Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1364(კ-24) 23 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი.მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 4 მარტს ი.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის №55 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25-ში, კორპუსი №…-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართით - 38 კვ.მ) ი.მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის №55 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 9 აგვისტოს №964 განკარგულებით ი.მ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №25, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართით - 563.00კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან, ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის.

2021 წლის 06 სექტემბერს, ი.მ-იმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, კვლავ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25, კორპუსი №...-ის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე (საერთო ფართით - 38 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის №55 სადავო განკარგულებით ი.მ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, კომისიას ი.მ-ის იდენტურ მოთხოვნაზე ერთხელ უკვე ჰქონდა ნამსჯელი, ხოლო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) სახეზე არ იყო, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, 51.2, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლზე და აღნიშნა, რომ რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებასთან და/ან საჩივართან დაკავშირებით უკვე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,- ასეთ შემთხვევაში ხელახლა განცხადება და/ან საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და 2. თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი(მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა 563.00კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე, ხოლო სადავო შემთხვევაში, მის მოთხოვნას წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარება 38.00კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებითად არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია იმისათვის, რომ მხარის მიერ წარდგენილი ახალი მოთხოვნა განსხვავებული კონფიგურაციით, მხოლოდ შენობით დაკავებული 38კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, განაპირობებდა თუ არა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებაზე, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არც სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოუდგენია სადავო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა და პროექტი. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და მხედველობაში არ მიუღია ასევე ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაუშვებელი იყო უკვე განხილულ და გადაწყვეტილ საკითხზე ახალი განცხადების წარდგენა, თუმცა კოდექსი უშვებდა გამონაკლისს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, შეცვლილი იყო დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც ცვლიდა ვითარებას განმცხადებლის სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 22 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25-ში, კორპუსი №...-ის მიმდებარედ არსებულ 563 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2021 წლის 9 აგვისტოს №964 განკარგულებით ი.მ-ის უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარის მიერ არ გასაჩივრებულა და შესული იყო კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ 2021 წლის 06 სექტემბერს, ი.მ-მა, კვლავ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელის 2017 წლის 22 მაისის განცხადებით მოთხოვნილი 563 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სრულად მოიცავდა მოსარჩელის 2021 წლის 6 სექტემბრის განცხადებით (განმეორებითი მიმართვით) მოთხოვნილ 38 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №25, კორპუსი №...-ის მიმდებარედ). ამდენად, სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის 2021 წლის 6 სექტემბრის განცხადებით კომისიას ახალი მტკიცებულების სახით წარედგინა მხოლოდ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვა სახის ახალი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი.მ-ის მიერ შემცირდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ოდენობა, არ შეიძლებოდა განხილულ ყოფილიყო საქმეზე იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლად, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 2021 წლის 9 აგვისტოს №964 განკარგულების გამოცემას. შესაბამისად, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც სადავო შემთხვევაში, განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.მ-მა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 06 აგვისტოს N964 განკარგულებით ი.მ-ის უარი ეთქვა მოთხოვნილ 563 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია, რომ თითქოს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისთვის. ამის შემდგომ, 2021 წლის 06 სექტემბერს ი.მ-მა განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უკვე მხოლოდ შენობით დაკავებულ 38 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 04 თებერვლის N55 განკარგულებით ი.მ-ის კვლავ უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, თითქოს განმცხადებლის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ახალი გარემოება.

კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, კერძოდ, მასში კონკრეტულად არ არის გადმოცემული ის გარემოებები, რომელიც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას შეუსაბამოს ხდიდა - დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. უმნიშვნელოვანესია გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის გენერალური გეგმის მიხედვით მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში, რაც არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ი.მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს;

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მაისს, ი.მ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25-ში, კორპუსი №...-ის მიმდებარედ არსებულ უძრავი ქონებაზე (საერთო ფართით - 38 კვ.მეტრი)., სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2017 წლის 06 დეკემბრის განცხადებით ი.მ-მა დააზუსტა მოთხოვნა და წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25, კორპუსი №...-ის მიმდებარედ არსებულ 563 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №... და 2017 წლის 30 დეკემბრის №... წერილობითი მიმართვებით ი.მ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 9 აგვისტოს №964 განკარგულებით, ი.მ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №25, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართი - 563.00კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისთვის. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

2021 წლის 06 სექტემბერს, ი.მ-მა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25, კორპუსი №...-ის მიმდებარედ (საერთო ფართი 38კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 03 ოქტომბრის №... წერილობითი მიმართვით ი.მ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის თაობაზე, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის №55 განკარგულებით, ი.მ-ის, საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №25, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართით - 38.00კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) სახეზე არ იყო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 9 აგვისტოს №964 განკარგულება, რომლითაც ი.მ-ს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25-ში, კორპუსი №...-ის მიმდებარედ არსებული 563.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, დაინტერესებული პირის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

2021 წლის 06 სექტემბერს, კომისიისთვის განმეორებითი მიმართვის ფარგლებში, ი.მ-მა იმავე მისამართზე (ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №25-ში, კორპუსი №...-ის მიმდებარედ) არსებული 38 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ განმეორებითი მიმართვის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 38 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სრულად შედის იმ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომლის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობაზე კომისიამ იმსჯელა ძალაში მყოფი აქტის - 2021 წლის 9 აგვისტოს №964 განკარგულების მიღებისას. ამასთან, კომისიისთვის ხელახალი მიმართვისას, კორექტირებული (შემცირებული მოთხოვნის ამსახველი) საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარდა მოსარჩელის მიერ სხვა სახის ახალი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა.

საკასაციო პალატა იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ი.მ-ის მიერ წარდგენილი შემცირებული ფართის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს ისეთი სახის ახალ მტკიცებულებას (გამოკვლეული მონაცემებისაგან განსხვავებულს, მოსარჩელის სასარგებლო ფაქტის დასადასტურებლად), რომელიც დაასაბუთებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოსარჩელე 2021 წლის 06 სექტემბრის განცხადებაში იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს ერთხელ უკვე შეფასებული და გამოკვლეული აქვს. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ შეცვლილა ის ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის 2021 წლის 9 აგვისტოს №964 განკარგულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა საკითხის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობას, რამდენადაც არ დასტურდებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რაც განაპირობებდა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, სადავო განკარგულება მიღებულია მისი მიღებისათვის დადგენილი ნორმების დაცვით და ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 401-ე მუხლის მე - 4 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;

3. გ.კ-ის პ/ნ... დაუბრუნდეს ი.მ-ის საკასაციო საჩივარზე 28.11.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე