საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №506აპ-15 თბილისი
ჩ-ე ვ, 506აპ-15 15 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. შ-ის, ასევე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით ვ. ჩ-ის, ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული, მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ ვ. ჩ-ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი. ვ. ჩ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 2 დეკემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
5. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
6. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
7. მსჯავრდებულ ვ. ჩ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
8. ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. შ-ის, ასევე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე