Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1361(კ-24) 25 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 29 მაისს გ.წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე გ.წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის №1102 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის №1102 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე გ.წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ მდებარე 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ.წ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კოლეგიამ აღნიშნა, რომ გ.წ-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი იქნა განცხადება 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ახალი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მოქალაქეების-ბ.ლ-ის, გ.შ-ის 2022 წლის 18 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებდნენ, რომ გ.წ-ი 1985 წლიდან ოჯახთან ერთად ფლობდა და დღემდე ფლობს და სარგებლობს 234 კვ.მ ფართის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ.

კოლეგიის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუმცა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში რატომ არ განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი - 234 კვ.მ მიწის ნაკვეთი, წარმოადგენდა მის მიერ უკვე მოთხოვნილ - 624 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილს, საიდანაც საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მხოლოდ 390 კვ.მეტრზე. ამასთან, რის საფუძველზე მიიჩნია კომისიამ, რომ აღიარებას ექვემდებარებოდა არა მოთხოვნილი ფართი სრულად, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი - სასამართლოსთვის უცნობი იყო, აღნიშნული არ დგინდებოდა არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით და არც მოცემულ საკითხზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებებით/განკარგულებებით. ამასთან, 624 კვ.მ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად, მოსარჩელე ფლობდა როგორც ერთიანს და არ ყოფილა გამიჯნული. სადავო 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს გაშენებული ჰქონდა მრავალწლოვანი ნარგავები, ახორციელებდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მოიპოვებდა საარსებო საშუალებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მიერ მხოლოდ 390 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ცალსახად დგინდებოდა, რომ მოსარჩელის 2021 წლის 6 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი - 234 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მის მიერ უკვე მოთხოვნილი 624 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილს, საიდანაც საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მხოლოდ 390 კვ. მეტრზე, კერძოდ, 2016 წლის 30 ივნისის №513 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 43-ე საკითხი) გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, გ.წ-მა 2020 წლის 14 სექტემბერს კომისიას წარუდგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ, 390 კვ.მ.). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაციას მიწის ნაკვეთების არაიდენტურობის თაობაზე და საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2021 წლის 6 ივლისის განცხადებით მოთხოვნილ უფლებაასაღიარებელ - 234 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან მიმართებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №513 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 43-ე საკითხი)). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ, 234 კვ.მეტრი) გ.წ-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განსახილველი დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა გ.წ-ის 2021 წლის 6 ივლისის განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ქმნიდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულ ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის საფუძველს და შესაბამისად, მართებულად ეთქვა თუ არა მოსარჩელეს უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.

პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაუშვებელია უკვე განხილულ და გადაწყვეტილ საკითხზე ახალი განცხადების წარდგენა, თუმცა, აქვე კოდექსი უშვებს გამონაკლისს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც ვითარებას ცვლის განმცხადებლის სასარგებლოდ. მსგავს სამართლებრივ რეგულაციას, ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი, რომლის თანახმადაც, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ.წ-ის 2021 წლის 6 ივლისის განცხადებით (განმეორებითი მიმართვა), რომელიც საფუძვლად დაედო სადავო 2023 წლის 7 აპრილის №1102 განკარგულების გამოცემას, კომისიას დამატებით ახალი მტკიცებულების სახით წარედგინა მხოლოდ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოქალაქეების ბ.ლ-ის და გ.შ-ის 2022 წლის 18 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება და სხვა სახის მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან მოქალაქეთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები თან ერთვოდა გ.წ-ის როგორც 2015 წლის №14.23514 განცხადებას, ასევე, 2016 წლის 4 აგვისტოს №14/23514 და 2019 წლის 14 იანვრის №19/01190141324-55 განცხადებებს და კომისიას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არაერთხელ ჰქონდა შეფასებული, აღნიშნული არ შეიძლება განხილული ყოფილიყო საქმეზე იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლად, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №513 საოქმო გადაწყვეტილებას.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გ.წ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართს, თუმცა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2021 წლის 6 ივლისის (განცხადებით მიმართვის დროისთვის) მდგომარეობით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ა.წ-ის საკუთრების უფლება, ხოლო არსებული მდგომარეობით რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება. შესაბამისად, კომიისათვის განცხადებით მიმართვის დროისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი აღარ წარმოადგენდა გ.წ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართს, რაც საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არსებითად მცდარად დაადგინა, რომ გ.წ-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2020 წლის 14 სექტემბერს წარდგენილი კორექტირებული აზომვითი ნახაზი ადასტურებს, რომ 2021 წლის 06 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი 2016 წლის 30 ივნისის №513 საოქმო გადაწყვეტილებით. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა, რომ ასაღიარებლად წარდგენილი 624 კვ.მ მიწის ნაკვეთი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დაკორექტირებულიყო სწორედ 234 კვ.მ-ით. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №513 ოქმში აღინიშნა, რომ გ.წ-ის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და მეზობლების დასტურის საფუძველზე, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. ამასთან, რის საფუძველზე მიიჩნია კომისიამ, რომ აღიარებას ექვემდებარებოდა არა მოთხოვნილი ფართი სრულად, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი არ დგინდება არც საქმეში არც საქმეში არსებული სასამართლოსთვის უცნობია. კასატორის მითითებით, 624 კვ.მ. მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად, მოსარჩელე ფლობდა, როგორც ერთიანს და არ ყოფილა გამიჯნული. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლითაც მოქალაქეები ადასტურებენ, რომ გ.წ-ი 1985 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 624 კვ.მ მიწის ნაკვეთით. სადავო 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით მოსარჩელეს გაშენებული აქვს მრავალწლოვანი ნარგავები, ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მოიპოვებს საარსებო საშუალებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გ.წ-მა 2016 წლის 6 ივნისის განცხადებით კომისიას წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო 2016 წლის 27 ივნისის განცხადებით - ლ.პ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება. 2016 წლის 4 აგვისტოს მოსარჩელემ კვლავ წარადგინა დამატებითი მტკიცებულები, კერძოდ, მეზობლის - ვ.ბ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 14 ნოემბრის ოქმის გ.წ-ის კომისიის წევრმა - თ.შ-ამ მიმართა კითხვით, თუ რატომ არ ეთანხმებოდა მიწის ნაკვეთის კორექტირებას. აღნიშნულზე მოსარჩელემ უპასუხა, რომ სრულად ითხოვდა ნაკვეთის დაკანონებას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საკითხი ეხებოდა ნაკვეთის 234 კვ.მ ფართით დაკორექტირებას. კასატორის მითითებით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ რადგან დღეის მდგომარეობით ... კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ა.წ-ის საკუთრება იყო რეგისტრირებული 2021 წლის 06 ივლისის მდგომარეობით, ხოლო შემდგომ შპს „...ის“, მოთხოვნილი 234 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღარ წარმოადგენს გ.წ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართს. კასატორის განმარტებით, მას 234 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარება არ მოუთხოვია როგორც ... ფართის მომიჯნავედ არსებულ ნაკვეთზე. ამასთან, ა.წ-ი წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს - შვილს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.წ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს გ.წ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს მიწის ნაკვეთზე გ.წ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის სადავო აქტის კანონიერების დადგენას. ხსენებული განკარგულებით, გ.წ-ის საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ არსებულ 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ხოლო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) სახეზე არ იყო.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ გ.წ-იმა თავდაპირველად 2015 წლის 25 დეკემბერს მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 624 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №513 საოქმო გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ არსებული 390 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ქონება 2021 წლის 20 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ.წ-ის სახელზე.

დადგენილია, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს, გ.წ-იმა კვლავ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა და პირვანდელი მოთხოვნის ფარგლებში (საერთო ფართობი - 624.00 კვ.მ) მისი საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2017 წლის 30 იანვრის №570 საოქმო გადაწყვეტილებით გ.წ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული იყო გადაწყვეტილება წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

2019 წლის 14 იანვარს გ.წ-იმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და აღნიშნა, რომ ითხოვდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ არსებულ 624 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით, რასაც არ ეთანხმებოდა და ითხოვდა მიწის ნაკვეთის დაკანონებას პირვანდელი მოთხოვნის ფარგლებში. კომისიის 2019 წლის 12 აგვისტოს №1705 განკარგულებით, გ.წ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული იყო გადაწყვეტილება, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

დადგენილია, რომ 2021 წლის 06 ივლისს, გ.წ-იმა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №79-ის მიმდებარედ არსებულ 234 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 05 აგვისტოს №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა გ.წ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის №1102 სადავო განკარგულებით გ.წ-ის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული იყო გადაწყვეტილება, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ხოლო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) სახეზე არ იყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელის 2021 წლის 6 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი - 234 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მის მიერ უკვე მოთხოვნილი 624 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილს, საიდანაც საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მხოლოდ 390 კვ. მეტრზე. ამდენად, კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №513 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 234 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღსანიშნავია, რომ მითითებული გადაწყვეტილება გ.წ-ის არ გაუსაჩივრებია. ამასთან, იმავე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გ.წ-ის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, უარი ეთქვა კომისიის 2017 წლის 30 იანვრის №570 და 2019 წლის 12 აგვისტოს №1705 გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო 234 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სამჯერ იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც გ.წ-ის მიერ არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილი იყო ხელახლა განეხილა მოსარჩელის განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვლებოდა გ.წ-ის სასარგებლოდ, ან თუ იარსებებდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მოსარჩელისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ვინაიდან, 2021 წელს გ.წ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა მხოლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. ამასთან, ამგვარი დოკუმენტაცია მოსარჩელის მიერ აგრეთვე იყო წარდგენილი 2015, 2016 და 2019 წლებში. შესაბამისად, არ დასტურდება ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა მოსარჩელის სასარგებლოდ, რასაც შესაძლოა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია.

რაც შეეხება იმ საკითხს, გ.წ-ის მიერ მოთხოვნილი 234 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოცემული მდგომარეობით წარმოადგენს თუ არა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართს, პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლს, ამ ეტაპზე აღარ იკვეთება სასამართლოს მიერ ზემოხსენებული გარემოების შეფასების საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია