Facebook Twitter

ას-123-454-09 23 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორი _ სს ,, .. ..”

წარმომადგენელი _ გ.მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ს.”

წარმომადგენელი _ ს.გ-ძე, ვლ.კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ს-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,, .. ..-ის” მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1996 წლამდე მხარეები ერთ გაერთიანებაში მყოფი დამოუკიდებელი იურიდიული პირები იყვნენ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, თანაბრად სარგებლობდნენ საერთო ტერიტორიით, მიწისქვეშა კომუნიკაციებითა და წარმოებამდე შესასვლელი გზით. 2006 წლის 28 ივლისს „ს-ს“ დირექტორ ზ. ჯ-ძის წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მათ ეკრძალებოდათ საერთო სატრანსპორტო გზით სარგებლობა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს-ს“ დაევალა მოსარჩელე სს „ს-სათვის“ სატრანსპორტო გზით სარგებლობის უფლების მიცემა, აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, თუმცა მისი აღსრულებისას აღმოჩნდა, რომ სს „ .. ..“ არ იყო ვალდებული, შეეშვა თავის ტერიტორიაზე სს „ს.“, რადგან ამ ორგანიზაციას დავა ჰქონდა „ს-თან“ და არა „ .. ..-სთან“, რომელიც არის სადავო ტერიტორიის მართლზომიერი მფლობელი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო მიწის ნაკვეთი არასოდეს ყოფილა დატვირთული რაიმე ვალდებულებით. მოპასუხემ იგი სახელმწიფოსაგან გამოისყიდა 2006 წლის 3 მაისს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს საჯარო გზასთან ჯეროვანი კავშირი აქვს, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება კ-ის ქუჩას და ამ ქუჩაზე არსებული საჯარო გზისაგან გამიჯნულია მოსარჩელის კუთვნილი ღობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ნება დაერთო, გამოიყენოს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე არსებული გზა, რაც სს ,, .. ..-მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ს-ის“ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სს „ .. ..-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთზე არსებული გზით და მოსარჩელეს სხვა შესასვლელი არც ადრე და არც ამჟამად არ გააჩნია. მოპასუხე სს „ .. ..-ის“ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს „ს-ის“ მიწის ნაკვეთს გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. აღნიშნული დასკვნით ირკვევა, რომ მოსარჩელის ნაკვეთს ესაზღვრება ...ის ქუჩაზე გამავალი საჯარო გზა, თუმცა ის მიწის ნაკვეთისაგან იზოლირებულია 1,8 მ-ის სიმაღლის მქონე კედლით. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სამეწარმეო საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამეურნეო დანიშნულების ობიექტთან ჯეროვანი კავშირის არსებობას და მას შესაძლებლობა უნდა მიეცეს, დაუკავშირდეს ობიექტს არა მხოლოდ მსუბუქი, არამედ სატვირთო ავტომანქანითაც. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებებით ირკვევა, რომ ...ის ქუჩის მხრიდან არსებულ კედელში ღიობის ამოღების შემთხვევაში ეზო იქნება გზიდან 1,2-1,5 მეტრით დაბლა, რის გამოც საჭირო გახდება ეზოს მიწით ამოვსება, რაც არა მარტო დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ საწარმოს შენობის პირველი სართული მოექცევა მიწის ქვეშ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, ექსპერტებმა შეისწავლეს მხოლოდ ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო მოსარჩელის ეზო არ დაუთვალიერებიათ და არ შეუსწავლიათ, თუ რამდენად მაღალია გზა ეზოსთან მიმართებაში, ასევე დადგენილი არ არის, როგორ შეიძლება ალტერნატიული კავშირის მოწყობა და ეზოს მიწით ამოვსების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება თუ არა სამეურნეო დანიშნულების ობიექტთან (საწყობთან) დაკავშირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეს გააჩნია სამეურნეო დანიშნულებით ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა გაზიარებული ვერ იქნება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,, .. ..-ის” დირექტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატას არ შეუფასებია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენელ ლ. ე-ის განმარტება, რომ სადავო გზა არ არის ერთადერთი სს „ .. ..-ის“ დირექტორ გ.მ-ძის იმ განმარტებასთან მიმართებით, რომ სხვა შესასვლელი ობიექტთან არ არსებობს. მოსამართლის შეკითხვა შეეხებოდა შესასვლელის არსებობას და არა იმას, ერთადერთი საშუალებაა თუ არა მოპასუხის ნაკვეთზე გამავალი გზით სარგებლობა. სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ს-ის“ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სს „ .. ..-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთზე არსებული გზით. მოსარჩელეს დღეის მდგომარეობით სხვა შესასვლელი არ გააჩნია და ასეთი არც ადრე არსებობდა, თუმცა პალატამ არ გაითვალისწინა, რომ შესასვლელი და გამავალი გზა ან გზით სარგებლობა ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებებია. თუკი მოსარჩელეს, ექსპერტთა განმარტების შესაბამისად, სხვა, კასატორისაგან დამოუკიდებელი მისასვლელი გზა ექნება, იგი შეძლებს ობიექტის შესასვლელი თავისი შეხედულებისამებრ მოაწყოს. ამდენად, დაუსაბუთებელია ის არგუმენტი, რომ მოსარჩელეს ამჟამად ერთი შესასვლელი აქვს და ამის გამო საჯარო გზიდან სხვა შესასვლელს ვერ მოაწყობს. სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, თუ რა სახის უფლება აქვს მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთზე. სასამართლომ არაერთხელ დაავალა სს „ს-ს“, წარმოედგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც დაადასტურებდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ან მართლზომიერ მფლობელად ყოფნის ფაქტს, თუმცა მხარემ აღნიშნული ვერ შეასრულა. ამდენად, გაურკვეველია, რის საფუძველზე ეკუთვნის სს „ს-ს“ სადავო გზით სარგებლობა. საქმის განხილვისას კასატორმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს შეუძლია მოაწყოს შესასვლელი ჭიშკარი და ისარგებლოს ალტერნატიული 8 მეტრის სიგანის საჯარო გზით ღობის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება მის ტერიტორიას. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მთლიანად იზოლირებულია საჯარო გზისგან. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი გზის გამოყოფის საჭიროების დასასაბუთებლად ვერ გამოდგება სასამართლოს მსჯელობა, რომ სამეწარმეო საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამეურნეო დანიშნულების ობიექტთან ჯეროვანი კავშირის არსებობას, როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებით. სააპელაციო პალატა გასცდა მხარის მოთხოვნას, როდესაც დაადგინა, რომ სს „ს-ს“ ნება უნდა დაერთოს, გამოიყენოს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე არსებული გზა, ვინაიდან მოსარჩელის მოითხოვნას წარმოადგენდა სატრანსპორტო გზით სარგებლობის უფლების აღდგენა. სატრანსპორტო გზის მოთხოვნა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე არსებული გზის გამოყენებას, ვინაიდან ეს გზა შესაძლებელია საერთოდ არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტისათვის და განკუთვნილია მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის. სადავო მიწის ნაკვეთი კასატორის კერძო საკუთრებაა და არც ერთ საკადასტრო რუკაზე მასზე გამავალი გზა დატანილი არ არის. ამდენად, გაუგებარია, რომელ არსებულ გზაზე მიანიშნებს სასამართლო და ამგვარად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას მისი აღსრულება შეუძლებელი იქნება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. სს ,, .. ..” გამოუყოფს სს «ს-ს», დანართში მითითებული ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ნაწილს იმ მიზნით, რომ მოეწყოს ახალი სამანქანე შესასვლელი და მოხდეს იზოლირება სს ,, .. ..-საგან»;

2. სს ,, .. ..” იღებს ვალდებულებას, აღმართოს ახალი ღობე, 5 მეტრის სიგანის შესასვლელი გზის მოწყობით;

3. სს ,, .. ..” იღებს ვალდებულებას, გადმოიტანოს და დაამონტაჟოს სს «ს-ის» ახალი შესასვლელისათვის არსებული რკინის (ალაყაფი) ჭიშკარი, რომლის ადგილზეც მოაწყობს ღობესა და სამეზობლო კარებს;

4. სს «ს.» აცხადებს, რომ მას არანაირი საკუთრებითი პრეტენზია არ გააჩნია გამოყოფილი მიწის ფართის მიმართ;

5. საჭიროების შემთხვევაში არაგაბარიტული ტვირთის (ტვირთი, რომელიც ვერ შევა ახალ მოწყობილ ჭიშკარში) შესატანად სს «ს.» ისარგებლებს სს « .. ..-ის» საავტომობილო გზითა და, შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, _ რკინიგზის ჩიხით;

6. სს «ს.» საკუთარი სახსრებით მიაერთებს სს ,, .. ..-ის” ტერიტორიაზე გამავალ კომუნიკაციებს, კერძოდ, სასმელ წყალს, კანალიზაციას, გაზსადენსა და სატლეფონო ქსელს (თუკი ასეთი არ გადის დ.ზაჰესში, ...ის ქუჩაზე). სს «ს-ტის» მიერ მოპოვებული ნებართვებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად;

7. სს ,, .. ..” ზემოაღნიშნულ სამუშაოებს დაასრულებს სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 30 დღის განმავლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,, .. ..-ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 5 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სს ,, .. ..” და სს «ს-ს» შორის შემდეგი პირობებით:

1. სს ,, .. ..” გამოუყოფს სს «ს-ს», დანართში მითითებული ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ნაწილს იმ მიზნით, რომ მოეწყოს ახალი სამანქანე შესასვლელი და მოხდეს იზოლირება სს ,, .. ..-საგან»;

2. სს ,, .. ..” იღებს ვალდებულებას, აღმართოს ახალი ღობე, 5 მეტრის სიგანის შესასვლელი გზის მოწყობით;

3. სს ,, .. ..” იღებს ვალდებულებას, გადმოიტანოს და დაამონტაჟოს სს «ს-ის» ახალი შესასვლელისათვის არსებული რკინის (ალაყაფი) ჭიშკარი, რომლის ადგილზეც მოაწყობს ღობესა და სამეზობლო კარებს;

4. სს «ს.» აცხადებს, რომ მას არანაირი საკუთრებითი პრეტენზია არ გააჩნია გამოყოფილი მიწის ფართის მიმართ;

5. საჭიროების შემთხვევაში არაგაბარიტული ტვირთის (ტვირთი, რომელიც ვერ შევა ახალ მოწყობილ ჭიშკარში) შესატანად სს «.ს» ისარგებლებს სს « .. ..-ის» საავტომობილო გზითა და, შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, _ რკინიგზის ჩიხით;

6. სს « ს.» საკუთარი სახსრებით მიაერთებს სს ,, .. ..-ის” ტერიტორიაზე გამავალ კომუნიკაციებს, კერძოდ, სასმელ წყალს, კანალიზაციას, გაზსადენსა და სატლეფონო ქსელს (თუკი ასეთი არ გადის დ.ზაჰესში, ...ის ქუჩაზე). სს «ს-ის» მიერ მოპოვებული ნებართვებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად;

7. სს ,, .. ..” ზემოაღნიშნულ სამუშაოებს დაასრულებს სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 30 დღის განმავლობაში.

შეწყდეს წარმოება მოცემულ საქმეზე _ სს ,,ს-ის” სარჩელის გამო სს ,, .. ..-ის” მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ.

განემარტოთ მხარეებს, რომ დავა იმავე საფუძვლით და იმავე საგანზე დაუშვებელია.

დაუბრუნდეს სს ,, .. ..-ს” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.