Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-138(კ-25) 10 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – მ.დ-ე, თ.ტ-ე, გ.ტ-ე, ლ.ტ-ე, ა.ტ-ე, მ.ნ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.დ-ემ, თ.ტ-ემ, გ.ტ-ემ, ლ.ტ-ემ, ა.ტ-ემ და მ.ნ-მა 2019 წლის 25 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2204 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ.ტ-ის, ა.ტ-ის, მ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2204 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ.ტ-ის, ა.ტ-ის, მ.ნ-ის მოთხოვნასთან დაკაშირებთ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-3 მუხლი, 51 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გამახვილა სადავო განკარგულებაში, მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის არგუმენტად მითითებულ იმ გარემოებებზე, რომ შენობა აშენებულია "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ.ტ-ის, ა.ტ-ის, მ.ნ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, ნაკვეთი სრულად მოქცეულია სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

ადმინისტრაციული ორგანოს იმ მსჯელობაზე, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება სახელმძღვანელო კანონის მიზნებს. განმარტა, რომ სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განაპირობებს კონკრეტულ შემთხვევაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის არგუმენტად მითითებულ საფუძველზე აპელირება დაუსაბუთებლად მიიჩნია. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ვერ დასტურდება ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) და, რომ მითითებული შენობა - ნაგებობა არის ახალი, აღნიშნულზე მსჯელობის ფარგლებში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ ორთოფოტოებზე, მოწმეთა ჩვენებებზე და ექსპერტიზის დასკვნაზე და დადგენილად მიიჩნია 2005 წლამდე მდგომარეობით შენობა - ნაგებობის არსებობის ფაქტი, რაც პალატის მსჯელობით გამყარებულია N008737021 ექსპერტიზის დასკვნით. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის თანახმად არ დგინდება შენობა - ნაგებობების ტიპი, ტერიტორიის საზღვრებში ერთსართულიანი ნაგებობების არსებობის ფაქტი პალატამ უდავოდ და დადგენილად მიიჩნია. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს იმ არგუმენტზე, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებული შენობა - ნაგებობები კანონის ამოქმედებამდე არ არსებობდა დღეს არსებული კონფიგურაციით, პალატამ აღნიშნულზე მიუთითა, რომ იმ პირობებში როდესაც 2005 წლის ორთოფოტოთი დასტურდება დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობის არსებობა. ის გარემოება, რომ შეცვლილია მისი გაბარიტები, არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №6701190812744 წერილში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მითითებული ტერიტორია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2), პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში შესაფასებელი და გამოსაკვლევია სადავო საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე და მიიჩნევს, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე არ დასტურდება აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დღევანდელი კონფიგურაციით შენობის არსებობის ფაქტი, ასევე ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება შენობის იმავე კონფიგურაციით 2005 წლამდე განთავსების და ასევე დღეის მდგომარეობით კაპიტალური ნაგებობის არსებობა. მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საკითხს, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ არ ყოფილა გაანალიზებული დასახელებული საპროცესო ნორმის რეალური შინაარსი და ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-311-307(2კ-14) დაფიქსირებული განმარტება, გამოყენებული მუხლის შინაარსთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან, ეს უკანასკნელი გამოიხატება არა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის თაობაზე.

კასატორის მსჯელობით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება თუ განჩინება უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას და დასაბუთებას. მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არათუ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი განცხადებით, არამედ სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციითაც კი არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის გამოცემისას თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც სადავო განკარგულებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას განაპირობებს. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორის წარმომადგენელი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2204 განკარგულების კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ.ტ-ის, ა.ტ-ის და მ.ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 15 თებერვალს მ.დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მოითხოვა ქ. თბილისი, ...ის რაიონი 4223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელექტრონული ვერსია, ფოტოსურათები, ორთოფოტო, მინდობილობები. თანხმობები აღიარების კომისიაში გადაგზავნისა და მედიატორის დანიშვნის შესახებ.

დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვლის №91001/17 სამსახურებრივი ბარათით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს ეცნობა, რომ საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ზედდებაშია საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ..., მესაკუთრე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი).

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 თებერვლის №... წერილობითი მიმართვით, აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა მ.დ-ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - თბილისი, ...ის რაიონი, საერთო ფართობი 4223.00 კვ.მ.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №67-01190812744 წერილით აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებით თვალსაზრისით განიხილა ...ის რაიონში 4223 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2). ამასთან, კვეთს ... საკადასტრო ერთეულს და ვრცელდება სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა.

დადგენილია, რომ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობებით, ე.დ-ი, გ.ა-ი და ა.ს-ი ადასტურებენ, რომ მათი მეზობლები მ.დ-ე, თ.ტ-ე, გ.ტ-ე, ლ.ტ-ე, ა.ტ-ე და მ.ნ-ი 2002 წლიდან ფლობენ მიწის ნაკვეთს. მათ 2004 წლიდან აღნიშნულ ნაკვეთში ააშენეს საცხოვრებელი დანიშნულების სამი მცირე ნაგებობა. გაშენებული აქვთ ხეხილის ბაღი, უვლიან ნარგავებს, პატრონობენ ბაღს და ორ საცხოვრებელ ნაგებობას, ხოლო მესამე ნაგებობა ჩამოშლილია.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 29 ივლისს განხორციელდა ადგილზე დათვალიერება. ოქმში მითითებულია, რომ შენობა N1 აშენებულია ბლოკით, მიწით შელესილია. შენობა ახალია, ამას ადასტურებს მიწის ჩამოფხეკის შედეგად კედლის ვიზუალი. შენობა N2 - შენობის ერთი კედლის ძირში არის ძველი შენობის ნარჩენი, მასზე არის დაშენებული ახალი ბლოკი, შენობა ახალია.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 სექტემბრის №2204 განკარგულებით მ.დ-ეს, თ.ტ-ეს, გ.ტ-ეს, ლ.ტ-ეს, ა.ტ-ეს, მ.ნ-ის უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ.თბილისი, ...ის რაიონი, 4223.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციით, ორთოფოტოებითა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ შენობა, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება აშენებულია "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ასევე მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ.ტ-ის, ა.ტ-ის, მ.ნ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, ნაკვეთი სრულად მოქცეულია სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 10 მაისის №008737021 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს "..ის" მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთის საზღვრებში ფაქტობრივი მდგომარეობით ფიქსირდება ორი ნაგებობა. აღნიშნული ნაგებობები არის ერთსართულიანი, რომლებიც გადახურულია თუნუქის სახურავით. 2005 წელს მომზადებულ ორთოფოტოზე შპს "...ის" მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში ფიქსირდება სამი ნაგებობა, თუმცა აღნიშნული შენობების ტიპის დადგენა შეუძლებელია. 2005 წელს მომზადებულ ორთოფოტოზე შპს "...ის' მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში დაფიქსირებულია ორი ნაგებობის ადგილმდებარეობა და ფაქტობრივად არსებული ნაგებობების ადგილმდებარეობა ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს.

2005 წლის ორთოფოტოზე საკუთრების უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთებზე ფიქსირდება შენობა - ნაგებობები.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელ. ტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.

მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;. ამავე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

ცალსახაა, რომ მითითებული კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავება 2007 წლამდე პერიოდში და ასევე კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობით (2007 წლამდე) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, კანონი შეიცავს რიგ გამომრიცხავ გარემოებებზე მითითებას, მაგრამ კანონის ნორმის მთავარი დათქმა - სანამ საკითხის კვლევა გაგრძელდება გამომრიცხავი გარემოებების კვლევის თვალსაზრისით, მიმართულია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების.

როგორც სადავო 2019 წლის 18 სექტემბრის N2204 განკარგულებით ირკვევა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანო დადასტურებულად ვერ მიიჩნია მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ.ტ-ის, ა.ტ-ისა და მ.ნ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, რაც სადავო განკარგულების თანახმად, კანონის ზემოხსენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა. ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციით, ორთოფოტოებითა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგენილად მიიჩნია, რომ შენობები, რომელიც არსებული მდგომარეობით განთავსებულია საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, აშენებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. კომისიის მიერ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ. ა.ტ-ისა და მ.ნ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ ტ-ის, მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. მითითებული გარემოებები კი კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად იქნა მიჩნეული. ასევე მიეთითა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იმ არგუმენტზე, რომ ნაკვეთი სრულად მოქცეულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის №ბს-319-319 (კ-18) განჩინებაზე და მართებულად განმარტა, რომ სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განაპირობებს კონკრეტულ შემთხვევაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ - ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ, აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება მოთხოვნილია არა როგორც საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ნაკვეთზე, არამედ მოთხოვნა ეხება ცალკე ნაკვეთს, რომელზედაც განლაგებულია შენობა.

რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იმ არგუმენტს, რომ არ დადასტურდა აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობით და რომ მითითებული შენობა - ნაგებობა ახალია, აღნიშნულზე მსჯელობის ჭრილში, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარდგენილ ორთოფოტოებზე, მოწმეთა ჩვენებებზე და ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტის დასკვნაზე თანდართულ ორთოფოტოზე ასახულია სადავო ტერიტორია 2020 და 2005 წლის მდგომარეობით, რომელზედაც ცალსახად იკვეთება 2005 წლამდე პერიოდისათვის შენობა - ნაგებობის არსებობის ფაქტი, რაც ასევე დგინდება N008737021 ექსპერტიზის დასკვნით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აღნიშნული დასკვნით ცალსახად არ დგინდება შენობა - ნაგებობების ტიპი, ტერიტორიის საზღვრებში ერთსართულიანი ნაგებობების არსებობის ფაქტი მტკიცებულებებით დასტურდება. ასევე გასათვალისწინებელია საქმეში წარმოდგენილი ე.დ-ის, გ.ა-ის და ა.ს-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ მათი მეზობლები მ.დ-ე, თ.ტ-ე, გ.ტ-ე, ლ.ტ-ე, ა.ტ-ე, მ.ნ-ი 2002 წლიდან ფლობენ მიწის ნაკვეთს. მიუთითებენ, რომ 2004 წლიდან აღნიშნულ ნაკვეთში ააშენეს საცხოვრებელი დანიშნულების სამი მცირე ნაგებობა. გაშენებული აქვთ ხეხილის ბაღი, უვლიან ნარგავებს, პატრონობენ ბაღს და ორ საცხოვრებელ ნაგებობას, ხოლო მესამე ნაგებობა ჩამოშლილია. კასატორის იმ მოსაზრებაზე, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებული შენობა - ნაგებობები კანონის ამოქმედებამდე არ არსებობდა დღეს არსებული კონფიგურაციით, აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ აწესებს მოთხოვნას, რომ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა განცხადების წარდგენის დროისათვის ზუსტად იმავე მდგომარეობაში უნდა იქნეს შენარჩუნებული, როგორც არსებობდა კანონის ამოქმედების დროს და არ უკრძალავს მფლობელს მასზე რეკონსტრუქციის განხორციელებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც შენობის იერსახის, ასევე - მისი გაბარიტების ცვლილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს, რომ დაინტერესებულმა პირმა დაადასტუროს სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა კანონის ამოქმედებამდე. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის ორთოფოტოთი დასტურდება, რომ განმცხადებლების დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა - ნაგებობა, ის გარემოება, რომ შეცვლილია მისი გაბარიტები, არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარებაზე ცალსახად უარის თქმის საფუძველი. ამდენად, მითითებულ მტკიცებულებათა (ორთოფოტო, N008737021 ექსპერტიზის დასკვნა) და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა - განმარტებების არსებობის პირობებში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, კერძოდ მ.დ-ის, თ.ტ-ის, გ.ტ-ის, ლ.ტ-ის, ა.ტ-ისა და მ.ნ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადასტურების ან უარყოფის ჭრილში. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

რაც შეეხება საქმეში წარდგენილ და სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღებაგამახვილებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №67-01190812744 წერილს, სადაც მითითებულია, რომ მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა ქალაქგეგმარებით თვალსაზრისით განიხილა ...ის რაიონში 4223 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2), ამასთან კვეთს ... საკადასტრო ერთეულს და ვრცელდება სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა, აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თუ რა ნაწილში კვეთს სადავო ტერიტორია ზემოხსენებულ ზონას. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულზე და მხოლოდ შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი