Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-223(კ-22) 18 ივნისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 14.05.2020წ. №01/11-22 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2020წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ჰ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და ამჟამად მოქმედი სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ კონკრეტულ რეგულაციას მშენებარე ობიექტის მშენებელობის რა ეტაპზე არის დაშვებული მისი გაზიფიცირება. აღნიშნულს ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტიც. შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის/დარღვევის შეფასება არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის კომპეტენციას, ამასთან საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის თაობაზე კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, ექსპერტის დასკვნა ან სხვა მტკიცებულება. მშენებლობის დაუსრულებლობის (შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის) საფუძვლით მშენებარე ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ განცხადების დახარვეზებისას ობიექტური დამკვირვებლის თვალით ნათელი, აშკარა და უტყუარი უნდა იყოს აღნიშნულ ობიექტზე გაზიფიცირების უსაფრთხოდ განხორციელების შეუძლებლობა და დამატებითი სამუშაოების წარმოების საჭიროება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება შპს „ჰ...ს“ მიერ 09.10.2019წ. განაცხადის წარდგენის მომენტისთვის შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია გამხდარიყო აღნიშნული საფუძვლით განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ შპს ,,ჰ...ს“ მიერ განცხადების წარდგენის დროს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში აშენებული იყო ყველა სართული სრული გადახურვით, გამოყოფილი იყო ბინები, ამასთან მშენებლობა წარმოებული იყო არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, ამდენად მხოლოდ იმ გარემოებებზე აპელირება, რომ მშენებარე ობიექტზე კიბის უჯრედს და აივნებს არ ჰქონდათ მოაჯირები, არ იყო ჩასმული კარ-ფანჯარა და მოწყობილი არ იყო შიდა ტიხრები, არ წარმოადგენდა განცხადების დახარვეზების საფუძველს. პალატამ მიუთითა, რომ შპს ,,ჰ...ს“ მიერ 09.10.2019წ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე განაცხადის წარდგენისას განმცხადებლის მიერ არ იყო მოთხოვნილი შიდა ქსელის მოწყობა, შესაბამისად შპს „...ის“ აღნიშნული განაცხადის საფუძველზე კომპანიისთვის შიდა ქსელის მოწყობის ვალდებულება არ ეკისრებოდა, ამდენად შიდა ქსელის უსაფრთხოდ მოწყობის საფუძვლით მოსარჩელის არგუმენტაცია შპს „ჰ...ს“ მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შიდა ტიხრებისა და კარ-ფანჯრის არარსებობის გამო განაცხადის დახარვეზების თაობაზე, უსაფუძვლოა. აპელანტმა მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ ისეთი ნორმა გამოიყენა, რომელიც კომპანიის მიერ გაცხადების განხილვის დროს არ იყო მოქმედი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ...ის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტში 26.12.2019წ. განხორციელებული ცვლილება არსებით გავლენას არ ახდენს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ის“ არ ჰქონდა შიდა ქსელის მოწყობის ვალდებულება. ასეთივე რეგულაციას ადგენდა „წესების“ მე-19 მუხლის მე-8 პუნქტი, რომელშიც ცვლილება არ განხორციელებულა. მითითებული ნორმის თანახმად განაწილების ლიცენზიატი არ არის ვალდებული მოაწყოს მომხმარებლის შიდა ქსელი, თუკი ამგვარ მოთხოვნას განმცხადებლის მხრიდან ადგილი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ შპს „ჰ...ს“ მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შიდა ქსელის მოწყობა მოთხოვნილი არ ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ამასთან სასამართლოს გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს შეიცავს. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...ს“ აქვს განცხადების დახარვეზებისა და მისი განხილვის უფლებამოსილება, თუმცა ამავე დროს მიუთითა, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შეფასება არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის კომპეტენციას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ თავად განახორციელა უსაფრთხოების წესების შეფასება და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსარჩელე მიუთითებდა ...ის მიერ არა კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ არასწორად გამოყენებაზე, არამედ ...ის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 30.01.2020წ. ბრძანებით დამტკიცებული „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის“ გამოყენების დაუშვებლობაზე. აღნიშნული წესები შპს „...ის“ მიერ განცხადების განხილვის დროს არ იყო მოქმედი. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეესაბამება საქართველოში არსებულ ტექნიკურ ნორმებს და ...ის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებს“. აღნიშნული წესების თანახმად კომპანია ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადი დაახარვეზოს ან მისცეს მსვლელობა. განცხადება სწორედ „წესების“ შესაბამისად დახარვეზდა და დარჩა განუხილველი. გაზიფიცირების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს დასრულებულ მშენებლობაზე, რაც გულისხმობს არქიტექტურული პროექტით შეთანხმებულ შენობის დასრულებულ კონსტრუქციას. განაცხადის განხილვის პროცესში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა აქტიური სამშენებლო სამუშაოები და არ იყო უზრუნველყოფილი შრომის უსაფრთხოების პირობები. კომპანიამ 10.06.2020წ. წერილობით მიმართა ...ს და შესათანხმებლად წარუდგინა განცხადების სპეციალური ფორმა, რომლითაც განსაზღვრული იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სტანდარტული მოთხოვნები. აღნიშნული წერილის პასუხად ...მა კომპანიას 17.07.2020წ. აცნობა, რომ მითითებული საკითხის დარეგულირება არ შედის კომისიის კომპეტენციაში და კომპანიის წერილი სამართლებრივი დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობას გაეგზავნა.

კასატორმა აღნიშნა, რომ კომპანიის მოქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ ძირითად პრინციპებს, კერძოდ მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტ და საიმედო მომარაგებას, ამასთან ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება გაზსადენი ქსელის ბუნებრივი აირის წნევის ქვეშ დატოვება. ბუნებრივი გაზის სექტორში უსაფრთხოების ნორმების დაცვის, მომხმარებელთა უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფისა და სამუშაო სივრცეში პროფესიული რისკების შეფასების მინიმალური მოთხოვნების შესრულების მიზნით შპს „...“ გაზიფიკაციის საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს ისეთ ობიექტებზე, რომლებზეც უკვე დასრულებულია და დაცულია უსაფრთხოების ნორმები, ამასთან ...მა 14.08.2020წ. წერილით ფაქტობრივად დაადასტურა შპს „...ის“ ქმედებების კანონიერება და მიუთითა, რომ კომპანია უფლებამოსილია დაახარვეზოს ისეთი ობიექტი, რომელშიც არ არის დასრულებული ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და ირღვევა უსაფრთხოების ნორმები. 04.09.2020წ. წერილში კომისია ასევე მიუთითებს, რომ ...ის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-191 მუხლის ჩანაწერი არ გამორიცხავს განაწილების ლიცენზიანტის უფლებამოსილებას, შეისწავლოს ობიექტის ქსელზე მიერთებისათვის საჭირო სხვა გარემოებები, შესაბამისად თუ დადგინდება ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოების წარმოების შეუძლებლონა, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და ბუნებრივი გაზის სფეროში არსებული უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ლიცენზიანტი უფლებამოსილია დაახარვეზოს განაცხადი. სწორედ ზემოაღნიშნული ტექნიკური რეგლამენტებისა და ბუნებრივი გაზის სფეროში არსებული უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე განხორციელდა განაცხადის დახარვეზება, ვინაიდან ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები ან/და ობიექტები მომეტებული საფრთხის შემცველ წყაროს წარმოადგენენ. განსახილველ შემთხვევაში ობიექტზე მშენებლობა არ იყო დასრულებული, ობიექტი არ აკმაყოფილებდა შპს „...ის“ მიერ შემუშავებულ განაცხადის დამტკიცებისათვის აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნები პასუხობს, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში მოქმედ რეგლამენტებს (საერთაშორისო სტანდარტი სსო (ISO)17484-2 და სამშენებლო ნორმები და წესები СНИП 2.04.08-87*). საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ 13.1 მუხლის მიხედვით არქიტექტურული პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების) სქემებს. მოცემულ შემთხვევაში განცხადების შემოტანის შემდგომ მნიშვნელოვნად შეიცვალა ბინების რაოდენობა და მათი განლაგება. კასატორმა მიუთითა სასკ-ის 34.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობები დარეგულირებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომხმარების წესებით“ (1.1 მუხ.). მითითებული წესების თანახმად ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით პირი განცხადებით მიმართავს განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (191.1, 191.2 მუხ. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ შპს „ჰ...ის“ დირექტორმა 09.10.2019წ. განცხადებით მიმართა შპს „...ის“ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №63-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო შპს „...მა“ აღნიშნულ განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი. 17.01.2020წ. შპს „ჰ...მა“ საჩივრით მიმართა ...ას და შპს „...ისთვის“ სამუშაოების შესრულების დავალება მოითხოვა. ...ის 14.05.2020წ. გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა და შპს „...ას“ დაევალა შპს „ჰ...ის“ კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება (სრული ტექნოლოგიური ციკლით). კომისიამ მიიჩნია, რომ მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს განცხადების შეტანის დროს შპს „ჰ...ის“ მიერ შრომის უსაფრთხოების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შესაბამისად შპს „ჰ...ის“ განცხადებაზე ხარვეზი დაუსაბუთებლად იქნა დადგენილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის კანონიერება გულისხმობს აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან აქტის შესაბამისობის შემოწმებას. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ მიუთითებს ისეთ ნორმატიულ აქტზე, რომელიც სადავო პერიოდში მშენებლობადაუსრულებელ ობიექტზე გაზიფიცირების სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის კონკრეტულ ეტაპს ადგენდა. გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები დადგენილია საქართველოს მთავრობის 22.01.2014წ. №101 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც სადავო აქტის მიღების პერიოდში აგრეთვე არ ითვალისწინებდა მშენებარე შენობა-ნაგებობის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით რაიმე წინაპირობების არსებობის საჭიროებას. აღნიშნულ რეგლამენტში ცვლილებები შეტანილი იქნა 25.03.2021წ. („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვედზე გამოქვეყნების თარიღი 29.03.2021წ.), რომლითაც დაზუსტდა ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ, კერძოდ დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობებში გაზიფიკაციის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება დასაშვებია მხოლოდ მითითებულ შენობებში კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოების (გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა) დასრულების შემთხვევაში, ამდენად მშენებლობის სრულად დასრულების სავალდებულობა არც ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით დადგენილა. ბუნებრივი გაზის ლიცენზიატის მიერ განცხადების განხილვისა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურას ადგენს ...ის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“. მართალია, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების დამტკიცების ან მისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე (მე-191 მუხ.), თუმცა ლიცენზიატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს მოქმედი კანონმდებლობიდან და დაუსაბუთებლად არ უნდა ზღუდავდეს მომხმარებლის უფლებებს. წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხ.). მოსარჩელეს კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული განცხადების დასაკმაყოფილებლად რაიმე დამატებითი მოთხოვნების შემუშავების უფლებამოსილება. განცხადების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. განსახილველ შემთხვევაში განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობად მოსარჩელემ შეიმუშავა ისეთი მოთხოვნები (ტ. 1, გვ. 43), რომელიც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით გაზიფიცირების განსახორციელებლად სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ჰ...ის“ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ არ გამომდინარეობდა სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგებიდან და მოსარჩელის მიერ თვითნებურად, საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე შემუშავებულ მოთხოვნებს ემყარებოდა.

დასაბუთებული არ არის აგრეთვე კასატორის მითითება მშენებარე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების პირობების არარსებობაზე. სამშენებლო მოედანზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 27.05.2014წ. №361 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (მე-18 მუხ.), რომლითაც მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მიიჩნევა სამშენებლო სამართალდარღვევად და გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი სახის დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მესამე პირის მშენებარე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას დაადასტურებდა, ამასთან ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ჰ...ის“ მიერ განცხადების წარდგენის დროს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში აშენებული იყო ყველა სართული სრული გადახურვით, გამოყოფილი იყო ბინები და მშენებლობა წარმოებული იყო არქიტექტურული პროექტის შესაბამისად. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102.3 მუხ.), შესაბამისად მშენებლობის რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელების დაუშვებლობა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით ვერ დადასტურდება. კასატორი მიუთითებს ზოგადად საერთაშორისო სტანდარტებისა და „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომხმარების წესების“ შესაბამისად შპს „ჰ...ის“ განცხადებაზე ხარვეზის დადგენაზე, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც განცხადების განხილვის პერიოდში ახალი მომხმარებლის გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას გამორიცხავდა. მოსარჩელის ქმედებების კანონიერება აგრეთვე დადასტურებული არ არის საქმის მასალებში დაცული ...ის წერილებით. კომისიის 14.08.2020წ. წერილით შპს „...ის“ განემარტა განცხადებაზე ხარვეზის დადგენის უფლებამოსილება, ასევე მიეთითა, რომ თითოეული მიერთების შესახებ განცხადება უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, ცალკეულ შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე განცხადებაზე დადგენილი ხარვეზი გამყარებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. ...ის 04.09.2020წ. წერილი აგრეთვე არ შეიცავს მითითებას შპს „ჰ...ის“ განცხადებასთან მიმართებით მოსარჩელის ქმედების კანონშესაბამისობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველს არ ქმნიდა აგრეთვე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინებში შიდა ტიხრებისა და კარ-ფანჯრის არარსებობა (ტ. 1, ს.ფ. 48-49). შპს „ჰ...ის“ 09.10.2019წ. განცხადებით მოთხოვნილი არ ყოფილა მომხმარებლის შიდა ქსელის მოწყობა, შესაბამისად განაწილების ლიცენზიატს შიდა ქსელის მოწყობის ვალდებულება არ გააჩნდა, ამდენად აღნიშნულ არგუმენტზე მითითება განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლების არსებობას არ ადასტურებს. რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 30.01.2020წ. №01-15/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის“ გამოყენებას, აღნიშნული არ ქმნის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს, ვინაიდან კასატორმა ვერ უზრუნველყო სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნის შესახებ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძვლების არსებობის მტკიცება. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ 02.10.2020წ. „მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების და ქსელზე მიერთების“ აქტზე, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ. №63-ში მდებარე კორპუსი მიერთებულია ცენტრალურ გაზსადენზე, დაილუქა 38 მრიცხველი და გაზი მიეწოდება მრიცხველამდე. მითითებული გარემოებისა და მშენებარე ობიექტის გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სასკ-ის 34.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობაზე. მითითებული საფუძვლით საკასაციო საჩივარი დაშვებას ექვემდებარება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სამართლის კონკრეტული ნორმის ერთგვაროვნად გაგების ინტერესი და სამართლებრივი საკითხი საჭიროებს გარკვევას, ამასთანავე აღნიშნული მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის შემდგომი განვითარებისთვის. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 22.01.2014წ. №101 დადგენილებით დამტკიცებულ „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში 25.03.2021წ. განხორციელებული ცვლილებით დაზუსტდა ზოგადი მოთხოვნები შენობა-ნაგებობებში გაზიფიკაციის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად, მათ შორის განისაზღვრა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების დასრულების აუცილებლობა, ამდენად მოცემულ შემთხვევაში საკანონმდელო ცვლილებამდე არსებულ მოწესრიგებაზე ერთგვაროვანი სასამართლოს პრაქტიკის დადგენისა და სამართლის განვითარების საჭიროება დასაბუთებული არ არის, შესაბამისად საქმე არ მოიცავს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს წარმოშობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინება;

3. შპს „...ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 27.12.2021წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი