Facebook Twitter

ას-122-453-09 10 ივლისი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი _ ვერიკო ბოკუჩავა

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი

წარმომადგენელი _ ი. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე-ე, ლ. მ-ი, ნ. კ-ე

წარმომადგენელი – ი. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სხვენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისში, ......... ქ. ¹6/8-ში მდებარე სახლის მაცხოვრებლებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ნ. გ-ისა და ც. ლ-ის მიმართ, სადაც მიუთითეს, რომ მოპასუხეები მშენებლობას აწარმოებდნენ უკანონოდ; გაასხვისეს რა თავისი საცხოვრებელი ბინა, აღარ წარმოადგენენ საერთო საკუთრების მონაწილეებს და არასწორად მიიღეს დაშენების უფლება სახლის მდგომარეობიდან გამომდინარე; საცხოვრებელი სახლი ვერ გაუძლებს ზედმეტ დატვირთვას. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ნ. გ-სა და ც. ლ-ეს აეკრძალოთ იმავე სახლის სახურავზე მანსარდის მშენებლობა და ნაგებობა მოიყვანონ პირვანდელ მდგომარეობაში.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. ე-ის, ლ. მ-ის და სხვათა სარჩელი მოპასუხეების ც. ლ-ისა და ნ. გ-ის მიმართ მანსარდის დაშენების აკრძალვისა და სახლის სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გაუქმდა ამ საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ც. ლ-ესა და ნ. გ-ს აეკრძალათ ქ. თბილისში, ............ ქ. ¹6/8-ში მანსარდის მშენებლობა, სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ.თბილისში, ....... ქ. ¹6 და ¹8 სახლები წარმოადგენენ ერთმანეთის მომიჯნავე ნაგებობებს. ¹6 სახლის მაცხოვრებელთა ნაწილი სარგებლობს ¹8 სახლის კიბის უჯრედით. მაცხოვრებლებს ბინები პრივატიზებული აქვთ და წარმოადგენს მათ საკუთრებას. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი იმის შესახებ, რომ თითქოსდა თანასაკუთრებაში არსებული ქონება მოპასუხეებმა მიითვისეს მათთან შეუთანხმებლად და თვითნებურად, რადგან დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ 2001 წლის დასასრულსა და 2002 წლის დასაწყისში ორივე სახლის მაცხოვრებელთა გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი და მისცეს თანხმობა მოპასუხეებს, რათა ამ უკანასკნელებს ეწარმოებინათ მანსარდის ტიპის საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მათი სახლის სახურავზე. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო ისიც, რომ მოპასუხეებს ქ. თბილისში, ............ ქ. ¹6 სახლის სახურავზე მშენებლობა დაწყებული აქვთ არა თვითნებურად, უკანონოდ და დაუპროექტებლად, არამედ მთავარი არქიტექტორის მიერ 2002 წლის 3 ივლისს გაცემული ¹20/341 ბრძანების საფუძველზე.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ ეჭვებსა და ვარაუდზე, მაშინ, როდესაც მშენებლობის პროექტი შეთანხმებული იყო “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით უფლებამოსილი ორგანოს პირის მიერ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო საქართველოს ურბანიზაციის მშენებლობის მინისტრის 1998 წლის 5 მარტის ¹12 ბრძანებით დამტკიცებული “მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის” შესაბამისად.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეთა მიერ სახლზე ნებართვის მისაღებად სრულად იყო წარმოდგენილი ის მასალები, რაც საჭირო იყო მშენებლობის დასაწყებად, შესაბამისად, სასამართლოს აზრით, მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნებს მშენებლობის აკრძალვის თაობაზე აფუძნებდნენ შიშზე, რომ შესაძლოა სახლი დაინგრეს, მაშინ, როდესაც ექსპერტის დასკვნით აღნიშნული ეჭვი გაბათილებულია;

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია მოპასუხეთა მხრიდან მშენებლობის დაწყების ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის გაყალბებასთნ დაკავშირებით.

ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ გაუქმებას ექვემდებარებოდა მოცემულ საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რამდენადაც იგი მიღებული იყო მოპასუხეთა მიმართ მშენებლობის აკრძალვისათვის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ე-ემ, ლ. მ-მა, ნ. ვ-ემ და ნ. კ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნომებრის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. ე-ის, ლ. მ-ისა და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ე-ის, ლ. მ-ისა და ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. ლ-ესა და ნ. გ-ს დაევალათ თბილისში, ............ ქ. ¹6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ თბილისში, ............ ქ. ¹6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე მშენებლობა მიმდინარეობდა უფლებამოსილი პირების ნებართვით თუ უნებართვოდ, იყო თუ არა მშენებლობის პროექტი შეთანხმებული და ა.შ., ვინაიდან ჩათვალა, რომ მსჯელობა იმის შესახებ, რომ სხვენი-მანსარდი ეწინააღმდეგებოდა თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წარმოადგენდა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართლის მსჯელობის საგანს;

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა დაედასტურებინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ აშენებული სხვენ-მანსარდი ხელყოფდა თუ არა მოსარჩელეების ინტერესებს და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოიშვა, დავა უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფატქობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, ........ ქ. ¹6 და ¹8 სახლები წარმოადგენენ ერთმანეთის მომიჯნავე ნაგებობებს. ¹6 სახლის მაცხოვრებელთა ნაწილი სარგებლობს ¹8 სახლის კიბის უჯრედით;

მ. ე-ე, ლ. მ-ი, ნ. კ-ე ცხოვრობენ თბილისში ............ ¹6-ში, ხოლო ნ. ვ-ე ........... ¹8-ში;

ც. ლ-ე და ნ. გ-ი 2002 წლის 14 იანვრამდე ცხოვრობდნენ ........... ქ. ¹6-ში და ამ დრომდე წარმოადგენდნენ მითითებული საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრების თანამესაკუთრეებს;

საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპლანტებმა და სხვა მეზობლებმა 2001 წლის 20 დეკემბერს კანონით დადგენილი წესით, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 226-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თანხმობა მისცეს მეზობელ _ ც. ლ-ეს მოეწყო თავის საცხოვრებელი ბინის თავზე სხვენ-მანსარდი სურვილისამებრ. ასეთივე თანხმობა მიიღო ც. ლ-ემ მ. რ-გან 2002 წლის 14 იანვარს, მას მერე რაც მ. რ-ამ მოპასუხეებისაგან შეიძინა მათ საკუთრებაში არსებული ბინა.

2001 წლის 20 დეკმებრისათვის, ანუ შეთანხმების გაცემის დროისთვის, ც. ლ-ე და ნ. გ-ი იყვნენ შენობის საერთო საკუთრების თანამესაკუთრეები, ხოლო მას შემდეგ, რაც გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საკუთრება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-მა და ც. ლ-ემ დაკარგეს მითითებულ სახლში საერთო საკუთრების თანამესაკუთრის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო საკუთრების თანამესაკუთრეთა მიერ ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, ც. ლ-ზე 2001 წლის 20 დეკემბერს გაცემული თანხმობა უკვე ვეღარ ჩაითვლებოდა მესამე პირების მიმართ გაცემულ თანხმობად საცხოვრებელი ბინის თავზე სხვენ-მანსარდის აშენებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სხვენ-მანსარდის აშენებით ხელყოფილ იქნა ......... ქ. ¹6-ში მაცხოვრებლის მ. ე-ის, ლ. მ-ისა და ნ. კ-ის, როგორც თანამესაკუთრეების უფლებები და მათი მოთხოვნა ........ ¹6-ში საცხოვრებელი სახლის სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ, საფუძვლიანად ჩათვალა, თუმცა აპელანტების მოთხოვნა სახურავზე დაშენების აკრძალვის თაობაზე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო მანსარდა აშენებული და ექსპლუატაციაში მიღებულია და დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება ც. ლ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ......... ქ. ¹8-ში მცხოვრები ნ. ვ-ის, როგორც მესაკუთრის, მოსაზრება მისი უფლებების დარღვევის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დადგინდა, თუ რა უფლებები დაერღვა მას მანსარდის აშენებით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო მ. ე-ის, ლ. მ-ისა და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით უნდა შეცვლილიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნომებრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რომელმაც იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სარჩელი ისე დააკმაყოფილა, რომ ჯერ არ არის დადგენილი რამდენად კანონშესაბამისი იყო სადავო მანსარდის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები, გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული არცერთი მტკიცებულება, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს შეეძლო გადაწყვეტილების გამოტანა. გადაწყვეტილება საერთოდ არ შეხებია ნ. გ-ის მოსაზრებებს, არ შეუფასებია მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთება კანონშეუსაბამო იყო, ვინაიდან იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეთა თანხმობით შეიძლება უფლებრივად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ. ასეთი თანხმობა კი ........ ქ. ¹6 და ¹8 სახლის მობინადრეებს კასატორის სასაგებლოდ გაცემული ჰქონდათ. შესაბამისად, კასატორის აზრით, მათ თავიანთი წილი დათმეს კასატორის სასარგებლოდ და შემდგომში იგი მისი ბინის რეალიზაციას მოახდენდა თუ არა, აღნიშნული ზეგავლენას ვერ იქონიებდა ასეთი გარიგების ნამდვილობაზე, მით უმეტეს, რომ ბინის შემძენმა რ-ამ გასცა თანხმობა მანსარდის აშენებაზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლი, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ კასატორმა განკარგა მხოლოდ ბინა, საცხოვრებელი ფართი მას არ განუკარგავს, ანუ არ განუკარგავს საერთო საკუთრებაში მისი წილი და აღნიშნული არც გადაწყვეტილებით არის დამტკიცებული. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ მეზობლების თანხმობები გაცემული იყო კანონმდებლობის შესაბამისად, და ისინი მისი ნამდვილობის ან დავასთან შესაბამისობის თვალსაზრისით სადავო არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ც. ლ-ე და ნ. გ-ი ცხოვრობდნენ ........ ქ. ¹6-ში და წარმოადგენდნენ ამ საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრების თანამესაკუთრეებს. 2001 წლის 10 დეკემბერს ამ სახლის მაცხოვრებლებმა კანონით დადგენილი წესით (სანოტარო ფორმის დაცვით) სამოქალაქო კოდექსის იმ დროს მოქმედი 226-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, თანხმობა მისცეს მეზობელს ც. ლ-ეს მოეწყო თავისი საცხოვრებელი ბინის თავზე სხვენი-მანსარდი თავის სურვილისმებრ. 2002 წლის 14 იანვარს, მოპასუხეებმა გაასხვისეს თავიანთ საკუთრებაში არსებული ბინა და მიწის შემძენისაგან, მ. რ-აც მიიღო თანხმობა მანსარდის მოწყობაზე, ასევე დადგენილია, რომ სადავო მანსარდა აშენებულია, ექსპლუატაციაში მიღებულია და დღეის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით ირიცხება ც. ლ-ის სახელზე.

სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ ბინის გასხვისებით დაკარგა მითითებულ სახლში საერთო საკუთრების უფლება და მანსარდის აშენებით ხელყოფილ იქნა მოსარჩელეების, როგორც თანამესაკუთრეების, უფლებები, კერძოდ, მოსარჩელეებს შეეზღუდათ კანონით მინიჭებული უფლება ისარგებლონ სხვენით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სამოქალაქო კოდექსის იმ დროს მოქმედი 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.

აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს მრავალბინიანი სახლის ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლებას. დაუშვებელია მრავალბინიან სახლებში ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ზღუდავენ საერთო საკუთრების უფლების, მათ შორის ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებიც უკავშირდება ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გადაკეთებას, მოცილებას ან დამატებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთო საკუთრებაში არსებულ ფართზე უფლების შელახვა (სსკ-ის 211-ე მუხლის I ნაწილი).

იმ შემთხვევაში თუ არსებობს საერთო საკუთრებაში არსებული ფართის სხვაგვარი გამოყენება (იგულისხმება ისეთი გამოყენება, რომელიც განსხვავდება საერთო საკუთრების მართვის ზოგადი წესებისაგან, მაგრამ ემსახურება მესკუთრეათა ინტერესებს) აუცილებელია მობინადრეთა ნება. ნების გამოვლენა კი იწვევს სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას (სკ-ის 50-ე მუხლი).

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა გამოხატეს ნება ც. ლ-ეს თავისი საცხოვრებელი ბინის თავზე მოეწყო მანსარდი, ამასთანავე ც. ლ-ეს თავისი სახსრებით უნდა უზრუნველეყო სახლის სახურავის ტექნიკური გამართვა. აღნიშნული გარიგებების საფუძველზე, მოსარჩელეებმა უარი თქვეს თავიანთ სანივთო უფლებაზე, ხოლო მოპასუხეებს წარმოეშვათ უფლება სადავო ფართი მოექციათ ინდივიდუალურ საკუთრებაში. აღნიშნული გარიგება ნამდვილია (საწინააღმდეგო არ არის დადგენილი) და, შესაბამისად, გამოიწვია სამართლერივი შედეგი, კერძოდ, მოპასუხემ ააშენა მანსარდი და დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება მის სახელზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მანსარდის აშენებით ხელყოფილ იქნა მოსარჩელეთა, როგორც თანამესაკუთრეთა, უფლება ისარგებლონ სადავო სხვენით.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებმა მანსარდის მოწყობაზე თანხმობა მისცეს ერთ-ერთ თანამესაკუთრეს და ამ თანამესაკუთრის მიერ ბინის გასხვისებით, მან დაკარგა უფლება თანასაკუთრებაზე და ეს თანხმობა ვერ ჩაითვლება მესამე პირების მიმართ გაცემულ თანხმობად.

თანამესაკუთრეების (მოსარჩლეების) მიერ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლების განკარგვით, მოპასუხეებს მიეცათ შესაძლებლობა (სამართლებრივი საფუძველი) თავიანთი საცხოვრებელი ბინის თავზე სხვენი მოექციათ ინდივიდუალურ საკუთრებაში და მოპასუხის მიერ განხორციელდა არა თანასაკუთრებაში არსებული მისი წილის გარეშე ინდივიდუალური საკუთრების გასხვისება, არამედ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილის გასხვისება.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არსებობს თუ არა სადავო ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მოსარჩელეთა მიერ მითითებული სხვა საფუძველები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება მ. ე-ის, ლ. მ-ის და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.