Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1379(კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.ხ.ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ხ.ნ-იმ 2023 წლის 12 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2022 წლის 19 დეკემბრის №1000827645 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, მოსარჩელისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ხ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 19 დეკემბრის №1000827645 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გასამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.ხ.ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მ.ხ.ნ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალქე.

2022 წლის 28 სექტემბერს მ.ხ.ნ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების მოთხოვნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 11 ნოემბრის №01/34766 თანახმად, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2. მუხლის შესაბამისად, მოქალაქე - მ.ხ.ნ-ი აკმაყოფილებს ამავე კანონის 4.1.,,ბ“ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის SSG 3 22 00245236 წერილის თანახმად, დეპარტამენტს მ.ხ.ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 19 დეკემბრის №1000827645 გადაწყვეტილებით მ.ხ.ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი.

სასამართლომ მიუთითა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქარ თველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.

კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია: კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად სასამართლომ მიიჩნია რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ხ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე და აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილი იყო, გამოეთხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება; კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც, სააგენტოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის თანამემამული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ხ.ნ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე Nბს-1655-1627(კ-11) და ბს-1110-1062(კ-07) და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღების შემდგომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაუცემლობის შესახებ, ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა არ უხსნის ორგანოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთების ნაწილს და ამასთან, არც სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი, რომელიც ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 19 დეკემბრის №1000827645 გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ მ.ხ.ნ-ისთვის თანამემამულის სტატუსის მიზანშეუწონლად მიაჩნია, რადგან მოსარჩელის საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივ წესრიგს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დასაბუთება მოკლებულია სინამდვილეს, რადგან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ გააჩნია უნივერსალური განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის არ არის ცნობილი მისი რომელი ქმედება შეფასდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად და რატომ ეზღუდება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ.ხ.ნ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ხ.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე რომლის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირია - პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას. ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეა - საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. მითითებული მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოდან წარმომავლობა განიმარტება, როგორც პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად. ხოლო, მითითებული მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წინაპარია პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა.

ზემოხსნეებული კანონის 4.1.,,ბ“ მუხლის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. ამ კანონის 5.1. მუხლის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) 2 ფოტოსურათი; ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; ვ) სამოტივაციო წერილი; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს შესაძლებელია დაერთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება- შუამდგომლობა, რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი, ასევე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ- კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ პუნქტის მოთხოვნის დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით, ხოლო მე-7 ნაწილის მიხედვით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, სააგენტოს დასკვნები წარუდგინონ საქმის მასალების მიღებიდან 2 თვის ვადაში.

ზემოაღნიშნლი კანონის 9.1.,,ა“ მუხლის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია: კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ქმედების განხორციელების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ.ხ.ნ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალქე.

2022 წლის 28 სექტემბერს მ.ხ.ნ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების მოთხოვნით. 2022 წლის 5 ოქტომბერს, განცხადებაზე დართვის მიზნით დამატებით წარდგენილ იქნა კავშირი საზოგადოება „...ის“ მიერ მ.ხ.ნ-ის სახელზე გაცემული რეკომენდაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოსარჩელე მ.ხ.ნ-ის განაცხადის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2022 წლის 3 ოქტომბერს წერილობით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. აღნიშნული წერილებით სააგენტომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სთხოვა ეცნობებინათ – არსებობდა თუ არა მ.ხ.ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 11 ნოემბრის №01/34766 წერილით სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2. მუხლის შესაბამისად, მოქალაქე - მ.ხ.ნ-ი აკმაყოფილებს ამავე კანონის 4.1.,,ბ“ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის SSG 3 22 00245236 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ.ხ.ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 19 დეკემბრის №1000827645 გადაწყვეტილებით მ.ხ.ნ-ისათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უცხოელისათვის საქართველოში თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების მაღალი რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის SSG 3 22 00245236 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ 2024 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წერილის მეშვეობით გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის არსებობის პირობებში სააგენტომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

ამასთან, კასატორის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინებაზე მითითება აგრეთვე არ ადასტურებს მ.ხ.ნ-ისათვის თანამემამულის

სტატუსის მინიჭების საფუძვლების არსებობას, ვინაიდან, სასამართლო ინდივიდუალურად, კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აკეთებს შესაბამის შეფასებას და იღებს გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ხ.ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

3. თ.რ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს მ.ხ.ნ-ის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 10 დეკემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე