Facebook Twitter

ას-127-470-07 30 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. მ-ე (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. ა-ი (მოპასუხე)

დავის საგანი – ავტომანქანის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კასატორისათვის ავტომანქანის ან მისი ღირებულების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. მ-მ 2006 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. ა-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან ავტომანქანის ან მისი ღირებულების დაბრუნება. მოსარჩელის მითითებით, მას 2006 წლის 15 იანვარს კუთვნილი “ბმვ”-ს მარკის ავტომანქანა, გამოშვებული 1994 წელს, უნდა მიეყიდა ა. ა-სათვის, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. შეთანხმების თანახმად, მას აღნიშნული ავტომობილი უნდა მიეყიდა 4500 აშშ დოლარად და ეს თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა ორი კვირის ვადაში, რაც მან არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ავტომანქანა მოპასუხის მფლობელობაშია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ავტომანქანა “ბმვ”-ს დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა და მას დაუბრუნდა აღნიშნული ავტომანქანა. ნ. მ-ს ა. ა-ის სასარგებლოდ დაევალა მიღებული თანხის 2100 აშშ დოლარის დაბრუნება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ჩათვალა, რომ მან სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიტანა იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 15 იანვარს ნ. მ-სა და ა. ა-ს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ავტომანქანის ნასყიდობის თაობაზე. მხარეებმა ნასყიდობის საგნის ფასი განსაზღვრეს 4500 აშშ დოლარით, რაც უნდა გადახდილიყო ავტომანქანის გადაცემიდან ორ კვირაში. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი ხელშეკრულების დადებისთანავე გადაეცა მყიდველს და გადავიდა მის სარგებლობაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის გადაცემული ავტომანქანის დაბრუნების შესახებ აქვს სამართლებრივი საფუძველი, რადგან დადგენილად ჩათვალა, რომ მყიდველმა შეთანხმებულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საგნის შეთანხმებული ფასი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2006 წლის 15 იანვარს დადებული ზეპირი ხელშეკრულება წარმოადგენს ნასყიდობას გადახდის განვადებით. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ავტომანქანის შეთანხმებული ფასიდან გადაუხადა მხოლოდ 2100 აშშ დოლარი; ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს გადაცემული ავტომანქანა, ხოლო მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა დაუბრუნოს ავტომანქანის საფასურში მიღებული 2100 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მას მოპასუხემ 2100 აშშ დოლარი გადაუხადა არა როგორც ავტომანქანის ღირებულება, არამედ როგორც ნასესხები თანხა, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი მხარეთა შორის სესხის ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ მან მოსარჩელეს შეთანხმებული საფასური გადაუხადა სრულად, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება 3000 აშშ დოლარის ნ.მ-სათვის გადახდის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა 2100 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ორმხრივი რესტიტუციით 5100 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ არის დაუსაბუთებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის მითითებით, თანხა, რომლის გადახდაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, წარმოადგენს მოპასუხის მიერ ვალის გადახდას და არა ავტომანქანის ღირებულების გადახდას. რადგან მოპასუხემ არ გადაუხადა მანქანის დარჩენილი ღირებულება 4500 აშშ დოლარი და მისი განბაჟების საფასური 600 აშშ დოლარი, სასამართლომ დაუბრუნა ავტომანქანა. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ ავტომანქანის გაყიდვისას წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა გამოწვეული იყო მხარეთა შორის არსებული ნდობის ფაქტორით, რაც გამოწვეული იყო მანამდე არსებული ურთიერთობებით, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალის გადახდით. კასატორის მითითებით, თავად ა. ა-ის განმარტებებიდან აღიარებულია მის მიერ ვალის აღება, იგივეს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები. კასატორმა მიუთითა, რომ ... საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ... განყოფილების მიერ გაცემული ცნობებით, საბაჟო და საბანკო გადასახადების ქვითრებით დასტურდება, რომ ნ. მ-მ შეიძინა ავტომანქანა და იფორმებს თავის სახელზე, არსად არ არის მითითებული ა.ა-ი, ავტომანქანა არ არის გადაფორმებიული ა.ა-ზე, რაც ადასტურებს იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ავტომანქანის თანხა მისთვის არ მიუცია, ამასთან ავტომანქანის განბაჟების ფულიც თავად გადაიხადა. მოწინააღმდეგე მხარეს 2100 აშშ დოლარი გადახდილი აქვს მისთვის მანქანის გაყიდვამდე არსებულ ვალში და არა მანქანის ღირებულებაში, რასაც აღნიშნავს სასამართლო სხდომაზე და დადასტურებულიც არის სასამართლო სხდომის ოქმში. კასატორის მოსაზრებით, ეს თანხა ავტომანქანის საფასური რომ ყოფილიყო ა.ა-ი აღძრავდა სარჩელს მის მიმართ და მოითხოვდა ავტომანქანის გადაფორმებას. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ გამოკვლეულა, სასამართლომ სათანადოდ არ დაკითხა სასამართლო სხდომაზე გამოძახებული მოწმეები და არ დაადგინა რა ვალდებულებები გააჩნდათ მხარეებს ერთმანეთის მიმართ, ამასთან სასამართლო სხდომის ოქმი სრულყოფილად არ შეიცავს მხარეთა განმარტებებს. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ა.ა-ის მხრიდან მის მიმართ ვალის წერილობითი აღიარება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმებით, რაც სასამართლომ არ მიიჩნია მტკიცებულებად და ამით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 393-ე მუხლების, 391-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ა. ა-მა საკასაციო სასამარლოს წარმოუდგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კასატორისათვის ავტომანქანის დაბრუნების ან მისი ღირებულების - 5100 აშშ დოლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო ა. ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ ა. ა-მა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კასატორი უარს იტყვის თავის საკასაციო საჩივარზე, ან საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარიც განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე, 379-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ა. ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

ნ. მ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.