¹ ას-124-465-05-ა 15 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ი. ჟ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჟ-ს მიმართ ქორწინებაში შეძენილი ქონების გაყოფის, ალიმენტის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები 1981 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. 1995 წელს მეუღლეებმა შეიძინეს ქ.თბილისში, .. .. .. I შესახვევში მდებარე ბინა ¹ ... . 2002 წლის 3 აპრილიდან მოსარჩელე თავის ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში და იძულებული გახდა, ბავშვები დამოუკიდებლად ერჩინა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქ.თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს სადავო ბინიდან გამოეყო 3/4, ი.ჟ-ს დაეკისრა ქ.ბ-სათვის ერთჯერადად 1000 ლარის, ხოლო ყოველთვიურად _ მისი ყოველგვარი შემოსავლიდან 1/4-ის გადახდა. ამავე სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის განჩინებით ი.ჟ-ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ი.ჟ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჟ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით ი.ჟ-ს დაუდგინდა ხარვეზი და ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიან ვადაში დაევალა საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის განჩინებით კი საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
ი.ჟ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე საკასაციო სასამართლოს განჩინება მას არ ჩაბარებია, რის გამოც ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა არ მიეცა. განცხადებას დაერთო საფოსტო განყოფილების ცნობა იმის შესახებ, რომ სასამართლოს გზავნილი შეცდომით გადაეცა ი.ჟ-ს არასრულწლოვან შვილს და ადრესატს პირადად არ ჩაჰბარებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2005 წლის 19 აპრილის განჩინება გაუქმდა და ი. ჟ-ს საკასაციო საჩივრის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელდა. მითითებული ხარვეზის განჩინება კასატორს არაერთხელ გაეგზავნა, თუმცა საფოსტო გზავნილები დაუბრუნდა საკასაციო სასამართლოს იმ მოტივით, რომ ადრესატი გარდაიცვალა და ბინა დაკეტილია.
ქ. ბ-მ წარმოადგინა ი. ჟ-ს გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც ირკვევა, რომ 2005 წლის 14 ნოემბერს ი.ჟ-ა გარდაიცვალა. ქ.თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს თ. ჯ-ის 2006 წლის 21 ივლისისა და 26 დეკემბრის ცნობებით დასტურდება, რომ ი.ჟ-ს სამკვიდრო მდებარეობს ზემოხსენებული ნოტარიუსის სამოქმედო უბანში და ი.ჟ-ს უფლებამონაცვლეს გარდაცვლილის სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჟ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 19 აპრილის განჩინებით ი. ჟ-ს საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი. ამავე სასამართლოს 2005 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ი.ჟ-ს განცხადების საფუძველზე ზემოხსენებული განჩინება გაუქმდა და მის საკასაციო საჩივარს ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული ხარვეზის განჩინება გაიგზავნა საქმის მასალებში მითითებულ კასატორის მისამართზე.
2005 წლის 14 ნოემბერს ი.ჟ-ა გარდაიცვალა.
ქ.თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს თ. ჯ-ის მიერ 2006 წლის 21 ივლისსა და 26 დეკემბერს გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ი.ჟ-ს კუთვნილი ქ.თბილისში, .. .. I შესახვევის ¹ ...-ში მდებარე ბინა ეკუთვნის მითითებული ნოტარიუსის “ნოტარიატის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამოქმედო უბანს და აწ გარდაცვლილი ი. ჟ-ს სამკვიდროს მისაღებად აღნიშნულ უბანში განცხადება არავის არ შეუტანია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი ფაქტობრივად ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას მიიღოს სასამართლო უწყება ან სხვაგვარი გზავნილი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ხარვეზის განჩინება არაერთხელ გაიგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ აწ გარდაცვლილი ი. ჟ-ს ერთადერთ მისამართზე, თუმცა სასამართლო გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და ფოსტის მეშვეობით დაუბრუნდა საკასაციო პალატას. ასევე ჩაუბარებელი დარჩა იმავე მისამართზე გაგზავნილი სასამართლოს გზავნილები ი.ჟ-ს უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ ინფორმაციის მოპოვების თაობაზე იმ მოტივით, რომ ბინა დაკეტილია და მითითებულ მისამართზე არავინ არ ცხოვრობს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტებით. აღსანიშნავია, რომ ი.ჟ-ს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის არავის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კასატორს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე გაეგზავნა, თუმცა აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით საკასაციო პალატისათვის არავის არ მიუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ჟ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ჟ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.