3688 წერილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, 2018 წლის 8 ოქტომბრის განცხადების განუხილველად უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამდენად, მას შეეძლო ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ,,...ის მუნიციპალიტეტში კურორტ ...ზე დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 28 ივლისის №... ბრძანებისა და ...ის პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისიის 2017 წლის 28 ივლისის №3 სხდომის ოქმის ნაწილობრივ, ა.ბ-ის ნაწილში, ბათილად ცნობა; ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის, 2018 წლის 11 სექტემბრის და 2018 წლის 16 ოქტომბრის წერილების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ.ი-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დააკმაყოფილოს ზ.ი-ის განცხადება, დადგინდეს მის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის ფაქტი და გაიცეს მასზე „...ის პროგრამით“ გათვალისწინებული კომპენსაცია.
საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; ე) გამოცემის დროსა და ადგილს; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №01-01-10/1770 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ, რასაც ადრესატისთვის მოყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, თუმცა მასში არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლება აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გასაჩივრების წესის და იმ ორგანოს მითითების აუცილებლობა კი, სადაც აქტი შეიძლება გასაჩივრდეს, დაკავშირებულია აქტის გასაჩივრების ვადების ათვლასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ ,,...ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვითაც, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-226-223 (2კ-14) 23.09.2014, №ბს-168-16 (კს-09) 28.04.2009, ბს-№1433-1391 (კ-08) 17.03.2009, №ბს-168-162(კს-09) 28.04.2009, №ბს-1433-1391(კ-08) 17.03.2009 განჩინებები).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტი მისი გასაჩივრების წესსა და ვადაზე მითითებაა. აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია აქტის ადრესატს განუმარტოს მის მიერ გამოცემული აქტის გასაჩივრების წესი და ვადა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ზ.ი-ემ 2018 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და შემდგომ, სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები/წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, განუხილველად დატოვების შესახებ წერილებისა და მათ საფუძვლად არსებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მისი მხრიდან აქტის გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გაშვებას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მართალია მოსარჩელე 2018 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი სარჩელით არ ითხოვდა სადავო აქტების ბათილად ცნობას და ამ მოთხოვნით დაზუსტებული სარჩელი 2020 წლის 24 თებერვალს წარადგინა, თუმცა თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნისა და შინაარსის გათვალისწინებით, ცალსახა იყო მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ინტერესი. ამდენად, თავდაპირველი და დაზუსტებული მოთხოვნები, სარჩელები ვერ იქნება მიჩნეული ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოთხოვნებად, სარჩელებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე.
დავის საგნის არსებით შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდა ,,...ის პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ...ის პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) ადგენს აღნიშნულ დასახლებაში ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კომპენსაციის სპეციალურ პირობებსა და წესს, რომელიც მოქცეულია კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმაში. მითითებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპენსაციის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან/და ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე სამინისტროს მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, აღნიშნული პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ დაინტერესებულმა პირმა კომპენსაციის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამინისტროს უნდა წარუდგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და ფაქტობრივი სარგებლობის (საკუთრების უფლების გარეშე დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტები), ასევე სხვა დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, უძრავ ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა ადმინისტრაციული წარმოების ჩამტარებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ფაქტობრივი მფლობელობის პერიოდის შესახებ; ბ) დასახლებაში უძრავი ნივთის მესაკუთრის, მართლზომიერი ან/და ფაქტობრივი მფლობელის არანაკლებ 2 პირის (მოწმის) და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება სამინისტროს სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დადასტურება, რომ დაინტერესებული პირი სარგებლობს უძრავი ნივთით წინამდებარე პროგრამის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში. ასევე, თუ უძრავ ნივთს სარგებლობს ოჯახი ან/და სხვადასხვა პირები ერთობლივად, მითითებული უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიეთითოს, რომ უძრავი ნივთი სხვა პირების მფლობელობაში არ იმყოფება; გ) დაინტერესებული პირის და ოჯახის წევრთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და სხვა დოკუმენტი, რომლებიც მხოლოდ მათთან ინახება და რომლებიც არსებითია გადაწყვეტილების მისაღებად; დ) საბანკო ანგარიში და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, თუ კომპენსაცია გააიცემა ერთზე მეტ სუბიექტზე; ე) სხვა დოკუმენტები, რომელიც დაინტერესებული პირის აზრით ადასტურებს უძრავ ნივთზე პროგრამის ამოქმედებამდე არანაკლებ 10 წლის განმავლობაში მის ფაქტობრივ მფლობელობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მაისს ა.ბ-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის კურორტ ,,...ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 28 661 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო აქტების თანახმად, ა.ბ-ეს მიეცა კომპენსაცია მის სარგებლობაში არსებული 26 857 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, 161 142 ლარის ოდენობით (1 კვ.მ.=6ლ).
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს ზ.ი-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის კურორტ ,,...ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 4 762 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული განცხადების პასუხად, ზ.ი-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №01-01-10/1770 წერილით ეცნობა, რომ მისი განცხადება განხილული იქნა „...ის პროგრამის” (დამტკიცებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით) ფარგლებში, რა დროსაც დადგინდა, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი ხსენებული პროგრამის ფარგლებში სრულად იყო გამოსყიდული ა.ბ-ისაგან. ამდენად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ზ.ი-ის მოთხოვნა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ა.ბ-ის, ასევე ზ.ი-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის წარდგენილ განცხადებებს თან ერთვოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №... განკარგულებით დამტკიცებული ,,...ის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, თუმცა სამინისტრომ ისე, რომ არსებითად არ უმსჯელია ზ.ი-ის მიერ წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაზე, 2018 წლის 26 აპრილის №01-01-10/1770 წერილით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით უარი უთხრა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი უძრავი ნივთი უკვე სრულად იყო გამოსყიდული ა.ბ-ისაგან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ა.ბ-ემ უფრო ადრე წარადგინა განაცხადი კომპენსაციის მიღების თაობაზე, არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის, ორივე განაცხადზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, მისთვის უპირატესობის მინიჭებისა და ზ.ი-ის მოთხოვნის მხოლოდ მითითებული მოტივით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში გამოსაკვლევი იყო მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება ა.ბ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაიცა კომპენსაცია, იდენტური იყო თუ არა ზ.ი-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის. აღნიშნული გარემოების დადგენის შემთხვევაში კი, ზ.ი-ეს აქვს უფლება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ა.ბ-ისგან მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება და ორ ფიზიკურ პირს შორის კერძოსამართლებრივ დავაში ადმინისტრაციული ორგანო ვერ ჩაერევა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო განცხადება, რომლის მოთხოვნაც ეწინააღმდეგებოდა სამინისტროს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, აღნიშნული ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არა განცხადების მითითებული საფუძვლით, უპირობოდ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, არამედ პირიქით, წარმოშობდა მის ვალდებულებას სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები, რაც არ გულისხმობს ფიზიკური პირების მიერ კერძოსამართლებრივი წესით სადავო საკითხის გადაწყვეტაზე მითითებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სუსგ №ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.; №ბს-974(2კ-19), 17.09.2020წ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ერთგვარად ფორმალურად მიუდგა მის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტას და სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მხოლოდ ფაქტების ზედაპირული შემოწმებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე უთხრა ზ.ი-ეს უარი საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების რეალიზებაზე, რომ არც კი გამოურკვევია, იყო თუ არა მისი ეს უფლება ნამდვილი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ყოველგვარი გადამოწმების გარეშე დაეყრდნო ვადაში უფრო ადრე წარდგენილ განცხადებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე იმავე წესით და იმავე მოთხოვნების დაცვით წარდგენილი ახალი განცხადება წინააღმდეგობაში მოდიოდა ა.ბ-ის განცხადებასთან. აღნიშნული გარემოება კი, როგორც მინიმუმ, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას განაპირობებდა, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტებოდა, რატომ დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო ა.ბ-ის განცხადებას და რატომ თვლიდა უსაფუძვლოდ ზ.ი-ის მოთხოვნას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მართებულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის - ა.ბ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ზ.ი-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, რითაც გაცდნენ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ფაქტობრივად სრულად დააკმაყოფილეს სარჩელის მეორე მოთხოვნა. ამგვარი მოცემულობა საქმის მასალებით დგინდება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს სადავო საკითხი არსებითად არ გადაუწყვეტია და ადმინისტრაციულმა ორგანომ იგი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ხელახლა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ა.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ა.ბ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.წ-ის (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 5 თებერვლის N... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ა.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინება;
3. ა.ბ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ.წ-ის (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 5 თებერვლის N... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი