საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-188(2კ-24) 10 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ.ბ-ის და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ.ბ-ემ 2021 წლის 21 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურისთვის ჯ.ბ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 49 000 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის - 200 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 50 000 ლარის ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 5 952 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით გადახდილი თანხის - 7 000 ლარის ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის საპროცესო ხარჯის - 2 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის და ჯ.ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჯ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ.ბ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით; ჯ.ბ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 41 904 ლარის ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით გადახდილი თანხის 7000 ლარის ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჯ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 2000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს ისეთ მარეაბილიტირებელ გარემოებას, რომელიც იწვევს როგორც ქონებრივი, ასევე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯ.ბ-ის დაკავება მოხდა სასწავლებლის შენობაში, რასაც შეესწრნენ მისი კოლეგები და სტუდენტები, აღნიშნულით კი შეილახა მისი ავტორიტეტი. სააპელაციო სასამართლოსთვის ასევე საყურადღებოა, რომ ჯ.ბ-ე ბრალდებული იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებებისა და პატიმრობის ვადის ხანგრძლივობის (2008 წლის 21 ნოემბრიდან - 2012 წლის 05 დეკემბრამდე) გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მოსარჩელეს მის მიერ განცდილი სტრესისა და დისკომფორტისათვის მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის ანაზღაურება იქნება გონივრული და საქმის მასალებთან შესაბამისი. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის ოდენობას, პალატამ მხედველობაში მიიღო 2009-2012 წლებში ჯ.ბ-ის განაცდური და მიღებული ხელფასის ოდენობა და აღნიშნა, რომ დადასტურებულია ზიანი 41 904 ლარის ოდენობით (2009 წლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე (33 თვე) ხელზე ასაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 18 480 ლარს (560×33), საიდანაც მოსარჩელეს მიღებული აქვს მხოლოდ 576 ლარი, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით (15 თვე) ხელზე ასაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 24 000 ლარს (1600×15), რაც ჯამში შეადგენს 41904 ლარს (18 480-576+24000)). ამასთანავე, პალატამ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას, რადგან ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება. ამდენად, პალატამ ჯ.ბ-ის მიერ ჯარიმის სახით 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოსთვის მატერიალური ზიანის სახით 7 000 ლარის დაკისრებაც. სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ.ბ-ის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს აგრეთვე წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხადა (2021 წლის 01 ივნისს ჯ.ბ-ემ, შპს „...ის“ ანგარიშზე გადარიცხა 2 000 ლარი იურიდიული მომსახურების საფასური, საქმეზე 3/3022-21).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის და ჯ.ბ-ის მიერ.
კასატორი ჯ.ბ-ის მოსაზრებით, მორალური ზიანის სახით მის სასარგებლოდ განსაზღვრული თანხა არ შეესაბამება მოსარჩელის ემოციურ მდგომარეობას. კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია პირის მარეაბილიტირებელი ღონისძიებები წარიმართოს კანონის და სამართლიანობის შესაბამისად, სწორედ აღნიშნულის გონივრული მოლოდინი აქვს მხარეს. ჯ.ბ-ე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ და არასრულყოფილად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები, სამართლიანი კომპენსაცია პირის დამატებითი უფლებაა, პირველ ინსტანციაში წარდგენილი მოთხოვნების მიღმა მიღებული გადაწყვეტილებით კი, სააპელაციო სასამართლოში დამატებით დღის წესრიგში დადგა საკითხი ჯ.ბ-ისთვის სამართლიანი კომპენსაციის მოსაპოვებლად.
კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე, 992-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე და განმარტავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია. კასატორის მითითებით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. შესაბამისად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებები და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. კასატორის მითითებით საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას - დევნის განხორციელებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს.
კასატორი მიუთითებს, რომ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამართლებრივ უფლებებში აღდგენა განხორციელდა სწორედ პროკურატურის შუამდგობლობის საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის ანაზღაურების კანონიერებას, რამეთუ პროკურატურას ჯ.ბ-ის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე დამსაქმებლისთვის არ მიუმართავს. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურში გამოუცხადებლობის საფუძვლით. ამასთან, კასატორი თვლის, რომ სახეზე არ არის 2008-2012 წლებში ჯ.ბ-ის იმავე პოზიციაზე მუშაობის ვარაუდის დამადასტურებელი გარემოებები. კასატორისთვის უსაფუძვლოა ჯარიმის სახით გადახდილი 7 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაც, რამეთუ აღნიშნული ჯარიმის გადახდა განხორციელდა კანონიერი განაჩენის შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიოს სასარგებლოდ. კასატორი წარმომადგენლობითი ხარჯის სახით 2 000 ლარის დაკისრებას შეუსაბამოდ მიიჩნევს, და აღნიშნავს, რომ არ დასტურდება ამ ხარჯების ფაქტობრივად გაწევა და აღნიშნულის აუცილებლობა.
კასატორი მიუთითებს ევროსასამართლოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სხვადასხვა პრაქტიკაზე, რომელთა მიხედვით, სხვადასხვა შემთხვევაში მხარეებს მიენიჭათ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (მაგ. „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ“, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 აპრილის N3/3906-14 გადაწყვეტილება, სუსგ 2014 წლის 10 აპრილის საქმე Nბს-648-623(3კ-13), 2009 წლის 8 აპრილის საქმე Nბს-972-936(3კ-08) და სხვ.) და აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ.ბ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღდგოდ,ხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებოთი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით ჯ.ბ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით დაენიშნა ჯარიმა 7 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ჯ.ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2008 წლის 21 ნოემბრიდან. ჯ.ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენი ჯ.ბ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის განჩინებით, ჯ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის (საქმე №1/აგ-307-2018) განაჩენით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჯ.ბ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენი; ჯ.ბ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე. დადგენილია, რომ აღნიშნული განაჩენი მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი, თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 2015 წლის 4 ივნისის საქმე №ბს-485-474(2კ-14)). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს შეადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის №7 ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა იმის გამო, რომ ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება გამრუდდა, ამგვარი მსჯავრდების გამო სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი არ დამტკიცდება, რომ მანამდე უცნობი გარემოებების დროულად აღმოჩენის ან გამოვლენის შეფერხება მთლიანად ან ნაწილობრივ ამავე პირის მიზეზით მოხდა.
ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს, რის გამო საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში ჯ.ბ-ის სასარგებლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებას.
რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევებში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რამეთუ ეს საკითხი სრულებით სასამართლო მსჯელობის საგანია. მორალური (არაქონებრივი) ზიანი პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში ვლინდება, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის. ამიტომ, მისი მოცულობის განსაზღვრა ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, საპატიმროში გატარებული დრო და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (იხ. სუსგ 2024 წლის 24 ივლისის საქმე №ბს-1277(2კ-23)).
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირის პატიმრობის ხანგრძლივობა (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, 2018, §23). მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულებით წყდება, რომელსაც გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროსასამართლოს პრაქტიკა არაერთგვაროვანია და მორალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს უფლებების სრულყოფილი რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და რეალობასთან შეუსაბამო. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად (იხ. სუსგ 2022 წლის 03 მაისის საქმე Nბს-705(კ-21)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება პირად განცდებს. არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიურ სტრესი, ფულადი თანხის ოდენობით შეფასდება (იხ. სუსგ 2024 წლის 18 სექტემბრის საქმე Nბს-61(2კ-24)).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ.ბ-ის დაკავება მოხდა სასწავლებლის შენობაში, რასაც შეესწრნენ მისი კოლეგები და სტუდენტები, აღნიშნულმა გამოიწვია მისი რეპუტაციის შელახვა. ასევე საყურადღებოა ბრალდების შინაარსი და აგრეთვე ის გარემოებაც, რომ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით, ჯ.ბ-ე აღიარებულია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებისა და პატიმრობის ვადის ხანგრძლივობის (2008 წლის 21 ნოემბრიდან - 2012 წლის 05 დეკემბრამდე) გათვალისწინებით, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა - 30 000 ლარი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით ჯ.ბ-ეს დამატებით დაენიშნა ჯარიმა 7 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 2015 წლის 04 თებერვალს. ვინაიდან სისხლის სასამართლოწარმოებაში მხარეს წარმოადგენდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, ამასთანავე აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით, საფუძვლიანია ზიანის ანაზღაურების სახით ზემოაღნიშნული თანხის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრება. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება იმის შესახებ, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას, რადგან ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება.
მართებულია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება განაცდური ხელფასის 41 904 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ. სამსახურიდან გათავისუფლება და შესაბამის პერიოდში ხელფასის მიუღებლობა გამოწვეული იყო უკანონო ბრალდებით. ამდენად, სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებასა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანს შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ.ბ-ე 2006 წლის 22 სექტემბრიდან 2009 წლის 22 სექტემბრამდე დანიშნული იყო ბათუმის სახელმწიფო ...ის ... ფაკულტეტის ...ის აკადემიურ თანამდებობაზე; 2007 წლის 8 ნოემბერს დაინიშნა ბათუმის სახელმწიფო ...ის ... ფაკულტეტის ...ის ...ის თანამდებობაზე; 2009 წლის 2 თებერვლის №2-25 ბრძანების საფუძველზე, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, ბრალის წაყენების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი. ჯ.ბ-ის განთავისუფლების შემდეგ მის თანამდებობაზე სხვა პირი არ დანიშნულა და ჯ.ბ-ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ... კანდიდატის აკადემიური ხარისხი. მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ჯ.ბ-ის მიმართ უკანონო მსჯავრდების არარსებობის პირობებში, მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობაზე იმუშავებდა 2012 წლის ბოლომდე. ბათუმის სახელმწიფო ...ის 2013 წლის 20 მარტის N2-41 ბრძანებით ჯ.ბ-ე მიწვეული იქნა ...ად. საქმეში წარმოდგენილია აკადემიის მიერ ჯ.ბ-ესთან 2013 წლის 25 თებერვალს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება N02/44. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო მხედველობაში, რომ ...ის აკადემიური თანამდებობრივი სარგო 2008 წელს იყო 600 ლარი, 2009-2011 წლის ოქტომბრამდე - 700 ლარი, ხოლო 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ჩათვლით - 2000 ლარი, შესაბამისად, 2009 წლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე (33 თვე) ხელზე ასაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 18 480 ლარს (560×33), საიდანაც მოსარჩელეს მიღებული აქვს მხოლოდ 576 ლარი, ხოლო 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით (15 თვე) ხელზე ასაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 24 000 ლარს (1600×15), რაც ჯამში 41 904 ლარს შეადგენს (18 480-576+24000).
მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სხდომის ოქმებით, განაჩენებითა და საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას ჯ.ბ-ე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. საქმეში დაცულია ჯ.ბ-ესა და შპს „...ის“ შორის 2021 წლის 22 ივნისის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 118-120), რომლის თანახმად, სარჩელის მომზადებისა და სასამართლოში შეტანის ღირებულება განისაზღვრა 2 000 ლარით. საქმეში წარმოდგენილია ასევე გადახდის ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 121), რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 01 ივნისს ჯ.ბ-ემ შპს „...ის“ ანგარიშზე გადარიცხა იურიდიული მომსახურების საფასური 2 000 ლარის ოდენობით, საქმეზე 3/3022-21. აღნიშნული მიუთითებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის და ჯ.ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი