Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-205 (კ-22) 18 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ს-მა 21.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 17.07.2019წ. NMES 3 19 00956752 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ი.ს-ის მიერ ...ის ... ...ში 1986-1989 წლებში და ... ...ის ...ის ფილიალში 1989-1991 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2020წ. გადაწყვეტილებით ი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 17.07.2019წ. NMES 3 19 00956752 გადაწყვეტილება, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.ს-ის მიერ ...ის ... ...ში 1986-1989 წლებში და ... ...ის ...ის ფილიალში 1989-1991 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2021წ. განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელი მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას ანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ამავდროულად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც ცენტრი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე იმსჯელოს განათლების აღიარების საკითხზე. ცენტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვა. ამასთან, კანონმდებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებისას არ მოითხოვს ამავდროულად დაინტერესებული პირის – დევნილად ყოფნას, ვინაიდან კანონმდებელი ცალკე ადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობას, სხვა დამატებითი პირობების დადასტურების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, 28.05.2018წ. ი.ს-ის წარმომადგენელმა ზ.თ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ი.ს-ის მიერ ...ის ... ...ში 1986-1989 და ...ის ...ის ფილიალში 1989-1991 წლებში სწავლების ფაქტის დადგენა, ასევე 25.06.1991წ. ... ...ის ...ის ფილიალის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ ი.ს-ისადმი ...ის, ...ის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ფაქტის დადგენა და ...ის ...ისთვის ი.ს-ის სახელზე სათანადო ფორმის დიპლომის დუბლიკატის გაცემის დავალება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 31.12.2018წ. MES 2 18 01674312 გადაწყვეტილებით ზ.თ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ მოიპოვებოდა ინფორმაცია ...ის ... ...ის ლიკვიდაციის ან საგანმანათლებლო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. კანონმდებლობით ასევე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე პირის მიერ ...ის ... ...ში 1986 წლიდან 1990 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 31.12.2018წ. MES 2 18 01674312 გადაწყვეტილება ი.ს-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 27.06.2019წ. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წერილით მიმართა ...ის ...ას და გადაუგზავნა ი.ს-ის გავლილი საგნების შესახებ ზ.თ-ას მიერ 27.06.2019წ. წარმოდგენილი განცხადება. ამავე წერილით ...ას ეთხოვა დაედგინა ი.ს-ის (ს-ის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობა ...ის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და ცენტრში მის მიერ გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ დასკვნის წარმოდგენა. 12.07.2019წ. ...ის ...მა წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გადაუგზავნა ი.ს-ის (ს-ის) მიერ 1990-1992 სასწავლო წლებში ... ...ის ...ის ფილიალში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების თაობაზე ...ის ...ის ... ფაკულტეტზე შექმნილი კომისიის დასკვნა და აცნობა, რომ კომისიამ ი.ს-ის (ს-ის) მიერ წარმოდგენილი, ჩაბარებული დისციპლინების ჩამონათვალი შეადარა ...ის ...ში ... ფაკულტეტზე მოქმედი ..ის საბაკალავრო პროგრამას. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების შედარების საფუძველზე დადგინდა ნაწილობრივი შესაბამისობა. კომისიამ დაასკვნა, რომ ნასწავლი საგნების შესაბამისობა შეადგენს 48 ECTS კრედიტს. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 17.07.2019წ. მიღებულ იქნა MES 3 19 00956752 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აღიარებულ იქნა ი.ს-ის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლება 48 კრედიტის ოდენობით, გადაწყვეტილებაში აღნიშნული საგნებისა და შეფასებების გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების მიზნით, ცენტრი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს ინფორმაციას, შესაძლებლობის შემთხვევაში უსმენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანო არსებითად დაეყრდნო მხოლოდ ...ის ...ის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელიც თავის მხრივ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საგნების სიის მიხედვით იყო შედგენილი (რაც მხარეს ზეპირად ახსოვდა) და სრულიად უგულებელყო განმცხადებლის მიერ წარდგენილი ორი მოწმის: მ.წ-ას და ი.გ-ას ჩვენება და მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები - დიპლომები, მაშინ როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2019წ. გადაწყვეტილების (საქმე N3/280-19) საფუძველზე ცენტრს დავალებული ჰქონდა სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა პირებმა - მ.წ-ამ და ი.გ-ამ მკაფიოდ და დეტალურად აღწერეს მოსარჩელესთან მათი კავშირი, სწავლის პერიოდი, ...ის სახელმწიფო უნივერისტეტის გაყოფისა და ფილიალის ჩამოყალიბების მიზეზები. აღსანიშნავია მ.წ-ას განმარტება, სადაც მან მიუთითა, რომ იგი იყო ი.ს-ის (ს-ის) კურსელი, ჯგუფელი, ყველა გამოცდას ერთად აბარებდნენ, ფილიალშიც ერთად გადავიდნენ და სადიპლომო ნაშრომიც ერთად დაიცვეს. ამასთან, მოწმე ი.გ-ას განმარტებით, ი.ს-ი (ს-ი) ...-ს ...ის ფილიალში სწავლის დასრულების შემდგომ მუშაობდა ...ად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი ასევე სადავოდ ხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.2020წ. და 06.03.2020წ. საოქმო განჩინებებს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ხანდაზმულობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. აპელანტი თვლიდა, რომ დარღვეული იყო სადავო აქტის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 17.07.2019წ. NMES 3 19 00956752 გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 17.07.2019წ. MES 3 19 00956752 გადაწყვეტილებით იმსჯელა მხოლოდ ი.ს-ის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ...ის ...ის ...ის ფილიალში 1990-1992 წლებში ...ის ფაკულტეტზე მიღებული უმაღლესი განათლების (48 კრედიტის ოდენობის) აღიარების თაობაზე. მითითებული აქტის გამოცემის შემდეგ მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების (საქმე № 3/280-19) აღსრულების მიზნით, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ, ითხოვა მოპასუხეს ემსჯელა ი.ს-ის მიერ ...ის ...ში 1986-1989 წლებში მიღებულ განათლების ნაწილზეც. მოსარჩელეს ცენტრის 28.10.2019წ. წერილით უარი ეთქვა ახალი აქტის გამოცემაზე, რის შემდეგაც მან კანონით დადგენილ ვადაში, 21.11.2019წ. სარჩელით მიმართა სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. კასატორმა მოითხოვა აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2020წ. საოქმო განჩინების ბათილად ცნობაც. უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2022წ. განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2020წ. საოქმო განჩინების ბათილად ცნობის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 390.3 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაშიც შეამოწმოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მოტივების და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების დასაბუთებას. კასატორმა მიუთითა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი სასამართლოებს არ აქვთ შესაძლებლობა დაასაბუთონ მხარის თითოეულ არგუმენტზე აურის თქმის მოტივაცია, ისინი არ თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან ჯეროვნად განიხილონ და პასუხი გასცენ მათ მიერ წამოყენებულ ძირითად მოთხოვნებს (იხ. გადაწყვეტილება "დონაძე საქართველოს წინააღმდეგ" (Donadze v. Georgia) N746644/01, 07.03.2006წ.). სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე.

კასატორი თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.02.2020წ. და 06.03.2020წ. განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. კასატორი უზენაესი სასამართლოს 30.10.2014წ. Nბს-312-308(კ-14) განჩინებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 17.07.2019წ. გადაწყვეტილება 11.09.2019წ. ჩაიბარა მინდობილმა პირმა. სარჩელის შეტანის ერთთვიანი ვადა მთავრდებოდა 12.10.2019წ., ი.ს-ის წარმომადგენელმა სასამართლოს სარჩელით მიმართა 26.11.2019წ.. ამდენად, სარჩელი შეტანილია გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. კასატორი თვლის, რომ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული ცენტრის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინება, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველები. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 11.02.2020წ. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოხსნა პირველი სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლომ სასკ-ის 23-ე მუხლზე დაყრდნობით შემოწმა დასაშვებობის პირობები და სარჩელი მიიჩნია დასაშვებად, თუმცა მას შემდეგ რაც 06.03.2019წ. სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა სადავო აქტის შესაბამისობა სასკ-ის 22-ე მუხლის მოთხოვნებთან, უნდა შეეფასებინა ხანდაზმულობის საკითხი.

კასატორი თვლის, რომ სადავო აქტის გამოცემისას დაცულია ფორმალური და მატერიალური კანონიერება. კასატორის მოსაზრებით სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევაზე. ცენტრი ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. ასევე შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტს და ზღუდავდეს მოსარჩელის უფლებას.

კასატორის განმარტებით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცენტრმა დადასტურებულად მიიჩნია ი.ს-ის (სახელისა და გვარის შეცვლის შემდგომ - ი.ს-ი) მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ფაქტი და 27.06.2019წ. N864862 წერილით მიმართა სსიპ ...ის ...ის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.12.2009წ. N1067 ბრძანებით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“ საფუძველზე ი.ს-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის, გავლილი საგნების, მიღებული შეფასებებისა და კრედიტების გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენის მოთხოვნით. 15.07.2019წ. სსიპ ...ის ...მა ცენტრს წარუდგინა მოთხოვნილი დასკვნა ი.ს-ის (ი.ს-ი) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების, სსიპ ...ის ...ის, ... ...ის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულ იქნა ი.ს-ის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლება 48 კრედიტის ოდენობით. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა მხოლოდ საქმისადმი ფორმალური მიდგომით. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ცენტრი დაეყრდნო ...ის ...ის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, სხვა სახის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. კასატორის მოსაზრებით ამ სახის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ცენტრის უფლებამოსილებას მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება განათლების აღიარებასთან დაკავშირებით. მოცემული საჯარო მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისას ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაშია ცენტრი, თავად განმცხადებელი და საგანმანათლებლო დაწესებულება. მოცემული სამი სუბიექტიდან ვერცერთი ჩაერევა მეორის კომპეტენციაში. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით. ამასთან, კასატორი შუამდგომლობს მხარეთა დასწრებით, ზეპირი მოსმენის საშუალებით საქმის განხილვის თაობაზე და მიუთითებს, რომ საკითხი კომპლექსური ბუნებისაა და დეტალურ განხილვას საჭიროებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 28.05.2018წ. ი.ს-ის წარმომადგენელმა ზ.თ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ი.ს-ის მიერ ...ის ... ...ში 1986-1989 წლებში და ...ის ...ის ფილიალში 1989-1991 წლებში სწავლების ფაქტის დადგენა, ასევე 25.06.1991წ. ......ის ...ის ფილიალის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ ი.ს-ისადმი ...ის, ...ის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ფაქტის დადგენა და ...ის ...ისთვის ი.ს-ის სახელზე სათანადო ფორმის დიპლომის დუბლიკატის გაცემის დავალება. აღნიშნულ განცხადებაზე რამდენჯერმე დადგინდა ხარვეზი, საბოლოოდ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 31.12.2018წ. MES 2 18 01674312 გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ მოიპოვებოდა ინფორმაცია ...ის ... ...ის ლიკვიდაციის ან საგანმანათლებლო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. კანონმდებლობით ასევე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის არმქონე პირის მიერ ...ის ... ...ში 1986 წლიდან 1990 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 31.12.2018წ. MES 2 18 01674312 გადაწყვეტილება ი.ს-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2019წ. გადაწყვეტილებით ი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 31.12.2018წ. MES 2 18 01674312 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც წერილობით მიმართა ი.ს-ის წარმომადგენელ ზ.თ-ას, რომელსაც ეთხოვა წარედგინა იმ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებიც დაადასტურებენ 1986-1990 წლებში ...ის ... ...ში ი.ს-ის მიერ განათლების მიღების ფაქტს და 1990-1991 წლებში ... ...ის ...ის ფილიალში ი.ს-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ფაქტს. ასევე, განმცხადებელს ეთხოვა მოწმეების კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული ასლების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და 1990-1991 წლებში დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ წერილობითი მონაცემების წარდგენა. ამასთან, განმცხადებელს ეთხოვა დაეზუსტებინა რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სურდა ი.ს-ის მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა. ზ.თ-ამ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინა მ.წ-ას და ი.გ-ას განცხადებები, მათი დიპლომების ასლები და დევნილის მოწმობები. ასევე, ცენტრს ეცნობა, რომ ი.ს-ის სურდა ...ის ...ას დაედგინა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობა საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან. ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ წერილობითი მონაცემები 1990-1991 წლებში ი.ს-ის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ არ მოიპოვებოდა, რასაც ადასტურებდა ასევე ...ის ...ის წერილი. წერილში მითითებული იყო, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 1992-1993 წლებში ...ში მიმდინარე საომარი მოქმედების გამო, აღნიშნული პერიოდის ჩათვლით სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა პირადი საქმეები და საარქივო მასალები ...ის ...ის არ გააჩნდა. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ცენტრისათვის წარდგენილ იქნა იმ საგნების სია, რომელიც თავად ი.ს-ის მოეპოვებოდა/ახსოვდა. აღნიშნული სია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაგზავნილ იქნა ...ის ...ისათვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის მიზნით. ...ის ...ის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ი.ს-ის (ს-ის) მიერ 1990-1992 სასწავლო წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე (... ...ის ...ის ფილიალში) მიღებული განათლების/ გავლილი საგნების უმრავლესობა თავსებადია ...ის ...ის ... ფაკულტეტის ... ...ის საბაკალავრო პროგრამასთან და შესაძლებელია მათი აღიარება 48 კრედიტის ოდენობით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და აღიარებულ იქნა ი.ს-ის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლება 48 კრედიტის ოდენობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობა არის განათლების უფლების მხოლოდ ნაწილი, ამ უფლების ეფექტურობისათვის ინდივიდს, რომელიც ამ უფლებით სარგებლობს, უნდა ჰქონდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების უფლება ანუ სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად და დადგენილი ფორმით მის მიერ დასრულებული სწავლის ოფიციალური აღიარების უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბელგიაში ენების შესახებ“ („Belgium lingwistic“ §B4, 23.07.1968წ.; „ლეილა საჰინი (Leyla Sahin) თურქეთის წინააღმდეგ“ §152, 10.11.2005წ.)).

მნიშვნელოვანია, რომ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირებულებითი წესრიგის გათვალისწინებით. მიღებული გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს, ვინაიდან არ მოხდეს პირისათვის კონსტიტუციური უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რამაც შესაძლოა აგრეთვე გავლენა იქონიოს პირის მიერ შრომის თავისუფლების რეალიზებაზე.

განსახილველ შემთხვევაში ი.ს-ის მიერ მოთხოვნილია 1986-1991 წლებში სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში მიღებული განათლების აღიარება. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. ამასთან, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ი.ს-ის მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურა ექცევა სხვადასხვა ნორმატიული აქტების, კერძოდ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" და ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 01.12.2009წ. N1067 ბრძანებით დამტკიცებული "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის" მოქმედების ფარგლებში. ამდენად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა სწორედ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" 5.1 მუხლის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ცენტრი ახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას (წესის 5.2 მუხ.). ამასთან, აღსანიშნავია "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონის 251 მუხლი, რომლის თანახმად ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ამდენად, კანონმდებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებისას არ მოითხოვს ამავდროულად დაინტერესებული პირის დევნილად ყოფნას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ი.ს-ის არ ჰქონდა მინიჭებული დევნილის სტატუსი, ხელს არ უშლიდა ადმინისტრაციულ ორგანოს "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" გამოყენებით განეხილა ი.ს-ის მიერ წარდგენილი განცხადება მის მიერ 1990 წლამდე მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1990 წლიდან მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას, მასზე ვრცელდება საქართველოს და მეცნიერების მინისტრის 01.12.2009წ. N1067 ბრძანებით დამტკიცებული "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღაირების წესი". წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს უმაღლესი განათლება – დაასრულეს უმაღლესი განათლების მიღება ან იღებენ უმაღლეს განათლებას. ამასთან, წესის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე (წესის მე-2 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ცენტრმა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელა მხოლოდ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის" შესაბამისად და გადაწყვეტილება მიიღო სსიპ ...ის ...ის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც თავის მხრივ განსაზღვრა ი.ს-ის მიერ 1990-1992 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობა ...ის საგანმანათლებლო პროგრამასთან. სკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღრულების მიზნით შესაბამისი გარემოებების კვლევის შედეგად მიიღოს ახალი აქტი. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ აღიარა ი.ს-ის მიერ ... ...ის ...ის ფილიალში მიღებული განათლება, ისიც გარკვეული რაოდენობის კრედიტების საფუძველზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ...ის ფილიალში მოსარჩელემ სწავლა გააგრძელა ...ის ...ში ...-ლი-მე-... კურსების დახურვის შემდეგ. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე შეაფასა მე-...-მე-... კურსებზე მიღებული განათლების აღიარების საკითხი, რომ არ იმსჯელა ი.ს-ის მიერ ...ის ...ში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არსებითად დაეყრდნო მხოლოდ ...ის ...ის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელიც თავის მხრივ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საგნების სიის მიხედვით იყო შედგენილი (რაც მხარეს ზეპირად ახსოვდა) და სრულიად უგულებელყო განმცხადებლის მიერ წარდგენილი ორი მოწმის: მ.წ-ას და ი.გ-ას ჩვენება და მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები - დიპლომები. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა პირებმა - მ.წ-ამ და ი.გ-ამ მკაფიოდ და დეტალურად აღწერეს მოსარჩელესთან მათი კავშირი, სწავლის პერიოდი, ...ის სახელმწიფო უნივერისტეტის გაყოფისა და ფილიალის ჩამოყალიბების მიზეზები. მ.წ-ამ განმარტა, რომ იგი იყო ი.ს-ის (ს-ის) კურსელი, ჯგუფელი, ყველა გამოცდას ერთად აბარებდნენ, ფილიალშიც ერთად გადავიდნენ და სადიპლომო ნაშრომიც ერთად დაიცვეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მოწმე ი.გ-ას განმარტებით, ი.ს-ი (ს-) ...-ს ...ის ფილიალში სწავლის დასრულების შემდგომ მუშაობდა ...ად. საქმეში დაცულია აგრეთვე 1995 წელს მ.წ-ას სახელზე გაცემული დიპლომის დუბლიკატი, სადაც მითითებულია, რომ მ.წ-ა 1986 წელს შევიდა ...ის სახელობის ...ის ...ში და 1991 წელს დაამთავრა სხვა ... - ...ის სახელობის ...ის ...ის ფილიალი. საქმეში დაცულია აგრეთვე ი.გ-ას სახელზე გაცემული დოპლომი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობა იმთავითვე გულისხმობს მათ მიერ მიღებული განათლების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის არარსებობას, შესაბამისად, განათლების აღიარების მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა სწორედ არასრულყოფილი, ხარვეზიანი ან/და გარკვეული შეუსაბამობების შემცველი დოკუმენტაციის არსებობის პირობებში. სწორედ ზემოაღნიშნული მიზნით არის განპირობებული ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, მოახდინოს წარდგენილი განაცხადების განხილვა და შეფასება, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები, ასევე დაადგინოს ყველა რელევანტური ფაქტობრივი გარემოება და მათი ანალიზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება (იხ სუსგ 25.10.2023წ. ბს-431(კ-23)). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა უფლებები. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მოწმეთა მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადებები, მათი დიპლომები და დაეყრდნო მხოლოდ ...ის ...ის მიერ წარდგენილ დასკვნას, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა განმცხადებლის მიერ წარდგენილი საგნების სიის მიხედვით იყო შედგენილი.

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 21.11.2019წ., ანუ მას შემდეგ მომართა სასამართლოს, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ 28.10.2019წ. უარი უთხრა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2019წ. გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების მიზნით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. რაც შეეხება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაუქმების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 391.1, 404.2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს აქტების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია გადასინჯოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.

უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენით საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, ზეპირი მოსმენით საკითხის გადაწყვეტის მიზანშეწონილობას საკასაციო პალატა წყვეტს არა შუამდგომლობის, არამედ საქმის მასალების გაცნობის შედეგად ჩამოყალიბებული მოსამართლეთა შინაგანი რწმენის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, ის აფასებს მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების განმარტებისა და გამოყენების კანონიერებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა რამდენიმე სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას არ ქმნის კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების არასაკმარისად დასაბუთების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოსაყენებელ ნორმებს და მათ სამართლებრივ დასაბუთებას. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ შეფასებულია საქმეში დაცული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2021წ. განჩინება;

4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 17.01.2022წ. №00143 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი