Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-181(გ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი

მოპასუხე _ გ. თ-ე

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 20 აპრილს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ. თ-ეის მიმართ და მოითხოვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 107 095.39 ლარის გადახდა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი გ. თ-ეის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, გადაეცა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნერივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს გ. თ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 107 095.39 ლარის გადახდა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის არსებითია დადებული ხელშეკრულების ხასიათი. ხელშეკრულების შესრულებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადად, თუ იგი ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილისა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ საქმეში ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული 2018 წლის 30 ივლისის გრანტის შესახებ ხელშეკრულება №30, არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს.

ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებას და 2023 წლის 5 მაისის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი, მოპასუხე გ. თ-ეის მიმართ, თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლით არის მოწესრიგებული.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე დავა გამომდინარეობს გრანტის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომელიც გაფორმდა: „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ბრძანებით დამტკიცებული სასტიპენდიო პროგრამის - „...“, საკონკურსო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის გაცემის მიზანია გრანტის მიმღებისთვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გრანტის გაცემა განხორციელდა საბიუჯეტო ასიგნებებიდან, გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. თ-ემ მიიღო დაფინანსება დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ...ში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებული ...ის მიმართულების ...ის სამაგისტრო პროგრამაზე, ...-... სასწავლო წლის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში დიდ ბრიტანეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 2018 წლის 30 ივლისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გ. თ-ეს შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება №30, ხოლო 2018 წლის 16 ოქტომბერს შეთანხმება №30/ა. გ. თ-ესა და ცენტრს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის და სასტიპენდიო პროგრამის მიხედვით, გ. თ-ემ არ შეასრულა ქვეყანაში დაბრუნების, დაყოვნებისა და დასაქმების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ითხოვს ...-... წლებისთვის გრანტის სახით გადაცემული 107 095.39 ლარის დაბრუნების მოპასუხისთვის დაკისრებას.

სასამართლომ მიუთითა სასტიპენდიო პროგრამაზე, კერძოდ, „...“-ის მიხედვით, პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ხელმისაწვდომობის ამაღლება.

სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან დგინდება, რომ სადავო გრანტი გაიცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა პირებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის განივთარებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მათი შესაბამის დაწესებულებებში ინტეგრირების ან საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის ხელშეწყობის ამოცანის შესასრულებლად. გრანტის ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლებია ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმები. ხელშეკრულება გაფორმდა ამ ნორმებიდან გამომდინარე მიზნისა და ამოცანის შესასრულებლად. გრანტი გაიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

2023 წლის 5 მაისის განჩინებით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე №2/11946-23, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელის გამო, მოპასუხე გ. თ-ეის მიმართ, გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, თანხის დაკისრების მოთხოვნით, გადააგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, მოპასუხე მხარეს - გ. თ-ე, ხოლო დავის საგანია - გ. თ-ეისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 107 095. 39 ლარის დაბრუნების დავალება.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი გამომდინარეობს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გ. თ-ეს შორის დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მხარეებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, და მეორე მხრივ - გ. თ-ე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანია გრანტი 107 095. 39 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ...ში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებული ...ის მიმართულების ...ის სამაგისტრო პროგრამაზე, ...-... სასწავლო წლის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში დიდ ბრიტანეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ხოლო ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოპასუხე გ. თ-ეისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 107 095, 39 ლარის გადახდის დაკისრებას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გ. თ-ეს შორის დადებული გრანტის შესახებ №30 ხელშეკრულებისა და 2018 წლის 16 ოქტომბერს №30/ა შეთანხმების საფუძველზე ითხოვს; ზემოაღნიშნული ხელშეკრულება კი გაფორმდა „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ბრძანებით დამტკიცებული სასტიპენდიო პროგრამის - „...“, საკონკურსო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის გაცემის მიზანია გრანტის მიმღებისთვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გრანტის გაცემა განხორციელდა საბიუჯეტო ასიგნებებიდან, გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. სასტიპენდიო პროგრამა „...“-ის მიხედვით, პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ხელმისაწვდომობის ამაღლება. პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის ან/და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების მიზნით. აღნიშნულიდან დგინდება, რომ სადავო გრანტი გაიცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა პირებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის განივთარებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მათი შესაბამის დაწესებულებებში ინტეგრირების ან საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის ხელშეწყობის ამოცანის შესასრულებლად.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სწორად განმარტა, რომ გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ...ში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებული ...ის მიმართულების ...ის სამაგისტრო პროგრამაზე, ...-... სასწავლო წლის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში დიდ ბრიტანეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო გ. თ-ეის საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გრანტი მოცემულ შემთხვევაში გაიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები მოცულია საჯარო სამართლის სხვადასხვა წყაროებით, ხელშეკრულება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიიჩნია გრანტის გაცემის თაობაზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და გ. თ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით უკვე გადაწყვეტილია განსახილველი საქმის მსგავსი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ პრობლემატიკას (იხ. სუსგ., საქმე №ბს-832-824 (გ-16), 18.05.2017წ; იხ. აგრეთვე: სუსგ., №ბს-1014-1010(გ-17); სუსგ, №ბს-997(გ-24), 22.01.2025წ.).

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა