Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1330(კ-24) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „... კლინიკა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება

დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 22 დეკემბერს შპს „... კლინიკამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 25.11.2022წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “... კლინიკის” ადმინისტრაციული საჩივარი და კლინიკას უარი ეთქვა ამავე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევის სრულად ანაზღაურებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან პაციენტ ვ. ი-ოს მიმართ სამედიცინო მომსახურება გაწეულია ჯეროვნად, დაავადების მართვის სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. ამდენად, სადავო შემთხვევა სრულად და არა ნაწილობრივ ექვემდებარება ანაზღაურებას.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №NHA 6 22 00399211 გადაწყვეტილებისა და ,,შპს ,,... კლინიკის’’ 2022 წლის 20 ოქტომბრის №439037 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის №NHA8 22 00577044 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხეს შპს ,,... კლინიკის’’ სასარგებლოდ პაციენტ - ვ. ი-ოს მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,... კლინიკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №NHA 6 22 00399211 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ,,შპს ,,... კლინიკის’’ 2022 წლის 20 ოქტომბრის №439037 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის №NHA8 22 00577044 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, შპს ,,... კლინიკის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პაციენტ - ვ. ი-ოს მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი-ო შპს “... კლინიკის” სტაციონარში მკურნალობდა 2022 წლის 8 მაისიდან 2022 წლის 26 მაისამდე. მისი ძირითადი დაავადება იყო - J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი, T17.5 უცხო სხეული ბრონქში; გართულება - J96.0 - სუნთქვის უკმარისობა. პაციენტის მოკლე ანამნეზი: მშობლის გადმოცემით, ბავშვი ავად იყო 5 დღის განმავლობაში. დაავადების დაწყებას უკავშირებდა ვირუსით ინფიცირებულ დედმამიშვილთან კონტაქტს. დაავადება დაეწყო სუბფებრილური ტემპერატურით, ხველით. ბინაზე კონსულტირებული იყო პედიატრის მიერ, დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, დინამიკაში გამოიხატა სუნთქვის გაძნელება, ცხელება, ადინამია, არ მიიღო კვება და სითხე რამდენიმე საათი, რის გამოც პაციენტი 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში. კლინიკაში შესვლისას ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული სუნთქვის მწვავე უკმარისობით, კლინიკური ნიშნებით - დესატურაცია, ტაქიკარდია.

ფორმა NIV-100/ა თანახმად, ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაისვა ბრონქიტის და სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზი. ფიქსირდებოდა ბრონქოსპაზმის ეპიზოდები, საჭიროებდა ბრონქოდილატატორებით ინჰალაციას. გამოხატული იყო ზოგადი ინტოქსიკაციის და სითხის დეფიციტის ნიშნები, რის გამოც პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა უცვლელი, დინამიკაში პერსისტირებდა ბრონქოსპაზმის ეპიზოდები, რომელიც ემორჩილებოდა ბრონქოდილატატორებს. ხველა გახდა პროდუქტიული. დინამიკის არ არსებობის გამო პაციენტთან ჩატარდა გულმკერდის კტ. კვლევა-ჩატარებული კვლევით მარცხენა მთავარ ბრონქის სანათურში ვიზუალიზდა პათოლოგიური სიმკვრივის დამატებითი კერა, რომლის სტრუქტურა არაერთგვაროვანია და იზოდენსიურია რბილ ქსოვილისადმი, ავიწროებს მთავარ ბრონქს (სავარაუდოდ უცხო სხეული). პაციენტი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიზნით საჭიროებდა რიგიდულ ბრონქოსკოპიას. აღნიშნულის გამო, პაციენტი გადავიდა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

ზემოაღნიშნული სამედიცინო შემთხვევა მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში, წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: INT1; INT 2; I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზები: J96.0 - სუნთქვის უკმარისობა, J21-მწვავე ბრონქიოლიტი; T17-უცხო სხეული სასუნთქ გზებში. კლინიკის მიერ განხორციელდა რეფერალი სს „ევექსის ჰოსპიტლები“- მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

