¹ას-1247-1506-09 4 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,საქართველოსრკინიგზა” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე-შპს “.. ..”(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ს-ას“ დაეკისრა მოსარჩელე შპს „.. ..ს“ სასარგებლოდ 53 772 ლარისა და 64 თეთრის გდახდა. ასევე 1615 ლარისა და 59 თეთრის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს-ამ” და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “.. ..”-ს სარჩელზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და Uუცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში კერძოდ შპს „ს-ა“ ახორციელებდა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვას. აღნიშნულ მომსახურებას იგი ახორციელებდა მომსახურეობის საფასურის (გადაზიდვის ღირებულების) წინასწარი გადახდის შემდეგ.
დადგენილია, რომ შპს „.. ..ს“ მიერ სრულად იქნა გადახდილი სადავო პერიოდის, 2004-2005 წლების გადაზიდვის მხარეთა შორის შეთანხმებული ფასი (ზედნადებში მითითებული თანხა), რის შემდეგაც შპს „საქართველოს რკინგზამ“ განახორციელა გადაზიდვა.
შპს „ს-ამ“ 2007 წლის 21 თებერვლის წერილით „კ”-ის დირექტორს აცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2006 წლის 01 ივნისამდე განხორციელებული გადაზიდვები ჩაითვლებოდა საერთაშორისოდ, თუ ტვირთის გადაზიდვა განხორციელებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტის საფუძველზე, გაგზავნის დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებისათვის, ერთი ან რამოდენიმე საზღვრის გადაკვეთით ნებისმიერი გაგზავნის საბაჟოდან დანიშნულების საბაჟომდე, გაგზავნისა და სხვა ქვეყნის ერთი ან რამოდენიმე საბაჟოს გავლით. წერილის შინაარსის მიხედვით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რკინიგზამ მოიძია მოსარჩელესთან მიმართებაში წინა პერიოდში შესრულებული გადაზიდვები, რომლებიც განხორციელებული იყო სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე და შესაბამისად, უნდა დარიცხვოდა დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის ოდენობაც შეადგინა გადაზიდვაზე – 52 990,98 ლარი, ხოლო სადგურის მომსახურებაზე 102 ლარი.
დადგენილია, რომ შპს „ს-ამ“ აცნობა, წერილში მითითებული დავალიანების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყვეტდა მის სარკინიგზო მომსახურებას.
2007 წლის 11 მაისის ¹428 საგადასახადო დავალების თანახმად, დადგენილია, რომ შპს „.. ..ს“ მიერ გადახდილია სადავო თანხა 53 772 ლარი და 64 თეთრი.
პალატამ ჩათვალა რომ სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შპს “.. ..”-ს მიერ გადაზიდვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი გადაზიდვამდე იქნა გადახდილი და მას სხვა საფუძვლით დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულება რკინიგზის მიმართ არ გააჩნდა. შპს “ს-ა”-ს უნდა აესახა დამატებული ღირებულების გადასახადი და აღნიშნულით გაზრდილი ფასის შპს “.. ..”-ს მიერ გადახდის, ანუ მომსახურების შეძენის შემდეგ გადაეზიდა მოსარჩელის ტვირთი.
მოცემულ შემთხვევაში პალატამ ჩათვალა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულეს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად და მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს “ს-ა” არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მოსარჩელისაგან ვალდებულების შესრულება, კერძოდ სადავო თანხის გადახდა. ვინაიდან, შპს “.. ..”-ს არ გააჩნდა სადავო თანხის შპს “ს-ისათვის” გადახდის ვალდებულება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სწორად იქნა დაბრუნებული გადახდილი თანხა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს-ამ” და მოითხოვა მისი გაუქმება.
კასატორის მითითებით, შპს „.. ..ს“-თვის განხორციელებული სარკინიგზო გადაზიდვა იყო არა საერთაშორისო, არამედ შიდა გადაზიდვა, რაც დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დასაბეგრ მომსახურებას წარმოადგენს.
სასამართლომ საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-14 ნაწილის არასწორი განმარტების შედეგად, დღგ-ს გადამხდელად მიიჩნია შპს „ს-ა“ და არა შპს „.. ..“, რაც სსსკ 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების უდავო საფუძველია.
რკინიგზის მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა, რომ ს-ის მიერ განხორციელებული მომსახურება – ტვირთის შიდა გადაზიდვა წარმოადგენდა დღგ-თი დასაბეგრ მომსახურებას, რომლის რკინიგზისთვის, როგორც მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდის ვალდებულება იმპერატიულად დადგენილია საგადასახადო კოდექსით: რომ რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით დადგენილ გადაზიდვის ღირებულებაში არ იყო გათვალისწინებული დღგ-ს თანხები და რომ იგი გადაზიდვის ღირებულების გარდა, დამატებით უნდა გადაეხადა მოსარჩელეს რკინიგზისათვის.
კასატორს მიაჩნია რომ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა რკინიგზის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე გადასახადის (დღგ-ს) თანხის გადახდა, სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ს-ამ” მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს- შპს ,,ს-ის” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2,769,42 ლარის 70%- 1938,59,4 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს- შპს ,,ს-ის” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2769,42 ლარის70%- 1938,59,4 ლარი
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.