საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-179(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „პ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „პ...მა“ 2023 წლის 18 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.07.2023 წ. №HA 7 23 00729728 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 21 აგვისტოს №HA 6 23 00877994 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე პაციენტ ე. პ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელის მიხედვით, პაციენტ ე. პ-ის 2022 წლის 18-28 ნოემბრის პერიოდში სამედიცინო მომსახურება გაეწია პ...ში, სადაც იგი მძიმე მდგომარეობით იქნა შეყვანილი. შემოსვლისთანავე ...ზე ჩატარებული სწრაფი ტესტი დადებითი აღმოჩნდა, რის გამოც პაციენტი გადაიყვანეს ... განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, სადაც უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული სრული და ადეკვატური მკურნალობა. მიუხედავად განხორციელებული სამედიცინო ღონისძიებებისა, 2022 წლის 28 ნოემბერს 13:30 საათზე დაფიქსირდა პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი. ...ის დადასტურების საფუძველზე სამედიცინო შემთხვევა დარეგისტრირდა შესაბამის მოდულში (N...) ძირითადი დიაგნოზით – ...-ის სტაციონარული შემთხვევის მართვა. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 11 ივლისისა და 21 აგვისტოს სადავო გადაწყვეტილებებით აღნიშნული შემთხვევა ანაზღაურებას არ დაექვემდებარა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გამოწვეული იყო სწორედ ...ით გართულებული მდგომარეობით და წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია სრულად ითვალისწინებდა ...-ის მკურნალობის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „პ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 21.08.2023 წ. NHA 6 23 00877994 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს ეკისრებოდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და დასაბუთების გადამოწმების ვალდებულება, რაც არ შესრულდა. სადავო აქტებში არ იყო განმარტებული დარღვევის კვალიფიკაციის ფაქტობრივი საფუძვლები, დიაგნოზების შეუსაბამობა და არ იყო დასაბუთებული, რატომ არ ჩაითვალა...-ის შემთხვევა სტაციონარულ შემთხვევად, მიუხედავად სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული დიაგნოზებისა (...) და სხვა თანმხლები დაავადებებისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „პ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.07.2023 წ. №HA 7 23 00729728 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 21.08.2023წ. №HA 6 23 00877994 გადაწყვეტილება (20.07.2023წ. №764862 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ).
სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი ...ული დაავადების ...-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის დანართი №20-ის მე-3 მუხლის „გ.ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროგრამა მოიცავს ...-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში. ამავე დანართის მე-4 მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, ...-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი ტარიფის 50%-ით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეესაბამება შეტყობინებაში ასახულ ინფორმაციას ან პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. პ-ის 2022 წლის 18–28 ნოემბერს შპს „პ...ში“ გაეწია მძიმე სტაციონარული სამედიცინო დახმარება; შემოსვლისთანავე დაუდასტურდა ..., გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და ... განყოფილებაში, სადაც უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, თუმცა 28.11.2022 დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ იყო დასაბუთებული, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე იქნა მიჩნეული, თითქოს პაციენტის სტაციონირება გამოწვეული იყო სხვა მიზეზით (...ით) და რატომ უნდა ანაზღაურებულიყო ...-თან დაკავშირებული ხარჯები მხოლოდ 50%-ით, მაშინ როდესაც ინფექცია დადასტურდა შესვლისთანავე და იგი წარმოადგენდა ძირითადი მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს.
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნების გაკეთება საჭიროებდა სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაეზუსტებინა ექსპერტიზით, სპეციალისტის მოწვევით ან სხვა კანონით გათვალისწინებული საშუალებებით, რაც არ განხორციელდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 21.08.2023 წ. №HA 6 23 00877994 გადაწყვეტილების (20.07.2023წ. №764862 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სადავო საკითხის შეფასებაში მისი ჩართულობა განპირობებული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განსახილველი დავის ფარგლებში ასევე სადავოდ ხდიდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემულ ძირითად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.07.2023 წ. №HA 7 23 00729728 გადაწყვეტილებას, პროცესუალურსამართლებრივად დაუშვებელი იყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მისთვის, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. დავის ამგვარი გადაწყვეტა მხარეს პრაქტიკულად უსპობდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ძირითადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.07.2023 წ. №HA 7 23 00729728 გადაწყვეტილება, ხოლო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიმართ წარმოიშობოდა არსებითად ბათილად ცნობის საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, პაციენტი ე. პ-ი 18.11.2022 წელს შპს „პ...ში“ მოთავსდა ...ის დიაგნოზით. ... კონსულტაციის შემდეგ გადაყვანილ იქნა ... განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე. პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა 18.11.2022–28.11.2022 პერიოდში, ხოლო სწრაფი ტესტით მას ასევე დაუდასტურდა ....
საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ფორმა №IV-100/ა) ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ სტაციონირების ძირითადი მიზეზი იყო ...ა და არა ..., რის გამოც ჰოსპიტალიზაციისას მიმდინარეობდა აღნიშნული დიაგნოზის მართვა. ამ პირობებში, „...-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის დანართი №20-ის მე-4 მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ...-თან დაკავშირებული ხარჯები უნდა ანაზღაურებულიყო მხოლოდ 50%-ით და არა სრულად. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ვინაიდან მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ მონაცემებს და არ შეესაბამებოდა პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს ქვედა სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Va№ de Hurk v. №etherla№ds, par.61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] par.26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. პ-ის შპს „პ...ში“ გაეწია სტაციონარული სამედიცინო მომსახურება 2022 წლის 18 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. შემოსვლისთანავე პაციენტს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი ...ის დასადგენად და შედეგი იყო დადებითი. მდგომარეობის სიმძიმის გამო პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და ... განყოფილებაში (ბოქსირებულ პალატაში) უტარდებოდა ყველა ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით, რაც ასახულია თანდართულ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა IV-100/ა-ში (ცნობა №22571). მიუხედავად ყველა ადეკვატური სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებებისა, 2022 წლის 28 ნოემბერს 13:30 საათზე კონსტატირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გაკეთებულ იქნა შეტყობინება - ...-ის სტაციონარული შემთხვევის მართვა - პაციენტს შემოსვლისთანავე დაუდასტურდა ... (...). შესაბამისად „...-ის“ ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა ტესტის შედეგი „დადებითი“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის მ/შემსრულებლის 11.07.2023 წ. NHA 7 23 00729728 გადაწყვეტილებით განისაზღვრა იმ სამედიცინო შემთხვევათა რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას შესაბამისად, მას მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სააგენტოს მიერ უარის თქმის კანონიერება, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევათა ანაზღაურების პროცესუალურ წესზე და მხარეთა ვალდებულებებზე; კერძოდ ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-10 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლეთა დიაგნოზის ფორმირების წესს, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.
ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული (დანართი №20) „ახალი ...ული დაავადების ...-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მე-3 მუხლის „გ.ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს - ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის ...-ით ინფიცირების შემთხვევაში ...-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას (მ.შ., ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად).
ამავე დანართის მე-4 მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დანართის მე-3 მუხლის „გ.ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა ...ს მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო ...-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ამ მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის 50%-ის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას.
ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ელეონორა პაიტიანის მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა ზემოაღნიშნული დადგენილების 16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, თუმცა საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე კონკრეტულ მითითებას და დასაბუთებას, რა გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტები ადასტურებს პაციენტის მდგომარეობისა და დასმული დიაგნოზის შესაბამის მკურნალობას, ხოლო მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის ღონისძიებები. შესაბამისად, კლინიკა ვალდებულია მიწოდებულ ინფორმაციაში ზედმიწევნით ზუსტად ასახოს ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების შესაბამისი მონაცემები, ამასთან, შეუსაბამობაზე მითითებისას, აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებითა და სათანადო არგუმენტაცია უნდა აისახოს ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე, შესაბამისად მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სადავო ადმინისტრაციულ აქტებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რატომ ჩაითვალა პაციენტის სტაციონირების მიზეზად ...ა, მაშინ როდესაც ... ინფექცია დადასტურდა მიღებისთანავე. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ასეთი დასკვნები საჭიროებდა სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუპოვებია კანონით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად, მოცემულ საქმესთან მიმართებით არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 11.07.2023 წ. NHA7 23 00729728 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 2025 წლის 6 მაისს №11042 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა