Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-146(კ-24) 3 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ნ-ო; მესამე პირი - ნ. მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. ნ-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ვ. ნ-ოს სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, დატოვებულ იქნა განუხილველად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 4 თებერვალს ნ. მ-მა საჯარო რეესტრის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, ქალაქ თბილისში, ... შესახვევის №4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ ნახევარსარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო სარეგისტრაციო ფართის (ნახევარსარდაფის) შიდა აზომვითი ნახაზი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის კრების №03/2019 (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 04.02.2019 წ., ნოტარიუსი: ლ. გ-ა) ოქმი, ხოლო 11 თებერვალს დამატებით წარადგინა სართულის გეგმა სარეგისტრაციო ფართის მონიშვნით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის თანახმად, სარეგისტრაციო ფართი წარმოადგენს ნ. მ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას, ამასთან აღნიშნულ ფართზე ამხანაგობის სხვა წევრებს პრეტენზია არ გააჩნიათ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი სართულებრივ გეგმაზე შეესაბამება ლიტერი ,,ა“-ს სარდაფ სართულზე მდებარე, ოთახი №7 საერთო ფართით - 5,98 კვ.მ-ის ნაწილს, ოთახი №4 საერთო ფართით - 5.21 კვ.მ, ოთახი №5 საერთო ფართით - 1.38 კვ.მ, ოთახი №6 საერთო ფართით - 4.37 კვ.მ, რომელიც ფართისა და დანიშნულების განმსაზღვრელ ფორმა №5, №6-ში დაფიქსირებულია დამხმარე ფართის გრაფაში. ოთახი №3’ საერთო ფართით - 2.31 კვ.მ დაფიქსირებულია საერთო ფართის გრაფაში. რეგისტრაციის შესახებ №... (15.02.2019წ.) გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ... შესახვევის №4-ში მდებარე შენობაში-ნაგებობაში არსებულ 14.34 კვ.მ ნახევარსარდაფზე, დარეგისტრირდა ნ. მ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის კრების №02/2019 ოქმი. უძრავ ნივთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი და მომზადდა შესაბამისი ამონაწერი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე, სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა რეგისტრაციის შესახებ №... (23.03.2020 წ.) გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები. სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სააგენტოში (მასთან) დაცულ და მესამე პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე წარდგენილ დოკუმენტაციას, კერძოდ, რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის კრების №02/2019 ოქმი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო ფართი წარმოადგენს ნ. მ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას და აღნიშნულ ფართზე ამხანაგობის სხვა წევრებს პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი სართულებრივ გეგმაზე შეესაბამება ლიტერი ,,ა“-ს სარდაფ სართულზე მდებარე, ოთახი №7 საერთო ფართით - 5,98 კვ.მ-ის ნაწილს, ოთახი №4 საერთო ფართით - 5.21 კვ.მ, ოთახი №5 საერთო ფართით - 1.38 კვ.მ, ოთახი №6 საერთო ფართით - 4.37 კვ.მ, რომელიც ფართისა და დანიშნულების განმსაზღვრელ ფორმა №5, №6-ში დაფიქსირებულია დამხმარე ფართის გრაფაში. ოთახი №3’ საერთო ფართით - 2.31 კვ.მ დაფიქსირებულია საერთო ფართის გრაფაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო პალატის განმარტებით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მცდარობა იქიდან გამომდინარეობს, რომ სააგენტოს რეალურად არ დაუდგენია სადავო ფართის ფუნქციური დანიშნულება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, კერძოდ, გაუგებარია რატომ უნდა შეეტანა ეჭვი სააგენტოს საქმეში არსებულ დოკუმენტაციაში და რატომ უნდა ჩაეტარებინა დამატებითი კვლევა სარეგისტრაციო ფართის ფუნქციურ დანიშნულებასთან დაკავშირებით. ამასთან, იმ პირობებშიც კი, რომ დადგენილიყო სადავო ფართის საცხოვრებლად გამოყენების ფაქტი, საჯარო რეესტრი გვერდს ვერ აუვლიდა საქმეში არსებულ დოკუმენტაციას და სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაცია, რომელიც ადგენს სადავო უძრავი ნივთის დანიშნულებას, ძალაშია და არავის გაუუქმებია. ასევე გაუგებარია, რატომ გამორიცხა სასამართლომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართების მომიჯნავედ არსებობა. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი, უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილებას. მოცემულ შემთხვევაში კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის №02/2019 კრების ოქმი მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ძალაშია და არ გაუქმებულა. ზემოხსენებული ფაქტობრივი და სადაო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან: 1. გასაჩივრებული აქტი კანონშესაბამისია; 2. არ არის დარღვეული აქტის მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; 3. დაცულია აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა საქმეზე არსებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: №... (04.01.2022 წ.) სარეგისტრაციო (დაინტერესებული პირი - ვ. ნ-ო) განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (10.01.2022 წ.) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. 2022 წლის 11 თებერვალს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ №... განცხადებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს არ გამოუყენებია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის გათვალისწინებით, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ანუ იმის დადასტურება თუ რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს პირს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა სამართლებრივ სიკეთეს მიიღებს იგი აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თავის იურიდიულ ინტერესს ასაბუთებს იმით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მის საკუთრებაში არსებული ფართის რეგისტრაცია მე-3 პირზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ არაა წარდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწორედ სადავო რეგისტრაციით რეგისტრირებული ფართზე არსებობს მისი საკუთრების უფლება. ამდენად, მოსარჩელის მიერ არაა წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მტკიცებულება, რომელიც მის მიერ გასაჩივრებული აქტის ბათილობის იურიდიულ ინტერესს დაასაბუთებდა, შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს დაუშვებლობის მოტივით.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დავის არსებით გადაწყვეტაზე ანუ მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი, შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის განხილვისას გამოვლენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს, სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 28 სექტემბრის №AA2017035925-03 საარქივო ცნობით დგინდება, რომ შპს მ...ის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ „...ას“ დოკუმენტებში დაცული საბინაო წიგნის, ჩაწერის და საბინაო ბარათების (ფორმა №16, №17) ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქე - ვ. ნ-ო რეგისტრირებულია ... შესახვევი №4 მისამართზე მდებარე 13 კვ.მ ფართის ბინაში 1982 წლის 12 ოქტომბრიდან. ამოწერის თარიღი მითითებული არ არის (ს.ფ. 21-26); ბ) სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №... საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ვ. ნ-ოს ფაქტიურ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ... შესახვევი №4-ის მიმდებარედ არსებული დაუმისამართებელი შენობა-ნაგებობა (ს.ფ. 27-29); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილებით ,,რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ’’ მ. ბ-ეს, მისი 2020 წლის 13 იანვრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, ... შესახვევი №4-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში დაცულ სართულებრივ გეგმაზე მის დაინტერესებაში არსებული და მონიშნული ფართი შეესაბამება ლიტერი „ა“-ს სარდაფის სართულში მდებარე საცხოვრებელ ოთახებს: №2 ფართით 13,0 კვ.მ, №3 ფართით 12,93 კვ.მ და დამხმარე ოთახებს: №4 ფართით 5,2 კვ.მ, №5 ფართით 1,38 კვ.მ, №6 ფართით 4,73 კვ.მ. არაპრივატიზებულ ფართზე უფლება აღრიცხული არ არის. ამასთან, სააღრიცხვო მასალაში დაცულ ხელშეკრულებებში მითითებულია სხვადასხვა დანიშნულებისა და ოდენობის ფართები, რომელთა იდენტიფიკაცია სართულებრივ გეგმებთან ვერ ხერხდება (ს.ფ. 30); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 თებერვალს მომზადებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ ... წერილის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, ... შესახვევი №4-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში განცხადებაზე თანდართულ გეგმაზე მონიშნული ფართი სართულებრივ გეგმაზე შეესაბამება ლიტერი „ა“-ს სარდაფის სართულში მდებარე ოთახი №7 საერთო ფართით - 5,98 კვ-ის ნაწილს, ოთახი №4 საერთო ფართით - 5,21 კვ.მ, ოთახი №5 საერთო ფართით 1,38 კვ.მ, ოთახი №6 საერთო ფართით - 4,37 კვ.მ, რომელიც ფართისა და დანიშნულების განმსაზღვრელი ფორმა №5, №6-ში დაფიქსირებულია დამხმარე ფართის გრაფაში. ოთახი №3 საერთო ფართით - 2,31 კვ.მ დაფიქსირებულია დამხმარე ფართის გრაფაში. სააღრიცხვო მასალაში წარდგენილი ნოტარიულ ხელშეკრულებებში პრივატიზებულია სხვადასხვა დანიშნულებისა და ოდენობის ფართები, რომელთა იდენტიფიკაცია სართულებრივ გეგმებთან ვერ ხერხდება (ს.ფ. 145); ე) 2019 წლის 04 თებერვალს ნ. მ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... შესახვევის №4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ 14.34 კვ.მ ნახევარსარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა შიდა აზომვითი ნახაზი, ბინათმესაკუთეთა ამხანაგობა ,,...’’-ის 2019 წლის 22 იანვრის №03/2019 კრების ოქმი, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 97-98, 99-103); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ არის შესაძლებელი საკუთრების უფლების იდენტიფიკაცია. შესაბამისად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარდგენილ იქნეს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რომელზეც მონიშნული იქნება სარეგისტრაციო ფართი (ს.ფ. 142). 2019 წლის 11 თებერვალს ნ. მ-მა სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა 143-144); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. მ-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, ... შეს. №4 (ნახევარსარდაფი 14,34 კვ.მ) (ს.ფ. 43, 147-148); თ) 2022 წლის 18 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ნ. მ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, შესახვევი ..., №4, ნახევარსარდაფი, ფართი 14,34 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი .... უფლების დამდგენი დოკუმენტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ კრების ოქმი №03/2019, №..., დამოწმების თარიღი 04.02.2019 წელს ნოტარიუსი ლ. გ-ა (ს.ფ. 40-41); ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2019 წლის 22 იანვრის №03/2019 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ნ. მ-ი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ფლობდა ქ. თბილისში, ... შესახვევი №4-ში მდებარე 14.34 კვ.მ ფართის სათავსს. აღნიშნული სათავსი წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. სათავსზე ან მის ნაწილზე საჯარო რეესტრში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან, ამხანაგობა თანახმაა, რომ ნ. მ-მა ზემოაღნიშნული უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. კრების ოქმის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრთა ხმების 100%-ით (ს.ფ. 100-103); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 4 იანვარს №... განცხადებით მიმართა ვ. ნ-ომ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 14,82 კვ.მ ფართზე მდებარე, თბილისი, შესახვევი ..., №4, ნახევარსარდაფი (ს.ფ. 149). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას არ ერთვოდა განცხადებით მოთხოვნილი უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 150). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ვ. ნ-ოს განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია დოკუმენტი (ს.ფ. 161); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით (განმცხადებელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გამოსაკვლევია რეგისტრირებული სარდაფის მდებარეობა და დასადგენია მოიცავს თუ არა საცხოვრებელი დანიშნულების მქონე ფართს) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისი, ... შეს. №4-ში, №... საკადასტრო კოდის მქონე ნახევარსარდაფზე დარეგისტრირდა პ. ს-ის საკუთრების უფლება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურს 2019 წლის 4 თებერვალს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა პ. ს-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახურის, რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 თებერვალს სარეგისტრაციო განცხადების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შედეგად, თბილისი, ... შეს. №4-ში, №... კოდით, ნახევარსარდაფზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა პ. ს-ის საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში არ მომხდარა, სარეგისტრაციო ფართის იდენტიფიცირება სართულებრივ გეგმასთან და არ მომხდარა მისი დანიშნულების დადგენა. რამდენადაც აღნიშნულ მისამართზე სარდაფის სართულზე არსებული რიგი ფართები წარმოადგენს საცხოვრებელ ფართებს, სართულებრივ გეგმაზე უნდა მონიშნულიყო და უნდა დადგენილიყო პ. ს-ის სახელზე დარეგისტრირებული 15,65 კვ.მ ფართის დანიშნულება (ს.ფ. 168); მ) 2022 წლის 5 სექტემბერს პ. ს-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე ქალაქი თბილისი, შესახვევი ..., №4 (ზონა: თბილისი, სექტორი: ...ა). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს ვერ დადგინდა სარეგისტრაციო ფართის მდებარეობა და კონფიგურაცია. შესაბამისად, დამატებით წარსადგენი იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რომელზეც მონიშნული იქნება რეგისტრირებული და სარეგისტრაციო ფართის მდებარეობა (ს.ფ. 169-170); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძველზე მითითებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, თბილისი, ... შესახვევი №4-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში დაცულ სართულებრივ გეგმაზე განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მონიშნული ფართი შეესაბამება ლიტერი „ა“-ს სარდაფის სართულში სართულზე მდებარე საცხოვრებელ ოთახს. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, არ არის შესაძლებელი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან სარეგისტრაციო ფართი წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლებას საცხოვრებელ ფართზე (ს.ფ. 195); ო) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2019 წლის 04 თებერვალს ლ. მ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... შესახვევის №4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ 14.82 კვ.მ ნახევარსარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა შიდა აზომვითი ნახაზი, სამეურნეო სათავსის ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“-ის კრების ოქმი №04/2019 და სართული გეგმა. 2019 წლის 22 იანვრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ლ. მ-ი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა ქ. თბილისში, ... შესახვევი №4-ში მდებარე 14.82 კვ.მ ფართის სათავსს. აღნიშნული სათავსი წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. სათავსზე ან მის ნაწილზე საჯარო რეესტრში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან, ამხანაგობა თანახმაა, რომ ლ. მ-მა ზემოაღნიშნული უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. კრების ოქმის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამხანაგობის წევრთა ხმების 100%. 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ არის შესაძლებელი საკუთრების უფლების იდენტიფიკაცია. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარდგენილი იქნეს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რომელზეც მონიშნული იქნება სარეგისტრაციო ფართი, ურთიერთშესაბამისი კრების ოქმი და შიდა აზომვითი ნახაზი. 2019 წლის 12 თებერვლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მისამართით ქ. თბილისი, ... შესახვევი №4-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში დაცული ჩანაწერების თანახმად, ლ. მ-ის მიერ თანდართულ ნახაზზე მონიშნული ფართი წარმოადგენს ლიტერი „ა“-ს სარდაფ სართულში მდებარე ოთახს №3 ფართით - 12,93 კვ.მ, რომელიც მასალაში წარმოდგენილ ფორმებში (ფორმა №5 და №6) სადაც მითითებულია ოთახების ფართები და დანიშნულება შეტანილია, როგორც საცხოვრებელი ფართი. 3. 2019 წლის 12 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეჩერდა წარმოება, ვინაიდან ლ. მ-ის მიერ მონიშნული ფართის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ოთახი წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს, შესაბამისად ვერ მოხდება კრების ოქმით ამ ფართის განკარგვა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად საჭიროა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. 4. 2019 წლის 10 დეკემბერს ლ. მ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... შესახვევი №4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული 14.82 კვ.მ ნახევარსარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სანახავად მიუთითა №... განცხადებაზე, რომელზედაც დართული იყო შიდა აზომვითი ნახაზი, სამეურნეო სათავსის ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „...“-ის კრების ოქმი №04/2019 და სართულის გეგმა, სარეგისტრაციო ფართობის მონიშვნით. 2019 წლის 16 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა სარეგისტრაციო განცხადების განხილვაზე, ვინაიდან მას იდენტური მოთხოვნით სამსახურში წარდგენილი ჰქონდა №... სარეგისტრაციო განცხადება, ხოლო №... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რაც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 5. ლ. მ-მა 2020 წლის 20 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2019 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2020 წლის 20 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის №68503/17 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2019 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და ცენტრალიზებულ სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №... და №... განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების 4.2.12 და 4.2.14 პუნქტების გათვალისწინებით. ამავე გადაწყვეტილების 4.2.12. პუნქტის თანახმად, ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი; ამასთან, აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას‘’ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის №ბს-805-797(კ-16) გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ 2019 წლის 4 თებერვალს პ. ს-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით, ხოლო ლ. მ-მა N... განცხადებით მიმართეს სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. თბილისში, ... შესახვევის №4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში განთავსებულ ნახევარსარდაფებზე მოითხოვეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურმა 15.65 კვ.მ ნახევარსარდაფზე, სართულის გეგმაზე სარეგისტრაციო ფართობის მონიშვნის გარეშე დაარეგისტრირა პ. ს-ის საკუთრების უფლება, ხოლო ლ. მ-ს მოსთხოვა სართულებრივი გეგმის წარდგენა, სარეგისტრაციო ფართობის მონიშვნით. ტექბიუროში დაცული მონაცემებით დადგინდა, რომ მონიშნული ფართობი წარმოადგენს საცხოვრებელ სადგომს, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე არ განიკარგება. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს №... და №... განცხადებებთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა, შეფასება და გამოკვლევის შედეგად იდენტური გარემოებების დადგენის შემთხვევაში უნდა მიიღოს ურთიერთშესაბამისი გადაწყვეტილებები. 6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ის განცხადება ქ. თბილისში, ... შესახ. №4-ში მდებარე ნახევარსარდაფის 14,82 კვ.მ-ის რეგისტრაციის შესახებ და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ... შესახვევი №4-ში მდებარე 14,82 კვ.მ ნახევარსარდაფის (ს/კ ...) მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. მ-ი (ს.ფ. 57-64, 44-45); პ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ. ნ-ომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ლ. მ-ი. მოსარჩელემ მოითხოვა - ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე № 3/7061-20) ვ. ნ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ. 47-64); ჟ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე № 3/7061-20) საფუძველზე, გაუქმდა ლ. მ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ... შესახ. №4, ნახევარსარდაფი, 14,82 კვ.მ, ს/კ ... (ს.ფ. 65).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.

რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტით რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული მესამე პირის - ნ. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილება იმ დასაბუთებით, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილი კრების ოქმის თაობაზე მოსარჩელისთვის, როგორც ფართის კანონიერი მოსარგებლისთვის, არ იყო ცნობილი, ამასთან, სადავო ფართი დარეგისტრირებულია, როგორც ნახევარსარდაფი, სინამდვილეში კი, ის ინდივიდუალური ფართია, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო კრების ოქმით ამ ფართის განკარგვა. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში უნდა მოხდეს მესამე პირის სახელზე დარეგისტრირებული საკუთრების უფლების კანონიერების შემოწმება.

დადგენილია, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ნ. მ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... შესახვევის №4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ 14.34 კვ.მ ნახევარსარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ არის შესაძლებელი საკუთრების უფლების იდენტიფიკაცია. შესაბამისად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარდგენილ იქნეს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რომელზეც მონიშნული იქნება სარეგისტრაციო ფართი. 2019 წლის 11 თებერვალს ნ. მ-მა სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რომლითაც ირკვევა, რომ ნ. მ-ი მოითხოვდა №4, №5, №6 და №7 ოთახების დარეგისტრირებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 თებერვალს მომზადებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ ... წერილით დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, ... შესახვევი №4-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში განცხადებაზე თანდართულ გეგმაზე მონიშნული ფართი სართულებრივ გეგმაზე შეესაბამება ლიტერი „ა“-ს სარდაფის სართულში მდებარე ოთახი №7 საერთო ფართით - 5,98 კვ-ის ნაწილს, ოთახი №4 საერთო ფართით - 5,21 კვ.მ, ოთახი №5 საერთო ფართით 1,38 კვ.მ, ოთახი №6 საერთო ფართით - 4,37 კვ.მ, რომელიც ფართისა და დანიშნულების განმსაზღვრელი ფორმა №5, №6-ში დაფიქსირებულია დამხმარე ფართის გრაფაში. ოთახი №3 საერთო ფართით - 2,31 კვ.მ დაფიქსირებულია დამხმარე ფართის გრაფაში. სააღრიცხვო მასალაში წარდგენილი ნოტარიულ ხელშეკრულებებში პრივატიზებულია სხვადასხვა დანიშნულებისა და ოდენობის ფართები, რომელთა იდენტიფიკაცია სართულებრივ გეგმებთან ვერ ხერხდება. ასევე საყურადღებოა, მესამე პირის სახელზე განხორციელებული სადაო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2019 წლის 22 იანვრის №03/2019 კრების ოქმი, კერძოდ, აღნიშნული ოქმის თანახმად, ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ნ. მ-ი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ფლობდა ქ. თბილისში, ... შესახვევი №4-ში მდებარე 14.34 კვ.მ ფართის სათავსს. აღნიშნული სათავსი წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. სათავსზე ან მის ნაწილზე საჯარო რეესტრში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ნ. მ-ი მოითხოვდა №4, №5, №6 და №7 ოთახების დარეგისტრირებას და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მესამე პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილი ფართები წარმოადგენს დამხმარე ფართს, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს - ჰქონდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილება, მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინა დამხმარე ფართზე მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

დასახელებული საკითხის გასარკვევად საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელ - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ბინის საერთო ფართობი არის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამი, ხოლო ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მართალია, კანონით განსაზღვრულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების უფლებამოსილება გადასცენ ამხანაგობის წევრს მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.), თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბინის საერთო ფართობში შეიძლება შედიოდეს მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამიც, აღნიშნულ ფართზე რეგისტრაცია მომეტებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რათა უკვე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი ფართის გასხვისებას არ ჰქონდეს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 53.5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (1); დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (2). ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკითხის გადაწყვეტისას მარეგისტრირებელი ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი (ფართი №4, №5, №6, №7) დაფიქსირებული იყო დამხმარე ფართის გრაფაში, თუმცა, რეალურად, არ დაუდგენია აღნიშნული ფართის ფუნქციური დანიშნულება, ის წარმოადგენდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ, ერთ სისტემაში გაერთიანებულ (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსს, იზოლირებული სათავსს ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამს, თუ სამეურნეო სათავსს (სარდაფები, სხვენები და ა. შ.), რომელიც, მფლობელობის ფაქტის არსებობის პირობებში, შესაძლებელია გადაეცეს ამხანაგობის წევრს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარეობდა არა სარდაფში, არამედ ნახევარსარდაფში საცხოვრებელი ფართების მომიჯნავედ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება, არ გამოიკვლია, გაანალიზა და შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.11.2023წ. №53402 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია