Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-156(კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბადრი შონია, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.შ-ე; მოპასუხე- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; მესამე პირები (სასკ 16.2) - მ.გ-ი, ლ.ი-ი, ჯ.პ-ი, ნ.ქ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 13 ოქტომბერს ნ.შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური მიმართ.

მოსარჩელემ „ნ.შ-ის დაჯარიმების და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2020 წლის 03 თებერვლის №01 ბრძანებისა და „ნ.შ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 სექტემბრის №7/დელ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჯ.პ-ი, მ.გ-ი და ლ.ი-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის 20 თებერვალს მომზადებული ამონაწერით დგინდებოდა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ.შ-ე. სხვენი №... მდებარეობდა ქალაქ რუსთავში ... №...-ში.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2019 წლის 29 ნოემბრის №02-01/16306 წერილით ნ.შ-ეს განემარტა, რომ დაფიქსირდა უნებართვო მშენებლობის ფაქტი (სხვენში ამოშენებული იყო კედელი). ამავე წერილით ეცნობა, რომ დაწყებული იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მოსარჩელე ნ.შ-ეს განესაზღვრა 02 კალენდარული დღე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში გამოცხადებისთვის და მშენებლობის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთვის. ამავე წერილით, შესაბამისი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ეთხოვა განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელე ნ.შ-ეს მიეცა მითითება №14 და განესაზღვრა 7 დღის ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. მოსარჩელე მხარეს მითითება ჩაბარდა 2019 წლის 07 დეკემბერს.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ 2020 წლის 03 თებერვალს მიღებულ იქნა ბრძანება №1, მოსარჩელე ნ.შ-ის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ.

ნ.შ-ის მიერ 2020 წლის 06 თებერვალს №1030/02 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2020 წლის 03 თებერვლის №1 ბრძანება. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 სექტემბრის №7/დელ ბრძანებით ნ.შ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო მოსარჩელე ნ.შ-ის მიერ უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტი, რის გამოც, არ არსებობდა მოპასუხეთა მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლებიც.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.შ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ნ.ქ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2020 წლის 03 თებერვლის №1 ბრძანება და მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 14 სექტემბრის №7/დელ ბრძანება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ მეზობლის განცხადებაში მითითებულ გარემოებას ნ.შ-ის მხრიდან უნებართვო მშენებლობის განხორციელების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათზე აღბეჭდილი იყო სამშენებლო ბლოკით კედლის აშენების ფაქტი. აღნიშნული ფოტომასალა თანდართული იყო მესამე პირის - ჯ.პ-ის განცხადებაზე, რის საფუძველზეც ფაქტობრივად დაიწყო საქმის წარმოება ადმინისტრაციულმა ორგანომ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდებოდა, თუ როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ აღნიშნული კედლის მშენებლობას ახორციელებდა ნ.შ-ე, მით უფრო, რომ მითითებულ ფაქტს აპელანტი არ ეთანხმებოდა.

სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებდა ის გარემოება, კონკრეტულად სად და რა სახის სამშენებლო სამუშაოები იყო ჩატარებული, ასევე რამდენად იქნა იგი გამოსწორებული, ვინაიდან ამგვარი გარემოების დადასტურების შემთხვევაში, მოსარჩელეს ვეღარ დაეკისრებოდა დემონტაჟის ვალდებულება. მით უფრო, რომ სადავო №1 ბრძანებაში მითითებული №... საკადასტრო კოდით (სადაც დემონტაჟის განხორციელების ვალდებულება აქვს ნ.შ-ეს) ქონება რეგისტრირებული აღარ იყო, კერძოდ, ერთეულის დაყოფის შედეგად წარმოშობილი იყო რამდენიმე უძრავი ნივთი. შესაბამისად, ასევე ვერ დგინდებოდა, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად თუ რომელ საკადასტრო ერთეულში მოექცა სადავო კედელი. შეცვლილ ვითარებაზე (სადავო კედლის დემონტაჟის დადასტურების შემთხვევაში), როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს სავალდებულოდ უნდა ემსჯელა საკითხის ხელახალი განხილვისას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად განხორციელდა სამართალდარღვევის შეფასება რადგან, ის გარემოება, რომ მხარემ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ, ე.წ "ბლოკის" მასალით აშენებული კედლის დემონტაჟი განახორციელა და შეცვალა კედლის მასალა მსუბუქი კონსტრუქციით, მას არ ათავისუფლებს ჯარიმის გადახდისგან, რადგან სამართალდარღვევა უკვე ჩადენილი იყო მანამდე. სამართალდამრღვევის მხრიდან აღნიშნული ქმედება ადასტურებს დარღვევის აღიარებას, რაც სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა. დემონტაჟის განხორციელებით მხარემ აღიარა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2020 წლის 03 თებერვლის №1 ბრძანების მე-2 პუნქტით დაკისრებული დარღვევა და ის არ თავისუფლდება პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ პირი, რომელსაც მშენებლობის განხორციელების ინტერესი ჰქონდა იყო ნ.შ-ე. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ მხარის მიერ უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა სამართალდარღვევისგან თავის არიდების, სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით, თუმცა აღნიშნული გარემოება მას არ ათავისუფლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა- ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა- ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მოცემული დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

ამავე დადგენილების მე-19 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად, მათ შორის I კლასს მიეკუთვნება – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. დადგენილების 66-ე მუხლის (I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა) 1-2 პუნქტები განსაზღვრავს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის 7-8 პუნქტებით დადგენილია, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ხოლო, მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: ა) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს ნ.შ-ეს მიეცა №14 მითითება და განესაზღვრა 7 დღის ვადა ქალაქ რუსთავში, ...ას ქ. №...-ში მდებარე №... სხვენში უნებართვოდ აშენებული კედლის დემონტაჟის განსახორციელებლად ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად. მოპასუხის განმარტებით აღნიშნულ კედელს ჰქონდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სხვენის ფართობის შემომსაზღვრელი ფუნქცია და მიჯნავდა საკუთრებაში არსებულ ფართს სხვენის დანარჩენი ტერიტორიისგან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ განხორციელდა მითითებით განსაზღვრული პირობების შემოწმება და 2019 წლის 23 დეკემბრის №03/291 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მითითებით გასატარებელი ღონისძიებები არ იქნა შესრულებული, რის გამოც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ 2020 წლის 03 თებერვალს მიღებული იქნა ბრძანება №1 ნ.შ-ის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმებისა და მისთვის უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, შენობა-ნაგებობის სრულად ექსპლუატაციაში მიღება მოხდა 2015 წელს, რის შემდგომაც მისი მხრიდან მხოლოდ საკუთარ ფართში 2021 წელს განხორციელდა სარემონტო-მოპირკეთებითი სამუშაოები, კერძოდ, თაბაშირ-მუყაოს ფილის გამოყენებით გადატიხრა თავისსავე საკუთრებაში არსებული ფართი და სამშენებლო ბლოკით არ განუხორციელებია სხვის საკუთრებასთან არსებული მომიჯნავე კედლის მშენებლობა. ამდენად, აპელანტის მტკიცებით, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, რის გამოც არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის მოპოვებას ანდა უფლებამოსილ სამსახურთან შეთანხმებას/დადასტურებას.

მოპასუხის (კასატორის) განმარტებით, ნ.შ-ის მხრიდან 2019 წელს ადგილი ჰქონდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, კერძოდ, სამშენებლო ბლოკით კედლის მოწყობას, რომელსაც გააჩნდა შემომსაზღვრელი ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ.შ-ის სხვენში რეალურად სადავო კედლის არსებობის ფაქტი, სამართალდარღვევის საქმისწარმოების მასალებით დადგენილი კონფიგურაციით, წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და ფაქტის კონსტატაციის მასალების ურთიერთშედარებით არ დგინდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „შენობის დემონტაჟი, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა... ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება“ (იხ. სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული და გამოკვეთილი სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი და მისი მდგომარეობა სადავო აქტების გამოცემის დროს, რამდენადაც, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია სამშენებლო ბლოკით კედლის აშენების ფაქტი, თანდართული იყო მესამე პირის - ჯ.პ-ის განცხადებაზე, რის საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება ადმინისტრაციულმა ორგანომ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 17 ოქტომბრის №11114/02 განცხადებით მიმართა მესამე პირმა ჯემალი პარუნაშვილმა და განმარტა, რომ ქალაქ რუსთავში ...ას №...-2-ის პირველი სადარბაზოს მეორე სართულის სხვენზე მიმდინარეობს სხვენის კეთილმოწყობა, დაშენება-აშენება, ასევე მიტანილი იყო სამშენებლო მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა შესაბამისი რეაგირების განხორციელება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ განხორციელდა სხვენის დათვალიერება, სადაც იმ დროისთვის მშენებლობა არ მიმდინარეობდა.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტიდან არ იკვეთება, რის საფუძველზე დაადგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიერ აშენებული იყო კაპიტალური კედელი. ამასთან, გარდა იმ გარემოებისა, რომ წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და ფაქტის კონსტატაციის მასალების ურთიერთშედარებით არ დგინდება სამართალდარღვევის ოქმსა და წარმოების მასალებში მითითებული კონფიგურაციით სადავო კედლის არსებობა, ასევე, გასათვალისწინებელია მოპასუხის განმარტება, რომ კედელი შესაძლოა ყოფილიყო დემონტირებული მოსარჩელის მხრიდან, რამდენადაც მოპასუხე (კასატორი), ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად ადასტურებს/არ გამორიცხავს შესაძლო ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის აღმოფხვრას მოსარჩელის მხრიდან, რაც დაკისრებული სანქციის საფუძვლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის გარემოებები, არსებული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ცოდნა აუცილებელია, როგორც საკუთარი უფლებების დასაცავად, ასევე შესაძლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნისათვის. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შეფასების საგანს წარმოადგენს (იხ. სუსგ №ბს-1101(2კ-20) 29.02.2022)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ბ. შონია

გ. მაკარიძე