დადგენილია, რომ N362545134 სამედიცინო შემთხვევის სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 4059.99 ლარს.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №NHA 6 22 00399211 გადაწყვეტილებით, ინსპექტირების ეტაპზე, N362545134 სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის №NHA8 22 00577044 გადაწყვეტილებით, შპს ,,... კლინიკის’’ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ასანაზღაურებლად წარდგენილი 4059.99 ლარიდან, ანაზღაურებას დაექვემდებარა 1728 ლარი, ხოლო კორექტირდა 2331.88 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა “საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების პირველ, მე-3, მე-7, მე-11, მე-15 მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო შემთხვევის ნაწილობრივ ანაზღაურება ეფუძნება იმ მითითებას, რომ უცვლელი კლინიკური მდგომარეობის არსებობის ფონზე, დამატებითი კვლევები არ ჩატარდა დროულად, რის შედეგადაც სასუნთქ გზებში უცხო სხეულის დიაგნოსტირება მოხდა დაგვიანებით. პალატამ ყურადღება გაამახვილა კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტზე (პროტოკოლზე), რომლის თანახმად, მწვავე ბრონქიტის მართვის ალგორითმის მიხედვით, გულმკერედის რენტგენოგრაფია და სხვა ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება, თუკი სახეზე არ არის კონკრეტული ჩვენებები, ხოლო უცხო სხეულზე ეჭვის მიტანა ხდება ხველის 4-8 კვირამდე გახანგრძლივების შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პაციენტ ვ. ი-ოს მკურნალობა განხორციელდა მწავავე ბრონქტის დიაგნოზის ფონზე, განგრძლივებული მკურნალობის უშდეგობის, გახანგრძლივებული ჩვენების შესაბამისად, მას ჩაუტარდა ნატიური კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელმაც აჩვენა სავარაუდოდ უცხო სხეულის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ არც ნორმატიული მოწესრიგება და არ სახელმძღვანელო პროტოკოლი არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად რა ვადაში უნდა ჩატარდებოდა პაციენტს ტომოგრაფია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტის დიაგნოზი სადავო არ არის. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) - მწვავე ბრონქტიტის მართვის წესის დარღვევა, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება კლინიკური კვლევების არადროულ ჩატარებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული დოკუმენტაციით, შპს “... კლინიკაში” უცვლელი კლინიკური მდგომარეობის ფონზე, დამატებითი კვლევები პაციენტს დროულად არ ჩატარებია, რის შედეგადაც სასუნთქ გზებში უცხო სხეულის დიაგნოსტირება და შესაბამისად პაციენტის სხვა კლინიკაში რეფერალიც განხორციელდა დაგვიანებით. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევა არ უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 07 ოქტომბრის №NHA 6 22 00399211 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 2022 წლის 25 ნოემბრის №NHA8 22 00577044 გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს პაციენტ - ვ. ი-ოს მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ი-ო არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი N1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ვ. ი-ო შპს „... კლინიკის" სტაციონარში მკურნალობდა 2022 წლის 8 მაისიდან 2022 წლის 26 მაისამდე. მისი ძირითადი დაავადება იყო - J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი, T17.5 უცხო სხეული ბრონქში; გართულება - J96.0 - სუნთქვის უკმარისობა. მშობლების გადმოცემით, ბავშვი ავად იყო 5 დღის განმავლობაში. ისინი დაავადების დაწყებას უკავშირებდნენ ვირუსით ინფიცირებულ დედმამიშვილთან კონტაქტს. პაციენტს დაავადება დაეწყო სუბფებრილური ტემპერატურით, ხველით, ბინაზე პედიატრის მიერ დანიშნული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, რის გამოც იგი სასწრაფო ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკაში. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ვ. ი-ოს დაესვა ბრონქიტის და სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზი. ფიქსირდებოდა ბრონქოსპაზმის ეპიზოდები, საჭიროებდა ბრონქოდილატატორებით ინჰალაციას. გამოხატული იყო ზოგადი ინტოქსიკაციის და სითხის დეფიციტის ნიშნები, რის გამოც პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. დინამიკაში პერსისტირებდა ბრონქოსპაზმის ეპიზოდები, რომელიც ემორჩილებოდა ბრონქოდილატატორებს.

მრავალჯერადი გამოკითხვის მიუხედავად მშობელი დაჟინებით უარყოფდა უცხო სხეულის ასპირაციას (ხველის ეპიზოდებს კატეგორიულად გამორიცხავს). ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევებით არ ვლინდებოდა რაიმე სახის პათოლოგიური ცვლილება, შუასაყრის ცდომა, ინფილტაცია და ა.შ. დინამიკაში პაციენტი საჭიროებდა მუდმივ ოქსიგენოთერაპიას, სასუნთქი გზების სანაციას, ნებულაიზეროთერაპიას ბრონქოდილატატორებით. დინამიკის არ არსებობის გამო პაციენტთან ჩატარდა გულმკერდის კტ. კვლევა - ჩატარებული კვლევით მარცხენა მთავარ ბრონქის სანათურში ვიზუალიზდა პათოლოგიური სიმკვრივის დამატებითი კერა. პაციენტი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიზნით საჭიროებდა რიგიდულ ბრონქოსკოპიას, რის გამოც იგი გადავიდა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში, წარდგენილი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: INT1; INT 2; I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზები: J96.0 - სუნთქვის უკმარისობა, J21-მწვავე ბრონქიოლიტი; T17-უცხო სხეული სასუნთქ გზებში.

