საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-221(კ-25) 10 ივნისი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ს-ი, თ.ა-ი (გ.ს-ის მხარდამჭერი)
მოპასუხე - თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 14 ივლისს თ.ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის MOH 02200022813 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა 2022 წლის 18 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვდა მისი არასრულწლოვანი შვილისთვის - გ.ს-ისათვის არასრულწლოვანების პერიოდში შეჩერებული/მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურებას, იმ საფუძვლით, რომ გაშვებული ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი საჩივრის წარდგენის ერთთვიანი ვადა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არაკანონიერია, ვინაიდან მას აღნიშნული ვადა არ დაურღვევია. მის შვილს - გ.ს-ის 2020 წლის 15 დეკემბერს შეუსრულდა 18 წელი და შესაბამისად, სასამართლოს წესით მხარდამჭერის უფლების მიღებამდე არ გააჩნდა უფლებამოსილება სრულწლოვანი შვილის სახელით ედავა, მისი შვილი კი არის შშმ პირი და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად იდავოს ადმინისტრაციულ თუ კერძო დაწესებულებებთან. მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 4 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით თ.ა-ი ცნობილ იქნა შვილის გ.ს-ის მხარდამჭერად და საპროცესო წარმომადგენლად. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 15 აპრილის N04-00-ი/7105 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის MOH 02200022813 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გ.ს-ისათვის მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხის სრულად ანაზღაურების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ს-ის და თ.ა-ის (გ.ს-ის მხარდამჭერი პირი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 15 აპრილის N04-00-ი/7105 გადაწყვეტილება და 2022 წლის 10 ივნისის MOH 02200022813 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ს-ის მხარდამჭერმა თ.ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ.ს-ის და თ.ა-ის (გ.ს-ის მხარდამჭერი პირი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ს-ის და თ.ა-ის (გ.ს-ის მხარდამჭერი პირი) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 15 აპრილის №04-00-ი/7105 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის MOH02200022813 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.ს-ის მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხის სრულად ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლზე და განმარტა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ ერთ აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენს მისი გასაჩივრების ვადა და წესი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04-00-ი/20369 წერილში, რომელიც მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2020 წლის 26 ნოემბერს, არ იყო განმარტებული აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტის მიმართ უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთწლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თ.ა-ი გ.ს-ის მხარდამჭერად ცნობილ იქნა 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საჩივრის ვადაში თუ ვადის დარღვევით წარდგენა, გ.ს-ისაგან დამოუკიდებელ ობიექტურ გარემოებას წარმოადგენდა, რის გამოც გ.ს-ის სტატუსის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაირღვეოდა გ.ს-ის, როგორ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებები და უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი უფლება სრულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, მისი საჩივარი განხილული ყოფილიყო არსებითად.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიუთითა, უდავოდ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარეს (არასრულწლოვანის მეურვეს - თ.ა-ს) გასაცემლის შეჩერების თაობაზე შეტყობინება (2016 წლის 5 დეკემბრის № ... შეტყობინება) გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა იგი დაუბრუნდა სააგენტოს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა მისამართზე. მიუხედავად იმისა, რომ გასაცემლის შეჩერების თაობაზე შეტყობინება მხარეს არ ჩაჰბარებია, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სოციალური გასაცემლის მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს (აპელანტს) შეეზღუდა გასაცემლის შეჩერების გასაჩივრების უფლება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო („სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის 71 პუნქტის თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესებული იყო 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 24 თებერვლის ჩათვლით. განსახილველი პერიოდი (28.11.2020-24.02.2021), შესაძლებელია ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, რაც თავის მხრივ, არსებით გავლენას იქონიებდა აღნიშნულ პერიოდს მიღმა არსებულ სამართლებრივ უფლება-უნარიანობაზე, ვინაიდან, ამ ვადის დინების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დინება გრძელდება და განსახილველ შემთხვევაში დენადია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ დრო დადგენილია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით. შესაბამისად, აქტის ჩაბარების შემდგომ, თ.ა-ის 29 დღის განმავლობაში (2021 წლის 25 მარტის ჩათვლით) უნდა მიემართა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც მას არ განუხორციელებია და მიიჩნევა, რომ განსახილველი ვადა, მათ შორის, დაუძლეველი ძალის ზემოქმედების გავლენით, გაშვებულია არასაპატიო მიზეზით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2020 წლის 15 დეკემბრიდან, გ.ს-ი 18 წლის ასაკის შესრულების გამო აღარ სარგებლობდა არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლობის უფლებით, სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების ერთიან სააღრიცხვო ბაზაში რეგისტირებული იყო არასრულწლოვანი შვილის სოციალური პაკეტის მიმღებად, შესაბამისად, შეწყვეტილი გასაცემლის განახლებაზე (ხელახლა დანიშვნა) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, უფლება ჰქონდა განცხადებით მიემართა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსათვის და დაესაბუთებინა გ.ს-ის მხარდაჭერის პროცედურისათვის საჭირო ღონისძიებების დაწყების შესახებ, რაც წარმოშობდა არსებულისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36317 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქმისწარმოების დასრულებამდე დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუ მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიადგეს, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ განცხადებას სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ დროებითი მხარდაჭერის დაწესების საკითხის განხილვას და გადაწყვეტას. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სააგენტოს და მისი ტერიტორიული ერთეულების საქმიანობა, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეფერხებულა და მოქალაქეებს არსებული სერვისები მიეწოდებოდათ უწყვეტად. 2020 წლის 15 დეკემბრამდე (გ.ს-ის 18 წლის ასაკის შესრულებამდე) მოსარჩელეს შეეძლო ესარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და შვილის სრულწლოვანებამდე პერიოდში, კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა განეხორციელებინა ელექტრონული ფორმით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას ქმედითი სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხოლო „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 121 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა სოციალური პაკეტი, რაც წარმოადგენს ყოველთვიურ ფულად სარგებელს ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობას, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობების“ მე-11 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 13 ნოემბერს თ.ა-მა №70566 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა მისი არასრულწლოვანი შვილის - გ.ს-ისათვის (დაბ. ... ... ...წელს) შეწყვეტილი სოციალური პაკეტის განახლება და მიუღებელი გასაცემლის (თანხის) მიღება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04-00-ი/20369 წერილით თ.ა-ის ეცნობა, რომ გ.ს-ის 2013 წლის 1 დეკემბრიდან - 2020 წლის 1 თებერვლამდე, დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი, როგორც შშმ ბავშვს. მას გასაცემლის ჩარიცხვა შეუჩერდა 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიზეზით, ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა. ამავე წერილით აღინიშნა, რომ არასრულწლოვანის მეურვეს - თ.ა-ის, განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი 2016 წლის 5 დეკემბრის № ... შეტყობინება, საფოსტო განყოფილებამ დააბრუნა უკან, მიზეზით - მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. ზემოაღნიშნული წერილით ასევე განიმარტა, რომ მითითებული წესის (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“) მე- 12 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გ.ს-ის 2019 წლის 1 დეკემბრიდან სოციალური გასაცემლის მიღება შეუწყდა, შესაბამისად, თ.ა-ის განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიუღებელი თანხა აღარ ანაზღაურდებოდა.
საქმეში წარმოდგენილი ჩაბარების დასტურის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04-00-ი/20369 წერილი, თ.ა-ის ...ის საშუალებით ჩაბარდა 2020 წლის 26 ნოემბერს, თუმცა ზემოაღნიშნულ წერილში არ არის განმარტებული მისი გასაჩივრების ვადა, წესი და ადგილი.
2022 წლის 13 აპრილს თ.ა-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრს №19049 განცხადებით მიმართა და შვილის - გ.ს-ის მიერ 2020 წლის დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის მის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 15 აპრილის №04-00-ი/7105 წერილით თ.ა-ის ეცნობა, რომ გ.ს-ის 2009 წლის 1 ნოემბრიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი, როგორც შშმ ბავშვს, 2020 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო გასაცემლის ჩარიცხვა შეუჩერდა 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიზეზით: ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა. აღნიშნული ინფორმაცია მას, როგორც არასრულწლოვანის მეურვეს, 2016 წლის 5 დეკემბრის № ... შეტყობინება განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა, თუმცა საფოსტო განყოფილებამ გზავნილი უკან დააბრუნა, რადგან მისამართზე არ ცხოვრობდა. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მითითებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2019 წლის 1 დეკემბრიდან გ.ს-ის სოციალური გასაცემლის მიღება შეუწყდა. შესაბამისად, განემარტა, რომ მოთხოვნილი თანხა მოქალაქეს აღარ აუნაზღაურდება. აღნიშნული წერილით თ.ა-ის ასევე განემარტა, რომ გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, ... ) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. თ.ა-ის ასევე ეცნობა, რომ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის-ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04-00-ი/20369 წერილით განცხადებაში დასმულ საკითხზე მას უკვე გაეცა პასუხი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 15 აპრილის №04-00-ი/7105 გადაწყვეტილება თ.ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 25 მაისის №04/5560 წერილით თ.ა-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს არ ერთოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04-00-ი/20369 წერილის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რადგან აღნიშნული წერილი საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2020 წლის 26 ნოემბერს, შესაბამისად, თ.ა-ის დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04- 00-ი/20369 წერილის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების საპატიო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სააგენტოში წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი არ იქნებოდა მიღებული წარმოებაში.
2022 წლის 6 ივნისს თ.ა-ის მიერ ხარვეზთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის მიხედვითაც გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო საფუძვლად საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში მოქმედებდა პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რიგი შეზღუდვები, მათ შორის, თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალური ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იყო შეზღუდული, რამაც წარმოქმნა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების გარემოებები და დაინტერესებული პირი ამ დაუძლეველი ძალის გამო ვერ ახერხებდა სააგენტოში ვიზიტს, ხოლო 2020 წლის 15 დეკემბრიდან, როდესაც ბენეფიციარის ასაკმა მიაღწია 18 წელს - 2022 წლის 4 მაისამდე პერიოდში მას დადგენილი არ ჰქონდა მხარდამჭერის მიმღების სტატუსი, შესაბამისად, გ.ს-ი ვერ განახორციელებდა მისი ინტერესების რეალიზებას. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, დაინტერესებულმა პირმა მიიჩნია, რომ სახეზე იყო გასაჩივრების ვადის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები და საჩივარი უნდა ყოფილიყო არსებითად მიღებული სააგენტოს წარმოებაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის MOH02200022813 გადაწყვეტილებით თ.ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 15 აპრილის N04-00-ი/7105 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის MOH 02200022813 გადაწყვეტილების საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის, გ.ს-ისათვის მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხის სრულად ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სოციალური პაკეტის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლების დადგენა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ნორმატიული აქტის (გენერალური რეგულაციის) დებულების კონკრეტული შემთხვევისადმი მისადაგების, აღნიშნულთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და შეტყობინების ვალდებულებისაგან. სოციალური დახმარების საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ წესს, რის გამოც ამ სფეროზე მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის ნორმები წარმოების ჩატარების, აქტის გამოცემისა და მისი ადრესატისადმი გაცნობის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, იგი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ 1.1. და 2.1.მუხლები). ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. შესაბამისად, სპეციალური რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში სააგენტოს საქმიანობაზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51.1 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით კი, განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთი აუცილებელი რეკვიზიტია მისი გასაჩივრების ვადა და წესი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04-00-ი/20369 წერილი, რომლითაც გ.ს-ის სოციალური პაკეტის მიღება შეუწყდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან, მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2020 წლის 26 ნოემბერს, მაგრამ მასში არ იყო განმარტებული აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლზე, რომლის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს განემარტება გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანოს ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასა და განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 52.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვით, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-226-223(2კ-14) 23.09.2014, №ბს-168-162(კს-09) 28.04.2009, №ბს-1433-1391(კ-08) 17.03.2009 განჩინებები). ამდენად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შემთხვევებზე გამოყენებულ უნდა იქნეს კანონის ანალოგია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევის შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგის სახით, გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, რომელსაც არ აქვს მითითებული გასაჩივრების ვადა და წესი, უნდა გავრცელდეს გასაჩივრების ერთწლიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით (საქმე N2/4602-22), თ.ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და იგი საქმის წარმოების დასრულებამდე დაინიშნა შვილის - გ.ს-ის (პ/ნ ...) დროებით მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში: 1.1. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა. 1.2. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების მიღება. 1.3. ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის მათ შორის პენსიის/სოციალური დახმარების (ფულადი შემწეობის) დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, მათ შორის დაგროვილი თანხების და ამ მიზნით გ.ს-ის სახელით ნებისმიერ საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში მათ შორის ნებისმიერ ბანკში, ასევე სს „... “ მიმართვა, პლასტიკური ბარათის დამზადება/შეცვლა/აღდგენა. 1.4. სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობა და ამ მიზნით შესაბამის სახელმწიფო, ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებისათვის და კერძო დაწესებულებებისათვის მიმართვა დახმარებების მისაღებად ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. 1.5. საპროცესო წარმომადგენლობა გ.ს-ის პენსიის ასაღებად სარჩელის წარდგენისა და საქმის წარმოების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №2/4602-22) თ.ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გ.ს-ი (პ/ნ...) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: 2.1. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა. 2.2. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების მიღება. 2.3. ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის მათ შორის პენსიის/სოციალური დახმარების (ფულადი შემწეობის) დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, მათ შორის, დაგროვილი თანხების და ამ მიზნით გ.ს-ის სახელით ნებისმიერ საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის, ნებისმიერ ბანკში, ასევე სს „...“ მიმართვა, პლასტიკური ბარათის დამზადება/შეცვლა/აღდგენა, პინ-კოდის შეცვლა/განახლება. 2.4. სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობა და ამ მიზნით შესაბამის სახელმწიფო, ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებისათვის და კერძო დაწესებულებებისათვის მიმართვა დახმარებების მისაღებად ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. 2.5. გ.ს-ის საპროცესო წარმომადგენლობა პენსიის ასაღებად სარჩელის წარდგენისა და საქმის წარმოების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით, ყველა ინსტანციის სასამართლოსთან სრულუფლებიანი წარმომადგენლობის სფეროში, მათ შორის სარჩელის/განცხადების/საჩივრის შინაარსის განსაზღვრის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების, გასაჩივრებაზე უარის თქმის და ნებისმიერი ის ქმედება, რაც შეიძლება მოხსენებული არ იყოს, თუმცა გამომდინარეობდეს პროცესში მონაწილე მხარის მიზნობრიობიდან/უფლებამოსილებიდან; სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი სახის განჩინების/გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის მიღების და შესაბამის ორგანოში აღსასრულებლად წარდგენა/აღსრულებისთვის გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედების განხორციელების სფეროში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საჩივრის ვადაში თუ ვადის დარღვევით წარდგენა, გ.ს-ისაგან დამოუკიდებელ ობიექტურ გარემოებას წარმოადგენდა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ გ.ს-ის სტატუსის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაირღვეოდა გ.ს-ის, როგორ შშმ პირის უფლებები და უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი უფლება სრულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, მისი საჩივარი განხილული ყოფილიყო არსებითად.
რაც შეეხება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანო პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს გ.ს-ის მხარდამჭერ თ.ა-ს გასაცემლის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა იგი დაუბრუნდა სააგენტოს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა მისამართზე. მიუხედავად იმისა, რომ გასაცემლის შეჩერების თაობაზე შეტყობინება მხარეს არ ჩაჰბარებია, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 1 დეკემბრიდან გ.ს-ის შეუწყდა სოციალური გასაცემლის მიღება (სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის საფუძვლით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს შეეზღუდა გასაცემლის შეჩერების გასაჩივრების უფლება სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო, არ არსებობს სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულად იქნა ცნობილი ბათილად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 15 აპრილის N04-00-ი/7105 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის MOH 02200022813 გადაწყვეტილებები და გ.ს-ის უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხა 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე