Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1382(2კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.მ-ი

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 17 ნოემბერს ვ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილებისა და ,,ვ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 ოქტომბრის №904 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ვ.მ-ის განცხადების დაკმაყოფილების, ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ-ში, კორპუსი №4-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის მოწყობის თაობაზე შეტყობინების შეთანხმების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ვ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილება და ამავე სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ვ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 ოქტომბრის №904 ბრძანება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 30 ივლისს, ვ.მ-მა №... განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, ...ში, II მ/რ-ში, კორპუსი №4-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის მოწყობის შეტყობინების შეთანხმების მოთხოვნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილებით, ვ.მ-ის უარი ეთქვა 2022 წლის 30 ივლისის განცხადების დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სამსახური ვალდებული იყო განსაკუთრებული ყურადღება მიექცია შენობა-ნაგებობებსა და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალური მხარისთვის, რის გამოც არქიტექტურის სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია მოთხოვნილ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების ჩატარების შეტყობინების შეთანხმება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფოტო-სურათებზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელის მიერ აუქციონის წესით შეძენილი უძრავი ქონება წარმოადგენდა ღია ტიპის სივრცეს, რომელსაც 2018 წლის 13 აპრილიდან მიენიჭა კომერციული ფართის სტატუსი. სწორედ ამ სტატუსის არსებობის პირობებში შეიძინა უძრავი ქონება ვ.მ-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 17 მარტს №A18174188-013/001 განკარგულების საფუძველზე.

სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული პროექტი რა ფორმით და რა ინტენსივობით ამახინჯებდა ქალაქის იერსახეს, რამდენად იქნებოდა პროექტით გათვალისწინებული ობიექტი შეუსაბამობაში მის მიმდებარედ უკვე არსებულ სამშენებლო განვითარებასთან. აქტის დასაბუთების არარსებობა ქმნიდა მისი გაუქმების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ობიექტის ვიზუალური მხარისა და არსებული განაშენიანების იერსახესთან თავსებადობის გადასინჯვის შედეგად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი სახით I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მიზანშეუწონლად მიიჩნია, ვინაიდან განმცხადებლის მიერ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამებოდა განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურის სადავო გადაწყვეტილება გაცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, კერძოდ, არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილება მიღებულია სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეაპირისპირა საკითხთან დაკავშირებით არსებული საჯარო და კერძო ინტერესი, გაითვალისწინა საპროექტო ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ვიზუალური და ქალაქგეგმარებითი მახასიათებლები და მიზანშეუწონლად მიიჩნია მსგავსი სამუშაოების დადასტურება. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 ოქტომბრის №904 ბრძანების კანონიერებისა და ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ, კორპუსი №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის მოწყობის თაობაზე შეტყობინების შეთანხმების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2022 წლის 30 ივლისს, ვ.მ-მა №... განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ-ში, კორპუსი №4-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების, დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის მოწყობის შეტყობინების შეთანხმება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილებით, ვ.მ-ს უარი ეთქვა 2022 წლის 30 ივლისის განცხადების დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სამსახური ვალდებული იყო განსაკუთრებული ყურადღება მიექცია შენობა-ნაგებობებსა და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარისთვის. არქიტექტურის სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია მოთხოვნილ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების ჩატარების შეტყობინების შეთანხმება.

2022 წლის 23 აგვისტოს ვ.მ-ის წარმომადგენელმა №19/01222352164-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივარში მითითებული იყო, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ზიანს აყენებდა განმცხადებლის ინტერესს, ესარგებლოს საკუთრებაში რეგისტრირებული კომერციული ფართით. ამასთან, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა არაერთი, განმცხადებლის მიერ შესათანხმებლად წარდგენილი ტიპის ნაგებობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 ოქტომბრის №904 ბრძანებით, ვ.მ-ის 2022 წლის 23 აგვისტოს №19/01222352164-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 2 აგვისტოს №6063966 გადაწყვეტილება. ბრძანებაში მიეთითა, რომ დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის მოწყობის შეტყობინების შეთანხმების საკითხი წარმოადგენდა არქიტექტურის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, ერთ მხარეს იდგა კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი აღნიშნული სამუშაოების განხორციელების თაობაზე, მეორე მხარეს, კი - საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატებოდა ქალაქ თბილისის მხატვრული იერსახის შენარჩუნებასა და დახვეწა-გაუმჯობესებაში, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით მისაღები სახით განვითარებაში. გადაწყვეტილების თანახმად, არქიტექტურის სამსახურმა საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ობიექტის ვიზუალური მხარისა და არსებული განაშენიანების იერსახესთან თავსებადობის გადასინჯვის შედეგად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი სახით I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მიზანშეუწონლად მიიჩნია, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარდგენილი სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამებოდა განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №60-01223473601 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ-ში, კორპუსი №4, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე დამხმარე შენობის განთავსება სამსახურს არ მიაჩნდა შესაძლებლად და ასევე პირველი კლასის კუთხით ვერ განიხილავდა აღნიშნული ფართის ამოშენებას, ან ვიტრაჟებით შემინვის საკითხს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა. 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად. I კლასის შენობა-ნაგებობა არის შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 95-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თუ მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შეტყობინების წარდგენის წესები მოწესრიგებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №225 დადგენილებით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციაა არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა; თბილისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი წესით - კანონით დადგენილ ფარგლებში, კანონით განსაზღვრული მიზნით და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები №ბს-388(2კ-19); №ბს-1038(2კ-20)).

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორების პოზიციას იმის შესახებ, რომ არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია ქალაქმშენებლობით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი - კანონშესაბამისობის, არამედ მიზანშეწონილობის ასპექტებიც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-473(2კ-19) განჩინება), თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების შეფასებას, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

„ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა.

საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომლის თანახმად, გარდა ადმინისტრაციულ ორგანოს არგუმენტისა, ყურადღება უნდა მიქცეოდა ობიექტის ვიზუალური მხარეს, მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული პროექტი რა ფორმით და რა ინტენსივობით იყო შეუთავსებელი ქალაქის იერსახესთან, რამდენად იქნებოდა პროექტით გათვალისწინებული ობიექტი შეუსაბამობაში მის მიმდებარედ უკვე არსებულ, ჩამოყალიბებულ სამშენებლო განვითარებასთან.

კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესი, რაც გახდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სადავო ადმინისტრაციული აქტებით არ არის დასაბუთებული და სრულად ბუნდოვანია, რამდენად შეფასდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ობიექტის გარშემო, მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების თავისებურებები. ამასთან, როგორ იქნა განმცხადებლის კერძო ინტერესი დაცული ქალაქგეგმარებითი კუთხით და შეპირისპირებული მესამე პირთა ინტერესებთან მიმართებით. სადავო აქტებში არ არის შეფასებული კონკრეტულად რა ზიანი ადგებოდა საჯარო ინტერესს მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების, შეტყობინების შეთანხმების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები №ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთებს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება ვერ ადმინისტრაციული წარმოების და ვერც სასამართლო სამართალწარმოების პირობებში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 6/12/2024 წ. №01947 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 6/12/2024 წ. №01947 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე