საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-128-406-08 13 ივნისი, 2008 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა., ს. და ლ. ს-ები (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ა. და ლ. ს-ების წარმომადგენელი ო. ჩ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ-ანი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ს. ს-აძე, ი. ჭ-უა
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება და წილის ნატურით გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 ოქტომბერს ა., ს. და ლ. ს-ებმა სარჩელი აღძრეს ს. მ-ანის წინააღმდეგ და მოითხოვეს საზიარო უფლების გაუქმება და ქონების ნატურით გამოყოფა.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნა დაამყარეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა. ს.-ი 1974 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს. მ-ანის ძმასთან სამოელ ს.-თან და მათთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ...-ის ქუჩა ¹12-ში მდებარე სახლში. ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი – ლ. და ს. ს.-ები. ერთად ცხოვრების მანძილზე ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ა. ს.-ის უშუალო მონაწილეობით, განხორციელდა როგორც არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, ასევე ახალი სხვადასხვა სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლი ირიცხებოდა ს. მ-ანის სახელზე. ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე ა. ს.-მა 1987 წელს მიმართა ქ. თბილისის ლენინის რაიონის სახელობის სახალხო სასამართლოს. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. ს.-ს შვილებთან ერთად გამოეყო საცხოვრებელი ფართი 40.01 კვ.მ მოსარჩელეების განმარტებით დამხმარე საყოფაცხოვრებო ნაგებობა დარჩა საერთო სარგებლობაში. საერთო სარგებლობაში დარჩა ასევე მიწის ნაკვეთიც ეზოს სახით.
ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში საერთო სარგებლობაში არსებული მთლიანი ფართი აღირიცხა მოპასუხე ს. მ-ანის სახელზე მათი თანხმობის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა., ს. და ლ. ს-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
დადგენილად იქნა მიჩნეული რომ ქალაქ თბილისში, ...-ის ქუჩა ¹12-ში მდებარე 671 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყო ს. მ-ანის საკუთრება. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი იყო 198,89 კვ.მ, საიდანაც 158,88 კვ.მ იყო ს. მ-ანის საკუთრება, ხოლო 40,1კვ.მ - ს., ა. და ლ. ს.-ების საკუთრება.
სასამართლომ დადგენილი გარემოებების საფუძველზე, კერძოდ იმის გათვალისწინებით რომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით ქ.თბილისში, ...-ის ქუჩა ¹12-ში მდებარე 671 კვადრატული მეტრი მიწა და158,88 კვ.მ ფართი იყო ს. მ-ანის საკუთრება და აღნიშნულ ფართზე ს., ა. და ლ. ს.-ების წილი არ იყო განსაზღვრული, დაასკვნა რომ სადავო ფართი საზიარო უფლების ობიექტად არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოაზრებული და შესაბამისად დაუშვებლად მიიჩნია მითითებულ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება და ამ ქონების ნატურით გამოყოფა მანამდე, ვიდრეე არ დადგინდებოდა, რომ ქონება საზიარო უფლების ობიექტს წარმოადგენდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს., ა. და ლ. ს.-ებმა.
კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, ისეთ არსებით გარემოებებს, როგორიცაა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების უგულებელყოფა, კერძოდ კი ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაიონის სასამართლოს 1987 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ს.-ის სასარჩელო განცხადება და ქ. თბილისში ...-ის ( ყოფილი ჟღენტის) ქუჩა ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ორ შვილთან – ს. და ლ. ს.-ებთან ერთად გამოეყო საკუთრების უფლებით 40 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი, ხოლო იმ დროისათვის არსებული დამხმარე სათავსოები, სამზარეულო, სააბაზანო და სხვა სველი წერტილები დარჩა საერთო სარგებლობაში.
კასატორის აზრით სასამართლოს საყოველთაოდ ცნობილად უნდა მიეჩნია ის ფაქტები, რომლებიც დადგენილი იქნა 1987 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ვინაიდან სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.
გარდა ამისა კასატორი მიიჩნევს რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაგებული მისი სასარჩელო მოთხოვნის საგანი, რადაგნ ის მოითხოვდა ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა ¹12-ში მდებარე შენობა-ნაგებობებიდან, გაყოფის შედეგად საკუთრების უფლებით გადმოცემული 40 კვ.მ ფართობის პროპორციული არასაცხოვრებელი (დამხმარე) ფართისა და შესაბამისი ფართის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გამოყოფას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ელ ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციაზე და გაიზიაროს ან უარყოს იგი. გასაჩივრებული განჩინება ასეთი სახის მსჯელობას არ შეიცავს და იგი სამართლებრივად დაუსაბუთებელია, იგი არ შეიცავს მითითებასაც იმ ფაქტობრივ გარემოებებზეც, რომელიც გაიზიარა სასამართლომ. ასეთი სახის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში კი შეუძლებელია საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მითუმეტეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე აქვს სამართლებრივი შეფასების მიცემის უფლება.
გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე. აღნიშნული ნორმის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისთვის გათვალისწინებული წესები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა გამოერკვია წარმოადგენდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთები ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებულ სახლს და შესაბამისად განესაზღვრა ამ პირთა უფლებები მიწასთან მიმართებაში. მართალია მხარეს საჯარო რეესტრის მიმართ მოხსნილი აქვს მოთხოვნა, მაგრამ სასამართლოს მიერ იმ ფაქტის დადგენა, რომ მოსარჩელეს საზიარო უფლება ამ ფართზე არ გააჩნია უგულებელყოფს ზემოაღნიშნულ ნორმას, რაც არ შეიძლება სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. და ლ. ს.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.