¹ას-130-408-08 12 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ვ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები _ მ., ნ. და დ. ტ-შვილები
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და იდეალური წილის გამოყოფა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ტ-შვილის სარჩელი ნ. და დ. ტ-შვილების მიმართ ბინის მფლობელობის ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და იდეალური წილის გამოყოფის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ტ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს აპელანტმა უარი განაცხადა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე მფლობელობის დადგენის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება 272-ე მუხლის „გ“ და 284-ე მუხლის საფუძველზე ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით. იმავე სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოპასუხეებმა – დ. და ნ. ტ-შვილებმა ცნეს სარჩელი სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და სამკვიდროდან წილის გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება; მ. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნ. ტ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ქ. გორში, ........... ქ. 17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3-ზე და მ. ტ-შვილი ცნობილ იქნა ქ. გორში, ....... ქ. 17-ში მდებარე სახლის 1/3-ის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ვ-შვილმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ იგი მიიჩნია მესამე პირად სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რაც არასწორია. კასატორის მოსაზრებით, იგი საქმეში ჩართული იყო სასარჩელო მოთხოვნით. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მას უკანონოდ შეუზღუდა პროცესუალური უფლებები, კერძოდ, იგი სასამართლო სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მანანა ტატალაშვილის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი ნ. ტ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და გორში, .......... ქუჩა 17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3-ზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა მოპასუხეების _ ნ. და დ. ტ-შვილების მიერ სარჩელის ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ვ-შვილი არ წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განჩინებით ის საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით, კერძოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დავცით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ვ-შვილს არა აქვს აღძრული სარჩელი, რომელიც უნდა მიღებულიყო და განხილულიყო საერთო წესების დაცვით, მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ 2006 წლის 30 დეკემბრის გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ მ. ტ-შვილის სარჩელის დაუკმაყოფილებლობას. იმ შემთხვევაში, თუ მ. ვ-შვილს მიაჩნდა, რომ მის მიერ აღძრული იყო სარჩელი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე, 177-ე, 178-ე, 179-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით), რომელზედაც სასამართლომ არ იმსჯელა და რომლის შესახებ არ გამოიტანა გადაწყვეტილება, შეეძლო გაესაჩივრებინა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც მას არ გაუკეთებია.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით უზრუნველყოფილია დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, განსახილველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლით საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. აღნიშნული პრინციპის მოქმედების ფარგლების განსაზღვრის კრიტერიუმები მოცემულია არა მარტო პროცესუალურ-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობითაც.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ვ. ვ-შვილს არ აქვს აღძრული სარჩელი ერთ-ერთი ან ორივე მხარის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ ტ-შვილისათვის დაკისრებული თანხის იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციით დაკმაყოფილების მოთხოვნით, რომლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ მოთხოვნის შესახებ თავდაპირველი სარჩელთან ერთად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.