საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-152(კ-25) 19 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს “ ...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - ლ.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 5 იანვარს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 25 სექტემბერს კომპანიის თანამშრომლებმა შეამოწმეს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N3-ში მდებარე ლ.კ-ის სარგებლობაში არსებული ობიექტის სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. შემოწმებისას გამოვლინდა 20 მმ-იანი პოლიეთილენის მილით სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი. შედგა "აღურიცხავი წყლის მომარების აქტი", რომლითაც ლ.კ-ეს გადასახდელად დაეკისრა 460,89 ლარი, ამავე პიროვნების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მას 4.10.2017წ. დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება. 2017 წლის 2 ოქტომბერს ლ.კ-ესთან დაიდო დებიტორული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ფიზიკურმა პირმა აღიარა დარიცხული თანხის კანონიერება და გამოთქვა მზადყოფნა თანხის დაფარვის თაობაზე. ლ.კ-ის საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 27.11.2017წ. N89/3 გადაწყვეტილებით ლ.კ-ეზე აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით დარიცხული 460.89 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და კომპანიას დაევალა აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის გადაანგარიშენა 4 საათიანი მოხმარების გათვალისწინებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების არსებობის პირობებში, აბონენტის მიერ აღიარებული (დარიცხული) თანხის გაუქმება უსაფუძვლო იყო.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ.კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს "...მა", რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს "...ს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N9-ში, I სართული 117,6 კვ.მ. N... საცხოვრებელი ფართის მოსარგებლის ლ.კ-ის მიმართ 2017 წლის 25 სექტემბერს, შპს “...-ს“ უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149.1 მუხლის საფუძველზე - სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფატზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... ოქმი, რომელშიც მიეთითა, რომ ობიექტი არ არის აბონენტი და წყალს მოიხმარს D-20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილით. 12 დღის გახსნილია და შესაბამისად, გამოიწერა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N... 12 დღესა და 8 საათზე. შპს “...ს“ 4.10.2017წ. N2090 დადგენილებით ფ/პ ლ.კ-ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი -გაფრთხილება.
ლ.კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა თანხის დარიცხვის შესახებ აქტი და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/3 გადაწყვეტილებით, ლ.კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ძალაში დარჩა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,...ს“ 2017 წლის 4 ოქტომბრის N2090 დადგენილება. მოქალაქე ლ.კ-ის მიმართ მიღებული (აბონენტი N...) 2017 წლის 25 სექტემბრის N... "აღურიცხავი წყლის მოხმარების’’ აქტით 460,89 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და კომპანიას დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება, ასევე დარიცხვის განახორციელება 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში ცვლილების შეტანა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს შპს ,,...-ს“ და ფიზიკურ პირს ლ.კ-ეს შორის დაიდო დებიტორული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აბონენტს დავალიანება (460.89 ლარი) გადაუნაწილდა 6 თვეზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მეორე, მე-3 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტზე, მე-4, მე-6, მე-12 და მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2017 წლის სექტემბერი-ნოემბერი) მოქმედ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 20.12.2019 წლის N5646 კანონით) მე-4, 29-ე მუხლებზე, ასევე "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის პირველ, მე-3, 155-ე და 156-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ პირველი მუხლი, მე-8, მე-9 და 25.1 მუხლები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურებაც, რომლის ოდენობა დამოკიდებულია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდის ხანგრძლივობასა და უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის თანაფარდობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ თავდაპირველად უნდა დადგინდეს აბონენტის მიერ სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების ფაქტი, ასევე უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, რომლის უტყუარობა არ შეიძლება გამყარებული იქნეს ვარაუდით, ვინაიდან იმგვარი ვარაუდი, რომელიც არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პირისთვის თანხის დარიცხვის საფუძვლად.
საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ ლ.კ-ეს უსაფუძვლოდ დაერიცხა 460.89 ლარი და უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულება უნდა დაანგარიშდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების" 25.9 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის დადებული დებიტორული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე და აღნიშნა, რომ იგი არ შეიცავს დათქმას, რომ მესამე პირს, ლ.კ-ეს ეზღუდება უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილ ორგანოში სადავოდ გახადოს შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი და სახდელიდან გამომდინარე დავალიანების დარიცხვასთან დაკავშირებული საკითხები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "...მა", რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების" 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, ლ.კ-ის მიერ უკანონოდ მოხმარებული წყლის გადასახადი გამოანგარიშდა ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, 20 მმ-იანი პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 12 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარების რეჟიმით. მარეგულირებელი კომისიის მოსაზრება მასზედ, რომ დარიცხვა უნდა განხორციელდეს 4 საათიანი მოხმარების რეჟიმით, თითქოსდა აბონენტი ამ ოდენობის წყალს ვერ მოიხმარდა უსაფუძვლოა და არ ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებას. სასამართლოებმა ასევე არ გაითვალისწინეს ლ.კ-ესა და შპს "...ს" შორის დადებული დებიტორული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რითაც შეიჭრნენ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში და ხელახალი განხილვის საგანი გახადეს აბონენტის მიერ აღიარებული დავალიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/3 გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N3-ში მდებარე ლ.კ-ის სარგებლობაში არსებულ ობიექტში (...) შპს „...ს“ თანამშრომლების მიერ დაფიქსირდა 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების ფაქტი.
შპს "...ს" 2017 წლის 25 სექტემბერის აღურიცხავი წყლის მოხმარების №... აქტის თანახმად, ლ.კ-ეს, აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით, წყლის არასანქცირებული მოხმარებისთვის დაერიცხა 460,89 ლარი. საქმეში დაცული ას №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ ლ.კ-ემ ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევა. შპს „...ს“ 2017 წლის 4 ოქტომბრის №2090 დადგენილებით ლ.კ-ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისადმი მიმართული ადმინისტრაციული საჩივრით ლ.კ-ემ მოითხოვა შპს „...ს“ 2017 წლის 25 სექტემბრის N... "აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით დარიცხული თანხისა და მის მიმართ "გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ კომპანიის 2017 წლის 4 ოქტომბრის N2090 დადგენილების გაუქმება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/3 გადაწყვეტილებით, ლ.კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ძალაში დარჩა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს ,,...ს“ 2017 წლის 4 ოქტომბრის N2090 დადგენილება; ლ.კ-ეზე (აბონენტი N...) 2017 წლის 25 სექტემბრის N... ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით 460,89 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,...ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დარიცხვის განხორციელება, ასევე შესაბამისი ცვლილებების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა.
ამავე წესების 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ლ.კ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის, კერძოდ წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, თუმცა სადავოა სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი თანხის გამოანგარიშების წესი. შპს "უოთერ ენდ ფაუერის" მიერ მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელებულია 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 12 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ.კ-ე მის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაში ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს გამოირიცხებოდა სასმელი წყლის სისტემატიურად, მუდმივ რეჟიმში, მომხმარებლის მიერ იმ რაოდენობით სასმელი წყლის მოხმარების შესაძლებლობა, რაც კომპანიამ მას დაარიცხა. ამდენად, მართებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოსაზრება 2017 წლის 25 სექტემბრის N... ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით 460,89 ლარის დარიცხვის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების “ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დებიტორული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება შპს "...სთან" დაიდო ლ.კ-ის ვალდებულების დროში განწილვადების მიზნით, თუმცა ზემოაღნიშნული არ გამორიცხავდა პირის შესაძლებლობას სადავოდ გაეხადა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი და ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ლ.კ-ემ მის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში უფლების რეალიზებით ლ.კ-ემ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ზედამხედველობის სფეროში მოაქცია მის მიმართ მიღებული აქტების ფორმალური და მატერიალური კანონიერების შესწავლის საკითხი. ამასთან, თავად რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება შეიცავს დათქმას, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება განსახილველად გადაეცემა შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ მხარეთა შორის დადებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ლ.კ-ის მიერ აღიარებული დავალიანების დარიცხვის კანონიერების შემოწმება არ უნდა მომხდარიყო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 21.02.2025წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.2025წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა