Facebook Twitter

¹ას-127-405-08 20 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ.გ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ზ.რ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ჯ-იანი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ა.მ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ჯ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.გ-ძის მიმართ დავალიანების _ 2100 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ ქ.თბილისში, ........ ქ. -ში მდებარე ბინა მიაქირავა მოპასუხეს ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდის პირობით. ქ.გ-ძემ აღნიშნულ ფართში გახსნა სტომატოლოგიური კლინიკა, რაც დასტურდება მისი ქონების აღწერის აქტით. 20..წ. . ოქტომბრიდან მოპასუხეს ქირა აღარ გადაუხდია, რის გამოც მას უნდა დაეკისროს . თვის დავალიანების გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 20..წ. .. მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ნ.ჯ-იანის კუთვნილი ფართის იჯარის ხელშეკრულება . წლის ვადით, თვეში 300 აშშ დოლარის გადახდით. მოპასუხემ მითითებულ ფართში გახსნა სტომატოლოგიური კლინიკა, რისთვისაც ჩაატარა დაახლოებით 6500 ლარის ღირებულების რემონტი. ქ.გ-ძე საიჯარო ქირას ყოველი თვის 18 რიცხვში კეთილსინდისიერად იხდიდა. 20..წ. სექტემბერში ნ.ჯ-იანმა მოსთხოვა ფართის დაცლა იმ საფუძვლით, რომ კუთვნილი ქონება გაასხვისა სხვა პირზე, რაზეც მოპასუხემ ხელშეკრულების პირობებზე მითითებით უარი განუცხადა. მოსარჩელემ თვითნებურად გამოცვალა სადავო ბინის კარის გასაღები და ქ.გ-ძე აღარ შეუშვა. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე და 20..წ. . დეკემბრის განაჩენით ნ.ჯ-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ. სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა სადავო ქირის გადახდის ფაქტი დაადასტურეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ნიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.გ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 680 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 20..წ. ..მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება დამქირავებლის მიერ გამქირავებლისათვის ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდის პირობით. პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას მიუთითა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებზე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა. პალატის მოსაზრებით, უპირველეს ყოვლისა, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, რაც მოპასუხის განმარტების საფუძველზეც დადგინდა. შემდგომ კი მოპასუხეს ევალებოდა იმის მტკიცება, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და უნდა წარმოედგინა სადავო ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ჯ-იანმა, სადავო ბინის საკეტის გამოცვლით, ფაქტობრივად, 20..წ. . ნოემბერს შეუწყვიტა ხელშეკრულება მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ.გ-ძეს აპელანტისათვის 20..წ. სექტემბრიდან 8 ნოემბრამდე ქირა არ გადაუხდია, რის გამოც უნდა დაეკისროს დავალიანების _ 680 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.გ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლები და უკანონოდ არ გაიზიარა კასატორის წერილობითი და სიტყვიერი განმარტებანი, მოწმეთა ჩვენებები სადავო ქირის გადახდისა და დავალიანების არარსებობის შესახებ, მაშინ, როცა ნ.ჯ-იანმა ვერ დაადასტურა სადავო თანხის მიუღებლობა, ამდენად, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ ნ.ჯ-იანის განმარტებები დავალიანების არსებობის თაობაზე სათანადო მტკიცებულების წარუდგენლად. სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, ვინაიდან სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემეობანი და თავისი შინაგანი რწმენა გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 556-ე, 557-ე, 558-ე, 561 და 563-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევის გათვალისწინებით მცდარია სასამართლოს მოსაზრება, რომ ქ.გ-ძეს უნდა გაექარწყლებინა მოსარჩელის მოთხოვნა ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენით. მართალია, ქ.გ-ძემ, ავადმყოფობის გამო, ვერ წარუდგინა სასამართლოს მოტივირებული შესაგებელი, მაგრამ თავისი განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დაადასტურა, რომ ყოველი თვის 18 რიცხვში იხდიდა ქირას მომავალი თვის ანგარიშში. ნ.ჯ-იანის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას კასატორის მიმართ ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 20..წ. 6 დეკემბრის განაჩენი.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს გადაუხდის 250 (ორას ორმოცდაათ) აშშ დოლარს, რის სანაცვლოდაც ნ.ჯ-იანი ვალდებულებას იღებს, დაუბრუნოს ქ.გ-ძეს კუთვნილი სამედიცინო აპარატურა საქმის ფურცელ 8-ზე არსებული აღწერილობითი სიის მიხედვით, კერძოდ: 1 ცალი სტომატოლოგიური სავარძელი (თავისი 2 ცალი ბუნიკით), 2 ცალი შუშის კარადა, 2 ცალი მინის სტომატოლოგიური მაგიდა, 1 ცალი კომპრესორი, 1 ცალი სტერილიზატორი, 1 ცალი დივანი-სავარძელი, 1 ცალი ოთხკუთხედი მაგიდა, 1 ცალი რენტგენის აპარატი, 1 ცალი პატარა სტომატოლოგიური სავარძელი, 1 ცალი ჰელიო “პუშკა”, 1 ცალი “ნიკალას” ღუმელი, 3 ცალი ბიქსი, 1 ცალი სტომატოლოგიური სკამი, 1 ცალი პატარა გაზქურა, 3 ცალი კერამიკის ნიჟარა. შეთანხმებულ თანხას (250 აშშ დოლარს) ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს გადასცემს 20.. წ. .. მაისს, აპარატურის მიღებისთანავე.

2. თუ ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს დათქმულ ვადაში ზემოაღნიშნულ თანხას არ გადაუხდის და არ წაიღებს აპარატურას, მაშინ ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს გადაუხდის 680 აშშ დოლარს, ხოლო თუ ნ.ჯ-იანი არ დაუბრუნებს ქ.გ-ძეს კუთვნილ სამედიცინო აპარატურას, ნ.ჯ-იანი გადაუხდის ქ.გ-ძეს აპარატურის ღირებულებას.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.გ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზ.რ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე _ ნ.ჯ-იანის სარჩელის გამო ქ.გ-ძის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე შემდეგი პირობებით:

1. ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს გადაუხდის 250 (ორას ორმოცდაათ) აშშ დოლარს, რის სანაცვლოდაც ნ.ჯ-იანი ვალდებულებას იღებს, დაუბრუნოს ქ.გ-ძეს კუთვნილი სამედიცინო აპარატურა საქმის ფურცელ 8-ზე არსებული აღწერილობითი სიის მიხედვით, კერძოდ: 1 ცალი სტომატოლოგიური სავარძელი (თავისი 2 ცალი ბუნიკით), 2 ცალი შუშის კარადა, 2 ცალი მინის სტომატოლოგიური მაგიდა, 1 ცალი კომპრესორი, 1 ცალი სტერილიზატორი, 1 ცალი დივანი-სავარძელი, 1 ცალი ოთხკუთხედი მაგიდა, 1 ცალი რენტგენის აპარატი, 1 ცალი პატარა სტომატოლოგიური სავარძელი, 1 ცალი ჰელიო “პუშკა”, 1 ცალი “ნიკალას” ღუმელი, 3 ცალი ბიქსი, 1 ცალი სტომატოლოგიური სკამი, 1 ცალი პატარა გაზქურა, 3 ცალი კერამიკის ნიჟარა. ზემოაღნიშნულ თანხას (250 აშშ დოლარს) ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს გადასცემს 20.. წ. .. მაისს, აპარატურის მიღებისთანავე.

2. თუ ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს დათქმულ ვადაში შეთანხმებულ თანხას არ გადაუხდის და არ წაიღებს აპარატურას, მაშინ ქ.გ-ძე ნ.ჯ-იანს გადაუხდის 680 აშშ დოლარს, ხოლო თუ ნ.ჯ-იანი არ დაუბრუნებს ქ.გ-ძეს კუთვნილ სამედიცინო აპარატურას, ნ.ჯ-იანი გადაუხდის ქ.გ-ძეს აპარატურის ღირებულებას.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ნ.ჯ-იანის სარჩელის გამო ქ.გ-ძის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

განემარტოთ მხარეებს, რომ ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

დაუბრუნდეს ქ.გ-ძეს ზ.რ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.