სამედიცინო შემთხვევის ასანაზღაურებელი ოდენობაა 4059.99 ლარი.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 07 ოქტომბრის №NHA 6 22 00399211 გადაწყვეტილებით, სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან უცვლელი კლინიკური მდგომარეობის არსებობის ფონზე, კლინიკის მიერ დამატებითი კვლევები არ ჩატარდა დროულად, რის შედეგადაც სასუნთქ გზებში უცხო სხეულის დიაგნოსტირება მოხდა დაგვიანებით.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის №NHA8 22 00577044 გადაწყვეტილებით, შპს ,,... კლინიკის’’ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი. ინსპექტირების ეტაპზე, ანაზღაურებას დაექვემდებარა მხოლოდ პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა 8.05.2022 წლიდან-16.05.2022 წლამდე, ხოლო მეორე დონის ინტენსიური მკურნალობა 22.05.2022-26.05.2022 წლამდე არ ანაზღაურდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ასანაზღაურებლად წარდგენილი 4059.99 ლარიდან, ანაზღაურებას დაექვემდებარა 1728 ლარი, ხოლო კორექტირდა 2331.88 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 2​1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

ზემოაღნიშნული პროგრამის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე მუხლის "კ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირების შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%“.

ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო სამედიცინო შემთხვევის მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პაციენტს დამატებითი კვლევები უცხო სხეულის აღმოსაჩენად არ ჩაუტარდა დროულად იმ პირობებში, როდესაც მკურნალობის მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია პაციენტისთვის ჩატარებული კვლევები იყო თუ არა დაგვიანებული და რამდენად სწორად მართა კლინიკამ მოცემული პაციენტის შემთხვევა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტადარტზე (პროტოკოლი), რომლითაც დადგენილია მწვავე ბრონქიტის მართვის პროტოკოლი. დაავადება მიმდინარეობით ხასიათდება (ბრონქიტის სიმპტომები ჩვეულებრივ 2 კვირამდე გრძელდება, თუმცა იშვიათად შეიძლება ხველა გახანგრძლივდეს 4-6 კვირამდე). მწვავე ბრონქიტის მართვის ალგორითმის მიხედვით, გულმკერდის რენტგენოგრაფია და სხვა ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება, თუკი სახეზე არ არის კონკრეტული ჩვენებები, ხოლო უცხო სხეულზე ეჭვის მიტანა ხდება ხველის 4-8 კვირამდე გახანგრძლივების შემთხვევებში. მითითებული პროტოკოლით განსაზღვრულია კონკრეტულ პერიოდებში, მწვავე ბრონქტის დიაგნოზის პირობებში სტაციონარში აუცილებლად ჩასატარებელი კონკრეტული დიაგნოსტიკური კვლევები და სპეციალისტთა კონსულტაციები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პროტოკოლი არ შეიცავს მითითებას კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების სავალდებულობასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტი მკურნალობდა მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ვ. ი-ოს მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, რის გამოც მას ჩაუტარდა ნატიური კომპიუტერული ტომოგრაფია და აღმოაჩნდა უცხო სხეული. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის კონკრეტული კვლევის (კტ) ჩატარების იმპერატიული ვადა, შეუძლებელია აღნიშნულზე მითითებით, კლინიკას უარი ეთქვას სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე. მითუფრო, რომ საქმეში დაცული მწვავე ბრონქტის მართვის პროტოკოლით დადგენილია, რომ მხოლოდ ხველის 4-8 კვირით გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაძლებელია უცხო სხეულზე ეჭვის მიტანა. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით დგინდება, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებამდე, პაციენტს ხველა 4-8 კვირა არ უგრძელდებოდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ პაციენტის მშობელი კატეგორიულად გამორიცხავდა უცხო სხეულის გადაყლაპვის ალბათობას. კასატორი მართალია უთითებს პაციენტისთვის კვლევების ჩატარების არადროულობაზე, თუმცა მისი მითითება კონკრეტულ სამართლებრივ ნორმას არ ემყარება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ ხდის პაციენტის მიმართ დასმული დიაგნოზის მართებულობას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლი) - „მწვავე ბრონქიტის“ მართვის წესის დარღვევა, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება კლინიკური კვლევების არადროულ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სახეზე არ არის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 13.01.2025წ. N00047 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.01.2025წ. N00047 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა