Facebook Twitter

№425აპ-15 თბილისი

ს-ი ა,425აპ-15 12 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განაჩენით:

· ა. ს-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 21 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, -ის ქუჩაზე არსებული -ას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,0307 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება;

· აღნიშნული ქმედებისათვის ა. ს-

ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 21 ივლისიდან;

· მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

· ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ა. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და მეტადონის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა. ს-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ა. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. მ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ა. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. ს-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ა. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ეს გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეიცვალა დანაშაულის კატეგორია და შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

4. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ა. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

6. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვნად შემსუბუქდა მსჯავრდებულ ა. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა, პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ა. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 21 ივლისიდან.

4. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე