Facebook Twitter

ას-12-367-07 5 მარტი, 2007 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ლ-ე (მოპასუხე)

მოწონააღმდეგე მხარე _ ს. ლ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის ა. ლ-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ა. ლ-მ უკანონოდ მიითვისა სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის გზა. სადავო გზაზე დგას ელექტრობოძი რომელზეც დამაგრებულია წყალტუბოს ფილიალის ელექტრომრიცხველი, რომლითაც ხდება მისი ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა. ასევე მოპასუხეს სადავო გზა ისე აქვს მითვისებული, რომ მოსარჩელე ვერ ახერხებს მეზობლებთან მოკლე გზით ურთიერთობას. სადავო გზის გასწვრივ არის მისი საკარმიდამო ნაკვეთი, რომლის დასამუშავებლადაც ს. ლ-ს სჭირდება ტექნიკის შეყვანა, რის უფლებასაც არ აძლევს ა. ლ-ე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ლ-ს დაევალა საერთო სარგებლობის გზის “ჩიხის” თავში, უნებართვოდ დადგმული ჭიშკრის აღება, რაც გაასაჩივრა აკაკი ლაღაძემ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით ა. ლ-ის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის განჩინება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ა. ლ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ა. ლ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ა. ლ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა 2007 წლის 7 თებერვალს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ა. ლ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითარი კასატორს არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.