საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-196(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ე.შ-ე, მ.გ-ე (არასრულწლოვანი), ნ.გ-ე (არასრულწლოვანი), მა.გ-ე (არასრულწლოვანი)
მესამე პირი - შ.გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 31 აგვისტოს ე.შ-ემ, მ.გ-ემ, ნ.გ-ემ და მა.გ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №2 23 00001742 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც 2013 წლამდე ცხოვრობდნენ ...ში, ... „...“, მისამართზე: ...ის ქ. №2ა. ვინაიდან დასახელებული შენობა იყო ავარიული და წარმოადგენდა მომეტებულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მოსარჩელეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი და პერიოდულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ნათესავებთან, სარჩელის წარდგენის მომენტისთვის კი ცხოვრობდნენ მათ ერთ-ერთ ნათესავთან მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №.... აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მითითებით, მათ არაერთხელ მიმართეს სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია, ხოლო სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის ბრძანებით, მათ უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, №3/6653-23 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შ.გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.შ-ის, მ.გ-ის, ნ.გ-ის და მა.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №2 23 00001742 ბრძანება „დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ე.შ-ის განაცხადი (ოჯახის, განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და მისი შვილები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირებს - დევნილებს. მათი სტატუსიდან გამომდინარე 2021 წლის 10 მაისს ე.შ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით დევნილ ოჯახს მიენიჭა ჯამში - 6.50 ქულა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მამამთილის საკუთრებაში არსებულ ფართში, შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ მოსარჩელის ოჯახის, ამ ეტაპისთვის, განსახლების გადაუდებელ საჭიროება არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოება, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი პირის სხვის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ შესაბამისი განჩინების მიღებისას არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემობები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია და შეაფასა; კერძოდ - მოსარჩელე განაცხადს აკეთებდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მხარემ განაცხადში მიუთითა, რომ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპ. №..., ბინა №...-ში. ამასთან, 2022 წლის 18 აპრილს მონიტორინგი განხორციელდა მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე, სადაც მოსარჩელე იყო შვილებთან ერთად და განმარტა, რომ მისამართზე იმყოფებოდა 2019 წლიდან, ბინა მამამთილის საკუთრება იყო, ხოლო თავად მამამთილი ცხოვრობდა თავისივე საკუთრებაში, ...ში, ...ის №16-ში. კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა თავად მხარის განმარტებაზე, რომ ოჯახის წევრს, დედას ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი, თუმცა მონიტორინგის მასალებიდან დგინდებოდა, რომ აღნიშნული ბინა დაკეტილი იყო, რაც თავისთავად ნიშნავდა, რომ მოსარჩლეს შეეძლო თავისუფლად ესარგებლა აღნიშნული საცხოვრებელი ფართით.
შესაბამისად, კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და არ გამოკვლეულა სადავო საკითხი. სააგენტოსთვის გაუგებარია, თავად სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით რატომ იხელმძღვანელა და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ.
კასატორმა დამატებით ხაზი გაუსვა, რომ მოქმედი კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად; კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სააგენტო მიიჩნევს, რომ სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, იგი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №2 23 00001742 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე.შ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი აფხაზეთიდან. ამასთან, მისი შვილები: მა.გ-ე (დაბ.: ... ... ...წ.), ნ.გ-ე (დაბ.: ... ... ...წ.) და მ.გ-ე (დაბ.:... ... ...წ.) ასევე წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს.
დადგენილია, რომ 2021 წლის 10 მაისს ე.შ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, ე.შ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა: საქართველო, ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა №..., სად. №..., ხოლო რეგისტრაციის მისამართად: ... ...ის ქ. №2ა. განსახლების ადგილი - იმერეთი, ქუთაისი. დევნილ ოჯახს, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ჯამში - 6.50 ქულა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ... ..., ..., კორპუსი..., სართული ..., ბინა ... ფართობი: 95.62 კვ.მ, ს/კ: ..., მესაკუთრეა - გ.გ-ე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №2 23 00001742 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30) ე.შ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მამამთილის საკუთრებაში არსებულ ფართში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძვლად მითითებულ იქნა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, ნათესავის სახლში ცხოვრების გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ სხვის (მათ შორის ნათესავის) საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და არ გამორიცხავდა მოსარჩელეების უფლებას მოცემულ ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილებულიყვნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებთან დაკავშირებული პირის (ამ შემთხვევაში მამამთილი/ბაბუა) საკუთრებაში ან მფლობელობაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მის საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ პირს მუდმივად დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან შეუზღუდავად მისცეს მასში ცხოვრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვ.) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პირს თუ ოჯახს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შვილის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებდა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროებას“ (სუსგ №ბს-643(კ-24), 17.09.2021წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას მოსარჩელის მამამთილის საკუთრებაში უძრავი ქონების, ხოლო მოსარჩელის დედის ალტერნატიული, დაკეტილი ბინის არსებობის გამო, აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელეთა ხელმისაწვდომობასა და განსახილველ ეტაპზე მათი დაკმაყოფილების საფუძვლების არ არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი პირების შესაძლებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში ისარგებლოს სხვის (თუნდაც ნათესავის) საკუთრებაში არსებული ფართით, ან მასთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა, არ გამორიცხავს მოსარჩელეების უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, ქულათა საკმარისი ოდენობის პირობებში, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე. მეტიც, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ სხვის სახლში, სწორედ მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არასრულწლოვანი დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების უზრუნველსაყოფად, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა