Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1334(კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ.ნ-ი

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.ნ-მა 2023 წლის 16 თებერვალს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 28 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის №10/63863 წერილის ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გარდაბნის რაიონში, სოფელი ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ქ.ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ქ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის №10/63863 წერილი, „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 28 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეებს დაევალათ საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები სადავო აქტების საფუძვლიანობის მხოლოდ გარდაბნის რაიონის ... „...ის" 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის შინაარსზე მითითებით ასაბუთებდნენ, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო ფერმას და არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების მოცემული მსჯელობა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამომრიცხავ გარემოებად არ ასახელებდა უფლებაასაღიარებელ ან/და საპრივატიზებო ტერიტორიაზე ფერმის არსებობას. ამასთან, არც ამონარიდი მიწათსარგებლობის გეგმიდან უტყუარად არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო ტერიტორია ცალსახად წარმოადგენდა ფერმის ნაწილს, რაც სასამართლოს შეფასებით, მიუთითებდა იმაზე, რომ არ იყო შესწავლილი რეალურად რა უფლებრივი, სამართლებრივი მდგომარეობა გააჩნდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს.

სასამართლოს ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე და რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო სამსახურში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2005 და 2007 წლის ორთოფოტოებზე, რომლითაც დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მყარი მიჯნის არსებობა, ამასთან საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ადასტურებდა ქ.ნ-ის მიერ დასახელებული ქონების ფლობის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის თვალსაზრისით.

კასატორი მიუთითებს, რომ თავდაპირველად მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენდა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციის მიხედვით არ დადასტურა უძრავ ნივთზე ქ.ნ-ის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი და საბოლოოდ მოსარჩელის მოთხოვნა ტრანსფორმირდა როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა. კასატორი აღნიშნავს, რომ ქ.ნ-ის ... სარეგისტრაციო განცხადება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ საგენტოს გადმოეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... კორესპონდენციით. განცხადებაზე დართულ იქნა ამონარიდი მიწათსარგებლობის გეგმიდან, რითიც დასტურდება, რომ ქ.ნ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო ფერმის ტერიტორიას. (საფუძველი - გარდაბნის რაიონის ... „...ის“ 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმა). კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ტერიტორია მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 2333.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (მარცვლეულის საწყობის შენობა N1, N2) (საკადასტრო კოდი ...) მომიჯნავედ. შესაბამისად, სადავო ნაკვეთი წარმოადგენს ფერმის მომიჯნავე ტერიტორიას, ფერმის ტერიტორიას, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

კასატორის მითითებით საქმეს არ ერთვის მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ სადავო ქონება, წარმოადგენს ქ.ნ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2021 წლის 14 სექტემბერს ქ.ნ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, გარდაბნის რაიონში, სოფელი ...ში მდებარე 1076 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 სექტემბრის №... და 05 ნოემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ ქ.ნ-ის განცხადებას არ ერთვოდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თუმცა, ვერ იქნა მოძიებული ქ.ნ-ის საკუთრების უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში, საკითხს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მიიღებს გადაწყვეტილებას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკითხის განხილვის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 05 ნოემბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსის 2022 წლის 15 ნოემბრის №10/63863 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ გარდაბნის რაიონის ... „...ის" 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ფერმის ტერიტორიას, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის“ 378-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, ნაკვეთი ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.

ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ქ.ნ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ნოემბრის №...- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სისტემური რეგისტრაციის არეალში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები; ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია უნდა დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე და მათ შორის არის გარდაბნის მუნიციპალიტეტიც. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. სააგენტო საკუთარ უფლებამოსილებას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თვალსაზრისით ახორციელებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 378-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია თუ: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მხარე სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის გამომრიცხავ გარემოებად მიუთითებს, რომ გარდაბნის რაიონის ... „...ის“ 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო ფერმას და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არსებობს სახელმწიფოს უფლებრივი ინტერესი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ამონარიდით მიწათსარგებლობის გეგმიდან უტყუარად არ დასტურდება, რომ ტერიტორია ცალსახად ფერმის შემადგენელი ნაწილი იყო. სადავო ტერიტორიაზე ფერმის არსებობისა და ფუქნციონირების ფაქტი არც საქმეზე დართული ფოტომასალით დგინდება. ამასთან, სადავო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებით ასევე არ დადასტურდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე რომელიმე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში არაა გამოკვლეული რა სამართლებრივი მდგომარეობა გააჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. მართალია, კასატორი მიუთითებს, რომ ქ.ნ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყოფილი ფერმის ტერიტორიის მომიჯნავე ნაკვეთს, რაც ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთიც ფერმის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა, საგულისხმოა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. დაუდგენელია რატომ მოხდა მომიჯნავე ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია სადავო მიწის ნაკვეთის გამოკლებით, თუკი, მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, ქ.ნ-ის დაინტერესებაში მყოფი უძრავი ქონებაც ფერმის შემადგენელი ნაწილი იყო.

გარდა ამისა, ასევე შეფასების მიღმაა დატოვებული საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები (ტომი 2, ს.ფ. 54-55), რომლებითაც დასტურდება სადავო ქონებაზე მყარი სასაზღვრო მიჯნის კონტურის არსებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი). საქმეში ასევე წარმოდგენილია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი რომლის თანახმად, ქ.ნ-ის ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობას ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები (ტომი 1. ს.ფ. 90).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საჭიროების არარსებობა. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი უნდა შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე