Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-202(2კ-25) 25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბადრი შონია, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 28 თებერვალს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 დადგენილების, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 მაისის №ც12-18 დადგენილებისა და „შპს „...ის“ დირექტორის, თ.ქ-ისა და მისი წარმომადგენლის, მ.თ-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 იანვრის №39 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 მაისის №ც12-18 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 23 ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 დადგენილების პირველი პუნქტი, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით კონდიციონერების ლითონის სამაგრების მოწყობისთვის; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 დადგენილების მეორე პუნქტი, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შპს „...ას“ დაევალა კონდიციონერების ლითონის სამაგრების დემონტაჟი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 იანვრის №39 ბრძანება, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 დადგენილება კონდიციონერების ლითონის სამაგრების მოწყობისთვის შპს „...ას“ 4 000 (ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმებისა და ამავე ნაწილში დემონტაჟის დავალების გამო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს „...ის“ მიმართ 2017 წლის 8 სექტემბერს შედგენილ იქნა №002836 მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... №25-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები. მითითების თანახმად, მოწყობილი იყო კონდიციონერები, შეცვლილი იყო კარებისა და ფანჯრების რაოდენობა, ეზოს მხარეს დამატებით მოწყობილი იყო კოლონები, გაზრდილი იყო კიბის გაბარიტები და საფეხურის რაოდენობა, ასევე დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური გადახურვა, დამატებით მოწყობილი იყო ბაქნები, კიბე, პანდუსი და მსუბუქი კონსტრუქციები გადახურვით. ეზოში მდებარე ორი კაპიტალური შენობა არ იყო ნაჩვენები საინვენტარიზაციო გეგმაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით, შპს „...ას“ დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ აშენებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ასევე არსებული შენობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების წესების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვრულ იქნა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს შედგენილი იქნა №002836 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა ამავე სამსახურის 2017 წლის 8 სექტემბრის №002836 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 1 თებერვლის №75 მოხსენებითი ბარათით ირკვეოდა, რომ სადავო ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად მხარის მიერ არ იქნა გამოსწორებული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი კონდიციონერები დემონტირებული იყო, მაგრამ კონდიციონერების ლითონის სამაგრები ყველგან არ იყო დემონტირებული. სხვა დარღვევები ობიექტზე კვლავ არ იყო გამოსწორებული.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს მიღებულ იქნა №002836 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ... №25, საკ კოდი №...-ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის. ამავე დადგენილებით შპს „...ას“ დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა).

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ...მა შენობა შეიძინა 2010 წელს. მანამდე შენობა ეკუთვნოდა ...ის ... ს, ხოლო შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს, რომლისგანაც შენობა-ნაგებობა იყიდა მოსარჩელემ. იმ პირობებში, როდესაც, აღნიშნული სახით, შპს „...მა“ უძრავი ქონება სახელმწიფოსგან შეიძინა, მას არ შეიძლებოდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა იმ უკანონო რეკონსტრუქციებისა და მშენებლობის განხორციელებისათვის, რა ფორმითაც საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ პრივატიზაციის დროს რაიმე მითითება აღნიშნულთან დაკავშირებით არ ყოფილა. შპს „...ას“, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს, ნაკლებად შეიძლებოდა ევარაუდა, რომ სახელმწიფო, მის საკუთრებაში არსებულ უკანონო ობიექტს სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის გარეშე გაასხვისებდა.

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად არ დგინდებოდა მოსარჩელე მხარის მიერ შენობის შეძენის შემდგომ სამშენებლო სამუშაოების უკანონოდ განხორციელების ფაქტი (გარდა კონდიციონერების ლითონის სამაგრების მოწყობისა), ვინაიდან მის მიერ ქონების გადაცემის შემდეგ ნაწარმოებ სამშენებლო სამუშაოებზე (2010 წლის შემდეგ ...ის მიერ განხორციელდა კედლისა და ფასადის გალესვისა და შეღებვის სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და კეთილმოეწყო ეზო) არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული იყო შესაბამისი ნებართვები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 დადგენილება კანონიერად იქნა მიჩნეული მხოლოდ კონდეციონერების ლითონის სამაგრების მოწყობისთვის მოსარჩელის დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ქ. თბილისში, ...ის №25-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია კონდიციონერების ლითონის სამაგრები, შეცვლილია კარებისა და ფანჯრების რაოდენობა, ეზოს მხარეს დამატებით მოწყობილია კოლონები, გაზრდილია კიბის გაბარიტები და საფეხურის რაოდენობა, ასევე დამატებით მოწყობილია კაპიტალური გადახურვა, დამატებით მოწყობილია ბაქნები, კიბე, პანდუსი და მსუბუქი კონსტრუქციები გადახურვით. ეზოში მდებარე ორი კაპიტალური შენობა არ არის ნაჩვენები საინვენტარიზაციო გეგმაზე, რომლებსაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა.

რაც შეეხება სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ სათანადო სუბიექტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტავს, რომ მშენებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სუბიექტს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი - მესაკუთრეს/მოსარგებლეს.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მიერ უკანონო ობიექტის განკარგვა და შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტი იმთავითვე გამორიცხავს მესაკუთრის პასუხისმგებლობას სამართალდარღვევაზე. სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მთელი რიგი დარღვევები, რაც სასამართლომ ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დატოვა.

კეთილსინდისიერების ფაქტი ვერ გახდება მესაკუთრის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რამდენადაც მესაკუთრეს პასუხისმგებლობა ეკისრება არა როგორც დამრღვევს, არამედ პირს, რომლისთვისაც ცნობილია სამართალდარღვევის ფაქტი და სწორედ მას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი სწორედ მაშინ დგება, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს, რომ ეზოში მდებარე ორი კაპიტალური შენობა არ არის ნაჩვენები საინვენტარიზაციო გეგმაზე. ყოველი მათგანი შედარებული იქნა ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმას და ვინაიდან არ იყო დატანილი, სამსახურმა მიიჩნია უნებართვო სამუშაოებად. რაც შეეხება მათი წარმოების დროსა და პასუხისმგებელ სუბიექტს, უტყუარად ვერ დადგინდა როდის და ვის მიერ იყო ნაწარმოები ეს სამუშაოები, ამიტომ აღნიშნულ ნაწილში შპს „...ის" პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც ობიექტის მესაკუთრეს, რადგან ის არის ვალდებული ობიექტი მოიყვანოს საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სადავო პერიოდში მოქმედი (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი), „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა- ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა- ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მოცემული დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელემ უნებართვოდ მოაწყო კონდიციონერების ლითონის სამაგრები, რის გამოც, კანონიერი იყო მოსარჩელის დაჯარიმება (4 000 ლარის ოდენობით) და დემონტაჟის დავალება მოცემულ ნაწილში, მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ. ამდენად, მითითებული ნაწილი არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.

საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №ბს-1025(3კ-19) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, უძრავი ქონება ს/კ..., 2010 წლის 30 აგვისტოდან თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა „...ას“, შპს „...სა“ და შპს „...ის“ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3260.00 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი: 12, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ნაგებობები: №1-2-3 საერთო ფართით 4942,55 კვ.მ, ნაგებობა №4 ფართით 96.06 კვ.მ. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ: - ..., შპს „...ას“ საკუთრებას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობა №1-ში პირველ სართულზე - 301.52 კვ.მ. შპს ,,...ის“ საკუთრებას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობა №1-დან სარდაფი საერთო ფართობით 391.62 კვ.მ; ნაგებობა №1-2-3-დან პირველი სართული - 1064.2 კვ.მ; ნაგებობა №1-2-ის II სართული - 1206 კვ.მ; III სართული - 1121.88 კვ.მ; ნაგებობა №1-ის IV სართული - 857.33 კვ.მ. მითითებული ამონაწერით ასევე დგინდება, რომ შპს „...მა“ საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოიპოვა აუქციონის გზით (04.08.2010 წლის №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების №... დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე).

2019 წლის 16 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს 2019 წლის 12 ივლისიდან წარმოადგედნენ შპს „...“ (შენობა-ნაგებობა №3-დან სარდაფი საერთო ფართობით 391.62 კვ.მ; შენობა-ნაგებობა №3-4-დან პირველი სართული - 1064.2 კვ.მ; ნაგებობა №3-4-ის II სართული - 1206 კვ.მ.; III სართული - 1121.88 კვ.მ.; ნაგებობა №3-ის IV სართული - 857.33 კვ.მ.) შპს ,, ...“ (შენობა-ნაგებობა №3-ში ფართი №1, პირველ სართულზე - 301.52 კვ.მ.-დან 76.52 კვ.მ.) და შპს „ნ...ს“ (შენობა-ნაგებობა №3-ში ფართი №1, პირველ სართულზე - 301.52 კვ.მ.-დან 225 კვ.მ.).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს „...ის“ მიმართ 2017 წლის 8 სექტემბერს შედგენილ იქნა №002836 მითითება. მითითების თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... №25-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მოწყობილი იყო კონდიციონერები, შეცვლილი იყო კარებისა და ფანჯრების რაოდენობა, ეზოს მხარეს დამატებით მოწყობილი იყო კოლონები, გაზრდილი იყო კიბის გაბარიტები და საფეხურის რაოდენობა, ასევე დამატებით მოწყობილი იყო კაპიტალური გადახურვა, აგრეთვე მოწყობილი იყო ბაქნები, კიბე, პანდუსი და მსუბუქი კონსტრუქციები გადახურვით. ეზოში მდებარე ორი კაპიტალური შენობა არ იყო ნაჩვენები საინვენტარიზაციო გეგმაზე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შპს „...ას“ დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ აშენებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ასევე არსებული შენობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების წესების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა.

2017 წლის 29 სექტემბერს შპს „...ას“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მ.თ-ამ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და აცნობა, რომ ...ის მიერ ქ. თბილისში ...ის გამზ. №25-ში განხორციელდა კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე მოწყობილი კონდიციონერების დემონტაჟი. ამავე წერილით სამსახურს ეცნობა, რომ შპს „I...იმ“ შენობა შეიძინა 1999 წელს, რის შემდეგაც ...ის ... იძულებული გახდა ჩაეტარებინა შესაბამისი სამუშაოები, ვინაიდან სხვა შესასვლელი არ არსებობდა. ...მა შენობა შეიძინა 2010 წელს, მანამდე შენობა ეკუთვნოდა ...ის ... ს, ხოლო შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს. შესაბამისად, მითითებაში ნახსენები სამუშაოები ჩატარებული იყო შენობის შეძენამდე. 2010 წლის შემდეგ ...ის მიერ განხორციელდა კედლისა და ფასადის გალესვისა და შეღებვის სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და კეთილმოეწყო ეზო, რაზედაც გაცემული იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანხმობა. რაც შეეხება ორ შენობა-ნაგებობას, მოსარჩელეს გადაეცა შენობის შეძენისას, საიდანაც ერთში იყო საქვაბე, ხოლო მეორე დაკავებული ჰქონდა (ნაწილობრივ) შპს „I...ის“, სადაც განთავსებული იყო ტრანსფორმატორი. მათზე სარემონტო სამუშაოები და საქვაბის განთავსების საკითხი შეთანხმებული იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურთან.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს შედგენილი იქნა №002836 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა ამავე სამსახურის 2017 წლის 8 სექტემბრის №002836 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

2017 წლის 24 ოქტომბერს, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც გამოცხადდნენ შპს „...ის“ წარმომადგენლები, მ.თ-ა, ხ.გ-ი - და დ.გ-ა, რომლებმაც დაადასტურეს მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. ასევე აღნიშნეს, რომ ქონება მიღებული ჰქონდათ სახელმწიფოსგან არსებული სახით და მითითებაში დაფიქსირებული ყველა სამშენებლო სამუშაო უკვე არსებობდა (გარდა კონდიციონერებისა). აგრეთვე აღნიშნეს, რომ მათ მიერ განხორციელდა მხოლოდ კონდიციონერების განთავსება, რაც იმ მომენტისთვის დემონტირებული იყო. მათი განმარტებით, ... არ წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, შესაბამისად, არც დამრღვევს და მათ მიმართ წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. სხდომაზე წარდგენილ იქნა პრივატიზების დროს შენობის არსებული მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. ასევე აღნიშნეს, რომ მითითებული ორი ნაგებობა, რომელიც განთავსებული იყო ეზოში, სარგებლობდა „ ...“, არსებობდა შეძენამდე და ერთ-ერთის შეკეთება მოხდა არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით. ასევე განაცხადეს, რომ კონდიციონერები მოხსნილი იყო შემოწმების აქტის შედგენის მომენტისთვის, რაც არ იყო აღნიშნული აქტში, თუმცა ადასტურებდა ასევე სამსახურის ფოტოები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 1 თებერვლის №75 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ სადავო ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად მხარის მიერ არ იქნა გამოსწორებული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი კონდიციონერები დემონტირებული იყო, მაგრამ კონდიციონერების ლითონის სამაგრები ყველგან არ იყო დემონტირებული. სხვა დარღვევები ობიექტზე კვლავ არ იყო გამოსწორებული.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს მიღებულ იქნა №002836 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 04 მაისის №ც12-18 დადგენილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში საჯარიმო თანხად 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 8 000 (რვა ათასი) ლარი.

2018 წლის 4 აპრილსა და 25 მაისს შპს „...ის“ დირექტორმა, თ.ქ-ემ და მისმა წარმომადგენელმა, მ.თ-ამ №20/01180942790-01 და №10/0118145173-01 ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 და 2018 წლის 04 მაისის №ც12-18 დადგენილებების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 იანვრის №39 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ დირექტორის, თ.ქ-ისა და მისი წარმომადგენლის, მ.თ-ას 2018 წლის 4 აპრილისა და 25 მაისის №20/01180942790-01 და №10/0118145173-01 ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №002836 და 2018 წლის 04 მაისის №ც12-18 დადგენილებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოცემული სახდელის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული აქტები ექცევა სასამართლოს კონტროლის ქვეშ, სასამართლო თითოეული საქმისათვის ინდივიდუალურად ამოწმებს გამოიკვლია თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ შენობა-ნაგებობის მდგომარეობა ამჟამინდელი, თუ წინა მესაკუთრეთა მფლობელობის პირობებში და უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ შესაძლო პირთა წრე. სასამართლო აფასებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რამდენად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ არ დგინდებოდა ან/და შეუძლებელი იყო ზუსტად განსაზღვრულიყო სამუშაოების მწარმოებელი პირი, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ქმნის მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს, რამდენადაც პრეზუმფციის ძალით, მიიჩნევა რომ სწორედ მესაკუთრეა ვალდებული და პასუხისმგებელი, ერთი მხრივ, თავად არ განახორციელოს უნებართვო მშენებლობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნება სწორედ სამშენებლო-არქიტექტურული დოკუმენტაციის შესაბამისად. ასევე, მესაკუთრის ვალდებულებაა ჩადენილი სამართალდარღვევის პრევენცია და აღმოფხვრა.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდება მითითებაში არსებული დარღვევების განხორციელების პერიოდი და განმახორციელებელი სუბიექტი, მით უფრო ის გარემოება, რომ სამუშაოები წარმოებულია მოსარჩელის მიერ, ქონების მის საკუთრებაში გადასვლის შემდგომ. უდავოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ქონება შეიძინა სახელმწიფოსგან, რომლის მიმართაც არსებობდა კანონიერი ნდობა და მოლოდინი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის მიღების თაობაზე. ამდენად, მოსარჩელე ვერ იქნება მიჩნეული პასუხისმგებელ სუბიექტად ისეთი უნებართვო მშენებლობისათვის, რომელიც სახელმწიფოსაგან შეძენამდე განხორციელდა და რომლის თაობაზეც მოსარჩელემ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მართალია 2010 წლის შემდეგ ...ის მიერ განხორციელდა კედლისა და ფასადის გალესვისა და შეღებვის სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და კეთილმოეწყო ეზო, თუმცა აღნიშნულთან მიმართებაში არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული იყო შესაბამისი ნებართვები (ტომი 1, ს.ფ. 50-60). საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სადავო აქტებში მითითებული ორი დამატებითი შენობა-ნაგებობა, მოსარჩელეს გადაეცა შენობის შეძენისას. ერთ შენობ-ნაგებობაში მოწყობილი იყო საქვაბე, ხოლო მეორე დაკავებული ჰქონდა (ნაწილობრივ) შპს „I...ის“, სადაც განთავსებული იყო ტრანსფორმატორი. მათზე სარემონტო სამუშაოები და საქვაბის განთავსების საკითხი შეთანხმებული იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, თუმცა სადავო აქტების გამოცემის დროს მოპასუხეს აღნიშნული გარემოება მხედველობაში არ მიუღია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ გარდა კონდიციონერების სამაგრების მოწყობის გამო მოსარჩელის სამართალდამრღვევად მიჩნევის ნაწილისა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არის დაუსაბუთებელი და ისინი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ბ. შონია

გ. მაკარიძე