Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-145(კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.გ-ვ

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

რ.გ-ვმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს რ.გ-ვის N1000822919 განცხადებაზე გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება (დაზუსტებული მოთხოვნა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, რ.გ-ვის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა რ.გ-ვის N1000822919 განცხადებაზე გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება/დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

აზერბაიჯანის მოქალაქე რ.გ-ვმა 2022 წლის 2 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, იგი ეკონომიკური მდგომარეობის გამო 2005 წელს იძულებული გახდა ოჯახით წასულიყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემდეგ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა, ვინაიდან საქართველოსთან კავშირი არ შეუწყვიტავს და მისი ბიზნეს და კულტურული საქმიანობა, ასევე სამომავლო გეგმები დაკავშირებულია საქართველოსთან, ითხოვა მოქალაქეობის აღდგენა. აღნიშნული განცხადების მიღების სამახსოვრო ბარათიდან ირკვევა, რომ განსახილველ საკითხზე მომსახურების ვადა შეადგენდა 30 დღეს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა - 03.10.2022 წელი. რ.გ-ვის განცხადების საფუძველზე მოპასუხემ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის ფარგლებშიც ინფორმაცია გამოითხოვა სხვადასხვა უწყებებიდან ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსარიცხად, კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 21 სექტემბრის N00005016 10 და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №SSG 8 22 00170423 მიმართვებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურში და ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში რ.გ-ვის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.

განცხადების მიღების სამახსოვრო ბარათში მითითებულ ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც რ.გ-ვმა 2022 წლის 4 ოქტომბერს კვლავ მიმართა განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო შემდგომ, 2022 წლის 19 ოქტომბერს საჩივრით მოითხოვა მის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა უშედეგოდ. სადავო საკითხზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს არც შემდგომში მიუღია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ’’ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ არჩეული საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე. ამასთან, აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების/წარდგინების რეგისტრაციის დღიდან 3 თვეს.

პალატამ გაიზიარა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების თაობაზე, თუმცა მიუთითა სადავო საკითხის მომწესრიგებელ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად დადგენილია რა კონკრეტული ვადები, სწორედ ამ დროის განმავლობაში აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის მართებულად გადაწყვეტის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება და არ გადაწყვიტა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება. ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა ეწინააღმდეგება კანონს და უკანონოდ ზღუდავს რ.გ-ვის უფლებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და მის შედეგზე - მიიღოს დადებითი ან უარყოფითი დასკვნა. შესაბამისად, პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დასკვნის გამოცემის დავალების შესახებ რ.გ-ვისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე, მატერიალური სამართლის ნორმები, არსებითად არასწორად განიმარტა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა, როგორც პირის თავისუფალი ნების საფუძველზე დამყარებული ორმხრივი სამართლებრივი და პოლიტიკური ურთიერთობა წარმოადგენს პირის უფლებას და მისი რეალიზაციის შედეგს, რომელიც თავის მხრივ, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუცითა და კანონმდებლობით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, ამგვარი საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოითხოვს გარემოებების ზედმიწევნით შესწავლასა და დასაბუთებული დასკვნის მომზადებას. როგორც საქალაქო ისე სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სააგენტო იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომელიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კონკრეტულ საქმეზე კანონმდებლობით გათალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ სააგენტოს დადებითი დასკვნა გაეცა მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხთან დაკავშრებით. ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ, სახეზე არის მხარის კანონიერი მოლოდინი, ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტულ ვადაში განიხილოს საკითხი, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ყოველმხრივ და სრულად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. სააგენტომ არ გამოსცა შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან საკითხი მოითხოვდა დამატებით კვლევასა და შეფასებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, გარემოება, რომ საკითხის შეფასებისა და გამოკვლების მიზნებიდან გამომდინარე სააგენტოში ამ დრომდე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებს დამატებით ვადას დასაბუთებული დასკვნის გამოცემისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ რეაგირების გარეშე დატოვა რ.გ-ვის განცხადება აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ: აზერბაიჯანის მოქალაქე რ.გ-ვმა 2022 წლის 2 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, იგი ეკონომიკური მდგომარეობის გამო 2005 წელს იძულებული გახდა ოჯახით წასულიყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემდეგ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა, ვინაიდან საქართველოსთან კავშირი არ შეუწყვიტავს და მისი ბიზნეს და კულტურული საქმიანობა, ასევე სამომავლო გეგმები დაკავშირებულია საქართველოსთან, ითხოვა მოქალაქეობის აღდგენა. აღნიშნული განცხადების მიღების სამახსოვრო ბარათიდან ირკვევა, რომ განსახილველ საკითხზე მომსახურების ვადა შეადგენდა 30 დღეს.

2022 წლის 4 ოქტომბერს, რ.გ-ვის წარმომადგენელმა ნონა მჭედლიშვილმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ვინაიდან გასული იყო გადაწყვეტილების მიღების ვადა, კვლავ ითხოვა განცხადების განხილვა. 2022 წლის 19 ოქტომბერს, ნონა მჭედლიშვილმა საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და რეაგირება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

რ.გ-ვის განცხადების საფუძველზე მოპასუხემ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის ფარგლებშიც ინფორმაცია გამოითხოვა სხვადასხვა უწყებებიდან.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 21 სექტემბრის N00005016 მიმართვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურში რ.გ-ვის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №SSG 8 22 00170423 მიმართვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რ.გ-ვის შესახებ, ინფორმაცია არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, მოქალაქეობა, როგორც პირის თავისუფალი ნების საფუძველზე დამყარებული ორმხრივი სამართლებრივი და პოლიტიკური ურთიერთობა წარმოადგენს პირის უფლებას და მისი რეალიზაციის შედეგს, რომელიც თავის მხრივ, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით, ან ნატურალიზაციით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. აღნიშნული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ არჩეული საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე. ამასთან, აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების/წარდგინების რეგისტრაციის დღიდან 3 თვეს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს არც თავდაპირველი განცხადების წარდგენის და არც საჩივრის წარდგენის ეტაპზე არ მიუღია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებზე, კერძოდ: ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლებას, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, კერძოდ, მან არ გადაწყვიტა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება. ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა ეწინააღმდეგება კანონს და უკანონოდ ზღუდავს რ.გ-ვის უფლებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და მის შედეგზე - მიიღოს დადებითი ან უარყოფითი დასკვნა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს საკითხის დამატებით კვლევასა და შეფასებას, ამიტომ სააგენტომ არ გამოსცა შესაბამისი გადაწყვეტილება და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ამდენად, თუ აქტის გამოცემისათვის საჭირო იყო დადგენილზე მეტი ვადა, ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულის თაობაზე უნდა გამოეტანა შესაბამისი გადაწყვეტილება და ეცნობებინა დაინტერესებული მხარისათვისაც. ამასთან, ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობა ადგენს მაქსიმალურ ვადას, 3 თვეს, რაც ასევე დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 21 იანვარს №00849 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე