საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-156(კ-24) 11 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ...“, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის რევიზიის აქტი №37/2017; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №04/61274.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად - თელავის რაიონულ სასამართლოს.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №37/2017 რევიზიის აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №04/61274. მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ურთიერთობა პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას შორის განხილულია, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის პირობებსაც მოიცავს უშუალოდ აღნიშნული პროგრამა და თანდართული დანართები. ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის. შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები. პროგრამის ამ პირობის დაცვის უზრუნველსაყოფად მე-4 მუხლის საფუძველზე, მიმწოდებლისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვს სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 12 აპრილის №04-185/ო ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენ „ელექტრონული ანგარიშების ფორმის“ მოთხოვნებს. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ძირითადი კონტიგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომელთა „თანხმობის’’ ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დარეგისტრირებულია ქალაქი და დაბა, ხოლო დამატებითი კონტიგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომელთა „თანხმობის’’ ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი. პროგრამის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით, რომლის დროსაც ძირითად კონტინგენტში (ფაქტობრივად ქალაქში ან დაბაში მცხოვრები) ერთი მოსარგებლის მომსახურების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 1,93 ლარს, ხოლო დამატებით კონტინგენტში (ფაქტობრივად სოფლად მცხოვრები მოსარგებლე) 1,07 ლარს. დამატებით კონტინგენტის ძირითად კონტინგენტად რეგისტრაცია არ შეიძლება იყოს ტექნიკური ხარვეზი, ასეთ შეცდომას მოყვება შესაბამისი ფინანსური შედეგი პროგრამის განმახორციელებლისთვის, კერძოდ, მიმწოდებლის მხრიდან არასწორად და ზედმეტად არის მოთხოვნილი კაპიტაციური წესით დაფინანსებული თანხა.
ტექნიკურ ხარვეზს გამორიცხავს ის ფაქტი, რომ თუ, კლინიკის ოპერატორი სოფელს მიუთითებდა ელექტრონული მოდულით გათვალისწინებულ, ადრე არსებულ ერთ-ერთ დამატებით ე.წ. კომენტარის ველში (გათვალისწინებული იყო ექიმისთვის მოსარგებლის დამატებითი იდენტიფიკაციის მიზნით კონკრეტული მისამართი - ქუჩა, შესახვევი და ა.შ.), ხოლო იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის ველში მითითებული იქნებოდა არა სოფელი, არამედ - ქალაქი ან დაბა, ბუნებრივია, პროგრამა ასეთ ბენეფიციარს აღიქვამდა, როგორც ძირითად კონტიგენტს. თუმცა, როგორც რეგისტრაციის დაწყების, ასევე დასრულების ეტაპზე, კლინიკის ოპერატორს განესაზღვრებოდა რეგისტრირებული მოსარგებლის სტატუსი (ძირითადი კონტიგენტი), რაც მისთვის საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომ მოეხდინა მოდულში შეტანილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება. ოპერატორს მოდულში ინფორმაცია შეყავს სათანადოდ შევსებული და მოსარგებლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის ფორმის საფუძველზე. ამ ფორმაში, ფაქტობრივად, მისამართად სოფლის დაფიქსირების შემთხვევაში, მოდულში რეგისტრაციის დაწყების ეტაპზე, ოპერატორის მიერ თავიდანვე უნდა იქნეს სწორად მონიშნული დამატებითი კონტიგენტის ფანჯარა, თუ ეს დეტალი იგნორირებულ იქნა რეგისტრაციის დაწყების დროს, ხოლო წესისამებრ, დასახელებულ პუნქტში მითითებულია სოფელი, ინფორმაციის შენახვის დათანხმებისთანავე, პროგრამა გამოიტანს შეზღუდვას - „მითითებული ბენეფიციარი ვერ იქნება რეგისტრირებული ძირითად კონტინგენტში”. ხოლო, თუ დასახელებულ პუნქტში მითითებულია ქალაქი ან დაბა, ინფორმაციის შენახვის დათანხმებისთანავე გამოვა ფანჯარა - „რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა“. არასწორად რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება გაუქმებას და ხელახალ რეგისტრაციას. ამდენად, დაუსაბუთებელია თემატური შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევების ტექნიკურ ხარვეზად შეფასება და ამ საფუძვლით ბათილად ცნობა. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებით დასახული მიზნების შესრულებას ემსახურება მომწოდებლის მხრიდან კანონით ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულება. კანონით განსაზღვრული წესის დარღვევით მონაცემების დაფიქსირება შესაბამის ფინანსურ შედეგს იწვევს პროგრამის განხორციელებისთვის, რადგან ძირითადი და დამატებითი კონტინგენტის დაფინანსების პირობები განსხვავდება.
კასატორის განმარტებით, ბენეფიციარების ძირითად და დამატებით კონტინგენტებში არასწორი რეგისტრაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას, რადგან პროგრამის 22.2 მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის კაპიტაციური წესით დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, ხორციელდება თუ არა კონკრეტულ ტერიტორიაზე „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. როდესაც ბენეფიციარის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე მოქმედებს „სოფლის ექიმის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, მისი დარეგისტრირება უნდა მოხდეს დამატებით კონტინგენტში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 23.12.2013 წლის №01-264/ო ბრძანებით განსაზღვრულია „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობა და სამოქმედო ტერიტორიები, მათ შორის, ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც დაწესებულებამ გახადა სადავოდ. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა არ წარმოადგენს რეგისტრაციის პირობების დარღვევის საპატიო საფუძველს.
პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19 ბრძანების მე-3 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ჯერ უნდა მოხდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსება, ხოლო შემდეგ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაცია და არა პირიქით. მოცემულ შემთხვევაში კი, მომწოდებლის მიერ ბენეფიციარები ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულნი იყვნენ მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსებამდე. შესაბამისად, სანქციებიც გამოყენებულ იქნა დარღვევით რეგისტრირებული ბენეფიციარის რეგისტრაციის მთელ პერიოდზე.
ამდენად, აშკარაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თემატური შემოწმების აქტის შედგენისას მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საჯარიმო სანქციების გამოყენება მოხდა საქართველოს მთავრობის 21.12.2013 წლის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ №36 დადგენილების შესაბამისად. შპს „...ის“ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზს, არამედ ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გამართულ ფუნქციონირებასა და დაფინანსების პირობებზე. უდავოა, რომ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ ნებისმიერი მიზეზით არამიზნობრივად და პროგრამის პირობების დარღვევით, განმახორციელებლისთვის მოთხოვნილი თანხა, არსებით საფრთხეს შეუქმნის აღნიშნული პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების დაუცველობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 130-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სარევიზიო პერიოდის ხანდაზმულობის ვადა. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის ფარგლებში, მიმწოდებელსა (სამედიცინო დაწესებულება) და სამედიცინო მომსახურების მიმღებ პირს (პაციენტს) შორის იდება ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობების ხანდაზმულობის ვადით. ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულებაში რევიზიის ღონისძიებების ფარგლებში, დარღვევის გამოვლენის, ანუ რევიზიის აქტის შედგენის მომენტიდან და არა ასანაზღაურებელი შემთხვევის დასრულების მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, კანონის უკუქცევით ძალაზე მითითება და მსჯელობა, აბსოლუტურად უსაფუძვლო და საქმეში არსებულ სამართლებრივ გარემოებებთან შეუსაბამოა, რამდენადაც აღნიშნული ცვლილება არა თუ გულისხმობს მეწარმისათვის რაიმე სახის სანქციის დაკისრებას, არამედ მაკონტროლებელ ორგანოს უცვლის და უწესებს შემოწმების პროცედურასა და ფარგლებს. აღნიშნული კი, ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ რევიზიის განხორციელების შემთხვევაში, პროგრამის მიმწოდებელს აუცილებლად დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა, რაც გამოიწვევს მისი მდგომარეობის გაუარესებას.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 151 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ შემთხვევის დასრულებიდან 5-წლიანი კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა 3-წლიანი ვადის ნაცვლად, განაპირობა კონტროლის განხორციელების შეუძლებლობამ მანამდე არსებული 3-წლიან ვადაში, ვინაიდან პროგრამაში მონაწილე დაწესებულებებისა და ბენეფიციარების რიცხვი ძალიან მაღალია, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მაკონტროლებლის რესურსის გათვალისწინებით, ვერ ხდებოდა ყველა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების შემოწმება. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი 5-წლიანი რეგულაციის დაწესება არ მოქმედებს მის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ არის სწორი, ვინაიდან, სწორედ, რომ კონტროლის განხორციელების მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული რეგულაციის შემოღება. აღნიშნული მოსაზრების/განმარტების მიხედვით, გამოდის, რომ მაკონტროლებელი ნორმის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ვერ განახორციელებს კონტროლს და მხოლოდ 3 წელზე უნდა გაავრცელოს, რაც არ ემსახურება საჯარო სამართლის მიზნებს და შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ ეხება საჯარო სამართლის სფეროს. გარდა აღნიშნულისა, როგორც უკვე აღინიშნა, კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ხოლო, უკუძალის მინიჭება წარსულში მომხდარ და დასრულებულ შემთხვევებზე კი არ მოხდა, არამედ - შემთხვევები არ იყო დასრულებული. მართალია, 3-წლიანი ვადის ნაცვლად განისაზღვრა 5-წლიანი ვადა, თუმცა აღნიშნული გამართლებულია საჯარო ინტერესებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძველი კანონით დადგენილი ვადები არ არის საკმარისი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ ევარაუდა მისი ქმედების სამართლებრივი შედეგები. დარღვევების გათვალისწინებით, მდგომარეობა ხანდაზმულობის გაგრძელებამდე და გაგრძელების შემდეგ იდენტური იქნებოდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 26 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით შპს „...ში“ ჩატარდა შემოწმება. შემოწმებულ იქნა გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ივნისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. 2017 წლის 30 ივნისის №37/2017 რევიზიის აქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობაა 34 176.67 ლარი, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 10 937.72 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა არის 23 238.95 ლარი (ტ.1, ს.ფ. 28-33); ბ) შპს „...მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 30 ივნისის №37/2017 რევიზიის აქტის ბათილად ცნობა. სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №04/61274 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 40-46, 34-39).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის №37/2017 რევიზიის აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №04/61274 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ 2015 წლის 26 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის 151.2 მუხლის თანახმად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა ყოფილიყო შემთხვევის დასრულებიდან სამ კალენდარულ წელზე მეტი, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების შემდეგ, „პროგრამის“ 151.1 მუხლით დადგინდა, რომ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, 2015 წლის 26 ოქტომბრამდე კონტროლის ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობა განსხვავდება შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისაგან. ამასთანავე, ორივე შემთხვევაში, კონტროლის განხორციელების ვადის ათვლა უკავშირდება შემთხვევის დასრულების მომენტს, შესაბამისად, ხანდაზმულობისათვის დადგენილი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტში მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული „პროგრამის“ ფარგლებში კონტროლის განხორციელებისათვის ხანდაზმულობის ვადის დადგენის მიზანს წარმოადგენს შესამოწმებელი სუბიექტისათვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობა მხოლოდ ნორმატიული აქტით დაშვებული კონტროლის ვადის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებაში. ამდენად, სამედიცინო დაწესებულების იურიდიული პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს ამ ვადის ფარგლებს გარეთ არსებულ შესაძლო შემთხვევებთან მიმართებაში, თუნდაც მათი შინაარსი ფორმალურად შესაბამისობაში იყოს კანონით სანქცირებას დაქვემდებარებული ქმედების შემადგენლობასთან. განსახილველ შემთხვევაში შპს „...ში“ 2017 წლის 30 ივნისს (შემოწმება დაიწყო 2017 წლის 26 მაისს) შემოწმებულ იქნა გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ივნისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. ამდენად, შემოწმების დაწყებისას, ადმინისტრაციული ორგანოს, ცალკეულ შემთხვევათა დასრულების მომენტში მოქმედი „პროგრამის“ 151 მუხლის რედაქციის გათვალისწინებით უნდა განესაზღვრა შემოწმების პერიოდი.
რაც შეეხება 2017 წლის 30 ივნისის №37/2017 რევიზიის აქტს, აღნიშნული აქტის 7.1 პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: მიმწოდებლის მიერ გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის მიმღებად ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებულია პაციენტები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში. აღნიშნულის გამო, მიმწოდებელს თითოეულ შემთხვევაზე მიღებული აქვს 0.86 ლარით მეტი, სულ 78 შემთხვევაში აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 1038.02 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში 2014 წლის 1 თებერვლამდე 0.5% ოდენობით, რამაც შეადგინა 0.9 ლარი, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაში შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა 2106.98 ლარი. რევიზიის აქტის 7.2. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია პროგრამის 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებულია აღნიშნული პროგრამით მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. რევიზიის აქტის თანახმად, 15 შემთხვევაში არ ფიქსირდება თანხმობის ფორმაზე მოსარგებლეთა ხელმოწერა; რევიზიის აქტის 7.3. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია პროგრამის 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის მოთხოვნები და 175 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს არ ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; რევიზიის აქტის 7.4. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა 318 შემთხვევაში (278 ცალი) ვერ წარადგინა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმა; რევიზიის აქტის 7.5. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების წესი, ჩანაწერები გადასწორებულია, მისამართი არ ემთხვევა, 18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევებში არ არის მითითებული მისი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის მონაცემები და სხვა (ტ.1, ს.ფ. 28-33).
ასევე დადგენილია, რომ შემოწმების აქტში გამოყენებული სანქციების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ((2017 წლის 27 იანვრამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით. ამავე მუხლის 2017 წლის 27 იანვრის შემდგომ მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით, ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით), ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა.“ და „ზ“ ქვეპუნქტები (განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: თუ პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე და თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.) და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) 22.2 მუხლის თანახმად (რევიზიის აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით (გარდა „სოფლის ექიმის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილე მიმწოდებლებისთვის ამ უკანასკნელი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობის მიწოდებისთვის).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.04.2013წ. №04-185/ო ბრძანებით დამტკიცებული, მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების ფორმის მიხედვით, ძირითადი კონტინგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომელთა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია ქალაქი ან დაბა, ხოლო დამატებით კონტინგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომელთა თანხმობის ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. აღნიშნული ბრძანების დანართი 1-ის (რევიზიის აქტის გამოცემის დროს 2017 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მე-5 პუნქტის მე-2 პუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მართალია, თითოეულ შემთხვევაში დადასტურებულია დოკუმენტაციის არასრულყოფილად შევსების, არასრული დოკუმენტაციის წარდგენის, ხელმოწერების არ დაფიქსირებისა და მონაცემების გადაშლა/გადასწორების ფაქტები (რასაც მოსარჩელე ტექნიკურ ხარვეზს ან თავად ბენეფიციართა დაუდევრობას მიაწერს), თუმცა არ დადასტურებულა და არ დადგენილა აღნიშნული შეცდომით სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი ან/და პირისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების არ გაწევა. განსახილველ შემთხვევაში, ასევე დაუდგენელია შემთხვევათა მონაცემების უზუსტობა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით, თუ მიმწოდებლის მიერ დაირღვა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი ან ჰქონდა თუ არა ადგილი სხვა დარღვევას, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განსხვავებულ სანქცირებას ექვემდებარება.
დასახელებულ საკითხზე მსგავს მიდგომას იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელიც ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეზე აღნიშნავს, „შემოწმებისას გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელთა არსებობის მიუხედავად სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარების უმეტეს ნაწილს გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით“. ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „არ დგინდება ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად და პირდაპირ დაეკისრა საჯარიმო თანხები, ამასთანავე შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები შემოწმების აქტში მხოლოდ ფაქტების სახითაა ასახული და შესაბამისად არ არის დასაბუთებული“(ის. სუს-ს 22.05.2022წ. განჩინება საქმეზე ბს-671(კ-19).
ამდენად, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.01.2024წ. №00724 და 22.04.2024წ. №03620 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1708,83 (300 ლარი და 1408,83 ლარი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1196,18 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.01.2024წ. №00724 და 22.04.2024წ. №03620 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1708,83 (300 ლარი და 1408,83 ლარი) ლარის 70 პროცენტი - 1196,18 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია